"როდესაც დავინახე, როგორ თამაშობდა სოფიკო ჭიაურელი, მივედი სცენასთან, სახით ხელებს დავეყრდენი და ვუყურებდი. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ..." - კვირის პალიტრა

"როდესაც დავინახე, როგორ თამაშობდა სოფიკო ჭიაურელი, მივედი სცენასთან, სახით ხელებს დავეყრდენი და ვუყურებდი. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ..."

მიუხედავად ქვეყანაში არსებული დაძაბული ფონისა და პანდემიური სიტუაციისა, როდესაც ვთხოვეთ, თეატრსა და მისთვის ძვირფას ადამიანებზე ესაუბრა, ინტერვიუზე დაგვთანხმდა. განწყობა, როგორც ყოველთვის, პოზიტიური ჰქონდა, გამიღიმა და კითხვებზე პასუხის გასაცემად მოემზადა... ასე დაიწყო ჩემი პირველი ინტერვიუ, ჟურნალისტის ამპლუაში...

თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკა წულუკიძე პროფესიაზე, მრავალფეროვან საქმიანობასა და თეატრზე გვესაუბრება.

- მიუხედავად იმისა, რომ პანდემიაა, თეატრალური ცხოვრება კვლავ დაუბრუნდა აქტიურ რეჟიმს, კვლავ მიმდინარეობს რეპეტიციები, მზადება ახალი სპექტაკლებისათვის და მონატრებული მაყურებელიც, შეძლებისდაგვარად, ესწრება წარმოდგენებს. ამ პერიოდში თქვენ რამდენად ხშირად ახერხებთ პრემიერებზე სიარულს?

- ყველა თეატრში დავდივარ სპექტაკლებზე, პრემიერებს ვესწრები, არა მხოლოდ თბილისში, - რეგიონებშიც. ცოტა ხნის წინ გორის თეატრში გახლდით; რუსთავში ვნახე სოსო ნემსაძის სპექტაკლი; ახლახან ლევან წულაძემ დადგა მარჯანიშვილის თეატრში - „ინციდენტი მეტროში“; ასევე, მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვნახე საახალწლო სპექტაკლი და ასე, აქტიურად ვარ ჩართული ამ პროცესში.

wulukidze-1643286052.jpg

- როგორც თეატრმცოდნე, დღევანდელ ქართულ თეატრსა და სპექტაკლებზე რას გვეტყვით, თქვენი აზრით, შეინარჩუნა აკადემიური სახე? რამდენად რთულია ეს ყველაფერი ამ ეპოქაში?

- თქვენ, ალბათ, პანდემიის პერიოდს გულისხმობთ. დიახ, შეინარჩუნა. ქართული თეატრი არ გაჩერდა. მართალია, თავიდან ცოტა დაბნეული იყო, მაგრამ მალევე მოეგო გონს და დაიწყო სპექტაკლები. ზოგმა ძალიან აქტუალური წარმოდგენა შემოგვთავაზა, ზოგმა - უკონტექსტო, მაგრამ მაინც გააგრძელა ცხოვრება და, საერთო ჯამში, ძალიან საინტერესო თეატრალური სეზონი გამოვიდა, რამდენიმე ძალიან კარგი სპექტაკლიც დაიდგა. ამიტომ მგონია, რომ ქართული თეატრი არ გაჩერდა და არ შეუშინდა პანდემიას.

- თქვენი აზრით, დღევანდელ მაყურებელს რა მოსწონს? რას ითხოვს იგი, თეატრში სპექტაკლის სანახავად მისული - უფრო შემეცნებითს თუ - მარტივსა და გასართობს?

- იცით, რა? გააჩნია, ასე ვერ მიხვდები. ყველა სხვადასხვანაირია. თეატრმა უნდა შესთავაზოს მაყურებელს რაღაც ისეთი, რაც მას დღევანდელობაზე დააფიქრებს, სხვანაირად დაანახვებს ამ ცხოვრებას. ჩემი აზრით, დღეს ძალიან ბევრი ექსპერიმენტი უნდა იყოს ქართულ თეატრში, ბევრი ახალგაზრდა უნდა იყოს წინა პლანზე წამოწეული და აქტიურად მონაწილეობდეს სპექტაკლებში.

- როგორც შესანიშნავმა თეატრმცოდნემ, კარგად იცით დიდი ქართველი არტისტებისა თუ რეჟისორების შემოქმედება, ბიოგრაფია, ფილმები, სპექტაკლები. როდის გაგიჩნდათ თეატრისადმი ასეთი, განსაკუთრებული ინტერესი და სიყვარული და ვისი ან რისი დამსახურება იყო ეს?

