"მოხუცის ვაჟი, რომლის დედასაც ის უვლიდა, კარაბინიერია და სალომეს გაუჩინარებაზე განცხადება პოლიციაში მანაც შეიტანა" - კვირის პალიტრა

"მოხუცის ვაჟი, რომლის დედასაც ის უვლიდა, კარაბინიერია და სალომეს გაუჩინარებაზე განცხადება პოლიციაში მანაც შეიტანა"

იტალიაში დაკარგული გოგონა ცოცხალია და იპოვეს

27 წლის სალომე ტეტუნაშვილი, რომელიც 24 იანვარს იტალიის ქალაქ ნეაპოლიდან გაუჩინარდა, უკვე ნაპოვნია. ამ ინფორმაციას ახალგაზრდა ქალის ოჯახის ახლობელი ჩვენთან ადასტურებს. იტალიაში მყოფმა ქართველმა ემიგრანტმა ლოლა თებიძემ ნეაპოლში იმ ადგილიდან ჩართო პირდაპირი ეთერი, სადაც ამჟამად დაკარგული გოგონა იმყოფება და დაადასტურა, რომ იგი ცოცხალია. სალომეს ოთხი დღე ეძებდნენ. ის იტალიაში სამუშაოდ არის წასული და მოხუცს უვლიდა. ამავე ქალაქში ცხოვრობს მისი დედა, რომელიც, ასევე, სხვა ოჯახში მუშაობს. როგორც შევიტყვეთ, გოგონას დედა წლებია, ემიგრაციაშია და იქ მისი ქალიშვილიც სამუშაოდ ჩავიდა.

24 იანვარს, სავარაუდოდ, 6 საათზე გავიდა სალომე ბინიდან და მას შემდეგ მის კვალს ვერ პოულობდნენ. მეორე დღეს დედას უნდა შეხვედროდა. დიდი ხმაური მოჰყვა გოგონას გაუჩინარებას, სოციალურ ქსელში ჯგუფიც კი შეიქმნა და ემიგრაციაში მყოფი ქართველები ყველა ღონეს ხმარობდნენ მისი ადგილსამყოფელის დასადგენად. საქმეში ჩაერთო საქართველოს საელჩო და, როგორც უწყებაში ამბობდნენ, ისინი კონტაქტზე იყვნენ გოგონას დედასთან და ასევე - სამართალდამცველებთან.

მისი კვალი ქალაქ ნეაპოლში 24 იანვრის 6 საათის შემდეგ ქრება. გუშინ მთელი ღამე ქართველები იმ სახლთან იყვნენ შეკრებილები, სადაც სალომე მოხუცს უვლიდა, მაგრამ - უშედეგოდ. დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოგონა საავადმყოფოში იყო და იქ მივიდნენ ქართველი ემიგრანტები. თუმცა ვიდეოდან ჩანს, რომ გოგონა უკვე პოლიციის განყოფილებაში დახვდათ გადაყვანილი და კლინიკაში აღარ იყო.

"სალომე არის კარგად. დედაც მოდის, გზაშია. საავადმყოფოსთან მივედით, მაგრამ პოლიციის განყოფილებაში ჰყავთ გადაყვანილი და იქ უნდა წავიდეთ. რაც მთავარია, სალომე ცოცხალია და კარგად არის. სურათიც კი გამოგვიგზავნეს. სასწრაფოდ დედაა საჭირო, რომ მოვიდეს და ნახოს", - ეს საუბარი ისმის პირდაპირ ეთერში.

სალომე ლაგოდეხის სოფელ თელადან არის და იქ მცხოვრებმა მისმა ბებიამ და მეზობლებმა მისი გაუჩინარების ამბავი გუშინ შეიტყვეს. გოგონას გაუჩინარებაზე კომენტარს არ აკეთებდნენ თბილისში მცხოვრები მისი დედმამიშვილები. იტალიაში მყოფი დედა კი ყველას სთხოვდა დახმარებას. სალომეს საქართველოში ძმები და ტყუპისცალი და ჰყავს. რატომ იყო გოგონა გაუჩინარებული და რა მოხდა რეალურად, ეს დეტალები ცნობილი მოგვიანებით გახდება. მთავარია, გოგონა ცოცხალია. ისიც ცნობილია, რომ მოხუცის ვაჟი, რომლის დედასაც ის უვლიდა, კარაბინიერია და, თავის მხრივ, გოგონას გაუჩინარებაზე მასაც ჰქონდა განცხადება პოლიციაში შეტანილი. კანონით, ძებნა პირის დაკარგვაზე 48 საათის გასვლის შემდეგ იწყება. ამ დროის გასვლის შემდეგ დაიწყეს სამართალდამცველებმა ოფიციალურად გოგონას ძებნა, პოლიციამ იპოვა ის თუ თავად გამოჩნდა, ესეც ჯერ უცნობია. ფაქტია, ქართველ ემიგრანტებს დრო არ დაუკარგავთ, ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ეს ამბავი გახმაურებულიყო და გოგონას კვალისთვის მიეგნოთ.

(სპეციალურად საიტისთვის)