„რატომ განსხვავდება გერმანია-საფრანგეთის პოზიციები აშშ-დიდი ბრიტანეთის პოზიციებისაგან რუსეთის შეკავების საკითხში“ - The Guardian - კვირის პალიტრა

„რატომ განსხვავდება გერმანია-საფრანგეთის პოზიციები აშშ-დიდი ბრიტანეთის პოზიციებისაგან რუსეთის შეკავების საკითხში“ - The Guardian

დასავლურ სამყაროში რუსეთთან დამოკიდებულების საკითხში აზრთა სხვადასხვაობაა: ერთი მხრივ - გერმანია და საფრანგეთი, მეორე მხრივ - აშშ და დიდი ბრიტანეთი. მიუხედავად პოზიციების ერთმანეთთან დაახლოების ყველა მცდელობისა, აზრთა სხვადასხვაობა მაინც რჩება. ეს გასაკვირი არაა, რადგან დღევანდელი სიტუაციის უკან ათწლეულების ისტორია დგას, - ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „რატომ განსხვავდება გერმანია-საფრანგეთის პოზიციები აშშ-დიდი ბრიტანეთის პოზიციებისაგან რუსეთის შეკავების საკითხში“ (ავტორი - პატრიკ უინტური).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

გაუძლებს თუ არა სიტუაციის სიმძიმეს რუსეთის წინააღმდეგ ჩამოყალიბებული დასავლეთის ქვეყნების კავშირი, რომელიც უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების თავმოყრამ განაპირობა? ამ საკითხზე პოლიტიკოსები და დიპლომატები სულ უფრო ხშირად ფიქრობენ. ამის მიზეზი ის საფრთხეა, რომლის მიხედვით, გერმანიისა და შედარებით უფრო ნაკლებად - საფრანგეთის პოზიციები რუსეთთან დაკავშირებით არ ეთანხმება ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის წარმოდგენებს არა მარტო იმაში, თუ როგორი რეაგირება უნდა მოხდეს რუსულ აგრესიაზე უკრაინის მიმართ, არამედ - გარდაუვალი მუქარის შეფასებაშიც.

ნატოს წევრებს შორის არსებული უთანხმოების მინიმუმამდე შესამცირებლად ყველა შესაძლებელი ზომა გამოიყენება, მათ შორის - რეგულარული სატელეფონო საუბრებიც - ისეთი, როგორიც ჯო ბაიდენმა ამ ორიოდე დღის წინ განახორციელა, მაგრამ, როგორც ჩანს, უთანხმოების სრულად თავიდან აცილება, რიგი მიზეზების გამო, ვერ მოხერხდება. პოზიციათა შეუთავსებლობა განპირობებულია არა მარტო სადაზვერვო მონაცემთა სხვადასხვანაირი შეფასებით, არამედ - ერთი მხრივ, გერმანია-საფრანგეთისა და მეორე მხრივ - აშშ-დიდი ბრიტანეთის ხედვების ერთმანეთისაგან სიღრმისეულ განსხვავებაში - თუ როგორ და რა საშუალებებით შეაკავონ რუსეთი. ამ განსხვავებას ათეული წლების ისტორია აქვს.

საფრანგეთი, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მიერ მომზადებული ინფორმაციის განხილვისას, მასში ვერ ხედავს რუსეთის ჯარის უკრაინაში შეჭრის გარდაუვალ საფრთხეს. პარიზი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების კონცენტრაციას, მათ აღჭურვილობას და თავდასხმისათვის მზადებასაც (არადა, წამყვანი უკრაინელი სამხედრო ექსპერტების აზრით, სიტუაცია ისეთია, რომ შეჭრა შეიძლება უახლოესი სამი კვირის განმავლობაში მოხდეს).

რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა ღიად გააკრიტიკა გერმანია რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების გამო და უფრო მეტიც - მან ბერლინი ნატოს წევრების ზეწოლაშიც დაადანაშაულა იმის გამო, რომ გერმანიამ ესტონეთს გერმანული წარმოების იარაღის უკრაინისთვის გადაცემა აუკრძალა. ბერლინისათვის ის აზრი, რომ გერმანული წარმოების იარაღს, პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომელიმე ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენებს, წყევლის ტოლფასია. სამშაბათს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა აკრძალვა დაადასტურა და განაცხადა, რომ უარი იარაღის მიწოდებაზე ათწლეულების მოვლენებით [და ისტორიული მომენტით] არის განპირობებული.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იგი შეშფოთებულია გერმანიის პოზიციით ესტონეთის მიმართ. ბერლინის მოქმედება სულ უფრო აღიზიანებს ამერიკელ რესპუბლიკელებსაც, რაც გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journal) გამოქვეყნებულ სტატიაში აისახა შთამბეჭდავი სათაურით - „გერმანია აშშ-ის საიმედო მოკავშირეა? - არა“.

დაძაბულობა ასახავს ორ განსხვავებულ თვალსაზრისს იმაზე, თუ როგორ შეიძლება თავიდან იქნეს აცილებული რუსეთის გადაქცევა დასავლეთისთვის მტრულ ძალად. სხვათა შორის, ეს პოზიციები იყო გაბატონებული“ცივი ომისდროინდელ“ პოლიტიკაშიც.

ბერლინში, პარიზსა და ვაშინგტონში მუდმივად იცვლებოდა წარმოდგენები იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა სტაბილური ქვეყნის აშენება პოსტსაბჭოთა რუსეთის ნამსხვრევებზე. აღნიშნულ დედაქალაქებს სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა პოზიცია ჰქონდათ. ამერიკა პრეზიდენტ ბილ კლინტონის მმართველობის პერიოდში დიდად არ იწონებდა „ვიშეგრადის ოთხეულის“ - ჩეხეთის, პოლონეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის ნატოში გაწევრებას. ვაშინგტონმა იმ დროს თავისი პოზიცია მკაფიოდ გამოხატა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 1994 წლის სამიტზე. ამერიკის აზრით, „ალიანსისთვის კარგი არ იქნებოდა ახალი საზღვრის გავლება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, რომელიც შეიძლებოდა, სამომავლოდ კონფლიქტის მიზეზი გამხდარიყო“. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ტონი ბლერსაც მოუწია, გამომშვიდობებოდა იმ ილუზიას, რომ ვლადიმერ პუტინს როგორმე დასავლურ ბანაკში შეიტყუებდა. ლონდონი აქტიურად უჭერდა მხარს რუსეთის მიღებას „დიდ რვიანშიც“. დღევანდელი პრემიერი ბორის ჯონსონიც 2017 წელს, როცა იგი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში მოსკოვს ეწვია, სოლსბერში უკვე მომხდარი მოწამვლების მიუხედავად, უცნაური გულგრილობით მოეკიდა რუს [ოლიგარქთა] ფულის ტრიალს ლონდონში.

საფრანგეთიც მუდმივად იცვლიდა თავის პოზიციას მას შემდეგ, რაც 2014 წლის მარტში რუსეთმა ყირიმის ოკუპაცია განახორციელა. პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მხოლოდ აშშ-ის ზეწოლით გაწყვიტა მისი წინამორბედის - ნიკოლა სარკოზის მიერ დადებული კონტრაქტი, რუსეთისათვის შვეულმზიდ „მისტრალის“ მიწოდების თაობაზე, რომელიც განკუთვნილი იქნებოდა ანექსირებული ყირიმის ნავსადგურებისათვის.

ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინი ვერსალის სასახლეში 2017 წლის მაისში მიიწვია, პეტრე პირველთან დაკავშირებული გამოფენის გახსნის დროს. მაშინ, როდესაც დონალდ ტრამპმა იზოლაციონიზმის პოლიტიკა გამოაცხადა, ემანუელ მაკრონმა მას 2019 წელს რუსეთთან „გაყინული კონფლიქტის“ დასრულებისაკენ მოუწოდა, ხოლო გასული წლის ივნისში ფრანგმა ლიდერმა, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად, თავისი ევროპელი კოლეგები საოცრად გააკვირვა, როცა მათ ვლადიმერ პუტინთან სამიტის გამართვისკენ მოუწოდა, თანაც იმ პირობით, რომ შეხვედრაზე მხოლოდ ერთადერთი თემა - დეესკალაცია იქნებოდა განხილული.

