"ღალატის მეტი რა მინახავს ცხოვრებაში..." - კვირის პალიტრა

"ღალატის მეტი რა მინახავს ცხოვრებაში..."

პოეტ თემურ ჩალაბაშვილთან საუბარი ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციებს აღძრავს - ამას მისი ლექსები, თავისი ქვეყნისა და ხალხის მიმართ უსაზღვრო სიყვარული და უკეთესი ხვალინდელი დღის მოლოდინი განაპირობებს...

- "ადამიანებად ჩვენ გვხდიან დედა და მამა, ადამიანურად კი - აღზრდა" (კარლ ვებერი).

- რადგან აღზრდაც ინდივიდუალურია და თავად ადამიანიც ინდივიდია, ყველას თავისებურად ესმის ეს საკითხი. რასაკვირველია, გონიერ ადამიანებს ვგულისხმობ. მშობლები კი გვზრდიან და ბევრ რამესაც გვასწავლიან, ხელს გვიწყობენ განვითარებაში, მაგრამ ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ "მარტო წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამც არ უშველა". ღვთისგან დაგყვება ბევრი რამ. ამიტომაც ვიცით თქმა, ღვთისნიერიაო... მოკლედ, უპირველესი მაინც ბუნებაა. დარიგება და დიდაქტიკა არ მაკლდა, მაგრამ მშობლების ყოველდღიურ ქცევაში ვხედავდი ზნეობრიობას და მე პირადად, ამ ცოცხალ მაგალითებზე ვიზრდებოდი.

- "სამშობლო ყველაფერი ისაა, ურომლისოდაც სიცოცხლე არ შეგიძლია" (ნოდარ დუმბაძე).

- დიდი მწერალია ნოდარ დუმბაძე. ჩვენ პატარა ერი ვართ, მაგრამ ისეთი და იმხელა მწერლები გვყავს, მსოფლიოს ეყოფა: რევაზ ინანიშვილი, გურამ გეგეშიძე, გურამ დოჩანაშვილი, გიორგი შატბერაშვილი, რომელი ერთი გენიალური მწერალი ვახსენო?!. ჩემთვის სამშობლო კიდევ სხვა რამეა, შეიძლება ფანდურის ერთი აკორდია, შეიძლება სიმია, რომელიც ბუნებიდან, ტყის სიჩუმიდან გესმის ან ბალახის ნამში ხედავ.

- "უამრავი ნაკლის მიუხედავად, ქართველს ისეთი თაკარა გული, უმრწესი სული და მაღალი ბუნება აქვს, მთელ სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადიული თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს" (ნოდარ დუმბაძე).

- ეს ისეთი ნათქვამია, რომ მე ვერაფერს დავამატებ და არც დავამატებ. ის თაკარა გული მეტ-ნაკლებად შევინარჩუნეთ. რიცხოვნობას ამ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა, გადარჩენისთვის ცეცხლის ერთი მუგუზალიც კმარა, ამიტომ ხელის ჩაქნევად არ ღირს დღევანდელი მდგომარეობა.

- "ავი კაცი რამდენადაც მეცნიერია, დიდი სწავლული, იმოდენად უფრო ძლიერ საშიშია, უფრო ძლიერ მავნებელია" (ილია ჭავჭავაძე).

- ილიას გენიალობა სწორედ ისაა, რომ დღევანდელობასაც ეხმაურება და მის მიერ დასმული პრობლემები დღესაც დღის წესრიგშია, თუნდაც ხიდჩატეხილობის პრობლემა აიღეთ. ილიას არაერთი ნაწარმოები არა მხოლოდ იმ საუკუნის, არამედ მომავალი საუკუნეებისაც იქნება. როგორ შეიძლება, "ვეფხისტყაოსანი" მხოლოდ XII საუკუნის ნაწარმოებად ჩათვალო?!. მართლაც რომ საშიშია განსწავლული კაცი, უნიჭომ რა უნდა მოიფიქროს ისეთი, რომ დედამიწა შეძრას! შეიძლება ვინმემ საძაგელი საქციელი ჩაიდინოს, მაგრამ განსწავლული გაიძვერა რასაც ჩაიდენს და მოიფიქრებს, ტყუილია. მე კი მინდა, რომ ყველა განსწავლული კეთილშობილიც იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ არის.

