"მინდა ფსტის კულტურა მთელ საქართველოში გამრავლდეს“
ჩვენი რესპონდენტი ივანე ლელაშვილი სოფელ ხოვლიდანაა. მშობლიურ სოფელში სულ რამდენიმე წლის წინ გააშენა ფსტის ნერგები. ახლა მოსავალს ელოდება და ამ მცენარის პოპულარიზებასაც ცდილობს. ამბობს, რომ მიწასთან ურთიერთობა და მცენარეებზე ზრუნვა მოსწონს და სიმშვიდეს ანიჭებს. იმისიც სჯერა, რომ მშრომელ კაცს აუცილებლად გაუმართლებს და შორს არ არის ის დღე, როცა არა მხოლოდ ხოვლეში, არამედ მთელ საქართველოში ვნახავთ ფსტის ყვავილობას, მისი ნაყოფით კი გავიმრავალფეროვნებთ ყოველდღიურობასა და სადღესასწაულო სუფრებს.
ივანე ლელაშვილი:
- ამ მცენარის სწორი დასახელებაა ფსტა და არა ფისტა, როგორც ზოგიერთი უწოდებს. ამ კულტურის წარმოშობისა და "მოშინაურების" ცენტრად მიიჩნევა წინა აზია და ირან-ავღანეთის ტერიტორია, სადაც, ლიტერატურული წყაროების თანახმად, ფსტას რამდენიმე ათასი წლის წინაც იცნობდნენ. ისტორიული ცნობების მიხედვით, საქართველოში ის შუა საუკუნეებში ყოფილა გავრცელებული. 1650 წელს რუსეთის ელჩი თავის ჩანაწერებში ახსენებს ფსტის ხეებს კახეთში. XVIII საუკუნეში ვახუშტი ბატონიშვილი გვაწვდის ინფორმაციას, რომ ფსტის ხეები დარგულია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. არსებობს ლიტერატურული მონაცემები, რომ XIX საუკუნეში თბილისის მიდამოებში გვხვდებოდა ფსტის ცალკეული ძირები და ჯგუფური კორომებიც. დღეს ეს კულტურა კახეთში რამდენიმე პირს აქვს გაშენებული. ზოგან საუკუნეზე მეტი ხნის ფსტის ხეებიც გვხვდება. ერთი ასეთი ძირი სოლოლაკში, სერგი მესხის ქუჩაზე, იტალიურ ეზოში დგას. საუკუნის ხეა და დღესაც ისხამს. ამ შემოდგომით ვიყავი მისული და ნაყოფიც გავსინჯე. ლაგოდეხის ნაკრძალში ველურ ფსტას შეხვდებით, რომელსაც საკმლის ან კევის ხესაც ეძახიან. მის ნაყოფს გემო არ აქვს, მაგრამ შეიძლება საძირედ გამოიყენო და მერე დაამყნო.
- ფსტის ნაყოფი როგორ გამოიყენება?
- უფრო გემრიელია მოხალული, თუმცა უმადაც შეგიძლიათ მიირთვათ; შესაძლებელია ზეთის გამოხდა, იყენებენ სალათებსა და საკონდიტრო ნაწარმში. საერთოდ, ფსტის ნაყოფი მაღალი კვებითი ღირებულებით გამოირჩევა. მდიდარია ცილებით, ნახშირწყლებით, მინერალური ნივთიერებებით, ვიტამინებით, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სხვა ნივთიერებებით.
- რატომ და როდის დაინტერესდით ამ კულტურის საქართველოში მოშენებით?
- სამი წელიწადს თურქეთში დავდიოდი სამუშაოდ და იქ ვნახე. მომეწონა, მეგონა, მიწის თხილივით მოჰყავდათ. მერე გავიგე, რომ თურმე ნაყოფს ხე ისხამს. რომელ რეგიონში მოდის-მეთქი, ვიკითხე. მიმასწავლეს და იმ მხარეს წავედი სამუშაოდ. სანერგეშიც ვიმუშავე ერთხანს და ფსტის ბაღებშიც, რათა კარგად გამეცნო ეს კულტურა, მისი მოვლა მესწავლა. უნდა იცოდე, რომელ დაავადებებს უძლებს, როგორი პირობები მოსწონს. ფსტა ჩვენთან მხოლოდ აღმოსავლეთში ხარობს, დასავლეთში არა, რადგან სინესტე არ უყვარს, მშრალი კლიმატის მოყვარულია. ყვავილობას აპრილის ბოლოს იწყებს და იცით, რა ლამაზია ამ დროს ფსტის ბაღები? მათი ყვავილი ვაზის მტევანს ჰგავს, ოღონდ მაღლაა აღმართული.
ორი წლის წინ თურქეთიდან რომ წამოვედი, თესლი წამოვიღე. გაიხარა და გავამრავლე. ახლა მინდა ეს კულტურა მთელ საქართველოში გამრავლდეს და ნერგებიც გამომყავს. მოსავლის მიღებას დარგვიდან რვა წელიწადი სჭირდება. თუ დაამყნობთ, მოსავალს მყნობის მეორე-მესამე წელს იძლევა. მე მოსავალს 2023 წელს ველოდები.
- თქვენი ბაღი სად არის?
- კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში და კიდევ კახეთში. მცენარეებზე ზრუნვამ გამიტაცა და გადავწყვიტე, მეტი შემეტყო მათ შესახებ, ამიტომ დავიწყე პროგრამების ძებნა, რათა, პრაქტიკულთან ერთად, თეორიული ცოდნაც მიმეღო. შორს მიმავალი გეგმები მაქვს, ახლა UშAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის დახმარებით გავდივარ სარგავი მასალის სერტიფიცირებას, რაც საშუალებას მომცემს, ჩემი გამოყვანილი ნერგები ექსპორტით გავიტანო რეგიონის ქვეყნებში. ამ პროგრამის დახმარებით საერთაშორისო გამოფენაზეც გახლდით (Gროწტეცჰ), რამაც საშუალება მომცა, ჩემს სფეროში მომუშავე კომპანიები და ფერმერები გამეცნო. მიწასთან მუშაობა მიყვარს და მსიამოვნებს, სულ მინდა გადავამწვანო ყველაფერი. ჯერ ფსტის მოსავალი მივიღო, მერე კი მინდა კაკალი და ნუში გავამრავლო. მოკლედ, ძალ-ღონეს არ ვიშურებ, რომ გეგმები შევასრულო და მიზანს მივაღწიო. შრომა არ მეზარება, ამიტომ იმედი მაქვს, ყველაფერი გამომივა.