ესპანეთი, საფრანგეთი და კონკურენტუუნარონი
წილი ნაყარია, ვიცით, ვის უნდა ვაჯობოთ, რომ 2014 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე მოვხვდეთ - ფინეთს, ბელარუსს, საფრანგეთსა და ესპანეთს. ევროპის ზონაში შეიქმნა 9 ჯგუფი, რომელთა პირველადგილოსნები ავტომატურად მიიღებენ ბრაზილიის საგზურს, ხოლო მეორე პოზიციაზე გასული რვა გუნდი პლეი ოფში გამოავლენს 4 ფინალისტს. ევროპიდან მუნდიალზე 13 გუნდი ითამაშებს.
მეტოქეები
ვინ არის ფინეთი? ყინულის ქვეყანა, რომლის დროშაზე ცისფერი და თეთრი სწორედ თოვლსა და ტბებს აღნიშნავს. სადღეისოდ ყველაზე ცნობილი ფინელი სპორტსმენი მოციგურავე კიირა კორპია. საფეხბურთო ნაკრებს კი იარი ლიტმანენის დროსაც არაფრისთვის მიუღწევია და სადღეისოდ საფეხბურთო რეიტინგში 75-ე ადგილზეა. ლოგიკურიცაა, ფინეთი მეხუთე კალათაში რომ იყო განთესილი. თუმცა, ვერც იმას ვიტყვით, მეტოქეს ფინეთშიც ვაჯობებთ და საქართველოშიცო.
საოცარია, მაგრამ კომუნიზმის დაქცევის შემდეგ ბელარუსებს დროშა არ შეუცვლიათ, ქართველებმა მას მერე დროშა მეორედ განვაახლეთ. თუ ეს პროგრესის მანიშნებელია, მაშ ბელარუსზე წინ ვართ. მაგრამ საფეხბურთო საქმეში მნიშვნელოვანი ფიფას რეიტინგია, რომელშიც ბელარუსი 42-ე ადგილზეა, საქართველო - 57-ზე. იყო დრო "დინამო" ბელარუსის კლუბებს იოლად უგებდა, მაგრამ სადღეისოდ "თეთრი რუსები" ფრანგებსაც აშინებენ. აი, რა თქვა მათმა მთავარმა მწვრთნელმა ბერნდ შტანგემ:
- "სიკვდილის ჯგუფში" მოვხვდით, მაგრამ ეს არ მაღელვებს. ფრანგების მწვრთნელი ლორან ბლანი შოკშია - გარდა იმისა, რომ ესპანეთი შეხვდა, მას კვლავ ჩვენთან მოუწევს დაპირისპირება.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსებმა საფრანგეთი ევრო-2012-ის შესარჩევზე სტუმრად დაამარცხეს (1:0), ხოლო შინ ფრედ ითამაშეს.
ამის მიუხედავად საფრანგეთი ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტია. სამფეროვნებს ზინედინ ზიდანმა 1998 წელს მსოფლიო ჩემპიონტი მოაგებინა, 2000 წელს - ევროპა.
ესპანეთი პირიქით, ჯერ ევროპის ჩემპიონი გახდა (2008), შემდეგ - მსოფლიოსი (2010). დღევანდელი გადასახედიდან ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების მთავარი პრეტენდენტი სწორედ ესპანეთია. თუმცა პირენეელთა მწვრთნელი, ვისენტე დელ ბოსკე ფრთხილობს:
- გაიხსენეთ სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი, სადაც ფავორიტები, ბრაზილია და არგენტინა ნახევარფინალშიც ვერ მოხვდნენ. ასე რომ, არც ესპანეთს აქვს გარანტირებული პირველი ადგილი.
ესპანეთის ძლევა თეორიულად შეიძლება, ოღონდ, ამისთვის აუცილებელია, მას მოედნის ცენტრი "წაართვა". პრაქტიკაში კი ჯერ არ გამოჩენილა გუნდი, დელ ბოსკეს ფორმაციის ესპანეთისთვის ბურთის ფლობაში ეჯობნოს. ამიტომ, მწვრთნელის სიფრთხილეც მხოლოდ მეტოქეთა პატივისცემის გამოხატულებაა.
...საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებები ზეოპტიმისტებისთვისაც თვალისმომჭრელია. თუნდაც იმიტომ, რომ მათ შემადგენლობაში თერთმეტივე ვარსკვლავია, თანაც კაშკაშა. ვერ ვიტყვით, ფრანგული "რენი" ვარსკვლავთკრებულიაო, მაგრამ გასულ ხუთშაბათს რუსთავის "მეტალურგი" თბილისში 5:2 "დაადნო" და დაგვანახა, რომ ფრანგულსა და ქართულ ფეხბურთს შორის დიდი უფსკრულია.
