„ლავროვის დედა რუსი იყო, მამა კი - თბილისელი სომეხი" - დიპლომატი "მარმარილოს სახით" - კვირის პალიტრა

„ლავროვის დედა რუსი იყო, მამა კი - თბილისელი სომეხი" - დიპლომატი "მარმარილოს სახით"

როგორც გამოცემა Le Figaro წერს, სერგეი ლავროვი თითქმის არასდროს იღიმის. რუსმა მაღალჩინოსანმა მის პოლიტიკურ ხედვებში ბრეჟნევის ეპოქის დოგმები გააცოცხლა. სტატიის ავტორი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე, მისი განცხადებების ხასიათზე საუბრობს. ასევე, ავტორი პარალელს ავლებს სერგეი ლავროვსა და საბჭოთა პერიოდის დიპლომატებს შორის.

"რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საკმაოდ მკაცრია და არც უკან დახევა უყვარს. ლავროვი ისე კარიკატურულად გადმოსცემს და იცავს პოზიციებს, როგორც ვლადიმერ პუტინს სჩვევია. მაშინ, როცა უკრაინის საკითხზე დასავლეთსა და რუსეთს შორის დაძაბული ვითარებაა, სერგეი ლავროვი სიტუაციის განსამუხტად არც ერთ კუთხეს არ არბილებს.

მისი მსუბუქად შეშუპებული სახე, რომელზეც ღიმილი არასდროს ჩნდება - ეს იმიჯი ახლანდელ დროში გადმოტანილი „ცივი ომის" ეპოქის პორტრეტია. 71 წლის დიპლომატი შეხვედრებზე მოსაუბრის მოხიბლვას, ყოველ შემთხვევაში - საჯაროდ, არასდროს ცდილობს, ეს კი უცნაურია, რადგან ლავროვი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 18 წელია, იკავებს".

"საკუთარი თავის წარმოჩენის ასეთი ფორმა მის უფროსს, ვლადიმერ პუტინსაც მოსწონს. სწორედ მისი პატრონი არ სთხოვს ლავროვს ვინმე „რბილი ძალით“ მოხიბლოს, მას სხვა რამ სჭირდება. ყველაფერი სწორედაც რომ პირიქითაა: ეს მარმარილოს სახე, ოთხკუთხედი სათვალეებით, ოპონენტში შიშის გრძნობას აღვიძებს. რუსული დიპლომატიის შეფი არ ეძებს კომპრომისებს. ბრალდებებით, ულტიმატუმებითა და მოთხოვნებით სავსე საუბარი საზოგადოებას იძულებულს ხდის, გაიხსენონ მისი წინაპრების, ვიაჩესლავ მოლოტოვისა და ანდრეი გრომიკოს დროინდელი ლექსიკონი, რომლებიც საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იყვნენ.

დღეს, რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, პუტინისთვის ლავროვის გაყინული სახე ერთგვარი კოზირია. უკრაინასა და რუსეთს შორის კრიზისი უკვე რამდენიმე წელია, გრძელდება და ამ ესკალაციის პირობებში ჩვენ 100 ათასი რუსი სამხედროს ქვეყანაში შეჭრის საფრთხის წინაშე ვდგავართ.

აშშ-მა, ნატომ და ევროსაბჭომ ლავროვთან მოლაპარაკებებზე სასწრაფოდ გაგზავნეს დიპლომატები, იმ მისიით, რომ თავიდან ავიცილოთ უკრაინაში შეჭრა. თუმცა, ჯერჯერობით სიტუაციის გამოსწორება ვერ ხერხდება. მოსკოვი დასავლეთს ისევ იმ მოთხოვნებითა და წინადადებებით ბომბავს, რომელზეც დასავლელი ლიდერები უარს აცხადებენ. მთელი ეს დიპლომატიური "ბალეტი", რომელიც ჟენევის, ბრიუსელისა და ვენის ჰაერში ტრიალებს, ტყუილად მიმდინარეობს. ამ წარმოდგენის ბოლოს არაფერი გვესმის, გარდა სერგეი ლავროვის მკაცრი ტონისა.

14 იანვარს გამართულ კონფერენციაზე, რომელიც ყოველწლიურად ტარდება, რუსული დიპლომატიის ხელმძღვანელმა საუბრისას ჩვეულ მკაცრ მოთხოვნებს კიდევ უფრო მეტი სიმკაცრე შეჰმატა. მან განაცხადა, რომ რუსეთი „არ არის მზად, მუდამ ლოდინის რეჟიმში იყოს, სანამ აშშ და ნატო უსაფრთხოების საკითხზე მის მოთხოვნას უპასუხებენ“. ლავროვმა განაცხადა, რომ დასავლეთმა რუსეთის ყველა მოთხოვნას უნდა გასცეს პასუხი.

ეროვნული ინტერესები

"ეროვნულ ინტერესებზე საუბრისას სერგეი ლავროვისგან ძველი, კარგად შესწავლილი პარტიტურა გვესმის. ის 1950 წელს მოსკოვში დაიბადა. ლავროვის დედა რუსი იყო და მამა კი - თბილისელი სომეხი. საბჭოთა კავშირის დედაქალაქში დაბადებულ ბიჭს უცხო ენების შესწავლის ნიჭი აღმოაჩნდა და მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ინსტიტუტში ჩააბარა. ინსტიტუტი მან 1972 წელს დაასრულა და მუშაობას საგარეო საქმეთა სამინისტროში შეუდგა. შრი-ლანკაში მსახურობის შემდეგ, ის სამუშაოდ ნიუ-იორკში გაგზავნეს, სადაც გაეროში ქვეყნის წარმომადგენელი იყო. გაეროს საკითხებში გარკვევის შემდეგ, 2004 წლიდან, ის რუსეთის ეროვნულ ინტერესებს იცავს. საბჭოთა კავშირის დაშლისა და მოსკოვისთვის დიდი გაერთიანების დედაქალაქის სტატუსის ჩამორთმევის მომსწრემ, საკუთარ თავზე განიცადა ამ წლების დამცირება.

სწორედ ამიტომ, როცა პუტინმა ძველი რეჟიმის რესტავრაცია დაიწყო და საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობას აქებდა, მან სწორედ ლავროვში აღმოაჩნა ის სახე, რომელიც ყველას აუწყებდა ამ რეჟიმის აღდგენის ამბავს. ლავროვმა, თითქოს, ყველა ის სახელმძღვანელო წაიკითხა, რომელიც საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივში ინახებოდა - მისი დღევანდელი განცხადებები სწორედ ისეთივე ფორმულირებისაა, როგორიც ადრე საბჭოთა კავშირში გვესმოდა.

საყურადღებოა, რომ ვინც ლავროვს კარგად იცნობს, მას მხიარულ ადამიანად ახასიათებს, რომელსაც ხუმრობები უყვარს. მაგრამ თუ ლავროვს გამოსვლებით შევაფასებთ, ეს იშვიათი მომენტები, როცა მასში მცირედი ადამიანობა იღვიძებს, კარგად დაფარული სახელმწიფო საიდუმლოებაა", - წერს სტატიის ავტორი. (წყარო)

ასევე დაგაინტერესებთ: "პოსტსაბჭოთა რუსეთი ბეჭზე იყო დაცემული და ნატოს შეეძლო, იმდენჯერ ერტყა წიხლები, რამდენჯერაც მოესურვებოდა", - რას წერს ბრიტანული გამოცემა