ვინ არის “ამერიკის პირველი მზვერავი” და რა აკავშირებს მას საქართველოსთან? - კვირის პალიტრა

ვინ არის “ამერიკის პირველი მზვერავი” და რა აკავშირებს მას საქართველოსთან?

არსებობს ერთი სფერო, სადაც გატარებული საკადრო ცვლილებები ნათლად მიანიშნებს ნებისმიერი ქვეყნის საგარეო ორიენტირებს. ესაა ეროვნული უსაფრთხოების ძირითადი კომპონენტების: ძალოვანი სამინისტროებისა და სპეცსამსახურების ახალი კადრებით დაკომპლექტება. ნებისმიერი სახელმწიფოს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებს უცბად მიხვდებით, თუ ამ ქვეყნის უშიშროების, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების ბიოგრაფიებს გაეცნობით. საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის კანდიდატურის შერჩევის პროცესს მტერ-მოყვარე მოუთმენლად ელოდა.

უკვე ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2021 წლის 11 იანვარს ახლადარჩეულმა აშშ-ის პრეზიდენტმა - ჯოზეფ ბაიდენმა პროფესიონალი დიპლომატი უილიამ ბერნსი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (ცსს) ხელმძღვანელის პოსტზე წარადგინა. გასული წლის 18 მარტს სენატმა დაამტკიცა ბერნსის კანდიდატურა და ის გახდა აშშ-ის ისტორიაში პირველი პროფესიონალი (“სუფთა”) დიპლომატი, რომელსაც არ ჰქონია უშუალო კავშირი სპეცსამსახურებთან და რომელმაც ცსს-ს დირექტორის თანამდებობა დაიკავა.

“ამერიკის პირველი მზვერავის” პოსტზე ვინ არ ყოფილა: სამხედროები (სოერსი, ვანდენბერგი, სმიტი, ჰილენკოტერი, რაბორნი, ტერნერი, ჰაიდენი და პეტრეუსი); ადვოკატები (ალენ დალესი); ბიზნესმენები (მაკკოუნი, შლეზინგერი, კეისი, პომპეო); პროფესიონალი მზვერავები (ჰელმსი, გეითსი, ტენეტი, გოსი, ბრენანი და ჰასპელი); იურისტები (უებსტერი და ვულსი); პოლიტიკოსი (ლეონ პანეტა) და ახლა - ერთადერთი პროფესიონალი დიპლომატი უილიამ ბერნსი.

ვინ არის უილიამ ბერნსი და რა გზა გაიარა მან ცსს-ს დირექტორობამდე?

ის 1956 წლის 4 აპრილს ფორტ ბრაგში (ჩრდილოეთი კაროლინა), ირლანდიული ფესვების მქონე სამხედროს ოჯახში დაიბადა. ისტორიის განხრით ბაკალავრის ხარისხი ფილადელფიის კერძო უნივერსიტეტში, ხოლო საერთაშორისო ურთიერთობებში მაგისტრისა და დოქტორის ხარისხი - ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიღო. 26 წლის ასაკში (1982 წელს) მიიღეს სახელმწიფო დეპარტამენტში და ამის შემდეგ, 32 წელი იმსახურა აშშ-ის საგარეო უწყებაში. მისი დიპლომატიური კარიერა მართლაც რომ შთამბეჭდავია. ბერნსის მაღალ პროფესიონალიზმს აფასებდნენ, როგორც დემოკრატიულ, ასევე - რესპუბლიკურ პარტიებში. ამიტომაც იყო, რომ ბერნსი, როგორც რესპუბლიკური, ისე - დემოკრატიული ადმინისტრაციების ნდობას იმსახურებდა და უმნიშვნელოვანეს დიპლომატიურ პოსტებზე მუშაობდა აშშ-ის ხუთ პრეზიდენტთან (რეიგანი, ბუში-უფროსი, კლინტონი, ბუში-უმცროსი და ობამა) და ათ სახელმწიფო მდივანთან.

