გიორგი ელიავას 130 წლის იუბილე - ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი
გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის წარმატებების შესახებ, რომლის დაარსებიდან 100 წელი სრულდება, საზოგადოებას ბევრი სმენია. ინსტიტუტში ამჟამადაც მრავალი საერთაშორისო პროექტი ხორციელება, რომელიც ბაქტერიოფაგების სხვადასხვა სახით გამოყენებას გულისხმობს.
ბაქტერიოფაგები გამოიყენება, როგორც დაავადების სამკურნალოდ, პროფილაქტიკისთვის, ასევე სადიაგნოსტიკოდ. ინსტიტუტი აგრძელებს დიდი მეცნიერის გიორგი ელიავას ტრადიციებს, თანამშრომლობს უცხოელ კოლეგებთან, ატარებს საერთაშორისო კონფერენციებს, აქტიურად მონაწილეობს ახალგაზრდა მეცნიერთა აღზრდაში.
2023 წელს თბილისში დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენციის მოწყობა "მიკრობთა ვირუსები-2022“ (Viruses of microbes-2022). ამ კონფერენციაზე 500-მდე სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერი მიიღებს მონაწილეობას. გიორგი ელიავას ინსტიტუტის თაოსნობით შექმნილ ფაგოთერაპიის ცენტრში ყოველწლიურად ასობით უცხოელ პაციენტს უწევენ მკურნალობას და ამ წარმატებული შედეგის შესახებ მონაცემები მუდმივად ქვეყნდება მაღალ-რეიტინგულ სამეცნიერო და სამედიცინო ჟურნალებში.
გიორგი ელიავა - დიდი ქართველი მეცნიერი
გიორგი ელიავა 1892 წლის 26 იანვარს, საჩხერეში დაიბადა. გიორგის მამა - გრიგოლ ელიავა ცნობილი ექიმი და საზოგადო მოღვაწე იყო, ასევე გახლდათ ბათუმის საკრებულოს წევრი. გიორგის დედა - მარიამ ნაკაშიძე განათლებული და მეტად სათნო პიროვნება იყო.
მომავალმა მეცნიერმა გიორგი ელიავამ სიყმაწვილის წლები ბათუმში გაატარა, სადაც მისი მშობლები საცხოვრებლად გადავიდნენ. პატარა გიორგი გატაცებული იყო ლიტერატურით, მუსიკით, სპორტით, ბევრს კითხულობდა და ემზადებოდა ლიტერატურული მოღვაწეობისთვის. 1907 წელს წარჩინებით დაამთავრა ბათუმის გიმნაზია და ორი წლის შემდეგ შევიდა ოდესის უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტზე. სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის, 1910 წელს გიორგი ელიავა უნივერსიტეტიდან გარიცხეს „მგლის ბილეთით“ და 3 თვით საპყრობილეში გამოკეტეს, შემდეგ კი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ სამშობლოში გაასახლეს.
1912 წელს, ის ჟენევაში გაემგზავრა და სამედიცინო ფაკულტეტზე თავისუფალ მსმენელად დარეგისტრირდა, მომავალი მეცნიერი დიდი ინტერესით ისმენდა პროფესორ ჰანს კრისტიან გრამის ლექციებს ბაქტერიოლოგიის საკითხებზე. როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, ის სამშობლოში დაბრუნდა და ვეღარ მოახერხა ჟენევაში გამგზავრება.
1916 წელს, მან წარჩინებით დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი და სათავეში ჩაუდგა ტრაპიზონის მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიას. 1917 წელს იგი დაბრუნდა თბილისში, სადაც განაგებდა ქალაქთა კავშირის ცენტრალურ ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიას, რომლის ბაზაზე, ომის დასრულების შემდეგ, მისივე თაოსნობით, დაარსდა პირველი ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია.
1919-1921 წლებში გიორგი ელიავა მუშაობდა პარიზში, პასტერის ინსტიტუტში, სადაც იმხანად მოღვაწეობდნენ მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული სწავლულები: ემილ რუ, შარლ ნიკოლი, ალბერ კალმეტი და მათთან ერთად მოხალისედ მუშაობდა ფელიქს დერელი.
