"ფეიხოას მეტი მოსავალი მეტ ექსპორტიორს მოიზიდავდა“ - კვირის პალიტრა

"ფეიხოას მეტი მოსავალი მეტ ექსპორტიორს მოიზიდავდა“

"ნერგები ისე დავრგე, ნიადაგის სინჯიც არ ამიღია - ჩვენს სოფელში, საერთოდ, ხობში, ამ კულტურისთვის შესანიშნავი პირობებია... როდესაც დავინახე, როგორი ხარისხიანი მოსავალი მომცა, მერე პლანტაციის ფართობი კიდევ გავზარდე“

სასარგებლო და ეგზოტიკური გემოს ფეიხოამ საქართველოში რამდენიმე ათეული წლის წინ დაიწყო დამკვიდრება. თუმცა ნელი ტემპით, რადგან შედარებით უცნობ კულტურას ბაზარზე ფეხის მოკიდება გაუჭირდა. ბოლო წლებში ფეიხოას ექსპორტთან ერთად, გააქტიურდა მისი შიდა ბაზარიც. ამ კულტურის უნიკალური თვისება, ვიტამინების დიდ რაოდენობასთან ერთად, მისი იოდშემცველობაა, რომლითაც ზღვის კულტურებსაც კი აჭარბებს. დადგენილია, რომ ერთი ცალი ფეიხოა ადამიანისთვის იოდის დღიურ ნორმას ავსებს, ჩვენ კი იოდდეფიციტური ქვეყანა ვართ, რის გამოც ამ კენკრის მიღება აუცილებელია. ფეიხოა დასავლეთ საქართველოს კულტურაა. აქ მის გავრცელებას ტენიანი ნიადაგი და სუბტროპიკული, ზომიერი ჰავა უწყობს ხელს. საუკეთესო მოსავალი მოდის ხობის, წალენჯიხისა და ზუგდიდის რაიონებში, ასევე აფხაზეთშიც. ხობელი ფერმერის კობა გაბისონიას თქმით, სოფელ პირველ მაისში ნიადაგის ანალიზიც არ არის საჭირო ფეიხოას პლანტაციის გასაშენებლად, ვინაიდან სოფელში კულტურა მრავალი ათეული წლის განმავლობაში ხარობს. თავად პლანტაცია რამდენიმე წლის წინ გააშენა.

- ეზოში რამდენიმე ძირი ფეიხოა მუდამ გვედგა და სიამოვნებით მივირთმევდით თავად ხილს და მის პროდუქტებსაც - შესანიშნავი ჯემები და კომპოტი მზადდება, მაგრამ როცა მის პერსპექტივაში დავრწმუნდი, პლანტაციის გაშენება გადავწყვიტე. რამდენიმე წლის წინ რუსეთში ნათესავებთან ყოფნისას ვნახე, რომ იქაურ მარკეტებში ფეიხოას ძალიან მაღალი ფასი ედო. მართალია, რუსეთი სანდო პარტნიორი ვერ არის, მაგრამ ჩვენს მოსავალზე უარს მაინც ვერასოდეს იტყვიან, რადგან თავიანთი ნაკლებად აქვთ. მოკლედ, ვიფიქრე, რომ რუსეთში ფეიხოას ექსპორტი აუცილებლად გაიზრდებოდა, და არა მარტო რუსეთში, რაც ასეც მოხდა. დღეს ჩვენი ფეიხოა რუსეთის გარდა უკრაინასა და კიდევ რამდენიმე ყოფილ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში გადის - სამწუხაროდ, მცირე რაოდენობით, რადგან მოსახლეობა ჯერ კიდევ ვერ დარწმუნდა, ამ კულტურას რამხელა პერსპექტივა აქვს.გარდა ამისა, ფეიხოას პლანტაციის გაშენებისკენ რამდენიმე წლის წინ თხილის გაუფასურებამაც მიბიძგა. ასე რომ, თხილის ნაწილი ავჭერი და 70 ძირი ფეიხოა დავრგე. ეს ხილი მოსავალს მეოთხე წელიწადს იძლევა. როდესაც დავინახე, როგორი ხარისხიანი მოსავალი მომცა, მერე პლანტაციის ფართობი კიდევ გავზარდე. ნერგები ისე დავრგე, ნიადაგის სინჯიც არ ამიღია - ჩვენს სოფელში, საერთოდ, ხობში, ამ კულტურისთვის შესანიშნავი პირობებია, მით უფრო, თუ მოუვლი.

- ფეიხოა მართლაც პერსპექტიული კულტურაა, რაც მეტი დაინტერესდება ამ კულტურით, უკეთესია. ამ მხრივ უპირველესად ჯიშები და ნერგების ხარისხია საინტერესო.

