"ნებისმიერმა უნდა იცოდეს, რომ შეიძლება თავადაც მოხვდეს განსასჯელის სკამზე" - კვირის პალიტრა

"ნებისმიერმა უნდა იცოდეს, რომ შეიძლება თავადაც მოხვდეს განსასჯელის სკამზე"

ჟურნალისტი ნინო დარასელი იმ ცნობილი ქალების რიგს მიეკუთვნება, რომლებმაც შეძლეს, მყარი ოჯახიც შეექმნათ და წარმატებული კარიერაც ჰქონოდათ. ქალბატონი ნინო ყველაფერს იმით ხსნის, რომ სიყვარულით გაჟღენთილ ატმოსფეროში გაიზარდა: მამამისი ცნობილი ჟურნალისტი - ზაზა დარასელი გახლდათ, ხოლო დედა - რუსუდან კერვალიშვილი. მშობლებს ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. თავად ნინოს ქორწინებამ კი ორ ათეულ წელზე მეტხანს გაუძლო.

- ქალბატონო ნინო, როგორ გახსენდებათ თქვენი ბავშვობა, ოჯახის წევრები?

- ბავშვობა ძალიან ტკბილად მახსენდება და ხშირად ვფიქრობ: ადამიანი მანამ არის მართლა ბედნიერი, სანამ გვერდით ბებია და ბაბუა ჰყავს. ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი პერიოდი სწორედ იმ დროს უკავშირდება, როდესაც დიდი ბებია, დიდი ბაბუა, პატარა ბებია და ბაბუა, დედა, დეიდა, მამა, ბიძა, მე და ჩემი დეიდაშვილი - გუკა ერთ სახლში ვცხოვრობდით. მიუხედავად იმისა, რომ სამი ოთახი იყო, დისკომფორტი წამითაც არ მიგრძნია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დიდ სიყვარულში გავიზარდე.

- ერეოდა თუ არა ოჯახი თქვენს გადაწყვეტილებებში და რამ განსაზღვრა თქვენი პროფესიული არჩევანი?

- სკოლა 1991 წელს დავასრულე ანუ იმ დროს, როცა ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო ომი, სიცივე და, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, სიბნელე იყო. პროფესიის არჩევაზე სერიოზულად არც კი ვფიქრობდი, ამიტომ ეს საკითხი მარტივად გადავწყვიტე: გერმანული სკოლა დავამთავრე და ბევრი ფიქრის გარეშე, გერმანისტიკაზე ჩავაბარე. მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივი ლექტორები გვყავდა, მაინც არავის ეხალისებოდა გაყინულ აუდიტორიებში ყოფნა და ლექციების მოსმენა. ინსტიტუტი დასრულებული არ მქონდა, როცა მამასთან მივედი ტელევიზიაში. ჟურნალისტიკა ბავშვობიდან მიტაცებდა და ის პროფესია ავირჩიე, რომელიც დღემდე ჩემს მთავარ სიყვარულად რჩება.

- ცნობილია, რომ კარიერის აწყობა ქალებს უფრო უჭირთ: ოჯახი, შვილები დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. თქვენ როგორ გაუმკლავდით ამას და რას ნიშნავს თქვენთვის ოჯახის სიყვარული?

- ჩემმა მეუღლემ, ნიკა ბერაძემ საოცარი თავისუფლება მომცა და არასდროს შევუზღუდივარ არჩევანში, თუმცა ახალ პროექტებს ხშირად მასთან ერთად განვიხილავდი. ოჯახის წევრების ხელშეწყობასა და თანადგომას ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მუშაობა რომ დავიწყე, ჩემი პირველი შვილი, ზაზუკა, უკვე 4 წლისა იყო. მისი გაჩენა იმ ბნელ პერიოდში ჩემი ოჯახისთვის იმხელა გამონათება იყო, რომ პატარას ხელიდან მართმევდნენ. ოჯახის წევრები მეხმარებოდნენ კი არა, შეიძლება ითქვას, იქით ვეხმარებოდი მის აღზრდაში. ის ახლა დიდია და უკვე თავად მეხმარება თავისი რჩევებით. მეც ყველაზე მეტად მის აზრს ვითვალისწინებ. ყოველი ახალი საქმის წამოწყებისას მის შეფასებებს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ბუნებრივიცაა: ზაზუკა ახალგაზრდაა, სულ სხვა აზროვნებით, მომავლის უკეთესი ხედვითა და აწმყოს ადეკვატური აღქმით, ამავდროულად, ჩემზე უფრო დინჯი და გონიერია...

