"ეს ხომ ღირებულებათა ომია?! ერთ მხარეს დგას ღირსება, მეორე მხარეს - საბჭოთა ჭაობი" - კვირის პალიტრა

"ეს ხომ ღირებულებათა ომია?! ერთ მხარეს დგას ღირსება, მეორე მხარეს - საბჭოთა ჭაობი"

საინფორმაციო სააგენტოს - "ინტერპრესნიუსის" ცნობით, საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით, კონსულტაციები მიმდინარეობს. რეზოლუციის ტექსტზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს:

"ოპოზიციის ინიციატივით, "სტრატეგია აღმაშენებლის" და "რესპუბლიკელების" რამდენიმეხნიანი მოლაპარაკებების შედეგად, "ქართული ოცნება" დარწმუნდა, რომ პარლამენტმა რეზოლუცია უნდა მიიღოს და ეს რეზოლუცია უნდა იყოს ერთობლივი. პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ რეზოლუცია იყოს მხარდაჭერილი როგორც უმრავლესობის, ისე - ოპოზიციის მხრიდან", - განაცხადა პარლამენტარმა ხათუნა სამნიძემ.

ამ საკითხთან დაკავშირებით, "კვირის პალიტრა" კინორეჟისორს, ქალბატონ ლანა ღოღობერიძეს გაესაუბრა:

- რა თქმა უნდა, აუცილებლად მიმაჩნია ხელისუფლების აქტიური გამოხმაურება და სწრაფი რეაქცია მიმდინარე პროცესებზე. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი იქნებოდა მაშინაც, მთელი ეს ამბავი უშუალოდ რომ არ გვეხებოდეს! ეს ხომ ღირებულებათა ომია?! ერთ მხარეს დგას ღირსება, სინათლე, პიროვნების პატივისცემა, კეთილდღეობა, მეორე მხარეს - საბჭოთა ჭაობი, პიროვნების დაჩაგვრა, გაღატაკება, უუფლებობა...

როგორ შეიძლება დემოკრატიისკენ მიდრეკილი ქვეყანა სასწორზე დებდეს ამგვარ, ერთმანეთთან კატეგორიულად დაპირისპირებულ ფასეულობებს?! და კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი რამ - ქვეყნების ისტორიაში დგება ჟამი, როდესაც საერთო მიზანი ძალიან გამოიკვეთება! თვით ბედისწერა უკარნახებს მას ამ მიზნისთვის გაერთიანებას. დღეს საკუთარ თავსაც და მთელ სამყაროსაც უნდა დავუმტკიცოთ, რომ ჩვენში საერთო ძარღვი არ გამსკდარა! რომ ვხედავთ „ჩვენი სამშობლოს სანახავიდან... იმედის შუქს მოციმციმეს...“, - როგორც ამბობდა გალაკტიონი...

და თუ მართლა არ გასკდა ჩვენში ეს საერთო ძარღვი, როგორ შეიძლება დღესაც ერთმანეთს ვებრძოლოთ და მთელი ერი არ გაერთიანდეს ერთი დიდი მიზნის მისაღწევად?! ახლა პატარა იმედი გაჩნდა ამ ერთიანობისა, რადგან საერთო რეზოლუციის მიღებას აპირებენ. მე მას მართლაც დიდ, საიმედო ნაპერწკლად მივიჩნევ.

- ჩვენს ქვეყანას ხომ ახსოვს უკრაინის მხარდაჭერა, როცა ყველაზე მეტად უჭირდა?

- რა თქმა უნდა! ეს ყველაფერი იმდენად ნათელია, ახსნაც აღარ უნდა! მე მინდოდა, ჩემი პირადი პოზიცია გამომეხატა და მოგახსენეთ კიდეც!

(სპეციალურად საიტისთვის)