EXCLUSIVE: "სანდროს სიკვდილის შემდეგ ერთ წელზე მეტხანს იცხოვრა და სულ ამბობდა, ამდენ ხანს როგორ გავძელი, როგორ ვარ ცოცხალიო?!" - კვირის პალიტრა

EXCLUSIVE: "სანდროს სიკვდილის შემდეგ ერთ წელზე მეტხანს იცხოვრა და სულ ამბობდა, ამდენ ხანს როგორ გავძელი, როგორ ვარ ცოცხალიო?!"

არქივი, 28 იანვარი 2022 წელი

28 იანვარს სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 16 წელი გავიდა. 28 წლის სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი ძალოვნებმა გაიტაცეს და მეორე დღეს, 28 იანვარს, სანდრო ოქროყანაში მოკლული იპოვეს. მას სხეულზე მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა. სანდროს მკვლელობა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კრიმინალური საქმეა.

სანდრო გირგვლიანის დედამ, ირინა ენუქიძემ, მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს პირდაპირ დასდო ბრალი შვილის მკვლელობის დაგეგმვაში და იმ ოფიციალურ პირთა დაუყოვნებლივ დასჯა მოითხოვა, რომლებიც "შარდენ ბარში" იმყოფებოდნენ და მისი შვილის მკვლელობასთან ჰქონდათ კავშირი. შვილმკვდარი დედა სიცოცხლის ბოლო წუთამდე იბრძოდა დამნაშავეების დასასჯელად, ხალხი ქუჩაში გამოვიდა, თუმცა ამდენი წლის შემდეგაც არ არის ამ საქმეში გარეული ყველა პირი დასჯილი. გამოძიებით დადგენილია, რომ 2006 წლის 27 იანვარს, თბილისში, კაფე "შარდენ ბარში“ ვანო მერაბიშვილის მეუღლე თამარ (თაკო) მერაბიშვილს (სალაყაია), დავით ახალაიას, ოლეგ მელნიკოვს, გურამ დონაძეს და სხვებს, ამავე ბარში მყოფ სანდრო გირგვლიანთან და მის მეგობარ ლევან ბუხაიძესთან მოუხდათ შელაპარაკება. წარმოქმნილი კონფლიქტის საფუძველზე, შურისძიების მიზნით, დავით ახალაიას დავალებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სანდრო გირგვლიანი და ლევან ბუხაიძე ძალის გამოყენებით გაიტაცეს ქალაქგარეთ, ოქროყანის სასაფლაოზე და, ასევე, დავით ახალაიას დავალებით, უმოწყალოდ სცემეს და აწამეს. კუდის თანამშრომლებმა, დამცირების მიზნით, გაუსაძლის სიცივესა და ყინვაში გააშიშვლეს ლევან ბუხაიძე, ხოლო სანდრო გირგვლიანის გაშიშვლება შეძლეს წელზემოთ და მჩხვლეტავი ბასრი საგნის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენეს მრავლობითი ჭრილობა, მათ შორის - 12 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა კისრის არეში. გარდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობებისა, სანდრო გირგვლიანს მიაყენეს ნაკვეთი ჭრილობები მარცხენა ზედა კიდურის არეში. მას სხეულზე ასევე აღენიშნებოდა მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

აღნიშნულ საქმეზე 2006 წელს გასამართლდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები - ალანია, ღაჭავა, ბიბილურიძე და აფციაური, რომლებიც სასჯელაღსრულების მე-10 დაწესებულებაში იმყოფებოდნენ კომფორტულ და პრივილეგირებულ მდგომარეობაში, სასჯელის მოხდის პერიოდში, საპატიმრო დაწესებულებას ტოვებდნენ ყოველგვარი დოკუმენტაციის და ნებართვის გარეშე და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან წინასწარი შეთანხმებით, 2008 წელს შეიწყალეს კიდეც.

სწორედ ამიტომ დღეს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენებით, ამ ეპიზოდში დამნაშავედაა ცნობილი და მას პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის 3 წელი აქვს მისჯილი. საქმე ეხება სწორედ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა წინასწარი შეთანხმებით შეწყალების ეპიზოდს.

ფაქტია, სანდრო გირგვლიანის საქმემ წინა ხელისუფლების მწვავე კრიტიკა გამოიწვია და შემდგომ ამ საქმის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და საერთოდ, წინა მთავრობა შეარყია კიდეც.

16 წელია, ამ დღეს სანდრო გირგვლიანის საფლავთან მისი მამა, გურამ გირგვლიანი, სანდროს მეგობრები და ნათესავები იკრიბებიან. "კვირის პალიტრამ" რამდენიმე კითხვით მიმართა ბატონ გურამ გირგვლიანს, რომელსაც არ უყვარს ინტერვიუები, მაგრამ ამჯერად ჩვენს კითხვებს მაინც უპასუხა.

