"მეწყინა, რომ საზოგადოების ნაწილმა აგრესია გამოიჩინა" - კვირის პალიტრა

"მეწყინა, რომ საზოგადოების ნაწილმა აგრესია გამოიჩინა"

ქართველი ხალხის წარმატება სოციალურ ქსელში ყოველთვის ელვის სისწრაფით ვრცელდება ხოლმე. მარიამ მანაგაძის ამბავიც ასე, Facebook-პოსტით შევიტყვეთ. ფოტოზე გვირგვინითა და ლამაზი კაბით გოგონა იღიმოდა, ფოტოსურათს კი წარწერა ახლდა - მარიამ მანაგაძე “Miss Model of the World”- ის სილამაზის კონკურსის გამარჯვებული გახდა. მომდევნო დღეს ამ ლამაზ გოგოს დავუკავშირდი და თავის წარმატებაზე ვესაუბრე. როგორც აღმოჩნდა, მარიამმა დუბაიში ჩვენი სამშობლო ყველას გააცნო და 90 ქვეყანას შორის დიდ სცენაზე სწორედ საქართველოს სახელით, პირველი ადგილის მოპოვება შეძლო. ახლა დროა, ჩვენ გავიცნოთ მარიამ მანაგაძე:

- ასაკი 23 წელი, პროფესიით ექთანი, ასევე, სერთიფიცირებული ბავშვთა რეაბილიტოლოგი, მოდელი, სუხიშვილების ანსამბლის მოცეკვავე და პილატესის მწვრთნელი ვარ, ბევრი საქმიანობა მაქვს.

- 12 წელია, მოდელი ხარ, როგორ აღმოჩნდი სამოდელო სფეროში?

- ერთ-ერთი წამყვანი ქართული სამოდელო კომპანია ატარებდა კასტინგს, სადაც შესარჩევ ტურში 400 გოგონადან ტოპ 20-ში მოვხვდი, მაშინ 11 წლის ვიყავი. ბავშვობიდან მინდოდა მოდელობა და 12 წლის ასაკში ეს სურვილი ავისრულე, სააგენტოში კონტრაქტი გავაფორმე და სამოდელო კარიერაც დავიწყე. მალევე, სააგენტოს გარეშე, ჩემი ფინანსებით წავედი მილანში. იტალიაში წარმატებას მივაღწიე და შემდეგ, პანდემიის გამო, ერთი წლის წინ, საქართველოში დავბრუნდი.

- სამედიცინო განათლება გაქვს, გვიამბე ამაზეც...

- ეს პროფესია სკოლის დასრულების შემდეგ ავირჩიე, იტალიაშიც მინდოდა გაგრძელება, მაგრამ ტერმინების და სირთულის გამო ვამჯობინე, საქართველოში მესწავლა, ახლა ექთანი და სერთიფიცირებული ბავშვთა რეაბილიტოლოგი ვარ.

- რომელ სფეროში ხარ აქტიური, სამოდელო თუ სამედიცინო?

- ორივე სფეროში აქტიური ვარ, ვმუშაობ და ისე მაქვს გადანაწილებული დრო, რომ ერთმანეთს შევუთავსო. ვასწრებ ცეკვას, პილატესს, მედიცინას და მოდელობას.

mariam-managadze-modeli-6-1643095106.jpg

- სამოდელო სფეროზე ვისაუბროთ, გახსოვს შენი პირველი ჩვენება?

- კარგად მახსოვს, პირველ ჩვენებაზე 14 წლის ვიყავი, ბათუმში გავედი. Fashion week-ზე გიგა მიქაბაძის შოუ გაიმართა და იქ გამოვედი, მეორე ჩვენება უკვე საზღვარგარეთ, იტალიაში იყო.

- ახსენე, რომ მილანში საკუთარი ფინანსებით წახვედი, როგორ შეძელი ასე პატარა ასაკში მილანში წასვლა?

- ამას არ ვმალავ, მეამაყება ის გზა, რაც გავიარე. ყელზე ოქროს ჯაჭვი მეკიდა, მოვიხსენი, წავედი, დავალომბარდე, ავიღე ბილეთის თანხა და სრულიად ჩემი ხარჯებით წავედი იტალიაში. კარდაკარ ვიარე და პირველსავე დღეს, სააგენტოში კონტრაქტი გავაფორმე.

