"ბაბუა სამჯერ იყო დაოჯახებული და კიდევ ბევრი საყვარელი ჰყავდა" - კვირის პალიტრა

"ბაბუა სამჯერ იყო დაოჯახებული და კიდევ ბევრი საყვარელი ჰყავდა"

"ბაბუა ცხენოსნობაში საქართველოს ნაკრების პირველი კაპიტანი იყო"

"წლების განმავლობაში არაერთ ისეთ ადამიანთან მქონდა ურთიერთობა, რომლებმაც ჩემზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინეს. სამწუხაროდ, დღეს ბევრი მათგანი ჩვენ გვერდით აღარ არის", - ამბობს ექიმი ჯონი ჯანაშია და ამ ადამიანებს იხსენებს.

- პირველ რიგში, მამას გავიხსენებ. გრიშა ჯანაშია ჩემთვის ყველაზე ზეაღმატებული პიროვნება იყო, არის და მომავალშიც იქნება. მთელი ცხოვრება ვცდილობ, მისი ღირსეული შვილი ვიყო, რაღაცით მივუახლოვდე - ეს აბსურდია, მაგრამ მაინც.

- მის პიროვნულ თვისებებზე რას გვეტყვით, მამა რით იყო გამორჩეული?

- ის დღემდე რჩება კაცობის, პროფესიონალიზმის, ადამიანობის ეტალონად. არაჩვეულებრივი მამა იყო, თუმცა ჩვენ არ ვძმაკაცობდით. ჩვენ შორის რაღაცნაირი დისტანცია სულ არსებობდა. მამა ჩემზე 36 წლით უფროსი იყო. ორივე დაბადებულები ვართ 10 აგვისტოს, ორივე პარასკევ დღეს, ორივე ღამის 10 საათზე, ორივე ვეფხვის წელში... საოცარი დამთხვევაა, არა? მიუხედავად ამისა, ჩვენ ანტიპოდები ვიყავით. მამა ძალიან კოხტა, მოწესრიგებული პიროვნება იყო, არაჩვეულებრივი ექიმი, პროფესიონალი. უროლოგი გახლდათ, თუმცა არ არსებობდა მედიცინის მიმართულება, სადაც მას თავისი კომპეტენტური სიტყვა არ ეთქმოდა. საოცრად განსწავლული იყო, ბევრს კითხულობდა, წიგნის გარეშე არ მახსოვს. თბილი და ყურადღებიანი, ყველას პატრონობდა, განსაკუთრებით - სამეგრელოდან ჩამოსულ პაციენტებს. ზუგდიდიდან არა მხოლოდ ახლო ნათესავები ჩამოდიოდნენ, არამედ ნათესავის ნათესავები, ნათესავის მეზობლის ნათესავი და ა.შ. ჩვენს სახლში ხალხის ტევა არ იყო, მაშინაც კი, როცა "ხრუშოვკაში" ვცხოვრობდით.

- ანუ მამათქვენი მათ არა მხოლოდ საავადმყოფოში პატრონობდა, ოჯახშიც მასპინძლობდა.

- რა თქმა უნდა. გარდა ამისა, საოცარი სამეგობრო ჰყავდა. არ არსებობდა ადამიანი, მამაზე აუგი ეთქვას. ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, ოღონდ მამას გული მოეგო, ნაწყენ ადამიანს ბევრი კარგი გაუკეთებია. ის იყო თბილი მეგობარი, მამა, მეუღლე, სიძე, შვილი... უმამოდ გაიზარდა. მამამისი რეპრესირებული იყო, ბიძამ გაზარდა, ბიძაშვილები და-ძმანივით იყვნენ. მამას არ ჰქონია დიდი თანამდებობები, არც სამეცნიერო რეგალიები, მაგრამ იყო გულისხმიერებით, ყურადღებით, კომპეტენციით გამორჩეული.

- თქვენს პროფესიულ არჩევანზე გავლენა მამამ იქონია?

