"არასრულწლოვანი მეტროში ესკალატორის მოაჯირზე ჩამოსრიალდა, პოლიციელი მიუახლოვდა და..." - ვინ არიან პოლიციელები, რომლებიც მოზარდის ცემის ფაქტზე დააკავეს? - კვირის პალიტრა

"არასრულწლოვანი მეტროში ესკალატორის მოაჯირზე ჩამოსრიალდა, პოლიციელი მიუახლოვდა და..." - ვინ არიან პოლიციელები, რომლებიც მოზარდის ცემის ფაქტზე დააკავეს?

უკვე ცნობილია იმ პოლიციელის ვინაობა, რომელიც 17 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ისნის მეტროში სასტიკად გაუსწორდა. იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნუკრი ბაქრაძეა. სწორედ ბაქრაძე ურტყამს ახალგაზრდას გამეტებით. მას ბრალი წამების და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე წაუყენეს და მალე წარდგება სასამართლოს წინაშე.

ოფიციალური ინფორმაციით, დადგენილია, რომ 2022 წლის 23 იანვარს, საღამოს საათებში, დაახლოებით, 20:00 საათიდან 21:00 საათამდე დროის მონაკვეთში, 17 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი ძმასთან და მეგობართან ერთად იმყოფებოდა მეტროსადგურ "ისანში". მეტროს ესკალატორთან მყოფმა პატრულ-ინსპექტორმა კ.ბ.-მ არასრულწლოვანი ესკალატორით აიყვანა მეტროს ფოიეში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ოთახში. აღნიშნულ ოთახში მყოფმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთმა თანამშრომელმა არასრულწლოვანს რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავის არეში და მოქაჩა თმა. მიუხედავად არასრულწლოვნის მინიშნებისა, რომ იგი იყო სმენადაქვეითებული და არ ესმოდა საუბარი, პოლიციის თანამშრომელი აგრძელებდა გამეტებით ცემას. ძალადობის ფაქტს შეესწრნენ არასრულწლოვნის თანმხლები პირებიც. აღნიშნული ქმედებით არასრულწლოვანმა მიიღო დაზიანებები თავისა და სახის არეში, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და თავი იგრძნო დამცირებულად.

ინსპექტორის სამსახურის მოადგილემ ბრიფინგზე მეორე პოლიციელის ბრალეულობაზეც ისაუბრა, რომელიც ფაქტს შეესწრო და აღნიშნულის შესახებ საგამოძიებო ორგანოს არ შეატყობინა. რაც შეეხება ბაქრაძესთან ერთად დაკავებულ მეორე პოლიციელს, იგი მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი კახა ბაკაშვილია, რომელსაც არანაირი ზომები არ მიუღია თავისი კოლეგის ჩადენილ უმძიმეს დანაშაულზე და ადევნებდა თვალს, თუ როგორ უმოწყალოდ სცემდა იგი არასრულწლოვანს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებმა მას ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით წაუყენეს.

რა ჩვენება მისცეს თავად დაკავებულმა ძალოვნებმა გამოძიებას და რას იტყვიან ისინი მომხდარზე, ეს სასამართლო პროცესზე გამოჩნდება. სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს სასამართლო ორივე ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

წარმოუდგენელია, ამ ფაქტმა საზოგადოება არ აღაშფოთოს. ფაქტის ირგვლივ ვნებათაღელვა არ ცხრება, ხალხი ქუჩაში გამოვიდა და დღესაც იგეგმება საპროტესტო აქციები. საზოგადოება კიდევ ერთხელ დაგმობს ამ უმძიმეს დანაშაულს და ძალოვნების უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

როგორც შევიტყვეთ, ძალადობის ამსახველი უმძიმესი ფაქტების გადაღება იმ ახალგაზრდებმა შეძლეს, რომლებიც პოლიციელს უშედეგოდ უხსნიდნენ, რომ ბიჭი ყრუ-მუნჯი იყო და საუბარს ვერ შეძლებდა, თავად პოლიციელი კი ირონიით ეუბნებოდა, რომ მას აალაპარაკებდა. მათ არც კი შეუნიშნავთ, დანაშაულის მამხილებელ კადრებს როგორ იღებდნენ ახალგაზრდები. ახლა რომ არა ეს მთავარი მტკიცებულება, შესაძლოა, აქეთ დაედანაშაულებინა მოძალადე პოლიციელს არასრულწლოვანი და მსხვერპლს გასჭირვებოდა მათი მხილება.

