"იცით, რომ ამდენ ხანს დუმილს ვამჯობინებდი..." - ნონა გაფრინდაშვილის პირველი კომენტარი კალიფორნიის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე
რამდენიმე საათის წინ, მეტად სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა: ნონა გაფრინდაშვილის საქმეზე მოსამართლემ Netflix-ის არგუმენტაცია არ გაიზიარა, BLB-ი საქართველოს ულოცავს...
როგორც ცნობილია, BLB-ი ამერიკელ კოლეგებთან - ალექსანდერ რუფუს აიზექსა და როდ სმოლასთან ერთად, ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს წარმოადგენს... საქმე შეეხება „ნეტფლიქსის“ მიერ სერიალ „ლაზიერის გამბიტში“ (The Queen’s Gambit), კულმინაციურ ეპიზოდში, ჭადრაკის ქართველი დიდოსტატის უმნიშვნელოვანესი კარიერული მიღწევის შესახებ მიზანმიმართულად გაჟღერებულ მცდარ ცნობას, რომ მას მამაკაც მოჭადრაკეებთან არასდროს უთამაშია.
მოგეხსენებათ, რომ ქართველი მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, პირველი ქალი, რომელმაც ვაჟთა შორის დიდოსტატის წოდება მოიპოვა - ნონა გაფრინდაშვილი, უმსხვილეს სტრიმინგს - „ნეთფლიქსს“ მის მიმართ შეურაცხყმყოფელი, ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ედავება და „ნეთფლიქსის“ წინააღმდეგ სამართლებრივი დავა აქვს დაწყებული აშშ-ში, კალიფორნიის შტატში.
ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი "კვირის პალიტრამ" თავად ნონა გაფრინდაშვილს სთხოვა.
ნონა გაფრინდაშვილი:
- ასეც უნდა ყოფილიყო, ეგ ამბავი თავისუფალ სიტყვაში ვერ ჩაჯდებოდა! ყველაფერი ნათელია, პირველი ეტაპი გადავლახეთ! ეს ყველაფერი ჩემთვის იმას ნიშნავს, რომ, რაც მთავარია, სამართლიანობა აღდგა! მეტ განმარტებას ახლა ვერ დავიწყებ, რადგან იცით, რომ ამდენ ხანს სულ დუმილს ვამჯობინებდი... ვიმეორებ, მთავარია, გადავლახეთ ეს პირველი, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი!
- ეს ხომ ძალიან დიდი გამარჯვებაა მთელი ქვეყნისთვის?
- რა თქმა უნდა, სრულიად გეთანხმებით!0
მოგვიანებით, ნონა გაფრინდაშვილმა განცხადებაც გაავრცელა:
"ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, დებიუტი მოგებულია. ზოგადად ცხოვრებაში და ასევე, სპორტში გამარჯვების მისაღწევად რამდენიმე აუცილებელი პირობა არსებობს: რწმენა, ბრძოლის წყურვილი და ჟინი, პროფესიონალიზმი და აუცილებელი კვალიფიკაცია, გულშემატკივრები და სიმართლე",- ამის შესახებ მიმართვა მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის წინააღმდეგ საქმესთან დაკავშირებით გაავრცელა. მიმართვა გაფრინდაშვილის ადვოკატებმა გააცნეს ჟურნალისტებს.
ნონა გაფრინდაშვილის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ამ პროცესს მოიგებს.
"მე ვიცავ ჩემს განვლილ ცხოვრებას, ეროვნებას და მიღწევებს, რომლებსაც უღირსად შეეხნენ. გულშემატკივრების საოცარ მხარდაჭერას მთელი ცხოვრება ვგრძნობდი. პროფესიონალიზმი ამ შემთხვევაში აისახება ჩემი ქართველი და ამერიკელი ადვოკატების უძლიერეს გუნდში, რომლებმაც საოცარი სამუშაო გასწიეს. მადლობა ამერიკულ სასამართლოს, რომელმაც ძალზედ კვალიფიციურად და სამართლიანად შეაფასა არსებული მოცემულობა. გამარჯვების წყურვილი და ბრძოლის ჟინი არასოდეს გამნელებია. ახლაც ღრმად მწამს, რომ ჩემს გუნდთან და ყველა ჩემს გულშემატკივართან ერთად მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე, რადგანაც სიმართლე ჩვენს მხარესაა და ეს მგონი მთელი სამყაროსთვის ცხადია დღეს.
დიახ, მე ვარ ნონა გაფრინდაშვილი, ვარ ქართველი. დიახ, მთელი კარიერის მანძილზე მე ვეთამაშებოდი მამაკაც მოჭადრაკეებს და ხშირად ვამარცხებდი მათ, ამიტომაც მერგო პატივი გავმხდარიყავი პირველი ქალი დიდოსტატი მამაკაცებს შორის.
უღრმეს მადლობას ვუხდი უამრავ ადამიანს საქართველოში და მთელ მსოფლიოში, ვინც მე მხარდაჭერა და თანადგომა გამომიცხადა. ბრძოლა გრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე", -განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კალიფორნიის სასამართლოს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა Netflix-ის შუამდგომლობა, გაეუქმებინა ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის მიერ შეტანილი სარჩელი, - ინფორმაციას მედია ავრცელებს.
Netflix-ი სამართალწარმოების შეწყვეტას ითხოვდა, რადგან ამტკიცებდა, რომ სერიალი არის მხატვრული ნაწარმოები და მის შემქმნელებს კანონი ფართო მხატვრულ ლიცენზიას ანიჭებს.
თუმცა, აშშ-ის კალიფორნიის შტატის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვირჯინია ფილიპსი ამ მოთხოვნას არ დაეთანხმა.("ინტერპრესნიუსი")
იხილეთ ინფორმაცია: კალიფორნიის სასამართლომ არ დააკმაყოფილა Netflix-ის შუამდგომლობა ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის გაუქმების თაობაზე - რას წერს იურიდიული ფირმა BLB-ი?
(სპეციალურად საიტისთვის)