- რა თქმა უნდა! ექიმების ოჯახში გავიზარდე, სულ ექიმების წრეში მიწევდა ცხოვრება. ოჯახში სამედიცინო ლიტერატურა გვქონდა, მაგრამ ეს ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია. მე ურთიერთობა მქონდა იმ პაციენტებთან, რომლებიც ჩემი მშობლების გადარჩენილები იყვნენ და ეს სიამაყე იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი პირობა იმისა, რომ მე სამედიცინოზე ჩამებარებინა.

- ხშირია შემთხვევა, როცა მშობლებს არ უნდათ, შვილი მათ პროფესიას გაჰყვეს, ამ თემაზე შინ ლაპარაკი არ გქონდათ?

- დაძალებას ადგილი არასდროს ჰქონია. ერთი პერიოდი არქიტექტურით ვიყავი გატაცებული. მამას ისეთი ჟურნალები მოჰქონდა, თბილისში ერთეულები რომ გამოდიოდა.

- მადლიერი პაციენტები ახსენეთ და ოჯახში მასპინძლობის მაგალითები გაიხსენეთ. მათ მიერ მონათხრობი ამბებიდან გამორჩეულად რა დაგამახსოვრდათ?

- ჩემზე შთაბეჭდილება სწორედ მათმა მადლიერებამ მოახდინა. სადაც მივიდოდი, ფეხზე ადგომით მეგებებოდნენ, გრიშას ბიჭიაო. ეს კარგი "იარლიყი" იყო, ჩემდამი ყველა პატივისცემით გახლდათ განწყობილი. დედა და მამა შეყვარებული ცოლ-ქმარი იყვნენ. დედა რომ გარდაიცვალა, მამას დიდხანს აღარ უცოცხლია, 2 წელში დარდმა გადაიყოლა. ჩემი მშობლების აჩრდილი ყველგან თან მდევს, მიფარავს. მამა უზომოდ მგრძნობიარე იყო, რაღაც რომ გაუხარდებოდა, თვალიდან ცრემლი სდიოდა. სოფელ რუხში დაიბადა და გაიზარდა, სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, შემდეგ ერთი წელი კოლმეურნეობაში იმუშავა და თბილისში ჩასაბარებლად რომ ჩამოვიდა, სრულიად შემთხვევით, თავისi მოგვარე ვინმე ლაშა ჯანაშია გაიცნო, რომელიც სახელოვანი სიმონ ჯანაშიას შვილი აღმოჩნდა. ლაშა და მამა ძალიან დამეგობრდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ნათესავები არ იყვნენ. თბილისში მამას გზამკვლევობა ლაშამ იტვირთა, დაჰყავდა ოპერაში, თეატრში, თავისი წრე გააცნო. არ ვიცი, შემთხვევით თუ წინასწარი განზრახვით, სიმონ ჯანაშიას დაბადების დღეზე აღმოჩნდა, ოჯახში სულ 10-15 კაცი იყო, თამადა გოგლა ლეონიძე გახლდათ, სუფრასთან ისხდნენ კონსტანტინე გამსახურდია, კორნელი კეკელიძე, არნოლდ ჩიქობავა... მამა სადღაც კუთხეში თავისთვის წყნარად იჯდა. თურმე გოგლა ლეონიძე ჭიქაზე ბულბულებს რომ დაისვამდა და სადღეგრძელოს წარმოთქვამდა, მამა წყნარად იტყოდა: "გაგიმარჯოთ!" და მოწრუპავდა. მამას დღეგრძელობის დროც მოსულა. გოგლა ლეონიძეს, მიუხედავად იმისა, რომ პირველად ნახა, მამა დაულოცავს, როგორც მომავალი ექიმი, ქართული მედიცინის ამომავალი ვარსკვლავი, არადა, პირველკურსელი ბიჭი იყო. "დიდი მადლობა" - უთქვამს მამას, ჭიქიდან მოუსვამს და დაუდგამს. - ერთი წუთით, ჭაბუკო, - თავისი ბუხუნა ხმით უთქვამს გოგლა ლეონიძეს. - გაკვირდები, მსიამოვნებს, რომ ახალგაზრდა კაცმა თქვენს თავს არ აკადრეთ, რომ უფროსებთან ერთად დამთვრალიყავით, თქვენს გამზრდელს ვენაცვალეო. მერე დაურიგებია: ყურადღება მიაქციე, თქვენი სადღეგრძელო როგორმა ხალხმა დალია, თან ბოლომდე და დაიმახსოვრე, შვილო, როცა სამადლობელს სვამ, კეთილი ინებე და მკვდარიც რომ იყო, ის ჭიქა ბოლომდე დაცალეო. მამა დიდად მსმელი კაცი არასდროს იყო. დედა სულ ხუმრობდა; ვეხვეწები, - დალიეო.

