"მხოლოდ ხელისუფლების ნაკლოვანებაზე რომ ლაპარაკობენ, თავად რას აკეთებენ? აეღოთ ბილეთები და ჩასულიყვნენ მხარდაჭერის გამოსახატავად, იქნებ ბილეთის ფული არ ჰქონდათ?" - კვირის პალიტრა

"მხოლოდ ხელისუფლების ნაკლოვანებაზე რომ ლაპარაკობენ, თავად რას აკეთებენ? აეღოთ ბილეთები და ჩასულიყვნენ მხარდაჭერის გამოსახატავად, იქნებ ბილეთის ფული არ ჰქონდათ?"

"ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველო უფრო აქტიური არ არის. ვერ ვიჯერებ, რომ პრემიერს ჯერ კიდევ არ დაურეკავს კიევში თავის უკრაინელ კოლეგასთან, ეს წარმოუდგენელია. ვფიქრობ, პირში წყლის ჩაგუბება დიდი შეცდომაა. რაც უფრო ჩაღუნავთ თავს, მით უფრო წააქეზებთ კრემლის აგრესიას", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ განაცხადა. მისივე თქმით, ქართველების ადგილზე ის დიდ ყურადღებას მიაქცევდა იმას, თუ რას ამბობენ ევროპელი ლიდერები. როგორც იან კელი ფიქრობს, საქართველოს ნამდვილად მოუწევს დიპლომატიის გაძლიერება ბრიუსელთან, ბერლინსა და პარიზთან. რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს „ქართული ოცნების“ არჩეულ განზე დგომისა და დუმილის პოლიტიკას და რა შედეგი შეიძლება მიიღოს ქვეყანამ ასეთი მიდგომებით, ამის შესახებ ანალიტიკოსები გია ხუხაშვილი და ვანო მაჭავარიანი გვესაუბრებიან.

გია ხუხაშვილი:

- ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ ეს სტრატეგია ძალიან მყიფეა, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს მკვეთრად გამოხატული ფასეულობათა სისტემა, ჩვეულებრივი „მეთავისეები" არიან. მათთვის ერთადერთი ფასეულობა ძალაუფლებაა, ვინც ამ ძალაუფლების დამყარებაში დაეხმარება, იქით იქნებიან. ამას დასჭირდება, რომ იყვირონ - გაუმარჯოს ნატოს? იყვირებენ - გაუმარჯოს ნატოს! დასჭირდება, რომ იყვირონ - გაუმარჯოს წითელ არმიას? იყვირებენ - გაუმარჯოს წითელ არმიას! ეს არ არის მკვეთრად გამოხატული პროდასავლური პოზიციების პოლიტიკური ორგანიზაცია, არც პრორუსია, რასაც ოპოზიცია აბრალებს. "მეთავისეები" არიან და, შესაბამისად, მათი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში ასეთია. იქ დიდი ბიძიები რაღაცას ჩხუბობენ, ხომ? მოდი, ჩვენ მივყვეთ დინებას, რომელ ნაპირზეც გაგვრიყავს ეს დინება, იქ ვიქნებით, მთავარია, ჩვენ ვიყოთ კარგად.

- ოპოზიციას აქვს კონკრეტული ინიციატივა, თუნდაც პარლამენტში დაინიცირებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი.

- მე არ მიმაჩნია სწორად რეზოლუციაზე მუშაობა, ამის მომზადებას გარკვეული დრო სჭირდება, უკრაინა იმსახურებს იმას, რომ უფრო სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილებები მივიღოთ, გარდა იმისა, რომ უკრაინა ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, დიდწილად უკრაინაზე ვართ მიმბული, რაც მოხდება უკრაინაში, ის განმეორდება საქართველოში, პატარა პაუზის შემდეგ. ამ ხელისუფლების პოზიცია და შეხედულებები გასაგებია, მაგრამ მე მაინტერესებს, რას აკეთებს ოპოზიცია?! მხოლოდ ხელისუფლების ნაკლოვანებაზე რომ ლაპარაკობენ, თავად რას აკეთებენ? აეღოთ ბილეთები აქამდე და ჩასულიყვნენ მხარდაჭერის გამოსახატავად, იქნებ ბილეთის ფული არ ჰქონდათ?

- ყოველდღიურად იძაბება მდგომარეობა, როგორ გგონიათ, როგორ განვითარდება პროცესები უკრაინის ირგვლივ?