- პირველად მარჯანიშვილის თეატრში რომ მიმიყვანეს ჩემმა მშობლებმა. მანამდე თოჯინების თეატრშიც დავდიოდი, მოზარდ მაყურებელთა თეატრშიც, მაგრამ ერთ-ერთი პირველი თეატრალური შთაბეჭდილება იყო მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლი, სახელწოდებით - „საპოვნელა“, სადაც მთავარ როლს სოფიკო ჭიაურელი ასრულებდა. როდესაც დავინახე, როგორ თამაშობდა სოფიკო ჭიაურელი ქალბატონი მათიკოს როლს, ავდექი სავარძლიდან, მივედი სცენასთან, სახით ხელებს დავეყრდენი და ვუყურებდი. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ეს იყო სივრცე, რომლის გარეშეც მე ვერ ვიცოცხლებდი. და იმ დღიდან, ერთი დღე არ ყოფილა ჩემი ცხოვრება უთეატროდ, ერთი დღე!

sofikoo-1643286005.jpg

- ცნობილია, რომ ყოველთვის ძალიან ახლო და კარგი ურთიერთობა გქონდათ ლეგენდარულ ქართველ მსახიობებთან. როგორ ახერხებდით მათი კეთილგანწყობის მოპოვებას და მათთან დაახლოებას?

- ეს მათ უნდა ჰკითხოთ (იცინის), არ ვიცი, მართლა ვერ გეტყვით.

- მათგან თქვენზე პროფესიული ზეგავლენა ყველაზე მეტად ვინ მოახდინა?

- ოთარ მეღვინეთუხუცესმა. სპექტაკლზე რომ მიდიოდა, უნდა გენახათ, როგორ ემზადებოდა...

"ანტიგონეში" კრეონტს რომ თამაშობდა, საგრიმიოროში ჩაიკეტებოდა და როგორც დაბმული ლომი, ისე ღრიალებდა ოთარი. დიდი გავლენა მოახდინა, ძალიან დიდი...

"უცებ, კახი ადგა და ამბობს - მოდი, ახლა ნიკა წულუკიძეს გაუმარჯოსო! მგონია, რომ ამ კაცმა ვერც კი შემამჩნია მთელი ეს თვეები და ამ დროს..."
"გურანდა და ოთარი ერთი დიდი სიყვარული იყო, ერთი დიდი ფერი ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში!"

- ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა გქონდათ ქალბატონ გურანდა გაბუნიასთანაც. მას როგორ გაიხსენებთ?

- გურანდა და ოთარი ერთი დიდი სიყვარული იყო, ერთი დიდი ფერი ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში! თითითითჩაკიდებულნი დადიოდნენ, ხელიხელჩაკიდებულნი კი არა, - თითითით, და ასე დასეირნობდნენ.

ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო გურანდასა და ოთარის სახელები და გვარები. დიდი იუმორით, სიყვარულით სავსე ხალხი და, რაც ყველაზე მთავარია, უამრავ ადამიანს ეხმარებოდნენ. გაჭირვების წლები ძალიან ბევრ ოჯახს გადაატანინეს, სისტემატური დახმარებით.

- კახი კავსაძეს?...

- კახუნია, კახი... (იღიმის) კახი ძალიან მიყვარს. გამორჩეული იყო. პირველად რუსთავიდან მახსოვს. როცა რუსთაველის თეატრში "მოხუცი ჯამბაზები" იდგმებოდა, ჩემს სადიპლომო თემას იქ ვწერდი და რეპეტიციებს ვესწრებოდი, თან ვიღებდი, ჩანაწერებს ვაკეთებდი... რუსთავში საგასტროლოდ რომ წავედით, სუფრაზე კახი იყო თამადა, მე ბოლოში ვიჯექი. რუსთავის მთელი მთავრობა იქ იყო და ცხადია, მთელი ის დასი, რომელიც ამ სპექტაკლში მონაწილეობდა. ამ დროს, უცებ, კახი ადგა და ამბობს - მოდი, ახლა ნიკა წულუკიძეს გაუმარჯოსო! წარმოიდგინე, მე მგონია, რომ ამ კაცმა მე ვერც კი შემამჩნია მთელი ეს თვეები და ამ დროს, ჩემი სადღეგრძელო შესვა! ეს დღე არასოდეს დამავიწყდება ! საოცარი გულის ხალხი იყო ეს თაობა, ზოგადად, დიდი სიკეთის მატარებელი ხალხი...