- დედის შესახებ მიამბეთ...

- დედა დიანა (დოდო) კვირტია ექიმი იყო, სკოლა ოქროს მედალზე ჰქონდა დამთავრებული, მსახიობობდა, ბალეტს ცეკვავდა, მერე სამედიცინოზე ჩააბარა, იქ მღეროდა კიდეც. უნიკალური ხმა და სმენა ჰქონდა. როდესაც დედა, დეიდა და ბებია ერთად მღეროდნენ, ნებისმიერ პროფესიულ ტრიოს გაუწევდნენ კონკურენციას. მე ახლოს არ მიკარებდნენ. თვლიდნენ, რომ სმენა ნაკლებად მქონდა. დედამ და მამამ ერთმანეთი რომ გაიცნეს, ორივე ახალგაზრდა ექიმი იყო. როცა დედამ სამედიცინო დაასრულა, ტყიბულში გაანაწილეს, იქ მუშაობდა. მაშინ ტყიბული უმდიდრესი და ულამაზესი ქალაქი იყო. რომ გათხოვდა, მერე თბილისში გადმოვიდა, მესამე სამშობიაროში მუშაობდა. დედა არა მხოლოდ კარგი გინეკოლოგი, კარგი პედაგოგიც გახლდათ, მეორე სამედიცინო სასწავლებელში ასწავლიდა, ბებიაქალების თაობები აღზარდა. ისინი დედის ამაგს დღემდე იხსენებენ. მკაცრი და პრინციპული იყო.

- თქვენზე წარუშლელი შთაბეჭდილება კიდევ ვინ მოახდინა?

- არც ერთი ბაბუა არ მახსოვს, ვისაც ბაბუას ვეძახდი, ბებიების ან ბაბუების ძმები იყვნენ. ბებიას ძმა გახლდათ საშა დარასელია, ცხენოსნობაში საქართველოს ნაკრების პირველი კაპიტანი. ეს ის პერიოდია, როცა ფეხბურთი ისეთი პოპულარული არ იყო საქართველოში, როგორც ცხენოსნობა. ბაბუა გახლდათ მეფის არმიის ოფიცერი. როცა სიტუაცია შეიცვალა, ძალოვან სტრუქტურაშიც მუშაობდა. შემდეგ რეპრესირებული აღმოჩნდა, 1937 წელს ციმბირში გადაასახლეს. ეს ალალმართალი კაცი ერთ კამერაში მარშალ როკოსოვსკისთან ერთად აღმოჩნდა, მას დაუმეგობრდა და შემდეგ, როცა ხალხინ-გოლის ბრძოლები (ბრძოლა სსრკ-მონღოლეთისა და იაპონია-მანჯურიის ჯარებს შორის 1939 წლის მაის-სექტემბერში დაიწყო, მარშალი ჟუკოვი ჩამოვიდა და როკოსოვსკი წაიყვანა. მას ბაბუამ სტალინთან პატარა წერილი გაატანა. ერთ თვეში ბაბუაც გამოუშვეს.

- წერილში რას წერდა, ამაზე არ უსაუბრია?

- არა, ეს არავინ იცის. ფაქტია, თავს იმართლებდა, რომ რეპრესიებში უდანაშაულო ადამიანი მოჰყვა.

