ჩინეთის საზღვრიდან მოხსნილი რუსული არმია უკრაინას ბელარუსის მხრიდანაც მიადგა - კვირის პალიტრა

ჩინეთის საზღვრიდან მოხსნილი რუსული არმია უკრაინას ბელარუსის მხრიდანაც მიადგა

ავსტრალიის კონტინენტისხელა ფართობის მქონე რუსეთის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის შენაერთები ბელარუსის არმიასთან ერთად კიევიდან ასიოდე კმ-ში ფართომასშტაბიან სამხედრო მანევრებს იწყებენ...

ყაზახეთის მოვლენებმა და იქ „ო-დე-კა-ბეს“ სამხედრო ძალების სწრაფი გადასროლის ოპერაციამ ერთგვარ ჩრდილში მოაქცია სხვა სამხედრო ძალის, ფაქტობრივად, ერთი კონტინენტიდან მეორეზე გადაჯგუფების გრანდიოზული ლოჯისტიკური ოპერაცია, კერძოდ, რუსეთის სამხედრო შენაერთების ჩინეთის საზღვრიდან უკრაინის საზღვართან გადაყვანა.

ერთხელ ეს უკვე გააკეთა სტალინმა, როდესაც 1941 წლის შემოდგომა-ზამთარში ციმბირიდან მოხსნილი 18 დივიზია, 123 ათასი სამხედროს შემადგენლობითა და საბრძოლო ტექნიკით, მოსკოვის დასაცავად გადაისროლა და შეაჩერა გერმანელების შეტევა.

80 წლის შემდეგ პუტინი თითქმის იმავეს იმეორებს და რუსეთის აღმოსავლეთ სამხედრო ოლქის შენაერთები, 200-მდე სარკინიგზო ეშელონით (თითო ეშელონში, საშუალოდ, 50-მდე ვაგონი და ღია პლატფორმაა), ჩინეთის საზღვრიდან ბელარუსში, უკრაინის საზღვრის სიახლოვეს გადაჰყავს, 9 ათასი კმ(!) მანძილზე...

მაშინ, მეორე მსოფლიო ომის დროს, შორეულ აღმოსავლეთში მთელი დივიზიების მოხსნა და, შესაბამისად, საზღვრების გაშიშვლება, სტალინმა იმიტომ გარისკა, რომ მანჯურიიდან იაპონიის საოკუპაციო ძალების საბჭოთა კავშირზე ართავდასხმის გარკვეული გარანტიები მიიღო, მაგრამ მაინც ძალიან უფრთხოდა იაპონელების მიერ აღმოსავლეთით მეორე ფრონტის გახსნას, რაც საბჭოთა წყობის დასასრულის დასაწყისი გახდებოდა.

პუტინი, რომელმაც, ასევე, მოხსნა აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის 50 ათასზე მეტი სამხედრო თავისი საშტატო შეიარაღებით და ევროპისკენ, უშუალოდ ნატოს აღმოსავლეთ საზღვართან გადაისროლა, ბუნებრივია, არ უფრთხის ჩინეთიდან შეტევას, რადგან მოსკოვისა და პეკინის სტრატეგიული ინტერესები დასავლეთის წინააღმდეგ ამ ეტაპზე ჯერჯერობით ერთმანეთს ემთხვევა.

რუსეთის ჯარების სტრატეგიული გადაჯგუფება აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ “შეფუთულია“ იმით, რომ 20 თებერვლამდე ბელარუსის ტერიტორიაზე გაიმართება ერთობლივი ფართომასშტაბიანი რუსულ-ბელარუსული სამხედრო სწავლებები სახელწოდებით - „მოკავშირული გამბედაობა-2022“.

რა ფარული აზრია ჩადებული ამ სწავლების სათაურში - „გამბედაობა“, შეიძლება უკვე თებერვლის შუა რიცხვებში გამოჩნდეს, ანუ გაბედავს თუ არა პუტინი დიდი ომის დაწყებას უკრაინის წინააღმდეგ, მათ შორის - ბელარუსის მიმართულებიიდანაც, რომლის საზღვრიდან უკრაინის დედაქალაქამდე - კიევამდე პირდაპირი ხაზით მხოლოდ 80 კმ-ი თუა...

2-poto-1643014708.jpg
რუსულ ტანკებს ბელარუსის საზღვრიდან კიევამდე ასიოდე კმ თუ აშორებთ...

2008 წლის აგვისტოში პუტინმა ჩრდილოეთ კავკასიაში ჩატარებული ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლების - „კავკაზ-2008“-ის დამთავრების შემდეგ ეს გაბედა და საქართველოს შემოუტია...

ისე, სამხედრო სწავლებების საფარქვეშ ჯარების თავმოყრა კონკრეტული შეტევების მიმართულებებზე, უძველესი სამხედრო ეშმაკობაა...

პ.ს. საგულისხმოა, რომ 20 თებერვალს მთავრდება არა მარტო რუსულ-ბელარუსული ერთობლივი სამხედრო სწავლება „მოკავშირული გამბედაობა-2022“, არამედ - ოფიციალურად იხურება 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადა ჩინეთშიც და უკრაინაში არ გამორიცხავენ, რომ პუტინმა საბედისწერო გადაწყვეტილება (როგორც უკრაინისთვის, ისე - თავად რუსეთისთვის) ამ დროს მიიღოს...