ამ თვალსაჩინო მიკრობიოლოგებთან ყოველდღიურმა ურთიერთობამ და ერთობლივმა მუშაობამ უდიდესი გავლენა იქონია ახალგაზრდა მეცნიერის ჩამოყალიბებაზე, განსაკუთრებით აღსანიშნავია, მისი თანამშრომლობა და მეგობრობა ფელიქს დერელთან, რომელიც იკვლევდა დიზენტერიის ეტიოლოგიასა და პათოგენეზს, მან შეამჩნია გამოყოფილი კულტურის ლიზისი - დაშლა, ასე აღმოაჩინა „აგენტი,“ რომელიც ბაქტერიებს შლის და მას დერელმა ბაქტერიოფაგი - „მიკრობთა შთამნთქმელი“ უწოდა.
გიორგი ელიავამ, ჯერ კიდევ პარიზში გამგზავრებამდე, თბილისის ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიაში მუშაობის დროს , ფელიქს დერელისგან დამოუკიდებლად, ბაქტერიოფაგში აღმოაჩინა სპეციფიკური ნივთიერება - ლიზინი, ელიავა ფაგის ცოცხალ ორგანიზმად აღიარების მომხრე იყო. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ელექტრონული მიკროსკოპი ჯერ აღმოჩენილი არ იყო. დერელი და ელიავა ამ თეორიით ბევრად წინ უსწრებდნენ თანამედროვეებს.
პასტერის ინსტიტუტში ყოფნისას, ელიავას საშუალება მიეცა გაემეორებინა და დაემტკიცებინა დერელის კვლევების სისწორე, რაც შემდგომში საფუძვლად დაედო მათ ხანგრძლივ და მჭიდრო თანამშრომლობას.
1921 წელს გიორგი ელიავა სამშობლოში დაბრუნდა. პარიზიდან მან თბილისში ჩამოიტანა ძვირადღირებული მოწყობილობა, რომელიც აუცილებელი იყო ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის აღჭურვისთვის. აღნიშნული აპარატურა პასტერის ინსტიტუტმა თავის ნიჭიერ თანამშრომელს საჩუქრად გადასცა, მისი მეცნიერული პოტენციალის აღიარების ნიშნად.
1922 წელს გიორგი ელიავას თაოსნობით ლაბორატორიამ აითვისა ზოგიერთი სახეობის ვაქცინისა და დიფტერიის შრატის გამოშვება.
1923 წელს, მისივე თაოსნობით, ლაბორატორია გადაკეთდა ბაქტერიოლოგიურ ინსტიტუტად, რომელსაც ჰქონდა როგორც სამეცნიერო, ისე საწარმოო პროფილის მქონე განყოფილებები. ელიავა ერთმანეთს უხამებდა სამეცნიერო მუშაობასა და ადმინისტრაციულ ხელმძღვანელობას. მან, როგორც ამ ინსტიტუტის დირექტორმა, თვალსაჩინო როლი ითამაშა მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის განვითარებაში.
1925 წელს გიორგი ელიავა კვლავ მიავლინეს პარიზში, სადაც თავისი ოჯახის წევრებთან ერთად, 2 წელი გაატარა. იგი პასტერის ინსტიტუტში აგრძელებდა ექსპერიმენტებს და კვლევის შედეგებს აქვეყნებდა სამეცნიერო ჟურნალებში. პარიზში ჩვენი თანამემამულე კიდევ ერთ სპეციალობას დაეუფლა - მოისმინა ლექციების კურსი ჰიგიენაში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, თავდაპირველად მას ირჩევენ თბილისის უნივერსიტეტის ჰიგიენის კათედრის გამგედ, შემდეგ, იგი განაგებს მიკრობიოლოგიის კათედრას. უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, მას მიენიჭა პროფესორის წოდება.
