"ბავშვის მოშორებას კატეგორიულად მთხოვდნენ... 1990-იანი წლები იყო და დიდ სირცხვილად ითვლებოდა უკანონოდ შვილის გაჩენა..." - კვირის პალიტრა

"ბავშვის მოშორებას კატეგორიულად მთხოვდნენ... 1990-იანი წლები იყო და დიდ სირცხვილად ითვლებოდა უკანონოდ შვილის გაჩენა..."

ფეხმძიმე ქალები ყველაზე სენსიტიურები არიან. შვილების მოლოდინში ბევრნაირ სურათს წარმოიდგენენ, თუ როგორ გაზრდიან და იზრუნებენ შთამომავალზე; წარმოიდგენენ, როგორი იქნება მათი პატარა და მუცლად მყოფსაც ათასნაირ ამბავს უყვებიან... და წარმოიდგინეთ, როგორი ძნელია, როცა 9 თვე მუცლად ნატარებ პატარას წაგართმევენ... ჯგუფში "ვეძებ" ბევრ ისეთ ამბავს წაიკითხავთ, რომელიც შვილ-წართმეული დედების მძიმე ხვედრზე და ზოგიერთი ადამიანის უგულობაზე დაგაფიქრებთ...

წერილი 1

"გამოჩნდი! აღიარე, რომ შენ ხარ და გაპატიებ, დედა. როგორც მითხრეს, იმშობიარე 1981 წლის შემოდგომაზე, ყვარლის სამშობიაროში და გოგონა შეგეძინა... თქვეს, რომ ეს იყო არასასურველი ორსულობა, იყავი სტუდენტი და მოგატყუეს... როგორც მითხრეს, ხარ კალაურიდან. შვილი დედამ დაგატოვებინა ყვარლის სამშობიაროში... იძალადა და ისე წაგიყვანა საავადმყოფოდან, ანუ ცემით, ახალი ნამშობიარევი... ექიმი გამოსულა და უთქვამს, ბავშვი გრჩებათო. დედაშენი, ანუ "ბებია" აყვირებულა, არ გვინდა ბავშვი, გინდ დაიტოვეთ ან რაც გინდათ, ის ქენითო... ამ ფაქტს მაშინდელი ექიმები და ექთნები, ასევე იქ მყოფი პაციენტები შეესწრნენ... ახლობლებმაც ყველაფერი იციან, მაგრამ ვინ ხარ, არავინ ამბობს, ყველა დუმილს ამჯობინებს... აღმზრდელმა დედამ მითხრა, რომ უნდა იყო კალაურიდან და გენებში უნდა გყავდეს ტყუპი... ასევე მაქვს გენეტიკური თვალის დაავადება... თუ კითხულობ ამ ისტორიას, გამოგვეხმაურე. იცოდე, რომ ანონიმურობა გარანტირებულია... თუ ოჯახი გყავს და არ გინდა გაიგონ, იმედი გქონდეს, რომ ვერავინ გაიგებს... გამოგვეხმაურეთ, თუ გეცნობათ ისტორია..."

წერილი 2

"ეს მოხდა კახეთში. დედა იყო მეოთხე შვილზე ორსულად. ცხრა თვეს რამდენიმე კვირა აკლდა, როცა წელის ტკივილით კაჭრეთის საავადმყოფოში წაიყვანეს... მეორე დღეს, ისე, რომ პატრონსაც არ დაეკითხნენ, ორსული ქალი გურჯაანში გადაიყვანეს და საკეისრო კვეთა გაუკეთეს, 1991 წლის 7 მარტს. დედას შეეძინა ბიჭი - თეთრი, ცისფერთვალება, ქერა... მან შვილი მხოლოდ ერთხელ ნახა. სრულიად ჯანმრთელი დაიბადა, ორი კილო და ხუთასი გრამი.

მეორე დღეს, დედამ შვილი რომ მოიკითხა, უთხრეს, - გარდაიცვალაო... დედა გადარეულა, ჯანმრთელი იყო და რა დაემართა, ამიხსენითო, - ყვიროდა თურმე... უთხრეს: დენის "გრელკაში" ჩავაწვინეთ, მაღალზე ყოფილა აწეული და ბავშვი დაიწვაო... ეს უკვე ცხრაში, დილით. მიზეზი "მოიდეს", რომ ქეიფობდნენ და სათანადოდ ვერ მიხედეს. არადა, იმ დღეს მამა და ბებია იყვნენ მისული, ბავშვიც ნახეს.

