ანტიკური ელეუსა სებასტეს რომაული წარმოდგენები - კვირის პალიტრა

ანტიკური ელეუსა სებასტეს რომაული წარმოდგენები

იხილეთ წინა ბლოგი

ქალწულის ციხის ამაო "დალაშქვრის" შემდეგ ვისადილეთ და ჩვენი ქალაქიდან 5-7 წუთის სავალზე, შემაღლებულ ადგილას, ანტიკური ქალაქის - ელეუსა სებასტეს ნანგრევები დავათვალიერეთ. ისიც ზღვის სანაპიროდან იშლებოდა და თანდათან მაღლა იწევდა, მთის ფერდობზე.

2. ელეუსა სებასტეს ბიზანტიური სასახლის ნანგრევები გათხრების საწყის ეტაპზე
ელეუსა სებასტეს ბიზანტიური სასახლის ნანგრევები გათხრების საწყის ეტაპზე

ქალაქის ნანგრევებიდან ხელისგულივით მოჩანდა ჩვენი კიზ კალესი და, ცხადია - ქალწულის ციხეც. ერთ დროს - რომაულ და ბიზანტიურ ხანაში ელეუსა სებასტე საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული ქალაქი ყოფილა. 1995 წლიდან იქ იტალიელების არქეოლოგიური ექსპედიცია მუშაობს, არქეოლოგ ევგენია შნაიდერის ხელმძღვანელობით. გათხრების შედეგად გამოჩნდა და გაიწმინდა რომაული ამფითეატრი, ბიზანტიური სასახლის ტერიტორია, ეკლესია, აგორა, აბანოები და კიდევ რამდენიმე ნაგებობა. ჩვენი იქ ყოფნისას მთელი ქალაქი ჯერ კიდევ არ ჰქონდათ გათხრილი, მაგრამ რაც ჩანდა, ისიც საკმაოდ შთამბეჭდავი იყო.

33. თამთა ჭანტურია და ბიზანტიური სასახლის ნანგრევები მაგისტრალის ორ მხარეს
თამთა ჭანტურია და ბიზანტიური სასახლის ნანგრევები მაგისტრალის ორ მხარეს

ანტიკურ ქალაქს თავდაპირველად მხოლოდ ელეუსა ერქვა. ქალაქის ნანგრევები უდიდეს ქალაქ მერსინთან ახლოს მდებარე სოფელ აიაშთანაც კი აღმოუჩენიათ და უმეტესი ნაწილი ქვიშითაა დაფარული.

4-2-1643366657.jpg
ბიზანტიური სასახლის ნანგრევები. დეტალი

ელეუსა სებასტეში აღმოჩენილი პირველი დასახლების კვალი, სავარაუდოდ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე II საუკუნით თარიღდება. სტრაბონის აღწერით, ძველი დასახლება მდებარეობდა ნაყოფიერ კუნძულზე, რომელიც შემდეგ ხმელეთს შეერთებია და ასე შექმნილა ნახევარკუნძული.

5-2-1643366724.jpg
ელეუსა სებასტეს ამფითეატრი გათხრების დასაწყისში

ჩვ. წ. დაახლოებით, 25 წ. რომის იმპერატორ ოქტავიანე ავგუსტუსს კილიკიის ნაწილი და მცირე სომხეთი გადაუცია კაპადოკიის მეფის - არქელაოს ფილოპატორისთვის. რომაელებმა არქელაოსსავე მისცეს კილიკიის ტრაქეის ანუ მთიანეთის ნაწილი ელეუსას გარშემო, ხოლო მთელი რეგიონი - მეკობრეების სათარეშოდ და თავშესაფრად დატოვეს.

6-1643366795.jpg
ამფითეატრის ქვის რიგები ზოგან კარგად იყო შემონახული, ზოგან - ნახევრად „შეჭმული“

არქელაოსმა ქვეყნის დედაქალაქი ელეუსაში გადაიტანა, აქ ააშენა სასახლე, ხოლო ქალაქს იმპერატორ ავგუსტუსის პატივსაცემად სებასტე ანუ ლათინური "ავგუსტუსის" ბერძნული შესატყვისი - "სებასტე", ქართულად - "წმინდა" უწოდა. სებასტემ განვითარების პიკს მიაღწია 74 წლის შემდეგ, როდესაც რომის იმპერატორმა ვესპასიანემ კილიკია მეკობრეებისგან გაასუფთავა.

