ამერიკელი დიპლომატის პროგნოზი, სამწუხაროდ, გამართლდა, რაც ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების დასასრულია? - კვირის პალიტრა

ამერიკელი დიპლომატის პროგნოზი, სამწუხაროდ, გამართლდა, რაც ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების დასასრულია?

იხილეთ ბლოგის პირველი ნაწილი

უილიამ ბერნსი 1994-1996 წლებში მოსკოვში, აშშ-ის საელჩოში მუშაობდა და, როგორც ჩანს, იმ პერიოდმა მასზე დიდი გავლენა მოახდინა. თავის მემუარებში ის საკმაოდ ვრცლად აანალიზებს მაშინ რუსეთში მიმდინარე მოვლენებს, განსაკუთრებით კი - ჩეჩნეთის პირველ ომს, თუმცა, რატომღაც, ერთი სიტყვითაც არ ეხება რუსეთის მიერ სეპარატისტული რეგიონების წახალისებას საქართველოში, რასაც სამხედრო დაპირისპირება და ასიათასობით ქართველის მშობლიური ადგილებიდან გამოდევნა მოჰყვა. ამერიკის მომავალი “პირველი მზვერავი” პუტინის ნეოიმპერიალისტურ პოლიტიკას გარკვეულ ახსნას უძებნის: ბერნსს მიაჩნია, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში სერბეთის წინააღმდეგ ჩატარებული სამხედრო ოპერაციებით, აღმოსავლეთით ნატოს სწრაფი გაფართოებითა და კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებით რუსეთის ეროვნული ღირსება შეილახა და ახლა პუტინი სამაგიეროს უხდის ევროპასა და აშშ-ს. ბერნსი რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გაგებას (თუ გარკვეულ გამართლებას?) სწორედ ამ არგუმენტების მოშველიებით ცდილობს.

ამის შემდეგ რა გასაკვირია, რომ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს მკაფიოდ ჩამოყალიბებული უარყოფითი პოზიცია აქვს ნატოში საქართველოსა და უკრაინის სრულუფლებიან წევრად მიღებასთან დაკავშირებით. 2005 წლის ნოემბრიდან ბერნსი აშშ-ის ელჩი იყო რუსეთში და მრავალჯერ შეხვედრია პუტინს. მემუარებში ის საკმაოდ ზუსტად გადმოგვცემს რუსეთის პრეზიდენტის ფსიქოლოგიურ პორტრეტს. ბერნსი წერს, რომ პუტინს ხმის ტემბრისა და ინტონაციის, სკამზე “გაშხლართული” ჯდომის და სახის მიმიკის წინასწარ დამუშავებული მთელი არსენალი აქვს და იმისდა მიხედვით ცვლის, თუ რა დამოკიდებულება უნდა გამოხატოს თანამოსაუბრის მიმართ. ასევე, იგი ხშირად იყენებს “სტალინის მეთოდს“ - თვალებში ჩაშტერებით მოსაუბრის დაბნევის მცდელობას. თუ საუბრის თემას უნდა გვერდი აუაროს, სახეზე მოწყენილობა დაეტყობა. თუ ვინმე ეკამათება, პუტინი ძალზე აგრესიული და “მწარე” ხდება, ხოლო თუ თანამოსაუბრის დარწმუნება სურს, მას სიტყვის თქმასაც არ დააცდის და შეუძლია, ერთსაათიანი მონოლოგით მწყობრიდან გამოიყვანოს ის. უცნობია, ეს დაკვირვება თავად ბერნსს ეკუთვნის თუ ცსს-ს “სამხრეებიანი ფსიქოლოგების” შედგენილია. პუტინის ერთი “პროვოკაციული მოქმედება” კი უკვე მთელ მსოფლიოშია ცნობილი - ესაა ოფიციალურ შეხვედრაზე დაგვიანება, რაც რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე შეიძლება გაგრძელდეს.