იმ დროს ფული ფულობდა და 900 მანეთი გამოართვეს მამას ექიმებმა და ექთნებმა, ჩაიჯიბეს ეს თანხა... დედაჩემს რაღაც ნემსი გაუკეთეს, რომ რამის თქმის ძალა და ენერგია აღარ ჰქონოდა, სულ გაბეჩავებულა ქალი... მაგრამ ახსოვს, ლოყაზე დიდ-მეჭეჭიანი ქალი როგორ უსვამდი კითხვებს; თურმე ჯერ ვინაობა ჰკითხა, მერე სადაური იყო, რამდენი შვილი ჰყავდა, რა გვარები იყვნენ და ა.შ.

დედა ითხოვდა მკვდარი შვილის ნახვას და ამის საშუალება არ მისცეს... ჩემებმა მოითხოვეს ცხედარი... მამას და ბებიას, ორ კილო-ნახევრიანი ბავშვის ნაცვლად, ოთხ-კილოიანი, სულ სხვა ბავშვის ცხედარი გადასცეს, თანაც, აშკარად დიდი ხნის გარდაცვლილი იყო... იმ დღეს სოფელში ძალიან დიდი თოვლი ყოფილა და მამას ეს ბავშვი ჩვენსავე ეზოში, ნუშის ხის ქვეშ დაუკრძალავს, რადგან სასაფლაომდე ვერ მივიდოდნენ, დიდთოვლობის გამო... შემდეგ დაიწყეს ძიება და მერე მოხდა ზუსტად ის, რომ ექთანი ფეხებში ჩაუვარდა ტირილით და სთხოვდა, - შეეშვი, ნუ ეძებ, შენს შვილებს მიხედე, თორემ ციხე არ ამცდება და ჩემს შვილებს რა ეშველებათ, უპატრონოდ დარჩებიანო...

დედა ისე ცუდად იყო, ჩვენზე ზრუნვის თავიც აღარ ჰქონდა. არც ის დრო იყო, რომ სამართალი ეპოვათ და არც პატრონი ჰყავდათ ვინმე, რომ მხარში ამოდგომოდა... თუ ხარ ამ დროს დაბადებული და ეძებ ბიოლოგიურ ოჯახს, შეგვეხმიანე..."

წერილი 3

"ჩვეულებრივი გოგო ვიყავი, არც უშნო და არც ცაში ვარსკვლავებს ვწყვეტდი... 26 წლის გახლდით, როცა საყვარელი ადამიანისაგან დავფეხმძიმდი. მან ჩემი ნდობა ბოროტად გამოიყენა და რომ გაიგო, მუცლის მოშლას მთხოვდა, მემუქრებოდა. მერე მიმატოვა... ჩემებსაც ვერ ვეუბნებოდი სიმართლეს, მეშინოდა... ხუთი თვის ორსულმა ძლივს გავამხილე, რაც მჭირდა და დიდი აგრესიაც მივიღე... მათაც ბავშვის მოშორებაზე დამიწყეს ლაპარაკი - ამას კატეგორიულად მთხოვდნენ... 1990-იანი წლები იყო და დიდ სირცხვილად ითვლებოდა უკანონოდ შვილის გაჩენა...

მე უარი ვუთხარი ჩემებს და საქართველოდან წავედი, ასე გადავარჩინე შვილი... ხალხო, ნუ დაუჯერებთ სხვებს და ნუ გაწირავთ შვილებს... დიდი გაჭირვების მიუხედავად, რაც მორალური თუ ფინანსური თვალსაზრისით გადავიტანე, არ დავთმე ჩემი სულის ნაწილი. დღეს ორი უსაყვარლესი შვილიშვილი მყავს და მადლობას ვწირავ უფალს. დამიჯერეთ, არაფერია შვილებზე ძვირფასი, ნუ გაწირავთ მათ. მიყვარხართ და საუკეთესოს გისურვებთ. ყველას გეპოვოთ და არასდროს დაგეკარგოთ".

P.S. თუ რომელიმე ამბავი გეცნობათ და რაიმე მოსაყოლი გექნებათ, დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: +995 558 25 60 81. ანონიმურობა გარანტირებული იქნება.

ლიკა ქაჯაია (სპეციალურად საიტისთვის)