"რუსეთი აკვირდებოდა უკრაინის კურსს და ემზადებოდა - უდიდეს სავალუტო რეზერვებს ქმნიდა, გაზის გადაკეტვებში "ვარჯიშობდა"... - რას წერს ბრიტანული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"რუსეთი აკვირდებოდა უკრაინის კურსს და ემზადებოდა - უდიდეს სავალუტო რეზერვებს ქმნიდა, გაზის გადაკეტვებში "ვარჯიშობდა"... - რას წერს ბრიტანული გამოცემა?

ბრიტანულ ჟურნალ „ნიუ სთეითსმენში“ (New Statesman) დაბეჭდილია სტატია სათაურით - „როგორი გეგმები აქვს ვლადიმერ პუტინს: კრემლი უკრაინის მიმართ თავისი ამბიციური მოთხოვნების შესრულებას მხოლოდ სრულმასშტაბიანი ომით თუ შეძლებს“ (ავტორი - ფელიქს ლაითი).

„თუ რუსეთი ნამდვილად შეასრულებს თავის მუქარებს და უკრაინაში შეიჭრება, კრემლი სულ მალე დაინახავს, რომ მის წინაშე ძალიან ბევრი პრობლემა გაჩნდება. რა თქმა უნდა, ძალიან მცირეა შანსი იმისა, რომ უკრაინა თავისი საზღვრებისა და ტერიტორიის დაცვას შეძლებს, აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინი თავის მიზანს მიაღწევს.

მოსკოვის მიერ დაგეგმილი ოპერაცია, უპირველეს ყოვლისა, დონბასის მიმართულებით განხორციელდება. ვლადიმერ პუტინმა, გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული, დონბასი რამდენჯერმე ახსენა თავის გამოსვლებში და განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში“ ადგილობრივი რუსულენოვანი მოსახლეობის გენოციდს აწყობს.

რასაკვირველია, „სახალხო რესპუბლიკების“ მდგომარეობას ვერ შევადარებთ ყირიმის სიტუაციას, რომელმაც 8 წლის წინათ რუსულ საზოგადოებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა (ანექსიის თვალსაზრისით). იმავდროულად აშკარაა, რომ დონბასსაც ჰყავს თავისი გავლენიანი ლობისტები სახელმწიფო სათათბიროში, რომლებიც მათი „დამოუკიდებლობის აღიარებას“ ან რუსეთისადმი მიერთებას ცდილობენ.

თუმცა, როგორი პოპულარულიც უნდა იყოს რუს ლობისტებში დონბასის ანექსიისა თუ „დამოუკიდებლობის აღიარების“ იდეები, რუსეთის თვალსაზრისით, დონეცკი და ლუგანსკი უკრაინის შემადგენლობაში რჩებიან, მაგრამ გარკვეული ავტონომიური სტატუსით ისარგებლებენ ანუ - როგორც მინსკის შეთანხმებაშია აღნიშნული.

რუსეთის მიერ დონბასის ანექსიის განხორციელება იმის მანიშნებელი იქნება, რომ კრემლმა ჩათვალა - უკრაინას საბოლოოდ კარგავს და ეგებ, ეს ნაწილი შეინარჩუნოს. ჯერჯერობით არავითარი ნიშანი არ არის იმისა, რომ მოსკოვი ასეთ სცენარს დათანხმდება. ესე იგი, სავარაუდოდ, რუსეთი ამ ეტაპზე მაინც საჩვენებელ მცირემასშტაბიან სამხედრო ოპერაციას მოაწყობს.

თეორიულად, რუსეთის შეზღუდული შეჭრა უკრაინაში შესაძლოა, იმ ომის მსგავსი იყოს, რომელიც მოსკოვმა 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა. ანუ უკრაინის არმიასაც იმავეს გაუკეთებს, რაც ქართულ არმიას გაუკეთა - რუსეთის ჭარბი სამხედრო ძალები უკრაინის არმიის წინააღმდეგობას დაძლევენ, შემდეგ - დაკავებული ტერიტორიებიდან უკან დაიხევენ. ამით კრემლი მოწინააღმდეგეს დაამცირებს და აჩვენებს, რომ დასავლეთმა ჩარევა ვერ გაბედა და ვერ დაგეხმარაო.

ამჟამად მთელი ყურადღება საზღვრებთან ჯარების თავმოყრაზეა გადატანილი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთს სხვა, უფრო ნაკლებად შესამჩნევი, მაგრამ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებიც აქვს, მაგალითად, კიბერნეტიკული შეტევა: გავიხსენოთ, რომ ამას წინათ, იანვრის შუა რიცხვებში, უკრაინის 70-მდე სამთავრობო ინტერნეტ-საიტი მწყობრიდან გამოვიდა. კიევმა ამ კიბერშეტევაში მოსკოვი დაადანაშაულა.

და მაინც, ძალიან საეჭვოა, რომ შეზღუდული სახმელეთო და კიბერშეტევების შედეგად, უკრაინა რუსეთის ორბიტაზე დაბრუნდება.

მართალია, 2008 წელს რუსეთის თავდასხმის შედეგებმა საქართველოს ხელი შეუშალა ნატოში „ოდესმე მიღებაზე“, მაგრამ ფაქტია, რომ თბილისის გეოპოლიტიკური ორიენტაცია არ შეცვლილა: საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი კვლავ პროდასავლური და ანტირუსულია. ქვეყნის იმდროინდელი პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ვლადიმერ პუტინი „ყვ...ით ჩამოკიდვით“ დაემუქრა, ომის შემდეგ კიდევ 5 წელი იყო ხელისუფლებაში, თავისი საპრეზიდენტო ვადის კანონიერ დასრულებამდე.

უკრაინაში, რომელიც საქართველოსთან შედარებით ბევრად დიდ და უფრო რთულ სახელმწიფოს წარმოადგენს, შეზღუდული შეჭრა კიევის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციაზე მაინცდამაინც გავლენას ვერ მოახდენს. ამიტომ რჩება მხოლოდ ერთი სამხედრო ვარიანტი - სრულმასშტაბიანი ომი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კრემლის მოთხოვნები ისეთი ამბიციური და მკაცრია, რომ ისინი მხოლოდ ტოტალური ომის შედეგად შეიძლება გადაწყდეს. რუსეთი დიდი ხანია აკვირდებოდა უკრაინის კურსს და, იმავდროულად, ემზადებოდა - უდიდეს სავალუტო რეზერვებს ქმნიდა, გაზის გადაკეტვებში „ვარჯიშობდა“ და ამით ამერიკას, თითქოს, გრანდიოზული გეოპოლიტიკური გარიგებისაკენ უბიძგებდა, უკრაინის საკითხში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთს უკვე გადასცა თავისი წერილობითი პასუხები. თუ ისინი პუტინს არ მოეწონება, მაშინ იგი თავისი აკვიატებული მიზნის შესრულებას - ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრას უკრაინის საკითხი - მალე შეეცდება, რაც ძალიან ცუდი იქნება. (წყარო)

მოამზადა სიმომნ კილაძემ