"პოსტსაბჭოთა რუსეთი ბეჭზე იყო დაცემული და ნატოს შეეძლო, იმდენჯერ ერტყა წიხლები, რამდენჯერაც მოესურვებოდა", - რას წერს ბრიტანული გამოცემა - კვირის პალიტრა

"პოსტსაბჭოთა რუსეთი ბეჭზე იყო დაცემული და ნატოს შეეძლო, იმდენჯერ ერტყა წიხლები, რამდენჯერაც მოესურვებოდა", - რას წერს ბრიტანული გამოცემა

"პოსტსაბჭოთა რუსეთი ბეჭზე იყო დაცემული და ნატოს შეეძლო, იმდენჯერ ერტყა წიხლები, რამდენჯერაც მოესურვებოდა", - რას წერს ბრიტანული გამოცემა

დიდი ბრიტანეთის გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულია ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველის - საიმონ ჯენკინსის სტატია სათაურით - „აღმოსავლეთ უკრაინის ავტონომია - კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა“, რომელშიც ავტორი რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების მიზეზებს ისტორიულ კონტექსტში განიხილავს და დონბასის რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვაზე მსჯელობს. პუბლიკაციაში ყურადღება ექცევა დიდი სახელმწიფოების გავლენის სფეროების არსებობას, რაც, საბოლოო ჯამში, მათ შორის ურთიერთწინააღმდეგობის მიზეზს წარმოადგენს. უკრაინაც სწორედ გავლენის სფეროების გამო დაწყებულ კონფრონტაციაშია მოხვედრილი.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

საბჭოთა კავშირს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გავლენა თითქმის მთელ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაზე ჰქონდა, სოციალისტური ქვეყნების სახით. მოსკოვი ცდილობდა ამ გავლენის შენარჩუნებას და მეთოდურად აქრობდა ანტიკომუნისტურ აჯანყებებს უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიაში... დასავლეთი კრემლის საქმეებში სამხედრო ძალით არ ერეოდა. დღეს რუსეთსაც იგივენაირი მოტივები ამოძრავებს. ვლადიმერ პუტინი თვითონ არის იმის მოწმე, თუ როგორ იშლებოდა საბჭოთა კავშირი, როგორ კარგავდა ოდესღაც ძლიერი სახელმწიფო თავის გავლენას და სატელიტებს - ვარშავის ხელშეკრულებისა და ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭოს წევრების სახით. რუსეთის პრეზიდენტი მთელი ძალებით ცდილობს, წინ აღუდგეს ლიბერალური და პროდასავლური რეჟიმების ჩამოყალიბებას ბელარუსში და უკრაინაში. მას არ სურს იმ რუსეთის ლიდერი იყოს, რომელიც ამ ორ მნიშვნელოვან ქვეყანას დასავლეთს დაუთმობს.

დიპლომატიაში ყოველთვის დავას და წინააღმდეგობას იწვევდა გავლენა-ინტერესების სფეროების კონცეფცია ანუ მიდგომა იმ რეგიონებისადმი, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე დიდი სახელმწიფოს ყურადღებას იქცევს თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით თუ სხვა ფაქტორით. მართალია, გაეროს გავლენა-ინტერესთა სფეროებზე რამე სახელმძღვანელო დებულება არ მიუღია, მაგრამ ამის მიუხედავად, ასეთი სფეროები რეალურად არსებობს და ამგვარი იდეები საკმაოდ ურყევია. ძველი იმპერიების ეს გადმონაშთი თანამედროვე პარანოიად არის გადაქცეული. მაგალითების გახსენება არ გაგვიჭირდება: ისევე, როგორც ამერიკამ ვერ მოითმინა საბჭოთა რაკეტების განლაგება კუბაზე 1962 წელს და მოსკოვის მხარდაჭერა ცენტრალური და ლათინური ამერიკის ქვეყნებისადმი, ასევე - რუსეთი ვერ მოითმენს ამერიკული რაკეტების განლაგებას უკრაინაში და ამერიკული ჯარების დახმარებას კიევისადმი, ნატოში მისი მიღების საფუძველზე.

გავლენის სფეროების სტრატეგია ხშირად გეოგრაფიისა და უხეში ძალის ბალანსს ეფუძნება. ჩინეთი თანდათან აფართოებს თავის გავლენას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში. ამერიკა პეკინის მცდელობას ეწინააღმდეგება. სხვათა შორის, რუსეთის, ამერიკისა და ჩინეთის მსგავსად, „კუნთების თამაში“ დიდმა ბრიტანეთმაც დაიწყო: ლონდონი თავის „უძლეველ არმადას“ წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში გზავნის, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში...

დასავლეთი რისკზე წავიდა, როცა 1990-იან წლებში ნატოს გაფართოება დაიწყო. სამწუხაროდ, ნატომ მაგალითი არ აიღო პრაგმატული და ნეიტრალური ფინეთისაგან და თავის რიგებში მიიღო ბალტიისპირეთის რესპუბლიკები, რომლებიც რუსეთის გავლენის სფეროში მდებარეობენ. თუმცა ეს გასაკვირიც არ იყო, რადგან პოსტსაბჭოთა რუსეთი ბეჭზე იყო დაცემული და ნატოს შეეძლო იმდენჯერ ერტყა წიხლები, რამდენჯერაც მოესურვებოდა.