- როგორც ვიცი, ფეიხოას ადგილობრივი ჯიშები ჯერჯერობით არ შეცვლილა. კვლავ იმ ჯიშებს რგავენ, რომლებიც ჩვენში მრავალი ათეული წლის განმავლობაში ხარობდა. რაც შეეხება ნერგის ხარისხს, ეს საქმე ურიგოდ არ მიდის. ამ სფეროში კონკურენციაა და ნერგს ვინღა იყიდის, თუ სანერგეს სახელი გაუტყდა? ასე რომ, ჩემი ნერგებიც ხარისხიანი გამოდგა. სხვათა შორის, ფეიხოას გამრავლება კალმითაც შეიძლება, მაგრამ ასე გაშენებულის მსხმოიარობას გაცილებით დიდი დრო სჭირდება. შემდეგ პლანტაციას ყურადღება არ უნდა მოაკლო. თუმცა ფეიხოას მოვლას არცთუ დიდი შრომა სჭირდება. პლანტაციაში აუცილებელია ბალახის გათიბვა და გასხვლა. და მთავარი - ჩვენში ფეიხოას არავინ რწყავდა. თუმცა, როდესაც მოსავალი სარეალიზაციოდ გინდა, მის ხარისხიანობაზეც უნდა იფიქრო. მეც დავფიქრდი, თუ რა შედეგს მომცემდა მორწყვა. ამიტომ 5 ძირი ხე შევარჩიე და მორწყვა დავიწყე. ნაყოფის დამწიფებისას ხეებმა, რომლებსაც ვრწყავდი, გაცილებით უკეთესი ნაყოფი მომცა, ვიდრე დანარჩენებმა. მომდევნო წელიწადს თავად ავაწყვე იაფი სარწყავი სისტემა, პლანტაციის რიგებში შედარებით მცირეფასიანი დახვრეტილი შლანგები გავუშვი, რომელთაც წყალი ტუმბოთი მივაწოდე. ამან გაამართლა, გაცილებით უკეთესი მოსავალი მივიღე. ფეიხოას მაინცდამაინც დიდი რაოდენობით წყალი არ სჭირდება. რაც შეეხება შეწამვლას, საბედნიეროდ, ჯერჯერობით ამ კულტურას ჩვენში ბევრი მავნებელი არა ჰყავს, ამიტომ არ ვწამლავ.

- რეალიზაციის პრობლემას როგორ აგვარებთ?

- მიუხედავად იმისა, რომ თვეში 2-3-ჯერ მიხდება ზუგდიდში ჩასვლა ფეიხოას გასაყიდად, რეალიზაცია არ მიჭირს არც მე და არც სხვას ადგილობრივ ბაზარზე თუ ექსპორტზე.P ზუგდიდიდან ფეიხოა უმეტესად უკრაინასა და რუსეთში გააქვთ. სხვათა შორის, ჩვენი ფეიხოა აფხაზეთშიც გადააქვთ, საიდანაც რუსულ ბაზარს აწვდიან. ჩვენ რომ ამ კულტურის ბევრად დიდი მოსავალი გვქონდეს, ბევრად მეტად დაგვაყენებდა ფეხზე, მეტი ექსპორტიორიც გვეყოლებოდა. ჩემთან მოვიდნენ­ კლიენტები, რომელთაც მითხრეს, თუ ყოველწლიურად 10 ტონა ფეიხოას მოგვაწვდი,­ ზუგდიდში­ წასვლა აღარ დაგჭირდებაო. ამიტომაც ამ საქმეს დაფიქრება და დაფასება სჭირდება სახელმწიფოსგან. კერძოდ, მაცივრებს ვგულისხმობ. მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ვშრომობთ, მაცივრის შეძენა ჩვენი ოჯახისთვის შეუძლებელია, რის გამოც სახელმწიფოს მიშველება, სპეციალური პროგრამაა საჭირო. ხობში მაცივარი არ არის. არადა, იმდენი ხილი გვიფუჭდება.

- რა ღირს ფეიხოა?

- ადრეულად დაკრეფილი, ანუ ოქტომბრის დასაწყისის, წლეულს ზუგდიდში 5 ლარად ჩავაბარე. ნაყოფი ამ ფასს დაახლოებით 10 დღის განმავლობაში ინარჩუნებს, ოქტომბრის ბოლოდან კი დაბლა იწევს, რადგან ჩვენი კონკურენტი უკვე აზერბაიჯანის ფეიხოა ხდება. თუმცაღა აზერბაიჯანული ფეიხოას ხარისხი შედარებით დაბალია. ამიტომაც არის აუცილებელი ჩვენში უფრო მეტი ფეიხოას პლანტაციის გაშენება. უფრო მეტად სანდო პარტნიორი ვიქნებით ნებისმიერი ქვეყნისთვის.

რაც შეეხება შემოსავალს, ერთი ჰექტარი ფეიხოა დაახლოებით 15.000 ლარს და კიდევ მეტ შემოსავალსაც იძლევა. ეს მცირე თანხა არ არის და თუ კიდევ სხვა კულტურებიც გაქვს, ცხადია, შრომას კარგი შედეგი ექნება. მინდა დახმარებაზე სახელმწიფოც დაფიქრდეს და სოფლის მეურნეობის სხვა დარგებთან ერთად ფეიხოას პლანტაციების გაშენებასაც დაეხმაროს. ეს სოფელსაც მოათქმევინებს სულს და ემიგრაციასაც შეამცირებს.