ბერნსი მემუარებში იხსენებს, რომ 2006 წლის 21 ოქტომბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და თავად, ბერნსი, ორ საათს ელოდნენ, როდის ინებებდა პუტინი მათ მიღებას. ის შეხვედრა იმითაც იყო საინტერესო, რომ პუტინისა და რაისის საუბრის მთავარი თემა საქართველო ყოფილა.

111-1643349860.jpg

2006 წელი ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული წელი იყო საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების მთელ ისტორიაში. 2004 წლის აგვისტოში რაღაც სასწაულით ავიცილეთ სამხედრო დაპირისპირება (რაშიც გარკვეული ძალები ორივე მხრიდან იყვნენ დაინტერესებული) ცხინვალის რეგიონში.

2005 წლის დეკემბერში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის “ეკონომიკურ ომს” ბუნებრივ გაზზე ფასების სამჯერ გაზრდა მოჰყვა, ერთი თვის შემდეგ კი რუსეთმა საქართველოს მოუწყო ენერგეტიკული ბლოკადა. მანამდე ციტრუსების შეტანა აკრძალა საქართველოდან, რამაც ქართველ ფერმერებს დიდი ზარალი მიაყენა, 2006 წლის მარტიდან კი ქართული ღვინის, სხვა ალკოჰოლური სასმელებისა და მინერალური წყლების შეტანა აკრძალა – ასეთი იყო რუსეთის მიერ წარმოებული ეკონომიკური და პოლიტიკური პროვოკაციების მოკლე ქრონიკა. დაძაბულობამ პიკს 2006 წლის სექტემბრის ბოლოს მიაღწია, როდესაც 27 სექტემბერს საქართველოს სპეცსამსახურებმა რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლები დააკავეს, ხოლო 2 ოქტომბერს საქართველოდან გააძევეს. მთელი ეს პროცესი ხაზგასმულად გამომწვევ-პროვოკაციულად ჩატარდა და რუსეთის რეაქციამაც არ დააყოვნა: რუსეთმა გაიწვია ელჩი, შეწყვიტა საქართველოსთან სატრანსპორტო მიმოსვლა, ხოლო რუსეთიდან გამოაძევეს სამუშაოს საძიებლად მყოფი საქართველოს მოქალაქეები.

აი, ამგვარი მდგომარეობა იყო პუტინ-რაისის შეხვედრის წინ. ბერნსი წერს, რომ იმ დღეს რუსეთის პრეზიდენტი განსაკუთრებით აგრესიული და ცინიკური იყო.

“აბა, ახლა როგორ გრძნობს თავს თქვენი დემოკრატიის შუქურა”? – ასე “ეხუმრებოდა” პუტინი კონდოლიზას. ბერნსი არ აკონკრეტებს ვის გულისხმობდა პუტინი “შუქურაში”- საქართველოს თუ სააკაშვილს. თავის მხრივ, კონდოლიზამ შეუტია და რუსეთს მოუწოდა, შეეწყვიტა პროვოკაციები საქართველოს წინააღმდეგ და არ დაეშვა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის ესკალაცია. პუტინი მოთმინებიდან გამოვიდა, რაისს თითი დაუქნია და განუცხადა: თუ სააკაშვილი “სამხრეთ ოსეთში" ძალას გამოიყენებს, ჩვენ კი დარწმუნებულნი ვართ, რომ ის ამისთვის ემზადება, ეს იქნება სერიოზული შეცდომა და ყველაზე მეტად ქართველები დაზარალდებიან. თუ მას ომი უნდა, მიიღებს... თუ საქართველო სისხლს დაღვრის “სამხრეთ ოსეთში", მე იძულებული ვიქნები, ვაღიარო “სამხრეთ ოსეთის" და აფხაზეთის დამოუკიდებლობა და ძალა გამოვიყენოო.