მაგრამ ევროპისა და რუსეთის ურთიერთობებში ცენტრალურ მოთამაშედ მაინც გერმანია რჩება - ასე იყო ორი გერმანიის გაერთიანების დროიდან მოყოლებული.

ბევრი რამ არის დაწერილი, თუ რატომ აქვს გერმანიას დაკავებული ესოდენ შემწყნარებლური და ოპტიმისტური პოზიცია ვლადიმერ პუტინის მიმართ. ამ თემაზე შექმნილი ბოლო ნაშრომებიდან გამოირჩევა ბრიტანელი ექსპერტის - ჯონ ლოხის მიერ დაწერილი „რუსეთის პრობლემა გერმანიისთვის“, რომელშიც გადმოცემულია ორი ქვეყნის პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ელიტების პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ინტელექტუალური კავშირების მასშტაბები. გარდა ამისა, ავტორი განმარტავს, თუ რატომ თამაშობს ვლადიმერ პუტინი გერმანიის გრძნობებზე იმ დანაშაულის გამო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებით იქნა ჩადენილი. რუსეთის პრეზიდენტი ქედმაღლურად უყურებს გერმანელებს და მიანიშნებს, რომ პატიება ჯერ ნაადრევია.

ჯონ ლოხი იმასაც წერს, თუ როგორ მოუწოდებდა ევროპას სიფრთხილისაკენ გერმანიის იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, სოციალ-დემოკრატი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი 2008 წლის ზაფხულში, საქართველოში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, რათა არ შემოეღოთ სანქციები რუსეთის მიმართ. მაშინ ამჟამინდელი პრეზიდენტი ამტკიცებდა, რომ სანქციების დაწესება რუსეთს ევროპის კარს დაუხურავსო.

მართალია, 2014 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის საკითხში ანგელა მერკელის პოზიცია მოსკოვის წინააღმდეგ უფრო მკაცრი იყო, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მაინც ირწმუნებოდა, რომ გერმანელი სოციალ-დემოკრატები რუსებს ქრისტიან-დემოკრატებზე უფრო უკეთ უგებდნენ და იგი მოსკოვში ვიზიტით გაემგზავრა. მან კრემლს ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავება შესთავაზა. იმავდროულად, ქვეყნის წინა სამმა კანცლერმა - ჰელმუტ შმიდტმა, გერჰარდ შრედერმა და ჰელმუტ კოლმა - ანგელა მერკელი გააფრთხილა, რომ მოსკოვის იზოლირება გერმანიისათვის ცუდ შედეგებს მოიტანდა. რუსეთის საქართველოში შეჭრიდან ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ მოსკოვში კომპანია „სიმენსის“ ხელმძღვანელი ჩავიდა... გარდა ამისა, იმ დროს, როცა რუსეთისა და ევროპის დიპლომატიური ურთიერთობა უარესდებოდა, ცნობილმა გერმანელმა პოლიტიკოსებმა და საზოგადოებრივმა მოღვაწეებმა ემოციური წერილი გამოაქვეყნეს და ევროპას განმუხტვის პოლიტიკის დაბრუნებისკენ მოუწოდეს.

ბრიტანული „ჩეთემ-ჰაუსის“ (საერთაშორისო საქმეთა კვლევითი სამეფო ინსტიტუტის) მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, რუსეთსა და გერმანიას შორის ასეთი ურთიერთობები ორი ფაქტორის გავლენით ჩამოყალიბდა:

პირველი - „ახალი აღმოსავლური პოლიტიკით“ (Ostpolitik), რომლის მიხედვით, გერმანიის საგარეო-პოლიტიკური სტრატეგია საბჭოთა კავშირისა და მისი სატელიტების მიმართ უნდა გამოხატულიყო პრინციპით - „დაახლოება ცვლილებების შედეგად“. ეს სტრატეგია 1970-ინ წლებში სოციალ-დემოკრატმა კანცლერმა - ვილი ბრანდტმა წამოაყენა. ეს იყო მცდელობა ერთმანეთის დამოკიდებულებებში ხისტი ხაზის გადალახვისა და საერთო ინტერესებისადმი მეტი ყურადღების დათმობის მიზნით. გერმანიაში ახლაც ბევრი თვლის, რომ ასეთი პოლიტიკური კურსი წინსვლის ხელშემწყობს წარმოადგენს.