ჩვენთან ახალი მინისტრი მოსვლისთანავე ყველას ცვლის: დამლაგებლიდან დაწყებული, მოადგილით დამთავრებული და, როგორც წესი, მასზე დაბალი პროფესიონალიზმითა და ინტელექტით “დამშვენებული” “თავისი გუნდი” მოჰყავს. ნეტავ, ჩვენთან ოდესმე თუ ჩამოყალიბდება პროფესიონალების დაფასების ამგვარი კულტურა? ვიოცნებოთ, ოცნება ხომ ჯერჯერობით არავის აუკრძალავს. დავუბრუნდეთ ბერნსის დიპლომატიურ კარიერას და “ამერიკის პირველ მზვერავად” მის მოულოდნელ აღზევებას.

უილიამ ბერნსი 1994-1996 წლებში მოსკოვში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური მდივანი იყო, ხოლო 1996-1998 წლებში სახელმწიფო დეპარტამენტის აღმასრულებელ მდივნად და სახელმწიფო მდივნების: უორენ კრისტოფერ და მადლენ ოლბრაიტის სპეციალურ თანაშემწედ დააწინაურეს. 1998-2001 წლებში ბერნსი იორდანიაში აშშ-ის ელჩი იყო. 2001-2005 წლებში, როგორც სახელმწიფო მდივნის - კოლინ პაუელის თანაშემწე, პასუხისმგებელი იყო ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის საკითხების (მათ შორის - პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის, ლიბიასთან აშშ-ის ურთიერთობების განვითარებისა და ერაყში არსებულ ვითარების) გადაწყვეტის პროცესზე. ჩემი აზრით, ბერნსის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი 2005-2008 წლებია, როდესაც ის აშშ-ის ელჩი იყო რუსეთში. სწორედ ამ დროს ჰქონდა მას პირდაპირი შეხება საქართველოს საკითხებთან, რაზედაც მოგვიანებით ვისაუბრებთ.

berns-1643090744.jpg
ბერნსი და პუტინი, 2005 წლის 8 ნოემბერი

2008 წლის 13 მაისს ბერნსი დაინიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის მოადგილის პოსტზე და ეს თანამდებობა ჰილარი კლინტონისა და ჯონ კერის დროსაც შეინარჩუნა. ბერნსი აქტიურად იყო ჩართული ობამას ადმინისტრაციის რუსეთთან ურთიერთობების ე.წ. გადატვირთვის პროცესში, რომელიც სრული ფიასკოთი დასრულდა. ქართული ანდაზა კარგად ასახავს ამ პროცესს: “მგლის (რუსეთის – ბ.ა) თავზე სახარებას კითხულობდნენო”. 2013 წელს ჟურნალ Foreign Policy- ის მიერ ბერნსი აღიარებული იქნა „წლის საუკეთესო დიპლომატად“, ხოლო 2014 წლის ნოემბერში უილიამ ბერნსი თანამდებობიდან გადადგა და უფრო წყნარი სამუშაო აირჩია: 2015-2021 (1 ნოემბრამდე) წლებში ის კარნეგის ფონდის პრეზიდენტი იყო. 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაშ, დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჰილარი კლინტონი უილიამ ბერნსს თავის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის პოსტზე მოიაზრებდა.

უილიამ ბერნსი საუბრობს რუსულ, არაბულ და ფრანგულ ენებზე, არის რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი, 2019 წელს კი თავისი დიპლომატიური მოღვაწეობის შესახებ ძალზე საინტერესო მემუარები („უჩინარი ძალა, როგორ მუშაობს ამერიკის დიპლომატია“) გამოაქვეყნა. ჩემი აზრით, პრეზიდენტმა ბაიდენმა ბერნსის (რომელიც კარგად იცნობს რუსეთს და ამ ქვეყნის ხელისუფლებას) ცსს-ს დირექტორად დანიშვნით ნათლად მიანიშნა, რომ მისი მთავარი ოპონენტი რუსეთია და არსებული პრობლემების გადაჭრას, უპირველესად, დიპლომატიური გზებით შეეცდება.