- "ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები" (კონსტანტინე გამსახურდია).

- ხელოვანისთვის ეს განსაკუთრებულად მტკივნეულია. როგორ უნდა ვთქვა გამსახურდიაზე უკეთ?! მეც ასე მესმის და ასე მჯერა. ბედნიერი ვარ, რომ კონსტანტინე გამსახურდიას ნაჩუქარი წიგნი მაქვს სახლში, მისი ავტოგრაფით. ეს ჩემთვის ძალიან საამაყოა და ალბათ ჩემი შვილიშვილებიც იამაყებენ.

- "ნამდვილი მეგობრები ლხინის დროს გიდგანან გვერდით, გამარჯვებები უხარიათ, სიხარულში არ გტოვებენ. ყალბი მეგობრები კი მხოლოდ გასაჭირში ჩნდებიან, საოცრად მოწყენილ, სოლიდარობის გამომხატველ სახეებს მიიწებებენ და ხვდები, რომ შენი ტკივილი მათთვის თავიანთი უჟმური ცხოვრების მალამოა და სხვა არაფერი. მძულს ასეთი ფარისევლობა" (პაოლო კოელიო).

- მინახავს, ერთი ადამიანი ეკითხება მეორეს რაღაც დარდზე და როდესაც იგებს, რომ პრობლემა უკვე მოხსნილია, ვითომ შეიცხადებს, მაგრამ სახეზე ეწერება, რომ ეს სიკეთე შეშურდა. გამოდის, ჭირში თანაგიგრძნობს, მაგრამ ლხინში თანადგომა ეძნელება. ვისაც ლხინში უჭირს ადამიანის გვერდით დგომა, იმას მეგობარი არ ჰქვია.

- "ოჯახი უნდა იყოს სახლი სათნოებისა და სახლი სიყვარულისა" (ღირსი იოსებ ოპტინელი).

- ოჯახი დაბურული ტყეა, სადაც შეხვალ და დაიკარგებიო, ასეც ამბობენ, მაგრამ მე იმის უფრო მჯერა, რომ ოჯახი სახლია სათნოებისა და სიყვარულისა. სხვისი ოჯახისას ვერაფერს გაიგებ. შეიძლება საზოგადოების კეთილგანწყობით სარგებლობდეს, მაგრამ ღრმად თუ ჩაიხედავ, ისეთი უკეთურობა ხდებოდეს, შეიშალო, შეიძლება პირიქით - ერთ ჩვეულებრივ ოჯახად მიგაჩნდეს და როდესაც ახლოს გაიცნობ, ისეთი სიწმინდე ნახო, რომ ამან გადაგრიოს. პირადად მე ძალიან დიდ ძალას მაძლევს ოჯახი. თუ კაცი ცოლ-შვილშიც ვერ ისვენებს და ბორგავს ამ ისედაც აბორგებულ წუთისოფელში, ის ოჯახი ოჯახად არ მიმაჩნია. ყველაფერი დალაგებული არსად არ არის და ვერც იქნება, ესეც გასაგებია, მაგრამ გააჩნია პრობლემებსაც. ჩემი ოჯახიდან გამომდინარე ვამბობ ამას, სხვისი რა მოგახსენოთ?! დღეს ოჯახებს ადვილად ქმნიან და ასევე ადვილად ანგრევენ. ეს მტკივნეული თემაა, თუმცა ტყუილზე აგებულ ურთიერთობებს ოჯახის დანგრევა სჯობს.

- "კაცები მოწყენილობის გამო ქორწინდებიან, ქალებს ინტერესი აწუხებთ. ბოლოს კი ორივე იმედგაცრუებული რჩება" (ოსკარ უაილდი).

- რას ლაპარაკობთ, მოწყენილობის გამო კი არ ვქორწინდებით, მოწყენილები მერე ვხდებით ხოლმე, ქორწინების შემდეგ... რა თქმა უნდა, ვხუმრობ. მოწყენის გამო ვინც ქორწინდება, რთულია მისი ცხოვრება. სიხარულიც შეგხვდება ცხოვრებაში და წყენაც, მაგრამ შენი განწყობა ხომ არ უნდა გადასდო ქალს?! იმიტომ უნდა დაქორწინდე, რომ ბედნიერი გახადო სხვა და არა იმიტომ, შენი ნაღველი და დარდი გადასდო.