...და საქართველო
სიმართლე გითხრათ, კონკრეტულად საქართველოს ნაკრებზე არც ერთ ესპანურ, ფრანგულ, ბელარუსულ, თუ ფინურ არაფერი გაზეთში დაწერილა. არც მეტოქე მწვრთნელებს უთქვამთ რამე კონკეტული. რატომ? პასუხი გაზეთ "სუიტში" დაიწერა: "ბელარუსი, საქართველო და ფინეთი საფრანგეთისა და ესპანეთის კონკურენტებად არ ითვლებიან."
მართალიცაა, ევროპაში არავინ გვიცნობს, ან საიდან უნდა გვიცნობდეს, როცა არც სანაკრებო წარმატებები გვაქვს, საკლუბოზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია: მალტელებთან და ლუქსემბურგელებთან ერთად ქართული კლუბებიც ევროტურნირებს საკვალიფიკაციო ეტაპზე ამთავრებენ. თუ ყაზახური "ტობოლი" შეგვხვდა, ღირსეულად ვემშვიდობებით ევროპას, თუ ფრანგული "რენი" ან ჩეხური "სლავია" გვერგო, სირცხვილი არ გვცდება.
არადა, სანაკრებო წარმატება პირდაპირ კავშირშია საკლუბო ფეხბურთთან - ქართველი მოთამაშე მთელი სეზონის განმავლობაში კარგ ევროპულ გუნდებთან ჭიდილში უნდა იწრთობოდეს, გამოცდილებას იღებდეს და ასე იზრდებოდეს პროფესიულად. აბა, რომელ პროგრესზეა პალარაკი, როცა იცის, რომ საქართვლოს ჩემპიონატის ბომბარდირი ცალი ფეხითაც გახდება. ამას პირდაპირი გაგებით ვამბობთ: "ზესტაფონი"-"შტურმის" მატჩისასაც გამოჩნდა, რომ ჩვენი პირველობის სნაიპერი, გელაშვილი მარცხენა ფეხს სათანადოდ ვერ ხმარობს.
მწა-რე-ალობა
პოლიტიკურ ენაზე რომ ვთქვათ: ვიდრე საკლუბო ფეხბურთი ევროპასთან არ ინტეგრირდება, არც ნაკრებს უნდა მოვთხოვოთ საფრანგეთის დამარცხება. შესაბამისად, არც ზოგიერთის გამონათქვამს უნდა ვუგდოთ ყური - იმ მთას აქეთ გადავდგამთ, ამ მთას - იქით და ჯგუფიდან გავალთო.
სიტუაცია რეალურად უნდა შევაფასოთ და კმაყოფილები ვიყოთ, რომ I ჯგუფში მოვხვდით და არა G -ში (საბერძნეთი, ბოსნია, სლოვაკეთი, ლიტვა, ლატვია, ლიხტენშტაინი). ფრჩხილებში მოცმულ ნაკრებებთან ეროვნული სტადიონი შესაძლოა სანახევროდაც არ გავსებულიყო, ესპანეთისა და საფრანგეთის სანახავად კი უამრავი გულშემატკივარი მივა და არ არის გამორიცხული, ანშლაგიც დაფიქსირდეს. ესპანეთისა და საფრანგეთის სანახავადო, ვთქვთ. სამწუხაროდ ასეთია რეალობა: მათ მსოფლიოში გამორჩეული ვარსკვლავები ჰყავთ, ჩვენ - კავკასიაში გამორჩეულები. ფრანგები და ესპანელები ყოველწლიურად ჩემპიონთა ლიგაზე იწრთობიან, ჩვენები - ევროპის ლიგაზეც არა.
დასასრულ, ძალიან გვინდა რამით დაგაიმედოთ, მაგრამ თავად განსაჯეთ: ევრო-2012 უკრაინა-პოლონეთში იმართება და საქართველოს ნაკრები უკრაინაში ვერ ჩადის, დედამიწის მეორე მხარეს, ბრაზილიაში ჩააღწევს? წილისყრის შედეგებმა კოპაკაბანას პლაჟებს კიდევ უფრო დაგვაშორა. გადავხედოთ რუკას - ბრაზილიასთან ყველაზე ახლოს ესპანეთია, შემდეგ საფრანგეთი...
ვაჟა სიმონიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)