- მე მაინც მგონია, რომ საქმე ფართომასშტაბიან ომამდე არ მივა, რუსეთი ასეთი სტრატეგიით ცდილობს, გაიმყაროს თავისი პოზიციები იმ არეალში, რაზეც პირდაპირი თუ ირიბი კონტროლი აქვს. პუტინს ამ მიმართულებით ორი პრობლემა აქვს - ერთი დნეპრისპირეთის საკითხია, მეორე - ყირიმი... კი, იქ ხიდი ააშენეს, მაგრამ სახმელეთო მისასვლელი არ აქვთ. შესაბამისად, თუ ისინი გადაწყვეტენ "ბლიცკრიკს", ეს არ იქნება მთელი უკრაინის ოკუპაციის მიმართულებით, ეს იქნება - ნიკოლაევი, ხარკოვი და ოდესის ოლქი. თავის გეოპოლიტიკურ სარტყელს შემოიმტკიცებენ და ახალ წითელ ხაზებს დააწესებენ. შეიძლება ცოტა უფრო ღრმადაც წავიდნენ, მაგრამ მერე ისევ უკან დაიხევენ. შეგახსენებთ, რომ 2008 წელსაც გორში, ხაშურამდე ჩამოვიდნენ და მერე დაიხიეს უკან. ეს არის პოლიტიკის ნაწილი - მიგაქვს უფრო მეტი, ვიდრე გჭირდება და მერე ვითომ კეთილი ნებით, თმობ იმას, რაც არ გჭირდება. აი, ასეთი ვერსია უნდა ვივარაუდოთ ჩვენ.

ვანო მაჭავარიანი:

- საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მცდელობა, დაიმალოს ამ პროცესებისგან და არ შეიმჩნიოს კრიზისი, გასაგები იქნებოდა და ვიფიქრებდი, რომ ეს არის პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის ნაწილი, ევროპული ოჯახის წევრობისკენ რეალურად რომ დგამდეს ნაბიჯებს. პრობლემა ის არის, რომ ამ მიმართულებით ვპასიურობთ, ფაქტობრივად, უძრავ მდგომარეობაში ვართ. ვის-ვის და, ეს ყველაზე კარგად ამერიკის ყოფილ ელჩს - ბატონ კელის ესმის. ეს არის საქართველოსთვის დამაზიანებელი. ჩვენ გვჭირდება გააქტიურება, მკვეთრი პოზიციის გამოხატვა იმისთვის, რომ საქართველო მოკავშირეებთან ერთად მეტად დაცული იყოს რუსული სამხედრო აგრესიისგან. ვფიქრობ, ის პროცესი, რომელიც ახლა დაიწყო პარლამენტში, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას ვგულისხმობ, ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა აუცილებელია ხელისუფლების მეტად გააქტიურებაც. ჩემი ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა გეგმავს კიევში ვიზიტს და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ნატოსთან და სხვა პარტნიორებთან კოორდინირებას. ეს აუცილებელია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.

- და თუ ეს ასე არ მოხდება, როგორი იქნება დასავლეთის და, თუნდაც, უკრაინის პასუხი საქართველოსთვის, კრიზისის ჩავლის შემდეგ?

- თუ დღევანდელმა ხელისუფლებამ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგა, ფაქტობრივად, თავიდან დაიწყებს პოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესს. ჩვენ გვახსოვს უკრაინასთან სააკაშვილის გამო დაძაბული სიტუაცია, ელჩის გამოწვევა უკრაინიდან, პოლიტიკური დიალოგის ჩაშლა... ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ საერთო, ევროპული უსაფრთხოების სურათში საქართველოს თავისი როლი განესაზღვრა. ღია რუსული აგრესიის შემთხვევაში, რომელიც სულაც არ არის გამორიცხული, ჩვენ დასავლეთის, ნატოს და ამერიკის მხრიდან მეტი მხარდაჭერის იმედი გვექნებოდა. ძალიან რთულია რამის თქმა, იმის ფონზე, რომ წინა პერიოდში უკრაინასთან კონფრონტაციული ურთიერთობა გვქონდა, დღევანდელი ხელისუფლება კი თავს არიდებს აქტიურ მოქმედებას. რა შედეგს გამოიღებს ეს, ძნელი სათქმელია. ერთი რამ ფაქტია, ბევრი დრო დავკარგეთ უქმად.

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)