- როგორ მიგიღო მილანმა?

- არ ველოდი, ისე მიმიღეს. ჩემი პირველი სააგენტო "დას მოდელსი" იყო, მახსოვს, პირველ კასტინგზე გაშვების წინ გამაფრთხილეს, რომ ახლა მიშვებდნენ და თუ კასტინგზე ამიყვანდნენ, მაშინ სააგენტო კონტრაქტს გამიფორმებდა. მართლაც, პირველსავე კასტინგზე ამიყვანეს. სიხარულით მივედი "დას მოდელსში" და კონტრაქტი გავაფორმე.

მერე იყო შეინის Fashion week, მილანის Fashion week, იტალიაში ყოფნის დროს ვიმუშავე რობერტო კავალისთან და კავალის კლასშიც ვიყავი, არმანის „შოურუმშიც“ ვმუშაობდი და პანდემიის დროს ჩამოვედი. საბოლოოდ, მილანში 4 წელი გავატარე.

- რამდენიმე დღის წინ, შენმა ამბავმა სოციალური ქსელი მოიცვა, როგორ მიხვედი ამ წარმატებამდე, როგორ მოხვდი დუბაიში?

- ერთ დღეს სამოდელო სააგენტოს დამფუძნებელი - ეკატერინე მგალობლიშვილი დამიკავშირდა, ამარჩია გოგონებს შორის და კონკურსის შესახებ ყველაფერი მიამბო, შევხვდი ქალბატონ ეკას, დავგეგმეთ ყველაფერი და დუბაიში გავემგზავრეთ. ქალბატონი ეკა ამ კონკურსის ექსკლუზიური წარმომადგენელია, მას აქვს ლიცენზია და მხოლოდ მისი დახმარებით არის შესაძლებელი დუბაიში მოხვედრა. წელს ჟიურის წევრად მხოლოდ 5 ქვეყანა მიიწვიეს. 90 ქვეყნიდან აგვარჩიეს საქართველო. არჩევის შემდეგ 40 ფინალისტი უნდა დარჩენილიყო, ამ 40 ფინალისტში მოვხვდი, გავფრინდი დუბაიში და ბევრი შრომის შედეგად, პირველი ადგილის აღება შევძელი.

mariam-managadze-modeli-4-1643095027.jpg

- როგორი იყო კონკურსი და დუბაის საღამოები?

- საოცარი კონკურსი იყო, თუმცა ყოველთვის მქონდა კონკურსების შიში, რომ ჩაწყობით არ გასულიყო ვინმე. დუბაიში ყველაფერი სამართლიანად გადაწყდა, არ მინდა, თავის ქება გამომივიდეს, თუმცა კონკურსში დიდი შრომა ჩავდე, ვცდილობდი, მათი ყველა კრიტერიუმი დამეკმაყოფილებინა.

- რას მოიცავდა მთელი ეს გზა გამარჯვებამდე, რა ეტაპები გაიარე?

- კონკურსი ჩატარდა ტოპმოდელებს შორის. ეს არ იყო მხოლოდ სილამაზის კონკურსი, იქ თითოეული გოგონა რთულად შეაფასეს. ჟიური აფასებდა სიმაღლეს, პარამეტრებს, სიარულის მანერას, გამოცდილებას, ხასიათს, დამოკიდებულებას. კონკურსზე ნაციონალური ცეკვა გავიტანე და დიდი ოვაციები გამოიწვია.

- რომელი ქვეყნის წარმომადგენელი იყო შენი ყველაზე ძლიერი კონკურენტი?

- კონკურენტად არავის ვთვლიდი, რადგან ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა და ეს მეგობრობა დღემდე გამომყვა. ვიცი, წლების შემდეგ, კვლავ შევხვდები მათ. კონკურენტობას ვერც ვგრძნობდით, თუმცა იყო რამდენიმე გოგონა, რომელმაც გამარჯვება არ მომილოცა.

