"სუს-სი ცდილობს, დამალოს დანაშაულის კვალი, რომელიც განხორციელდა სააკაშვილის წინააღმდეგ" - რას აცხადებს ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"სუს-სი ცდილობს, დამალოს დანაშაულის კვალი, რომელიც განხორციელდა სააკაშვილის წინააღმდეგ" - რას აცხადებს ადვოკატი?

დარწმუნებული ვარ, სუს-ს ჰქონდა პირდაპირი წვდომა ვიდეომასალაზე და არ აძლევს ამ ჩანაწერს ინსპექტორის სამსახურს, რადგან ცდილობს, დამალოს დანაშაულის კვალი, რომელიც განხორციელდა სააკაშვილის წინააღმდეგ , - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შენობის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეს გაეცნო, რის შედეგადაც, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, საქმეზე თან დართული არ არის სააკაშვილის პალატაში დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები.

დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ მოწყობილობა 72 საათიანი შენახვის რეჟიმზე იყო დაყენებული და შემდეგ ჩანაწერი წაიშალა.

„აღმოჩნდა, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალის გენერალური დირექტორის მრჩეველი უსაფრთხოების სამსახურში, ვინმე დავით ღონიაშვილი არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი და ძალიან ლოგიკურია თუ ვიტყვით, რომ არსებობს ეჭვი, ის შესაძლოა ყოფილიყო მივლენილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში. ალბათ, არ არის შემთხვევითი მოვლენა, რომ სწორედ მას ჩაბარდა სააკაშვილის პალატაში კამერების დამონტაჟების და შემდეგ, ამ ჩანაწერებზე წვდომის ფუნქცია. რეალურად, ამ ადამიანმა, დავით ღონიაშვილმა სახელმწიფო ინსპექტორისთვის ოფიციალურად მიწოდებულ ინფორმაციაში განცხადა, რომ მან გაანადგურა ჩანაწერები, რაც არსებობდა ჰოსპიტალში დამონტაჟებულ ვიდეოკამერებზე. ის ამბობს, რომ მხოლოდ 72 საათიანი შენახვის რეჟიმზე ჰქონდა დაყენებული მოწყობილობა, ხოლო შემდეგ საერთოდ წაშალა ამ მოწყობილობაზე არსებული ჩანაწერები.

პირველი, ცხადია, არ არის დამაჯერებელი, რომ მხოლოდ სამი დღე ინახებოდა ჩანაწერები. მეორე, - როდესაც კამერის ჩანაწერები წაიშალა, დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჰქონდა პირდაპირი წვდომა ამ ვიდეომასალაზე და უბრალოდ, სახელმწიფო უსფრთხოების სამსახური არ აძლევს ამ ჩანაწერს საგამოძიებო ორგანოს, ინსპექტორის სამსახურს, რადგან ცდილობს დამალოს დანაშაულის კვალი, რომელიც განხორციელდა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, როდესც მასზე მოხდა ძალადობა, - ე.წ. მაჯის საათის ეპიზოდს ვგულისხმობ. არაადამიანური მოპყრობის კიდევ ერთ ფაქტზე ხელისუფლება ცდილობს, რომ წაშალოს კვალი, სხვა არცერთი გარემოებით არ შეიძლება აიხსნას, რომ ეს ვიდეო მასალა არ არის წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებში.

გავაგრძელებთ საქმის მასალების შესწავლას და მათ შორის ამ ინციდენტთან დაკავშირებითაც, იქნება თუ არა წარმოდგენილი პენიტენციური სამსახურიდან ვიდეოკადრები, - ამას ყურადღებას მივაქცევთ და შესაბამის შეფასებებს გავაკეთებთ“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"