საქმეში, სავარაუდოდ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჩაერთვება. ისინი შეძლებენ არასრულწლოვნის უფლებების დაცვას. ჩვენი ინფორმაციით, არასრულწლოვანი მეტროში ესკალატორის მოაჯირზე ჩამოსრიალდა, მერე მატარებლის მოსვლას ელოდებოდა, როცა პოლიციელი მიუახლოვდა და ის ხელით თავისკენ მოქაჩა. როგორც ჩანს, ამ ქმედებისთვის სცემს ასე უმოწყალოდ პოლიციელი. მართალია, მისი მეგობრები უხსნიდნენ, რომ ბიჭი ყრუ-მუნჯი იყო, მაგრამ მან ეს არ დაიჯერა, ამოიყვანა ესკალატორით ზევით, ოთახში შეათრია და ფიზიკურად გაუსწორდა კიდეც.

საქმეში გუშინვე ჩაერთო საქართველოს ყრუთა კავშირის დირექტორი ქალბატონი მაია მეტონიძე. მისი თქმით, ბავშვს სილურჯეები აღენიშნება და ითხოვს დამნაშავე პოლიციელების უმკაცრესად დასჯას.

საქართველოს ყრუთა კავშირის დირექტორი მაია მეტონიძე:

- ეს ბიჭი მეტროდან აიყვანა პოლიციელმა. არასრულწლოვანია, თბილისში მაცხოვრებელი, 17 წლის არის. 8 კლასი აქვს დამთავრებული. მშობლებთან და ძმასთან ერთად იზრდებოდა. მშობლებს სმენის პრობლემა არ აქვთ, მაგრამ აქვთ მენტალური პრობლემები. ეს ბიჭი ამბობს, ვიდექი, მატარებლის ვაგონს ველოდებოდი, ხელი რომ მომკიდა და ძალით წამიყვანა პოლიციელმაო. მას არაფერი ესმის და ამიტომ პოლიციელის ნათქვამი ყველა სიტყვა მისთვის გაუგებარი იყო. მაშინვე დაირღვა მისი უფლებები, რადგან ასეთ დროს პოლიციელი ვალდებული იყო გამოეძახებინა თარჯიმანი, ამას აკეთებს შს სამინისტრო ყოველთვის, გვიკავშირდება და თარჯიმნები ერთვებიან. ამ შემთხვევაში არ გამოიძახეს.

გუშინ მისი გამოკითხვა მოხდა, თანხმობა განაცხადა ბიჭმა. დედას ძლივს გააგებინეს, რა იყო, რას ეკითხებოდნენ, რადგან არის მენტალობის პრობლემა. არადა, ოჯახის თანხმობის გარეშე არასრულწლოვანს ვერ დაკითხავს ვერავინ. ბიჭს სახლში ჰყავს დედა, მამა და ძმა, რაღაც პერიოდი თავშესაფარშიც იყო ეს ბავშვი გადაყვანილი... აქ იყო ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა, პირუტყვი იყო ის პოლიციელი. არ შემიძლია ამ უმძიმესი კადრების ცქერა. თემი ისეთი აღშფოთებულია მომხდარით, ყველა, ვინც არის სმენადაქვეითებული, ამბობს, რომ უნდა გავიდეთ ქუჩაში და გავაპროტესტოთ ეს ფაქტიო. დაკავებულები არიან პოლიციელები და აგებენ პასუხს უმკაცრესად, ეს უფლებამოსილების გადამეტება კი არ არის, ეს არის წამება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჩაერთვება საქმეში, ამისთვის მშობლის თანხმობაა საჭირო და ამ პროცედურებს გავდივართ.

- რა დაზიანებები აქვს არასრულწლოვანს?

- დალურჯებული აქვს ხელი, სახე და თვალები.

- ჩვენი ინფორმაციით, ბიჭი ესკალატორზე ჩამოსრიალდა და ამიტომ მივიდა მასთან პოლიციელი და ამას მოჰყვა ცემის ფაქტი, ამას გვიდასტურებთ?