- "მიუთითე საყვარელ მამაკაცს ნაკლზე და მოსისხლე მტერს შეიძენ" (დოროთი პარკერი).

- გულწრფელად გეტყვით, რომ შენიშვნები არ მწყინს, ყურადღებით ვიღებ და ვცდილობ, გამოვასწორო. მეუღლისგან ყველაზე ხშირად მესმის საყვედური, ნუ სვამო და ახლა რაღა შემცვლის?!.

- "თავის თავზე დიდი წარმოდგენა მოკლე ჭკუის ერთ-ერთი ნიშანიაო" (სოფოკლე).

- თუ თავის თავზე წარმოდგენა არა აქვს კაცს, არარაობაა, მაგრამ ზომაზე მეტი ამბიცია ალბათ იმაზე მიანიშნებს, რასაც სოფოკლე ბრძანებს. ზომიერი ამბიცია მისაღებია ჩემთვის. ხშირად ამბობენ, ლექსებს ვწერ, მაგრამ პოეტობის პრეტენზია არ მაქვსო. აბა, რისი პრეტენზია აქვს, ლექსებს თუ წერს, გამოქვეყნებას რაღა უდგას წინ?

- "რაც უფრო ცოტა მჭირდებოდა, მით უფრო უკეთ ვგრძნობდი თავს" (ჩარლზ ბუკოვსკი).

- ასეა, რაც უფრო ცოტა სჭირდება ადამიანს, მით უფრო დიადი მგონია. ბევრი რომ გვინდა, ამიტომაა, ცოტასაც რომ ვერ ვიღებთ. ზოგჯერ ისეთი რამ შეგვძრავს, იფიქრებ, რომ თურმე შენი ტკივილი მონაგონია. ამიტომ რაც ღმერთმა მოგვცა, იმას უნდა დასჯერდეს გული და გონება. იმას კი არ ვამბობ, რომ ყველაფრით კმაყოფილი უნდა იყო, მაგრამ ზომა-წონა უნდა იცოდე.

- "ზურგში დანას სწორედ ისეთი ადამიანი ჩაგცემს, რომლისთვისაც მზადა ხარ, საფრთხის შემთხვევაში მკერდი მიუშვირო" (ელჩინ საფარლი).

- ხდება ასე, ღალატის მეტი რა მინახავს ცხოვრებაში, მაგრამ სიკეთე უფრო მეტი მახსოვს. ცუდი წაშლილა, დამივიწყებია, რადგან შემიძლია ვაპატიო.

- "მდაბალ გრძნობათაგან ყველაზე უმდაბლესია შიში" (შექსპირი).

- უშიშარი ვინ არის, მაგრამ შიში რომ ვერ იხსნის სიკვდილს, ესეც ხომ ვიცით? მე იმის მეშინია, ერთ დღეს ლექსი რომ აღარ დავწერო, და კიდევ იმის, დედაჩემი რომ ვერ ვნახო, როდესაც წავალ...

- "თუ ერთმანეთს ხელი გავუწოდეთ, სასწაულები მოხდება და შობის დღე მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება" (ჯანი როდარი).

- ჩემს ხალხს გონებას ვუსურვებდი ამ გაჭირვების ჟამს. დღეს ძალიან რომ გვიჭირს, რად უნდა ამას ლაპარაკი. ყველას თავისი საქმე გვეკეთებინოს, გავუფრთხილდეთ ამ ჩვენს პატარა ქვეყანას; შერიგების წელი ყოფილიყოს, ოღონდ ისეთ შერიგებას არ ვგულისხმობ, ხელს რომ ჩამოართმევ და მეორე ხელი გამზადებული რომ გაქვს ლოყაში გასარტყმელად. ჩვენს დღევანდელ საუბარს კი ერთი ლექსით დავასრულებ: "ვცოცხლობ უფლის განაჩენით, მწამს ღმერთი და სულიწმიდა, სხვა ჯანდაბას დანარჩენი, ქვეყნის გადარჩენა მინდა".

ნინო ჯავახიშვილი

ჟურნალი "გზა"