მეორე ფაქტორი იმ შეთანხმებაში გამოიხატება, რომლის მიხედვითაც, რუსეთი და გერმანია ერთმანეთზე დამოკიდებულნი გახდნენ: 1970-იან წლებში მოსკოვმა და ბერლინმა საბჭოთა კავშირიდან ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე მოილაპარაკეს. შეთანხმებაში ჩადებულია რწმენა, რომელიც ჰელმუტ შმიდტმა ასე გამოხატა: „ისინი, ვინც ერთმანეთთან ვაჭრობენ, ერთმანეთს არ ესვრიან“. 2018 წლისათვის გერმანიის წილად რუსული „გაზპრომის“ მიერ ექსპორტირებული ბუნებრივი გაზის 37% მოდიოდა. უფრო მეტიც, ბერლინი და მოსკოვი ახალი გაზსადენის - „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის აგებაზე შეთანხმდნენ. 2000-2011 წლებში გერმანული პროდუქციის ექსპორტის მოცულობა რუსეთში თითქმის ხუთჯერ გაიზარდა

შმიდტისეული თვალსაზრისი გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ზოგიერთ წარმომადგენელში დღესაც არის გაბატონებული. მაგალითად, ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი, რომლის უწყება სანქციებზეა პასუხისმგებელი, წინააღმდეგია იმისა, რომ რუსეთი საერთაშორისო საბანკო გადახდების სისტემიდან - „სვიფტიდან“ (SWIFT) იქნეს გამორთული. როგორც მან ჟურნალ Der Spiegel-ისადმი მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, - „ჩვენ უნდა ვიფიქროთ ბიზნესის ახალ სფეროებზე, რომელიც ორივე მხარეს კონფრონტაციიდან გამოსვლაში დაეხმარება“.

თუმცა ბოლო კვირაში Ostpolitik-ისათვის დამახასიათებელ დათმობებს ახალი თაობა აკრიტიკებს. მიხაილ როთი, სოციალ-დემოკრატი და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ პარტია ვილი ბრანდტის ჩრდილიდან უნდა გამოვიდეს. „ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მსოფლიო უფრო უკეთესია, ვიდრე - სინამდვილეშია“, - განაცხადა მან. ასევე, სხვა მინისტრების აზრით, გერმანიამ რუსეთს სანქციები ენერგეტიკულ სფეროშიც უნდა დაუწესოს და მათ შორის - გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ არ უნდა გამოირიცხოს.

ასეთი განწყობა ამერიკელებთან მოლაპარაკებებისას სოციალ-დემოკრატ კანცლერ - ოლაფ შოლცის პოზიციაზე ზეგავლენას ახდენს. სიტუაციას ართულებს მისი ალიანსი „მწვანეთა პარტიის“ წარმომადგენელ ანალენა ბერბოკთან, რომელიც გერმანიის საგარეო პოლიტიკაში ახალი ფასეულობების დამკვიდრებას ცდილობს. პარტიული განხეთქილების თავიდან ასაცილებლად, გერმანელი სოციალ-დემოკრატები, რუსეთთან მიდგომების განხილვის მიზნით, შიდაპარტიული დისკუსიისთვის ემზადებიან.

როგორც ერთ-ერთმა დიპლომატმა აღნიშნა, ალექსანდრე სოლჟენიცინის საბჭოთა კავშირის კოლაფსის დროინდელი ერთ-ერთი გამონათქვამი დღესაც აქტუალურია, რომლის თანახმად, მწერალი გვაფრთხილებს, თუ რამდენად რთული შეიძლება იყოს იმპერიის დაშლის შედეგად წარმოქმნილი პრობლემებისადმი გამკლავება. „კომუნიზმის საათმა უკვე ჩამოჰკრა, მისი დრო ამოიწურა, მაგრამ კომუნისტების მიერ აშენებული ბეტონის ნაგებობები ჯერ კიდევ არ დანგრეულა“, - წერდა ალექსანდრე სოლჟენიცინი. ამიტომაც მთავარი ამოცანა შესაძლოა არა იმდენად „კომუნიზმისაგან გათავისუფლებაში“ გამოიხატებოდეს, არამედ იმაში, რომ „როგორმე მის ნანგრევებში არ გავიჭყლიტოთ“. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