"უცებ, კახი ადგა და ამბობს - მოდი, ახლა ნიკა წულუკიძეს გაუმარჯოსო! მგონია, რომ ამ კაცმა ვერც კი შემამჩნია მთელი ეს თვეები და ამ დროს..."
"უცებ, კახი ადგა და ამბობს - მოდი, ახლა ნიკა წულუკიძეს გაუმარჯოსო! მგონია, რომ ამ კაცმა ვერც კი შემამჩნია მთელი ეს თვეები და ამ დროს..."

- თეატრმცოდნეობა, თეატრთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა დიდ შრომას მოითხოვს, ბევრი დეტალის ცოდნაა აუცილებელი. რთული არ იყო, თუნდაც, სწავლის პირველი საფეხურების გავლის პროცესი?

- მე მყავდა პედაგოგი, ჩემი პროფესიული მამა - ვასო კიკნაძე, რომლის ლექციაც ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა იყო. ეს პატარა, არცთუ ისე სიმპათიური კაცი, უცბად ისე ამაღლდებოდა და გაცისკროვნდებოდა ლექციის მსვლელობის დროს, მეგონა, რომ ვასოზე ლამაზი, ვასოზე კარგი მთხრობელი, ვასოზე სიმპათიური კაცი არ არსებობდა, იმდენად ჯადოსნური ხელწერა ჰქონდა, ლექციის ჩატარების. ჰყვებოდა იმას, რისი მომსწრეც თვითონ იყო. ქართულ თეატრში მიმდინარე, თითქმის, ყველა მნიშვნელოვან პროცესში იყო ჩართული ვასო კიკნაძე. ამიტომ ეს ყველაფერი თავისი თვალით ჰქონდა ნანახი. წარმოიდგინე, ახლა, ოთხი წელი, ყოველდღე გვიტარებდა ლექციებს, ერთი და იგივე ისტორია ორჯერ არ მოუყოლია. მარაგი არ ელეოდა. ამიტომ არიან ქართულ თეატრმცოდნეობაში ყოველთვის გამორჩეული სტუდენტები, ვინც ვასო კიკნაძის თეატრალური ჯგუფი დაამთავრა.

- ძალიან ბევრი საქმის პარალელურად, თქვენც კითხულობთ ლექციებს. როგორ ფიქრობთ, თქვენს სტუდენტებს ისეთივე მოტივაციას, ძალასა და მაგალითს აძლევთ, როგორსაც თქვენ გაძლევდნენ ეს ლეგენდარული ადამიანები?

- ვცდილობ, მაგრამ ვასო კიკნაძე იყო ერთი და ისეთი ვერავინ იქნება. მე ვცდილობ იმას, რაც შემიძლია.

- არაერთხელ აღგინიშნავთ, რომ თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყოველთვის ძალზე პრიორიტეტული იყო განათლება. თქვენმა მშობლებმა კი, ამ მხრივ, ძალიან დიდი როლი შეასრულეს თქვენს ცხოვრებაში. დღევანდელი გადასახედიდან, რას ურჩევთ ახალბედა მშობლებს?

- მოუსმინონ თავიანთი შვილის სურვილებსა და მისწრაფებებს, დააკვირდნენ მის ინტერესებსა და მონაცემებს და ამის მიხედვით მიიღონ მონაწილეობა მისი ცხოვრების დაგეგმვაში და რაც შეიძლება მეტი არჩევნის თავისუფლება მისცენ ბავშვებს. ეს არის აუცილებელი.

- მინდა ვისაუბროთ თქვენს იგავ-არაკებზეც. ძალიან საინტერესო ისტორია აქვს თქვენი პირველი იგავ-არაკის შექმნას. შეგიძლიათ, გაიხსენოთ ეს პერიოდი?