VI საუკუნეში, მეზობელი კორიკოსის აღზევებასთან ერთად, სებასტე დაკნინებულა...

7-1643368222.jpg
წარმოსახვით თეატრალურ წარმოდგენაზე სახელწოდებით - „რომაული ლეგენდები“ დისტანციის დაცვა არ გაგვჭირვებია

ნახევარკუნძულზე მდებარე ტერიტორიის გათხრების დროს აღმოაჩინეს რომის იმპერიის აყვავების პერიოდის პორტიკი, რომელიც ჩრდილოეთ პორტის სანაპირო ზოლის გასწვრივ მდებარეობს. როგორც ჩანს, V საუკუნეში თავდაცვითი კედლები კიდევ უფრო გამაგრდა, პერიმეტრის შიგნით კი აშენდა დიდი სასახლე, რომელიც, სავარაუდოდ, ბიზანტიელი მთავარსარდლის რეზიდენციას წარმოადგენდა. სასახლე უხვად ყოფილა მორთული. ცენტრში იყო დიდი მრგვალი ფორმის ოთახი კოლონადით, რამდენიმე სართულით, რომელსაც მრავალი დარბაზი და საცხოვრებელი ოთახი უერთდებოდა.

8-1643368286.jpg
23 რიგში მიმობნეულები უჩუმრად ვიცვლიდით „სავარძლებსა“ და საუკუნეებს

სასახლის კომპლექსი ნაწილობრივ, დაახლოებით, 530 წელს განადგურებულა და საბოლოოდ VII საუკუნის დასაწყისში მიუტოვებიათ.

9-1643368342.jpg
აგორას ნანგრევები, საიდანაც კარგად მოჩანს კიზ კალესი

დღევანდელი მაგისტრალის მოპირდაპირე მხარეს დგას ამფითეატრის პატარა ნაგებობა - სკამების მხოლოდ 23 მწკრივით, რომლის საფეხურები და დეკორაციები საუკუნეების განმავლობაში მრავალჯერ გაუძარცვავთ. ამფითეატრის მშენებლობა II საუკუნის პირველ ნახევარში დაწყებულა და იმპერატორ მარკუს ავრელიუსისა და ლუციუს ვერუსის (161-169) მეფობის დროს დასრულებულა.

10-1643368394.jpg
ეკლესიისა და აგორას სივრცის დეტალი

ამფითეატრის ქვის რიგები ზოგან კარგად იყო შემონახული, ზოგან - ნახევრად შეჭმული. მის ერთ მხარეს ქვის ნაკეთობების აღდგენა დაუწყიათ. უნდა გენახათ, როგორ დავიპყარით სიმუსებმა ამფითეატრის "სავარძლები". მაშინ პანდემია არ იყო, თორემ წარმოსახვითი თეატრალური წარმოდგენის "მიმდინარეობისას", რომელსაც სახელად "რომაული ლეგენდები" დავარქვი, არც დისტანციის დაცვა გაგვიჭირდებოდა და არც მობილურების რეკვით შეწუხდებოდა ვინმე - ჩვენ მხოლოდ 9-ნი გახლდით, ამფითეატრის 23 რიგში მიმობნეულები და უჩუმრად ვიცვლიდით სავარძლებსა და საუკუნეებს.

11-2-1643368449.jpg
ეკლესიის დეტალი

ამფითეატრის გვერდით ყოფილა აგორა, ადგილი, სადაც სახალხო კრება იმართებოდა ხოლმე, ხოლო მის შიგნით მდგარა დიდი ეკლესია ულამაზესი მოზაიკით დამშვენებული იატაკით, რომელიც კიდევ უფრო მეტად დაზიანების ასაცილებლად დღეს ნაწილობრივ ქვიშითაა დაფარული.

12-1643368499.jpg
ეკლესიის მოზაიკა

ელეუსა სებასტეს ნანგრევებს შორის არის, თურმე, აბანოს დიდი კომპლექსი და კილიკიის ერთ-ერთი უდიდესი ნეკროპოლისი, სადაც დღემდე ასამდე სხვადასხვა სახის სამარხია შემორჩენი.

14-1643369491.jpg
ეკლესიის მოზაიკის დეტალი - თევზები

აბანოს კომპლექსი და ნეკროპოლისი ჩვენ არ გვინახავს, მაგრამ რაც ვნახეთ, მანაც უდიდესი შთაბეჭდილება დაგვიტოვა.

(გაგრძელება იქნება)

ირმა ხარშილაძე