ალბათ, ნატოს ასეთმა პოლიტიკამაც განაპირობა რუსეთის საპასუხო შოვინისტური დამოკიდებულების გამოვლენა. ალიანსმა უარყო ბორის ელცინის მცდელობები ნატოში რუსეთის გაწევრების თაობაზე. დასავლეთი დასცინოდა რუსეთს, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დადებას ითხოვდა. დასავლეთი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ რუსეთს, რაც შეიძლება მტკივნეულად ეგრძნო თავისი დამცირებული მდგომარეობა. ჰოდა, პუტინის დღევანდელი გამოხტომებიც იმის შედეგია, რასაც დასავლეთი რუსეთს უკეთებდა.

დღეს რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ მას 2015 წელს დადებული მინსკის შეთანხმების შესრულება სურს. სიტუაციის ამ გზით დარეგულირება სრულიად საღ იდეად მოჩანს. რას ითვალისწინებს მინსკის შეთანხმება? დოკუმენტში ჩაწერილია, რომ რუსულენოვან დონბასს გარკვეული ავტონომია უნდა ჰქონდეს, უნდა შეწყდეს ნატოს ექსპანსია უკრაინის მიმართ და რუსეთმაც, თავის მხრივ, დაკავებული ტერიტორია უნდა დააბრუნოს. სხვათა შორის, ამერიკის ადმინისტრაციაც სიტყვით მხარს უჭერს მინსკის შეთანხმების რეალიზებას, მაგრამ საქმით არაფერს აკეთებს.

ყოველი გონიერი მიმომხილველი, რომელიც მინსკის შეთანხმებებს გაეცნობა, მიხვდება, რომ დოკუმენტი კრიზისის მოგვარების ყველაზე პრაქტიკულ, ყველაზე სამართლიან წესს წარმოადგენს. შეთანხმების რეალიზების ბლოკირებას, ძირითადად, კიევი ცდილობს, რომელიც დონბასში პრორუსულ განწყობას ებრძვის და ეწინააღმდეგება რეგიონის ავტონომიზაციის, თვითმმართველობის იდეას. „აღიარეთ დონბასის ავტონომია, - ამბობს ვლადიმერ პუტინი, - და მეც წავალ“. რა თქმა უნდა, მას არ შეუძლია მუდმივად ჰყავდეს 100-ათასიანი ჯარი უკრაინის საზღვრებთან, საბრძოლო მზადყოფნაში. ვლადიმერ პუტინს სერიოზულად ჰგონია, რომ [უკრაინის ნატოში გაწევრებით] ქვეყნის ტერიტორიაზე ალიანსის არმია განლაგდება და დონბასზე შტურმს დაიწყებს.

ამ მომენტში სცენაზე ძალის პრაგმატული პოლიტიკა დომინირებს. არ არის გამორიცხული, რომ ნატო, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სახით, თავის ძალებს დონბასში რუსეთთან დაპირისპირების ხაზზე განალაგებს. აშკარაა, რომ ამ პროცესში საფრანგეთი და გერმანია მონაწილეობას არ მიიღებენ, თუმცა, ობიექტურად თუ ვიტყვით, არც ამერიკას და არც ბრიტანეთს რუსეთთან ბრძოლაში დასაღუპი ჯარი არ ჰყავთ, ისინი უფრო სარაკეტო დაბომბვების დუელს მოაწყობენ.

საყურადღებოა, რომ დიდ ბრიტანეთს უკრაინის დაცვის ვალდებულება არ აუღია. ლონდონი ასევე არ არის ვალდებული, ჩაებას რუსეთის, თითქოსდა, გარდაუვალი შეტევის შეჩერების ძალისხმევაში. უკრაინა ნატოს წევრი არ არის. დიდ ბრიტანეთს არ აქვს სერიოზული საშუალებები და შესაძლებლობები იმისთვის, რომ გავლენა მოახდინოს სახმელეთო ბრძოლების შედეგებზე. ამიტომ ლონდონმა უკრაინისაგან უმჯობესია თავი შორს დაიჭიროს.

ვლადიმერ პუტინის დღევანდელი ძალის დემონტრირება იმის მაგალითს წარმოადგენს, თუ როგორ ცდილობს ნაწყენი და „სულიერად დაჭრილი“ რუსი დიქტატორი, აჩვენოს თავის ხალხს ის ძალა, რომელიც მას ჯერ კიდევ შეუძლია მოიკრიბოს. თუ იგი დონბასში შეიჭრება, დასავლეთი მას შერისხავს და ახალ ეკონომიკურ და, იმავდროულად, უაზრო სანქციებს გამოუწერს. „უაზროს“ იმიტომ, რომ ვნახეთ მათი არაფექტიანობა ყირიმის ანექსიის შემდეგ.

ამ კრიზისებში მშვიდობის საფუძვლად ითვლება როგორც ძალა, ასევე - ადეკვატური პოლიტიკა და სიტუაციის შორსმჭვრეტელურად ხედვა. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ხიფათი ცნობილ ისტორიულ-ტრადიციულ ნაბიჯში იმალება: „როცა მტრული დამოკიდებულება კრიზისში გადადის და თავის პიკს აღწევს, ომი შეიძლება ყველაზე მარტივ და ყველაზე საიმედო გზად ჩავთვალოთ პრობლემის მოსაგვარებლად“. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