- როდესაც გადაასახლეს, დაოჯახებული იყო?

- ბაბუა სამჯერ იყო დაოჯახებული და კიდევ ბევრი საყვარელი ჰყავდა. 2 მეტრამდე სიმაღლის, წარმოსადეგი კაცი იყო, ცხენოსანი, ოფიცერი. როცა სტალინი საქართველოში ჩამოდიოდა, მის პირად დაცვაშიც შედიოდა. საოცარი იუმორის, შინაგანი მომხიბვლელობის კაცი გახლდათ. გარდა იმისა, რომ ფიზიკურად ძალიან კარგი იყო, შინაგანი ძალაც ჰქონდა, რითაც ქალთა მოდგმას ნუსხავდა. ბაბუა სოხუმში დასახლდა, მისი, მისი შვილის და მეუღლის საფლავები იქ დარჩა. ჩემი ოცნებაა, როცა სოხუმში ჩავალ, მათ საფლავებს მივაგნო. ბაბუასთან ხშირად მქონდა ურთიერთობა, მამსგავსებდნენ, მისი ხათრით დავიწყე ცხენოსნობაზე სიარული. მასაც გამორჩეული დამოკიდებულება ჰქონდა ჩემდამი, მიუხედავად იმისა, რომ ყველა შვილიშვილისადმი ძალიან თბილი და ამავე დროს, მკაცრიც იყო. საშა დარასელიას დიდი კავშირები ჰქონდა აფხაზებთან, ის ძალიან უყვარდათ და ასაკოვან ხალხში დღესაც რომ გაიკითხოთ, მისი სახელი ყველამ იცის.

- ციმბირში გატარებული დღეების შესახებ რას გიამბობდათ?

- ის ამ თემაზე ლაპარაკს ყოველთვის გაურბოდა, არ სიამოვნებდა... კიდევ ბევრი ადამიანი იყო ჩემს ცხოვრებაში, რომლებმაც თავი გამორჩეულად შემაყვარეს და დამამახსოვრეს. ასეთი იყო ჩემი მეგობარი ნიკუშა ბუზალაძე, სულ სისხლს მიშრობდა, არაჩვეულებრივი იუმორი ჰქონდა, თბილისში გაჩენილი ანეკდოტების 80%-ის ავტორი იყო. სულ ხუმრობდა, ღადაობდა. ცოტათი ცუდი წარსული მაქვს, სამედიცინო ინსტიტუტის კომკავშირის მდივანი ვიყავი. მაშინ ამ თანამდებობას სხვა სერიოზულობა ჰქონდა, ინსტიტუტში ფაქტობრივად მესამე კაცი გახლდათ და პირველი ვიყავი ისტორიაში, ვინც სამედიცინოს კომკავშირის მდივანი სტუდენტობაში გახდა. მოკლედ, ახალი დანიშნული ვარ და ღამის 3 საათზე მამამ გამაღვიძა, კომკავშირის ცეკადან რეკავენო. შეუძლოდ ვიყავი, სიცხე მქონდა. დაველაპარაკე და მითხრეს, დილის 6 საათზე მოსკოვის დელეგაცია ჩამოდის და ყველა უმაღლესი მდივანი უნდა დახვდესო.

- ღამის 3 საათზე ზარმა არ დაგაეჭვათ?

- არა, მაშინ მსგავსი რამ ხშირად ხდებოდა. ამ სიცხიან კაცს ჩამაცვეს, დამახურეს, ჩამდეს ტაქსიში და გამიშვეს აეროპორტში. მაშინ მოსკოვიდან თვითმფრინავი ნახევარ საათში ერთხელ მოფრინავდა. მივედი აეროპორტში, არავინ დამხვდა. კოლეგებთან რეკვა დავიწყე. სამი რეისი რომ ჩამოფრინდა და არსად არავინ მომიკითხა, მივხვდი, ნიკუშა ბუზალაძის ხუმრობა რომ იყო.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"