"გუშინ თვითონ გარდაცვლილი მივიდა მის ჭიშკართან, პიროტექნიკა ააფეთქა და ბრალდებული ეჭვობს, რომ ეს მიზანმიმართულად გააკეთა" - კახეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები
შურისძიების ნიადაგზე თუ აფექტში მომხდარი დანაშაული?
გურჯაანის სოფელ კალაურში 60 წლის გიორგი მღებრიშვილმა მეზობელი, 36 წლის გოჩა ჩაღიაშვილი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა. ცნობილია, რომ მოკლულ გოჩა ჩაღიაშვილს წლების წინ ბრალდებულ მღებრიშვილის დისშვილი ჰყავს მოკლული და ამ დანაშაულისთვის ციხეში 11 წელი გაატარა. დღეს მოკლული ბიჭის ოჯახი ფიქრობს, რომ დანაშაულის მოტივი შურისძიებაა და წლების შემდეგ ბრალდებულმა დისშვილის მკვლელობის გამო მასზე შური იძია.
როგორც მოკლულის მამა აცხადებს, მის შვილს გუშინ ტელეფონით დაუკავშირდნენ და სოფლის ცენტრში ჩაიყვანეს, სადაც გიორგი მღებრიშვილი თანმხლებ პირებთან ერთად დახვდა. "ბირჟაზე გამოიძახეს, ტელეფონით დაურეკეს, თოფი ესროლეს. გაიქცა პირველი სროლის მერე, გაქცევას შეეცადა, კედელზე რომ გადასულიყო, ვეღარ გაასწრო, დაეცა და კეფა გაიხეთქა, ფეხში დაჭრა, ხელშიც დაჭრილია და თავშიც", - ამბობს მოკლულის მამა და წლების წინ მომხდარ დანაშაულს იხსენებს: "ახლა, ვინც შვილი მომიკლა, მისი დისშვილი ჰყავს ჩემს შვილს მოკლული. ბალღებს მოუვიდათ დავა... იმან მაშინ დუელი დაუნიშნა ჩემს შვილს, დაჭრა ჩემმა შვილმა და მოკლა, წავიდა ციხეზე, 11 წელი მოიხადა ბალღმა, გამოვიდა და ახლა ეს მოკლეს. ერთი ხელში აქვს გარტყმული, თავში და ფეხში, დანგრეულია ბალღი", - აცხადებს გარდაცვლილის მამა.
როგორც ირკვევა, დაჭრილი ჩაღიაშვილი მიღებული დაზიანებით ადგილზე გარდაიცვალა. მართალია, სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, მაგრამ ის გარდაცვლილი დახვდათ. პოლიციამ, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გუშინვე დააკავა 1961 წელს დაბადებული გიორგი მღებრიშვილი. ის ახლა თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული და ბრალის წარდგენას და სასამართლო პროცესს ელოდება, სადაც აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობილია ისიც, რომ გასროლა სანადირო თოფიდან მოხდა. დანაშაულის იარაღი, ადვოკატის თქმით, მის დასაცავს რეგისტრირებული ჰქონდა. ადვოკატ ლალი ჩაველაშვილის თქმით, ბრალდებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ თავად დაუკავშირდა პოლიციას, ჩაჰბარდა, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ძალოვნებს მკვლელობის იარაღიც გადასცა. ადვოკატის მტკიცებით, მკვლელობა არანაირად არ უკავშირდება ადრე მომხდარ დანაშაულს და აცხადებს, რომ ეს არ არის შურისძიება, რაზეც მოკლულის ოჯახის წევრები საუბრობენ. მისი თქმით, სოფლის ცენტრში დაპირისპირება სიტყვიერ შეურაცხყოფას მოჰყვა, რაც ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა, რის შემდეგაც, გიორგი მღებრიშვილმა სახლიდან სანადირო თოფი გამოიტანა და 36 წლის ბიჭს ესროლა.
ბრალდებულის ადვოკატი ლალი ჩაველაშვილი:
- ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს დანაშაულს. განიცდის, ამბობს, ადამიანს სიცოცხლე მოვუსწრაფეო. თანამშრომლობს გამოძიებასთან, თვითონ დარეკა პოლიციაში, თვითონ მიუთითა ადგილი, სადაც იმყოფებოდა, ცეცხლსასროლი იარაღიც თვითონ გადასცა, რითაც გაისროლა. ამ მკვლელობამდე იყო სიტყვიერი დაპირისპირება, სავარაუდოდ, წინასწარი შეცნობით მოხდა, რაც გარდაცვლილმა გააკეთა.
ჩემი დასაცავის სახლთან მოკლულმა პიროტექნიკა ააფეთქა და იგი სწორედ ამ ხმაურზე გამოვიდა სახლიდან. ამბობს, დაღლილი ვიყავი სამუშაოდან მოსულიო. ქუჩაში რომ გავიდა, გარდაცვლილმა ისეთი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რომ ამას ვერ გაუძლო... თვითონაც ვერ იმეორებს, რა სიტყვებითაც მოიხსენია მან ის. იყო გინება, პირადი შეურაცხყოფა და ეს ყველაფერი გაგრძელდა სახლიდან 100 მეტრის იქით. ფიზიკური დაპირისპირებაც იყო და ამის შემდეგ ესროლა და მოკლა.