- ცნობილია, როგორ უყვარდათ ერთმანეთი თქვენს დეიდას, მაიასა და მის მეუღლეს, ვახტანგ რჩეულიშვილს. თქვენ როგორ გახსენდებათ ბიძა?

- რადგან მამა ადრე გარდამეცვალა, ჩვენს ოჯახში მთავარი ბაბუობა ვახტანგ რჩეულიშვილმა იტვირთა. არც კი ვიცი, ვახოსნაირად კიდევ ვის შეეძლო ბავშვების მოვლა და მათთან თანასწორივით მოქცევა, თანაბარი ურთიერთობა. რადგან ვახო ბავშვებთან მეტისმეტად ლიბერალური იყო, ამის გამო ჩემს თავს მასთან კამათის უფლებას ვაძლევდი. დღეს ამას ძალიან ვნანობ! ვერც კი მოვასწარი მეთქვა, სინამდვილეში როგორ ვაფასებდი და როგორ მაოცებდა თავისი გონიერებით, უსაზღვრო თავისუფლებითა და უშიშარი ბუნებით.

- საქართველოში ბევრი მიიჩნევს, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა თანამედროვე სტანდარტებს ოდნავადაც ვერ აკმაყოფილებს. ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენი ოჯახი ამ უსამართლო სასამართლომ ძალიან დააზარალა?

- ამ რამდენიმე დღის წინ, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეს რომ ვუსმენდი, სულ ჩვენი ოჯახისა და "ცენტრ პოინტის" საქმე მახსენდებოდა: კარგია, რომ მათ მოახერხეს, ომის და მსოფლიო ფინანსური კრიზისის პირობებში თავიანთი ბიზნესი გადაერჩინათ, ჩვენებმა კი ეს ვერ შეძლეს, მიუხედავად ბევრი მცდელობისა. სახელმწიფომ, იმის მაგივრად, რომ დაზარალებულ კომპანიას და მისგან დაზარალებულ მენაშენეებს დახმარებოდა, დასჯის გზა აირჩია. ჩვენი სასამართლო ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს - სხვა რა უნდა ვთქვა?! უბრალოდ, ნებისმიერმა ხელისუფალმა უნდა იცოდეს, რომ ოდესმე თავადაც შეიძლება მოხვდეს განსასჯელის სკამზე და მისი ბედი ამ უსამართლო სასამართლომ გადაწყვიტოს. ამის მაგალითები თანამედროვე ისტორიაში უკვე ბლომად ვნახეთ.

- დაბოლოს, გასული წელი თქვენი ოჯახისთვის ფეხბედნიერი აღმოჩნდა. რას ელოდებით ახალი, 2022 წლისგან?

- დიახ, ხუთი წლის შემდეგ, პირველ ახალ წელს შევხვდით ბედნიერად და ერთად. მართალია, ეს ძალიან შორსაა იმ იდეალური ახალი წლებისგან, დიდი ოჯახით რომ ვხვდებოდით, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. მთავარია, კარგად ვიყოთ და ყველაფერს ეშველება, რადგან ყოველი ახალი წელი, ყოველი ახალი დღე ჩვენს ცხოვრებაში ახალი შანსის და ახალი წარმატების მომტანია.

ხათუნა ჩიგოგიძე

ჟურნალი "გზა"