ვფიქრობ, რომ პუტინის ეს გაფრთხილება იმ ერთიანი პროვოკაციული გეგმის ნაწილი იყო, რომელიც საქართველოს სამხედრო დაპირისპირებაში ჩათრევას ისახავდა მიზნად. რუსეთი სამი მიმართულებით მოქმედებდა: ჯერ ერთი, თავად უწყობდა პროვოკაციებს საქართველოს ახალგაზრდა, გამოუცდელ და ეგზალტირებულ პრეზიდენტს, მეორე – ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ცდილობდა მდგომარეობის უკიდურესად დაძაბვას და მესამე და მთავარი: სააკაშვილის ახლო გარემოცვაში მოქმედი რუსეთის აგენტურა სხვადასხვა მოგონილი “არგუმენტით” არწმუნებდა საქართველოს პრეზიდენტს, რომ “პატარა, სწრაფი და ძლევამოსილი ომი” მას საქართველოს ისტორიაში სამუდამოდ დაუმკვიდრებდა “ეროვნული გმირის” კვარცხლბეკზე ადგილს.

ამერიკელები პუტინის პროვოკაციებს კარგად შიფრავდნენ და ცდილობდნენ, დაეოკებინათ “სააკაშვილის გმირული ამბიციები”. უილიამ ბერნსი მემუარებში აღნიშნავს, რომ 2006 წლიდან, ქართულ-რუსული დიპლომატიის კრიზისის პერიოდში, ამერიკა ყოველთვის ცდილობდა, შეერბილებინა არსებული დაძაბულობა და გაექარწყლებინა აზრი, თითქოსდა, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა-უმცროსმა “მწვანე შუქი“ აუნთო სააკაშვილს ცხინვალის პრობლემის ძალისმიერი გადაწყვეტის გზაზე. “მსოფლიო დიპლომატიური სამზარეულოს” ბევრი საიდუმლო ცნობილი გახდა wikileaks-ის დამსახურებით. ამ ვებგვერდმა ბევრი დოკუმენტი გამოაქვეყნა საქართველოზეც. კერძოდ, საიდუმლო მასალები ასახავდა ამერიკელი დიპლომატების (საქართველოში აშშ-ის ელჩების - ჯონ ტეფტის და ჯონ ბასის) მიმოწერას, შეხვედრების ანგარიშებს 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის პერიოდში და შემდგომ წლებში. აგრეთვე, ცნობილი გახდა მოსკოვში აშშ-ის ელჩის - უილიამ ბერნსის საიდუმლო დიპლომატიური კორესპონდენციების შინაარსიც. ბერნსის მიერ ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში გაგზავნილი ერთ-ერთი საიდუმლო დეპეშიდან ყველაზე საინტერესო ამონარიდებს ქვემოთ გაეცნობით:

“საქართველოს ელჩმა ირაკლი ჩუბინიშვილმა გვაცნობა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ ანთაძემ 19 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დენისოვთან შეხვედრაზე სიტუაციის განმუხტვა სცადა ანტიტერორისტული ცენტრის შექმნაზე მუშაობის დაწყების წინადადებით, რომლის იდეაც რუსეთმა წამოაყენა (13 ივნისს სააკაშვილმა პუტინს განუცხადა, რომ ამის შესაფერისი მომენტი ჯერ არ დამდგარა)...

ჩვენ შევეცადეთ პოპოვისგან (იმ პერიოდში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა ელჩი – ბ.ა.) გაგვერკვია, რამდენად სერიოზულად შეიძლება განიხილებოდეს ქართულ რეზოლუციაში მოხსენიებული საერთაშორისო სამოქალაქო პოლიციის საკითხი? პოპოვმა გვიპასუხა, რომ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის გაერთიანებული საპოლიციო ძალების საკითხი ცხინვალში, შინაგან საქმეთა მინისტრების ივნისის შეხვედრაზე უკვე დაისვა. დისკუსია უნდა გაგრძელებულიყო შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომაზე, რომელიც ამ კვირაში იყო დაგეგმილი თბილისში, მაგრამ არ შედგა. ამრიგად, იგი გადაიდო მომდევნო სხდომამდე, რომელიც გაიმართება მოსკოვში ივლისის ბოლოს - აგვისტოს დასაწყისში.