ეს კონკურსი დიდი წარმატების მომტანია მათთვის, ვისაც სურს ამ სფეროს გაჰყვეს. დაჯილდოების შემდეგ წარმატებულმა და ცნობილმა ბრენდებმა გაგვიფორმეს ხელშეკრულება და მალე მე და ქალბატონი ეკატერინე კვლავ დუბაიში უნდა დავბრუნდეთ. ეს კონკურსი 32 წელი ტარდებოდა ჩინეთში და წელს პირველად ჩატარდა დუბაიში. მომდევნო „Miss model of the world” ნოემბერში იქნება, მე და ეკა საქართველოში ჩავატარებთ კასტინგს და ავარჩევთ გოგონას ჩვენი ქვეყნის წარსადგენად.

mariam-managadze-modeli-5-1643095386.jpg

- ალბათ, დაუვიწყარი იყო ბოლო წუთები, როდესაც დიდ სცენაზე შენი სახელი და გვარი გაიგონე...

- ვიტირე. სცენაზე ვიდექით და დაიწყეს გამოცხადება - მეოთხე, მესამე, მეორე ადგილები და პირველის ჯერიც დადგა. მჯეროდა, რომ „ტოპ-5“-ში გავიდოდი, თუმცა არ ვფიქრობდი, რომ პირველი ადგილი ჩემი იქნებოდა. არ მაქვს მაღალი თვითშეფასება, თუმცა გული მიგრძნობდა, რომ შეიძლებოდა, მე ვყოფილიყავი ის იღბლიანი. კონკურსზე ყველა საოცრად თბილად მექცეოდა. გამოაცხადეს, პირველი ადგილი საქართველოო და... წამიერად ვერც გავიაზრე, იმდენად კარგი გოგონები იდგნენ ჩემ გვერდით, რომ ბოლომდე ვერ ვიჯერებდი გამარჯვებას. გადამიყვანეს წინ ჯილდოს და გვირგვინის გადმოსაცემად და მაშინ დავიწყე ტირილი. ზღვა ემოციები იყო.

გამარჯვებულის გამოცხადების წამიდან პირველი ის გამიხარდა, რომ საქართველოს ამხელა გამარჯვება მოვუტანე. 2019 წელს გავხდი „Miss Europa Air Via" და მეგონა, ამ ემოციას ვერასდროს ვერაფერი გადაწონიდა. არც ის მეგონა, რომ ამაზე მეტს შევძლებდი საქართველოსთვის, თუმცა დუბაის კონკურსი გასაგიჟებელია ჩემთვის. კონკურსის შემდეგ დამასაჩუქრეს ჯილდოთი, ფულადი პრიზით და გადმომცეს გვირგვინიც.

- დუბაი და შეიხები - ამ თემას ვერ გავექცევით, ხომ არ გაგიცნია ვინმე?

- ზოგადად, ბავშვური ტიპაჟის ადამიანი ვარ, ჩაფრენის დღიდან მზის სათვალეს ვატარებდი, არავის ვუყურებდი თვალებში. მარტო ყოფნა მინდოდა და ცოტა შიშიც მეუფლებოდა. შეიხებზე ბევრი მსმენია და ვცდილობდი, თვალში არავის მოვხვედროდი. ჩემი მეგობრები მეხუმრებოდნენ, შეიხს თუ მოეწონე, დაგიტოვებსო და მეც ვცდილობდი, შეუმჩნეველი ვყოფილიყავი.

რამდენიმე მათგანი ჩვენს შოუსაც დაესწრო, თუმცა კონკურსზე ისეთი სიმკაცრე იყო, რომ მარტოს მაღაზიაშიც არ გვიშვებდნენ, ყველანი ერთად ვმოძრაობდით. საბოლოო ჯამში, დუბაიში 2 დაუვიწყარი კვირა გავატარე.

- მოცეკვავეც ხარ, ცეკვა როდის დაიწყე?

- ადრეულ ასაკში, ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში რომ ვსწავლობდი. სკოლის შეცვლის და საზღვარგარეთ წასვლის გამო, დიდხანს აღარ ვცეკვავდი, თუმცა თუ საქართველოში ვარ, ყოველთვის დავდივარ. რამდენიმე ანსამბლი გამოვიცვალე, იტალიიდან ჩამოსვლის შემდეგ კი ისევ დავუბრუნდი ცეკვას. ამ საქმიანობას თავს არასდროს დავანებებ. ცეკვაზე მეხმარებიან, ხელს მიწყობენ და მეც თავისუფალ დროს საცეკვაოდ მივდივარ.