- როდესაც თეატრალურ ინსტიტუტში ვაბარებდი, იქ აუცილებელი პირობა იყო, და არის კიდეც, რომ გარითმული იგავ-არაკი უნდა წაიკითხო და ყველა კითხულობს - აკაკი წერეთლის ნათარგმნ იგავ-არაკებს და ყველამ ზეპირად იცის. ლამის, ინსტიტუტის (ჯერ ინსტიტუტი იყო, მერე ეწოდა უნივერსიტეტი) 97-წლიანი არსებობის პერიოდში ყველა კითხულობდა. ვიფიქრე, მოდი, ამ იგავ-არაკს მე დავწერ და გავრითმავ-მეთქი. იგავ-არაკი ეხებოდა მეოცნებე ბაჭიას, რომელიც ასახავდა ზუსტად იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც მე, აბიტურიენტი ნიკოლოზ წულუკიძე ვიყავი და ეს ბაჭიაც ვიყავი მე. მოყოლა რომ დავიწყე, - „უღრან ტყეში, ერთ გორაზე, პატარა წყაროს მახლობლად, განთქმული მსახიობები - დათვი და ლომი სახლობდნენ. იმ გორაზე, იმ წყაროსთან მსახიობთა ახლომახლო პაპისგან დანატოვარი აქვს ბაჭიას სამოსახლო. ლამაზ და კოხტა ეზოში ნატვრის ხე ამოსულიყო, ბაჭია იქ ოცნებობდა არტისტი გამოსულიყო“... და ასე გრძელდებოდა ეს იგავ-არაკი...

ეს რომ წავიკითხე, დაცქვიტეს ყურები. საიდან იცი ეს შენო? რა იგავ-არაკია ესო? ჩვენ ეს იგავ-არაკი არ გაგვიგია, ვინ დაწერაო? მომისმინეს, მომისმინეს და გავძვერი...

მერე ბევრისთვის ვწერე, მაგრამ ახლა, თითქმის, 15 წელია, არ დამიწერია.

nika-2-1643283133.jpg

- რამდენად სასიამოვნო იყო თქვენთვის, როდესაც თქვენი იგავ-არაკების მიხედვით დაიდგა სპექტაკლი, სახელწოდებით - „ჯადოსნური წრე“?

- სხვათა შორის, ბევრჯერ დადგმულა - თავისუფალ თეატრში, ასევე - აზერბაიჯანში, ალიბეგლოს თეატრში... გასულ წელს ორი პრემიერა იყო - ერთი ახმეტელის თეატრში, ხოლო მეორე - ქუთაისის თეატრში. ამ კუთხითაც ძალიან გახარებული ვარ. ხალხი დადის, ბავშვებს მოსწონთ, - უფროსებსაც. ეს არ არის მხოლოდ საბავშვო სპექტაკლი, ეს არის მკვეთრად სოციალური, ცოტა მეტაფორული რეალობა, სამწუხარო რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ამიტომ, რასაკვირველია, ბედნიერებაა, როდესაც შენს ტექსტს აცოცხლებენ და სხვებს აცნობენ, თანაც, ძალიან კარგი მსახიობები. ქუთაისის სპექტაკლი ჯერ არ მინახავს და მინდა, რომ წავიდე. იმედია, მოვახერხებ.

- და ბოლოს, აუცილებლად უნდა გკითხოთ ტელევიზიაზეც - ეს სამყარო, ეს სივრცე რა არის თქვენთვის? როგორი იყო ამ სფეროში პირველი ნაბიჯები და ახლა ტელევიზიის გარეშე თუ წარმოგიდგენიათ ცხოვრება?

- (იცინის) იცით, ლექციაზე ვიყავი. თამარ ბოკუჩავაა, აწ განსვენებული არაჩვეულებრივი ქალბატონი, ანეკდოტი მოვუყევი და გადაბჟირდა სიცილით - ვაიმე, შენ როგორი იუმორი გქონიაო. მოდი, გეხვეწები, პირველ არხზე გადაცემის კასტინგი გვაქვსო და იქ გელოდებითო.

ამ კასტინგზე რომ მივედი, უამრავი ნიჭიერი მსახიობი დამხვდა, რომლებიც "ისინჯებოდნენ". უცებ მითხრეს, რომ არჩევანი შენზე გაკეთდაო! მართლა არ ვიცი, ეს იმხელა გამართლება იყო ჩემთვის! ყველანაირი ნაცნობობის გარეშე, პირველ არხზე ლევან ერისთავთან ერთად მოვხვდი. ეს იყო ძალიან დიდი სიხარული, მაგრამ მერე, მალევე დავანებე თავი პირველ არხს, ერთ წელიწადში "იმედში" გადმოვედი და მას მერე ვარ აქ, აგერ უკვე 15 წელია, ჩემი სახლია. წარმოიდგინე, 15 წელი, ყოველდღე რომ აკეთებ საქმეს, თან იმ საქმეს, რომელიც ძალიან გიყვარს, ძალიან დიდი ბედნიერებაა. ამიტომ, დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ტელევიზიაში ჩემს არსებობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

მარიამ ჭანტურია (სპეციალურად საიტისთვის)