“უჩინარი დიპლომატიის” პირველი მცდელობა ცსს-ს დირექტორის - უილიამ ბერნსის საიდუმლო ვიზიტი იყო მოსკოვში გასული წლის 2-3 ნოემბერს. პირველივე დღეს ბერნსი შეხვდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს - ნიკოლაი პატრუშევსა და რუსეთის საგარეო დაზვერვის დირექტორ სერგეი ნარიშკინს, ხოლო რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელიც ბერნსს კარგად იცნობს, “ამერიკის პირველ მზვერავთან” მხოლოდ სოჭის რეზიდენციიდან ტელეფონით ინება საუბარი. უილიამ ბერნსის მოსკოვში ვიზიტის მთავარი მიზანი კრემლის გაფრთხილება იყო, იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების თავმოყრას. გააფრთხილეს, თუმცა რა? რუსეთმა მთავარს უკვე მიაღწია: ვიღას ახსოვს ყირიმის ოკუპაცია? ვიღას ახსოვს უკრაინის სეპარატისტული რეგიონები? ახლა იმას ეხვეწებიან, უკრაინაში არ შეიჭრაო. ნავთობსა და ბუნებრივ გაზზე ფასების არნახული ზრდაც, რაც ყოველთვის რუსეთის მიზანია, უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების თავმოყრის შედეგია. ამის შემდეგ რაღად უნდა რუსეთს უკრაინაში შეჭრა, ომი და ახალი სანქციები? რა სარგებელს მიიღებს რუსეთი ამ ომით? ვფიქრობ, რომ ეს ისტერია მალე ჩაივლის: ჯერ ამგვარი დაძაბულობის მდგომარეობაში ეყოლება რუსეთს აშშ და ევროპა, შემდეგ ჯარებს დაწევს. გავა რაღაც პერიოდი და პუტინი ისევ გაიმეორებს თავიდან ამ სცენარს.

ბერნსი ბრწყინვალე დიპლომატი და ანალიტიკოსია, თუმცა სპეცსამსახურებში მუშაობის (მით უმეტეს - ოპერატიულ-აგენტურული საქმიანობის) არანაირი გამოცდილება არ გააჩნია. ცსს-ს ახალი დირექტორის არაპროფესიონალიზმის ფაქტი არ დაიმალება, მაგრამ რამდენ ისეთ შეცდომას დაუშვებს ამერიკის “მთავარი მზვერავი”, რაც მხოლოდ ათწლეულების შემდეგ გამჟღავნდება?

მსოფლიოში ახალი “ცივი ომის” პირობებში, რუსეთის ნეოიმპერიალისტური ამბიციების რეალიზაციის ეტაპზე, აშშ-ის ცსს-ს დირექტორი უნდა იყოს დაზვერვის პროფესიონალი, რომელიც მაქსიმალურად ახლოს იქნება დაზვერვასთან და მაქსიმალურად შორს - პოლიტიკისგან. ამ პირობებში “თეთრხელთათმანიანი დიპლომატის”, ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთ ყველაზე საკვანძო პოსტზე დანიშვნა რამდენად გამართლებულია? ამას დრო გვიჩვენებს.

უილიამ ბერნსის პიროვნება ჩვენთვის იმითაა განსაკუთრებით საინტერესო, რომ 2005 წლის ნოემბრიდან 2008 წლის მაისამდე ის აქტიურად იყო ჩართული რუსეთ-საქართველოს შორის არსებული დაძაბულობის განმუხტვის პროცესში. ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ “აგვისტოს ომი” შესაძლოა 2006 წლის ზაფხულში დაწყებულიყო. ამაზე ის საიდუმლო დოკუმენტები მიუთითებენ, რომლებსაც მოსკოვში აშშ-ის ელჩი უილიამ ბერნსი ვაშინგტონში გზავნიდა.

(პირველი ნაწილის დასასრული)