- როგორ ფიქრობ, სამოდელო სფეროს გაჰყვები თუ სამედიცინოს დაუკავშირებ შენს მომავალს?

- სამედიცინო ძალიან მიყვარს, ცოდნის კუთხე უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, თუმცა კონკურსში გამარჯვების შემდეგ ასპარეზზე სამოდელო სფერო წამოვიდა. ახლა ბევრი შემოთავაზება და კონტრაქტი მელოდება და ვფიქრობ, თვალს ვერ დავხუჭავ. წინ არის პარიზის მოდის კვირეული, ასევე - მილანის და მე და ქალბატონი ეკა კიდევ უფრო ბევრ საინტერესო სიახლეს ველოდებით.

- რას ამბობენ დუბაიში საქართველოზე, როგორ გვიცნობენ შორეულ ქვეყანაში?

- ყველას ვუყვები ჩვენ შესახებ, იციან, რომ გემრიელი სამზარეულო გვაქვს და ულამაზესი ბუნება. როდესაც იქ ფოტოგრაფებმა გაიგეს, რომ საქართველოდან ვიყავი, დამიძახეს და მითხრეს, საქართველოში ნამყოფები ვართ, საოცარი ადგილია, ღვინო და თქვენი სამზარეულო გვიყვარსო. დიდი აქცენტი იყო ჩემს თვალებზე, - ქართული, დამახასიათებელი თვალები გაქვსო, დამტოვეს და ფოტოები გადამიღეს თვალებზე. მივხვდი, რომ შეყვარებულები არიან ჩვენს ქვეყანაზე.

- სოციალურ ქსელში გამარჯვების შემდეგ პოსტი დაწერე, რომელსაც როგორც დადებითი, ასევე - რამდენიმე ცუდი კომენტარი მოჰყვა...

- არ ვარ ფოტოგენური, უკეთესზე უკეთესი არ დაილევა და არასდროს შევეწინააღმდეგები მათ, ვის გემოვნებაშიც არ ვჯდები. უბრალოდ, ის მეწყინა, რომ საზოგადოების ნაწილმა აგრესია გამოიჩინა. მინდა ხოლმე, ყველა ცუდი კომენტარის ავტორს პასუხი გავცე, თუმცა თავს ვიკავებ, მათ, ყველას საკუთარი აზრი აქვთ.

ამ ინტერვიუთი ვისარგებლებ და ხალხს მივმართავ: ყველა კომენტარს ვკითხულობ, ყველა იმ ადამიანს, ვინც მცირე სითბო და სიყვარული გამოხატა ჩემ მიმართ, მთელი გულით და სულით ვუხდი მადლობას. ჩემთვის ეს სითბოა ბედნიერების საზომი, ხალხის დამოკიდებულება და მოლოცვა მთელი დღე დადებითი ენერგიით მავსებს და მადლობა მათ ამხელა სიკეთის გაზიარებისთვის.

- ბევრს გაუჩნდება შეკითხვა - რა ხდება მარიამ მანაგაძის პირად ცხოვრებაში?

- მარიამი ამ თემაზე არ საუბრობს, პირადი ცხოვრება დალუქული მხარეა და საჯაროდ საუბარი არ მინდა. თუ რამე იქნება, ყველა გაიგებთ.

- რას აკეთებ ხოლმე თავისუფალ დროს?

- თავისუფალი დრო თითქმის არასდროს მაქვს. თუმცა, როგორც კი დროს გამოვნახავ, ჩემი საყვარელი საქმიანობებისკენ მივიწევ. მიყვარს ცეკვა, მეგობრების ნახვა. ქალაქგარეთ გასვლა ერთ-ერთი საყვარელი აქტივობაა, ასევე, იარაღიდან სროლა და ცხენზე ჯირითი მიტაცებს.

modelii-1643095602.jpg

- ინტერვიუს დასაწყისში ახსენე, რომ 14 წლისამ დატოვე საქართველო, პატარა ასაკია, არ გაგიჭირდა მშობლებისგან შორს ყოფნა ან მათ არ გაუჭირდათ შენი გაშვება?