შთამბეჭდავია, რომ ყველა რუსი, განურჩევლად მათი პოზიციისა და პოლიტიკური შეხედულებებისა, არის ის მთავრობის წევრი თუ არა, დარწმუნებულია, რომ საქართველო ემზადება ომის დასაწყებად “სამხრეთ ოსეთის" წინააღმდეგ. ბევრს მიაჩნია, რომ შეერთებული შტატები უბიძგებს საქართველოს ამისკენ... და რომ პრეზიდენტმა ბუშმა 5 ივლისს (2006 წელს - ბ.ა.) სააკაშვილთან შეხვედრაზე “მწვანე შუქი" აანთო. რუსული დაზვერვა ირწმუნება, რომ “სამხრეთ ოსეთის" საზღვართან შეერთებული შტატები ამზადებს საქართველოს სამხედრო პოლიციის ოფიცრებს.

პოპოვის მტკიცე რწმენით, არც რუსები და არც სამხრეთ ოსეთი არ დაიწყებენ სამხედრო მოქმედებას. პოპოვმა აღიარა, რომ რუსები უკმაყოფილონი არიან კოკოითით, მისი იმპულსურობით, ცვალებადობითა და არაპროგნოზირებადობით და რომ ის იქცევა ირაციონალურად, თუ კუთხეში მოემწყვდევა...

ჩუბინიშვილი, ასევე, მიიჩნევს, რომ ომი არ იქნება. მისი თქმით, სააკაშვილი ივნისში, მოსკოვში ვიზიტისას, სერიოზულად შიშობდა, რომ ოსები დაიწყებდნენ ქართველების განდევნას “სამხრეთ ოსეთის" სოფლებიდან. მას სჯეროდა, რომ მოვლენების ასეთი მსვლელობა საპასუხოდ, ძალის გამოყენების გარდა, სხვა გზას არ დაუტოვებდა სააკაშვილს. ჩუბინიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ბეჟუაშვილი ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ სააკაშვილი, რომ ასეთი ნაბიჯი თვითმკვლელობა იქნებოდა და, ჩუბინიშვილის თქმით, მაშინ მათ წარმატებას მიაღწიეს. ამასთან, ჩუბინიშვილმა აღიარა, რომ თავდაცვის მინისტრი ოქრუაშვილი სააკაშვილს მოქმედებისკენ მოუწოდებდა. მაგრამ, ჩუბინიშვილის თქმით, ეს სხვა არაფერია, თუ არა საბრძოლო რიტორიკა...

პოპოვის თქმით, ოქრუაშვილი ძირს უთხრის სააკაშვილის მცდელობებს რუსებთან მოლაპარაკებაზე. ის, რომ ოქრუაშვილი ჯერ კიდევ თანამდებობაზეა, პოპოვის თქმით, ნიშნავს, რომ ის სრულად აკმაყოფილებს სააკაშვილსაც და აშშ-საც, რადგან თუ ოქრუაშვილი ფაქტობრივი შემაფერხებელი გახდებოდა, პოპოვი დარწმუნებულია, შეერთებულ შტატებს საკმარისი გავლენა ექნებოდა, რომ ის გაეთავისუფლებინა პოსტიდან”.