1930 წელს გიორგი ელიავა მესამედ მიავლინეს პარიზში. იგი ხანგრძლივად ცხოვრობდა და მუშაობდა პარიზში. მას საქმიანი კონტაქტები ჰქონდა სამეცნიერო წრეებთან. ფრანგი მეცნიერები დიდად აფასებდნენ მის მეცნიერულ პოტენციალს და აღიარებდნენ მას თვალსაჩინო სწავლულად. ბაქტერიოფაგის პრობლემის ინტენსიური შესწავლა მოითხოვდა შესაბამისი მატერიალური ბაზის შექმნას. ამ მიზნით 1934 წელს ელიავამ წამოაყენა იდეა ბაქტერიოფაგიის პრობლემის შემსწავლელი სპეციალური ინსტიტუტის შექმნის შესახებ. ამავე წელს, მან საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს ლავრენტი ბერიას წარუდგინა მომავალი ინსტიტუტის გაფართოებული გეგმა, შესაბამისი ხარჯთაღრიცხვით. ბერიამ ელიავას მოხსენებით ბარათს წააწერა: „უარი ეთქვას“- და ამ ორი სიტყვით გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ცნობილი მეცნიერისადმი. ელიავამ კვლავ დაწერა მოხსენებითი ბარათი, ამჯერად საკავშირო მთავრობის სახელზე. ბუდუ მდივანმა მოახერხა ამ ბარათის ადრესატისთვის ჩაბარება. მალე მოსკოვიდან მოვიდა განკარგულება ინსტიტუტის აშენების თაობაზე.
1936 წლის 14 აპრილს საქართველოს სახალხო კომისართა საბჭომ მიიღო დადგენილება ბაქტერიოფაგის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მშენებლობისთვის 13 მილიონი მანეთის გამოყოფის შესახებ. ბერიამ ვერ აპატია ელიავას, მისი აზრით, თავხედური საქციელი.
1937 წლის 22 იანვარს გიორგი ელიავა დააპატიმრეს. ერთი საათის შემდეგ წაიყვანეს მისი მეუღლე ამელია ვოლ-ლევიცკაია, რომელიც საოპერო მომღერალი გახლდათ და 1915-29 წლებში, თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე მთავარ პარტიებს ასრულებდა. ელიავას ბრალად ედებოდა სამშობლოს ღალატი, საერთაშორისო ჯაშუშობა, მავნებლური, დივერსიული მუშობა და ანტისაბჭოთა აგიტაცია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სპეციალურმა სასამართლო საკრებულომ 1937 წლის 9 ივლისს, სასამართლოს დახურულ სხდომაზე ელიავას სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯა.
1989 წელს, რეპრესიის მსხვერპლთა რეაბილიტაციის შემდეგ, სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ბაქტერიოფაგს“ მისი დამაარსებლის გიორგი ელიავას სახელი მიენიჭა. მიუხედავად იმისა, რომ გ.ელიავას სახელი დიდი ხნით იყო მივიწყებული, ამჟამად იგი მსოფლიო მასშტაბის მეცნიერად არის აღიარებული, როგორც ბაქტერიოფაგიის კვლევის პიონერი, ფაგებით თერაპიის (ფაგოთერაპიის) სულისჩამდგმელი და განმავითარებელი. მისი ძალისხმევით საქართველოში ჩამოყალიბდა ფაგოთერაპიის უნიკალური სკოლა, რომლის გამოცდილებას ამჟამად მთელი მსოფლიო იზიარებს. დღესდღეობით კაცობრიობა ანტიბიოტიკისადმი გამძლეობის გლობალურ პრობლემას ებრძვის. 1945 წლიდან მოყოლებული ანტიბიოტიკები ინფექციური დაავადებების ძლევამოსილ იარაღად იყო მიჩნეული, თუმცა მათი უკონტროლო გამოყენებისას, ბაქტერიების უნარმა გადარჩენის მიზნით სწრაფად შეეგუონ გარემო პირობებს, პრაქტიკულად, უსუსურ მდგომარეობაში ჩაგვაყენა. ამჟამად, მთელი მსოფლიოს მეცნიერები ეძიებენ ანტიბიოტიკის ალტერნატივას ინფექციების სამკურნალოდ. ბაქტერიოფაგები კი სწორედ ასეთ ალტერნატივად გვევლინებიან. ისინი თანაბრად ეფექტიანია როგორც ანტიბიოტიკო გამძლე, ასევე მოწყვლადი ფორმების მიმართ. გარდა ამისა, ბაქტერიოფაგს უფრო ეფექტური და მიზანმიმართული მოქმედება ახასიათებს, ისინი არ იწვევენ გვერდით მოვლენებს (მაგალითად, ალერგია), არ აზიანებენ ადამიანის ნორმალურ მიკროფლორას და ა.შ
გიორგი ელიავას ინსტიტუტის თანამშრომლები ამაყობენ თავიანთი მიღწევებით, ის ბიძგი, ენერგია, რომელიც გიორგი ელიავამ ინსტიტუტის დაარსებაში ჩადო სულ უფრო მეტად იკრებს ძალას და ვითარდება.
(R)