- დედაჩემი ემოციური ქალია, იმისდა მიუხედავად, რომ 23 წლის ვარ, ჩემი ყველა ადგილსამყოფელი იცის, სად და ვისთან ერთად ვარ. ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე და სადაც უნდა ვიცხოვრო, არასდროს შევიცვლები, ყველგან ყოველთვის გამყვება ჩემი ოჯახის პატივისცემა და კულტურა. ოჯახის წევრები მენდობოდნენ, მენდობიან და ამის ფონზე, არ გასჭირვებიათ. ყოველთვის ხაზზე ვარ და ეს ეხმარებათ, რომ მშვიდად "გადააგორონ" ჩემი არყოფნა.

ყოველთვის ვიცოდი, რომ ყველაფერს ჩემი უკეთესი მომავლისთვის ვაკეთებდი და არ დავნებდებოდი. მე კიდევ უნდა წავიდე, ახალგაზრდობის წლები გამოვიყენო, ვისწავლო, შანსები ხელიდან არ გავუშვა. თუმცა ვაღიარებ, ბევრჯერ მიტირია, უცხო ქვეყანაში უსამართლობის განცდაც ბევრჯერ მქონია და ჩემი ჩემოდნებით რამდენჯერმე შემიცვლია სახლი მილანში. ბევრი ვიწვალე ყველა იმ წარმატებისთვის, რასაც მივაღწიე. ვამბობ ხოლმე, რომელიმე რეჟისორს უნდა დავუჯდე და ჩემს ცხოვრებაზე მოვუყვე-მეთქი. ამაზე საჯაროდაც არასდროს ვსაუბრობ, პირველად ვთქვი თქვენთან... ამიტომ მგონია, რომ კონკურსზე სამართლიანად შემაფასეს, იმდენი მაქვს ნაწვალები და ნაშრომი, რომ დამიფასდა ეს ყველაფერი.

- რა გაძლევს სტიმულს, რომ ამდენი იშრომო?

- ჩემი ცხოვრების სტიმული დედაჩემია, მე როგორც ვშრომობ და ვწვალობ, ასევე შრომობს ისიც, მინდა, დედა უბედნიერესი იყოს და ზუსტად ის მაძლევს სტიმულს, რომ ყველაფერი შევძლო. უკვე დიდი ხანია, დედა ემიგრანტია, მინდა, რომ საქართველოში დაბრუნდეს და მას ეს შრომა დაუფასდეს. ვფიქრობ, მალე შევძლებ დედა საქართველოში ჩამოვიყვანო, ჩემმა ბოლო წარმატებამ ეს შანსი მომცა.

- გაგვიზიარე უახლოესი სამომავლო გეგმები...

- არ გავჩერდები, არ დავკმაყოფილდები ამით, წინ და წინ წავალ, მეტს ვიშრომებ და მეტს გავაკეთებ იმისთვის, რომ კიდევ უფრო დიდ წარმატებას მივაღწიო. მალე მივდივარ დუბაიში და საინტერესო სიახლეებს აუცილებლად გაგაგებინებთ.

- ბევრი გოგონა ოცნებობს ბრწყინვალე სამოდელო კარიერაზე, რას ეტყოდი მათ, ურჩევდი რამეს?

- მინდა, ყველა გოგონას ვუთხრა: მე დალხენილი ბავშვობა არ მქონია, 12 წლის ვიყავი, როდესაც მუშაობა დავიწყე და მას შემდეგ, ოჯახი არ შემიწუხებია. ყველა გოგონას ვურჩევ, რომ შრომა არ დაიზარონ, დროს ტელეფონებში "ყოფნაზე" ნუ დაკარგავენ, დაკავდნენ სპორტით, ცეკვით. როგორც ზრდასრულმა ადამიანებმა, ისე იფიქრონ მომავალზე, რადგან ბევრი შრომა აუცილებლად მოუტანთ შედეგს. როგორც აღვნიშნე, არაფერზე დაიხიონ უკან, სწავლა არ შეწყვიტონ, მინდა, რომ ყველა გოგონას სჯეროდეს საკუთარი თავის.

(სპეციალურად საიტისთვის)