- ეს გამოძიების დეტალებია და, ალბათ, გამოძიება გაასაჯაროვებს ამას. ეს ვიდეო გადაღებულია იმ მეგობრების, რომლებიც იქ იყვნენ და მოახერხეს გადაღება. როდესაც დაზარალებულია შშმ პირი, ჩვენ გვიკავშირდება პოლიცია და პოლიცია რომ ძალადობს ასეთ პირზე, ასეთი მაგალითი პრაქტიკაში არ მქონია. ეს არის უმძიმესი ფაქტი. თემთან სულ კომუნიკაცია გვაქვს, ამის დაფარვა შეუძლებელია. სმენადაქვეითებული ამას აუცილებლად გვეტყვის, რომ ასეთი რამე მოხდეს. გვქონდა შემთხვევები, როცა უბრალო მოქალაქეების მხრიდან მომხდარა ასეთ პირებზე ძალადობა, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა პოლიციელების მხრიდან. ეს პოლიციელი როგორ შეიძლება სისტემაში მუშაობდეს, ის უნდა დაისაჯოს. თუ შშმ პირი ჩადის დანაშაულს, უნდა დაისაჯოს, მაგრამ როცა ხედავ, ადამიანი ვერ საუბრობს, კომუნიკაციაში ვერ შემოდის, გეუბნებიან, რომ არის ყრუ-მუნჯი და პოლიციელი ამბობს, მე ავალაპარაკებო, ეს იყო უკიდურესად მძიმე მოსასმენი, რომ, თურმე, მუნჯს აალაპარაკებენ.

ჩვენ ეს ფაქტი შევიტყვეთ ტელევიზიით და ამის შემდეგ დავიწყეთ მოკვლევა, რომ მომხდარიყო იდენტიფიცირება. კადრებში არ ჩანდა მისი სახე, ამიტომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ერთ-ერთი თემის წარმომადგენელს მიადგა და იქიდანაც წამოვიდნენ, რადგან ის არ იყო, ვისაც ეძებდნენ. სისტემატურად გვაქვს ურთიერთობა ამ ხალხთან და მოხდა იდენტიფიცირება მსხვერპლის და ვნახეთ, როგორი დაზიანებები ჰქონდა მას. დაკავებულები ისნის მეტროს პოლიციელები არიან. მეორე პოლიციელი, შორიდან რომ უყურებს, ესეც უმძიმესია, ადამიანი არ ხარ? გაეშველებინა, ხომ შეეძლო, შეეჩერებინა? რა დააშავა ისეთი, რა ჩაიდინა. თუნდაც ჩამოსრიალდა, ამის გამო უნდა დაიწყო ასე ცემა? ის პოლიციელი მივიდა მასთან, დაუწყო ჯაჯგური, იმან ვერ გაიგო, რატომ უნდა წასულიყო, რადგან არ ესმოდა და ამის გამო გაუსწორდა ასე.

- უკვე დაკითხეს მისი მეგობრები?

- მეგობრებიც დაკითხულები არიან და აღწერენ ყველაფერს. დაკავებულია ორივე პოლიციელი და აგებენ პასუხს. ეს არის ძალადობა, წამება, უფრო მეტ სამართლებრივ შეფასებას იურისტები გააკეთებენ, ვნახოთ, რას დადებენ საგამოძიებო უწყებები. ეს ადამიანი არის საშიში სისტემისთვის და საზოგადოებისთვის, ფაქტია. ან ტრენინგი არ ჩაუტარეს? არ ვიცი, რა დავარქვა ამ ყველაფერს.

- ბიჭი სახლშია ამჟამად თუ კლინიკაში?

- ბიჭი რჩება სახლში. ჩვენთან კონტაქტშია და თარჯიმანთან ერთად მივა დასაკითხად საგამოძიებო უწყებაში. ექსპერტიზა აუცილებლად ჩაუტარდება. დედისგან თანხმობის მიღების შემდეგ ადვოკატიც ჩაერთვება. მთელი სამოქალაქო საზოგადოება ძალიან დაგვიდგა გვერდში, ტელევიზიები. პოლიციელს ეტყობა ეგონა, რომ რადგან ყრუ-მუნჯია, მის უფლებებს ვერავინ დაიცავსო, ან ეგონა, რომ ჩვენ ამას ვერ გავიგებდით, ორივემ პასუხი უნდა აგოს.

(სპეციალურად საიტისთვის)