საიდუმლო დეპეშის ბოლოს უილიამ ბერნსის შემდეგი კომენტარია: “ხაინდრავას ანთაძით შეცვლას რუსები ერთმნიშვნელოვან სიგნალად არ აღიქვამენ. ერთი მხრივ, მათზე შთაბეჭდილება უნდა მოახდინოს იმ ფაქტმა, რომ ახალი მომლაპარაკებელი იქნება გონიერი და პროფესიონალი დიპლომატი, რომელსაც ურჩევნია მოლაპარაკება დახურულ კარს მიღმა და არა - პრესის საშუალებით. მეორე მხრივ, ისინი ხაინდრავას „მშვიდობის პარტიის“ წარმომადგენლად თვლიდნენ და ოქრუაშვილთან ხმამაღალი სახალხო დაპირისპირების შემდეგ მის გათავისუფლებას რუსები ოქრუაშვილის ძალაუფლების გაძლიერებისა და მისი გავლენის გაზრდად მიიჩნევენ".

უილიამ ბერნსი 2008 წლის დასაწყისში ერთ-ერთ საიდუმლო მოხსენებაში წერდა: ”რუსული ელიტისთვის უკრაინის ნატოში გაწევრება ნიშნავს წითელი ხაზის გადაკვეთას და ეს იქნება რუსეთის გამოწვევა... რუსეთი მიიღებს მნიშვნელოვან საბაბს ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში ინტერვენციისთვის“. სამწუხაროდ, ბერნსის მაშინდელი პროგნოზი უკრაინის ნატოში გაწევრების გარეშეც გამართლდა. უილიამ ბერნსი დღეს, უკვე აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის რანგში, მით უფრო წინააღმდეგია, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდნენ. მისი პოზიცია სრულიად ეთანხმება პრეზიდენტ ბაიდენის შეხედულებას, რომელმაც 2022 წლის 19 იანვარს განაცხადა: “ალბათობა იმისა, რომ ახლო მომავალში უკრაინა ნატოს წევრი გახდება, მცირეა, იმის გათვალისწინებით, რომ მათ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ შესასრულებელი დემოკრატიისა და იქ არსებული სხვა ბევრი საკითხის მხრივ, ასევე, იმის გათვალისწინებით, დაუჭერენ თუ არა მხარს დასავლელი პარტნიორები ახლა უკრაინის ნატოში გაწევრებას“. ესაა დიპლომატიური “ცივი შხაპი” იანვრის ყინვებში.

ცოტა არ იყოს, გასაკვირია აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოზიცია, რადგანაც მათთვის კარგადაა ცნობილი, რომ აგერ უკვე ოცდაათი წელია, რუსეთი, “ჰიბრიდული ომის” მეთოდებით, საქართველოსა და უკრაინაში (ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში) მუდმივი პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობის შექმნას ახერხებს და ამის შემყურე ნატო მაშინ ვეღარ გაფართოვდება? ეს უნდა რუსეთსაც. ნატოს წევრი ვერ გახდები იმიტომ, რომ “ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გაქვს შესასრულებელი დემოკრატიისა და სხვა ბევრი საკითხის მხრივ”, ეს სამუშაო რომ შეასრულო – რუსეთი არ გაცლის! მივიღეთ აბსურდული (ეს ჩვენთვის, თორემ რუსეთისთვის - შესანიშნავი) სიტუაცია. სადაა გამოსავალი? სამწუხაროდ, ნატოს იწილო-ბიწილო რუსეთს უფრო აძლიერებს. იქნებ, მოსაფიქრებელია საქართველოსა და უკრაინის (და კიდევ ვინც მოისურვებს) უსაფრთხოების უზრუნველყოფის უფრო მოქნილი სისტემა, რომელიც ეკონომიკური სანქციების გარდა (რომლისაც რუსეთს უკვე აღარ ეშინია), პირდაპირ სამხედრო დახმარებასაც გაითვალისწინებს (ისე, რომ რუსულ ბუნებრივ გაზზე დამოკიდებულმა “ბებერი ევროპის” ქვეყნებმა ვერ დაბლოკონ)? თუ რუსეთის ეშინიათ, და ესეც შეუძლებელია, გვითხრას მაშინ ამ ხალხმა და სხვა გამოსავალზე ერთად ვიფიქროთ.