- დადასტურებულია, რომ გოჩა ჩაღიაშვილმა ააფეთქა მისი სახლის წინ ე.წ. ასაფეთქებელი?
- მისი ჭიშკრის წინ ააფეთქა და ამ ხმაურზე გამოვიდა, ამის შემდეგ დაიწყო ეს ყველაფერი. როგორც აღვნიშნე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ იყო ნასვამი, იყო დაღლილი, სამუშაოდან მოსული, ისვენებდა სახლში და გარეთ ხმაურზე გამოვიდა.
- მოკლულის ოჯახი დარწმუნებულია, რომ ეს იყო შურისძიების მოტივით ჩადენილი დანაშაული, რადგან მან წლების წინ ბრალდებულის დისშვილი მოკლა, თქვენ რა იცით ადრე მომხდარ დანაშაულზე?
- ეს არ იყო შურისძიება, მის სიტყვებს ვამბობ. კითხვა, რა თქმა უნდა, ყველას გაუჩნდებოდა, მაგრამ ჩემი დასაცავი ამბობს, რომ 2013 წლიდან, მას შემდეგ, რაც დისშვილის მკვლელი ციხიდან გამოვიდა, გუშინდლამდე, მაქსიმალურად ვცდილობდი მას სადმე არ შევხვედროდი და რაიმე კონფლიქტი არ მომხდარიყო ჩვენ შორისო, ამიტომ სადაც დავინახავდი, იმ ადგილას არ მივდიოდიო. თუ დავინახავდი იდგა სადმე, სხვა მხარეს მივდიოდი, მხოლოდ იმიტომ, რომ არ მინდოდა, კონფლიქტი კიდევ დაწყებულიყო და რამე ცუდი მომხდარიყოო. გუშინ თვითონ გარდაცვლილი მივიდა მის ჭიშკართან, ააფეთქა პიროტექნიკა და ბრალდებული ეჭვობს, რომ მან ეს მიზანმიმართულად გააკეთა, შემდეგ უკვე, როგორც გითხარით, იყო დამამცირებელი მოპყრობა, სიტყვები, გინება გარდაცვლილის მხრიდან და მოხდა გასროლა. ორლულიანი თოფიდან გაისროლა, მხოლოდ ერთხელ.
- 2013 წლიდან არ შეხვედრიან ერთმანეთს?
- ვცდილობდი, მასთან ახლო კონტაქტი არ მქონოდაო. რაც შეეხება დისშვილის მკვლელობის დეტალებს, ამაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან არ მისაუბრია ჩემს დასაცავთან. თვითონაც ძალიან განიცდის, სტრესშია, ძალიან ემოციებშია, დაღლილია ემოციებისგან, ამბობს, ადამიანისთვის სიცოცხლის წართმევის უფლება არ მქონდაო, ამას განიცდის და ძალიან ნანობს. შეურაცხყოფამ, სამწუხაროდ, აქამდე მიიყვანა.
- მოკლულის მამა საუბრობს შურისძიებაზე და მკვლელობის მოტივად ამას ასახელებენ?
- მათ შორის კარგი ურთიერთობა რომ არ იქნებოდა, ცხადია, დისშვილი მოუკლა დანით... ამიტომ, კონფლიქტს ერიდებოდა. თუ შურისძიება უნდოდა, აქამდე, 9 წელი შურს ვერ იძიებდა? ფაქტია, გამწვავება და გაღიზიანება, სამწუხაროდ, გარდაცვლილის მხრიდან მოხდა. თქვენ არ იცით, ეს კაცი რა დღეშია, როგორ განიცდის ამ ამბავს.
- ფაქტს თვითმხილველები ჰყავს?
- ეს საქმის მასალებია და არ მაქვს ჯერჯერობით, ვერ გეტყვით. ეს გამოიკვეთება საქმის მასალებით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გულწრფელია. მშრომელი, წესიერი ადამიანია. მოკლულ ახალგაზრდასაც დადებითად ახასიათებენ სოფელში. როგორც ადგილობრივმა ჩემთან საუბარში აღნიშნა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ გოჩა ფიზიკურად შრომობდა და სოფელში დაპირისპირება არავისთან ჰქონია. იმ ღამით რა მოხდა, მან არ იცის.
"გოჩა გაქცეულა და ის გამოეკიდა, უნდა გადამხტარიყო ღობეზე და იქაც ესროლა, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და ადგილზეა გარდაცვლილი," - აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი. ადგილობრივებიც შურისძიების ვერსიას განიხილავენ. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, პოლიცია ბრალს მალე წაუყენებს და ბრალდებული სასამართლოს წინაშე წარდგება. გამოძიების პროცესში უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი.
(სპეციალურად საიტისთვის)