- ბატონო გურამ, დღეს 16 წელი გავიდა სანდროს მკვლელობიდან, ამჟამად ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იხდის სასჯელს თქვენი შვილის მკვლელების შეწყალების გამო, თუმცა, ალბათ, მოისმინეთ კიდეც მისი პოზიცია ამ საქმეზე, რა შეფასებას მისცემთ მის განცხადებას?

- რა უნდა ვთქვა, როცა მან საერთოდ ის თქვა, არ ვიცი, ვინ არის სანდრო გირგვლიანი და ეს ამბავი პიარისთვისაა მოგონილიო. რა უნდა თქვა ასეთ ადამიანზე? გარდა იმისა, რომ ყველამ იცით, სტრასბურგში მოვიგეთ ეს პროცესი - საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და ყველაფერი ცნობილია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ადამიანი, სააკაშვილი, საერთოდ ჭკუიდანაა გადასული და არ იცის, რას ამბობს. რა უნდა თქვა მასზე? ან რომელ სინანულზეა საუბარი, ამხელა ტრაგედია მოხდა და სინანული მისი მხრიდან კი არა, "ნაცმოძრაობის" არც ერთი წევრის მხრიდან, არავის გამოუხატავს. ახლაც იმას ამბობენ, ყველაფერში მართლები ვართო. თურმე, დღეს ყოფილა ყველაზე ცუდი მდგომარეობა საქართველოში და მათ დროს ყველაფერი კარგად იყო. არ მინდა ახლა ამაზე საუბარი, ამ თემაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ბევრი რამის გახსენება შეიძლება.

ვერც გაიგებ, პირველი მეორე ცოლია, თუ რა ხდება მის პირადში, მაგრამ მაშინ, როცა ირინა ენუქიძე ქუჩაში გამოდიოდა და შვილის მკვლელობას აპროტესტებდა, სანდრა რულოვსმა თქვა, დაჯდეს სახლის კუთხეში და იტიროს, ქუჩაში კი არ უნდა გამოდიოდესო. ამ ხალხზე სხვა რა უნდა ვილაპარაკო, რა სინანულზეა ლაპარაკი? მიჭირს ამ თემაზე საუბარი.

- ბატონო გურამ, როგორ გაიარა ამ წლებმა თქვენთვის?

- ეს ჩემი პირადულია და ამ დეტალებზე საჯაროდ ვერ ვილაპარაკებ, რადგან არ მიყვარს აფიშირება. სანდრო ყოველთვის არის და იქნება. დღესაც ვიკრიბებით სანდროს საფლავთან. 13 თებერვალს სანდროს დაბადების დღეა და ამ დღეს ყოველთვის სვანეთში, მესტიაში ვარ, იქ ჩამოდიან ბიჭები, სანდროს მეგობრები, მაქსიმუმ ერთი კვირით და ყოველ წელს იქ ერთად აღვნიშნავთ მის დაბადების დღეს. სულ მოდიან ჩემთან. ეს არ არის ის ურთიერთობა, ადამიანები, რომ მიდიან და მერე აღარც ახსოვთ, ან ეპიზოდურად ახსოვთ გარდაცვალების და დაბადების დღეზე. ჩვენთან ასე არ არის, ფაქტობრივად, მის მეგობრებს სანდრო ყოველდღე ახსოვთ და მე მათთან თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს. დიდია სანდროს ბიჭების როლი, მას მართლა კარგი მეგობრები ჰყავს. ძალიან გაუმართლა მეგობრებში.

13 თებერვალს ჩემთან, სახლში, მესტიაში დიდი ხალხმრავლობაა ხოლმე, სანდროს მეგობრები ოჯახებითაც ჩამოდიან, მათ გვერდით მათი შვილებიც არიან ხოლმე. უკვე გაიზარდნენ ბავშვები და როცა ბიჭები ჩემთან მოდიან, ესენი მამებს სთხოვენ, ჩვენც წაგვიყვანეთო. ეს არის საოცარი ურთიერთობა, შინაგანადაა გამჯდარი. ჩემთვის მათი სტუმრობა ჩვეულებრივი მოვლენაა. არ არის სავალდებულო ისიც, რომ აუცილებლად მე დავხვდე სახლში. იქ, სახლში, არავინ ცხოვრობს, თუ მე არ ვარ, შეუძლიათ ოჯახებით ავიდნენ. შვილებს მოკიდებენ ხელს და წელიწადში 4-5 ჯერ მაინც ადიან ჩემთან, მესტიაში და სასიამოვნო აურზაურია ხოლმე.

დღესაც ისევ შევიკრიბებით, ჩემი სანათესაოც მოდის, დები, ნათესავები, სანდროს მეგობრები და ყველანი ერთად ვართ, 16 წელი გავიდა... სხვათა შორის, როდესაც პოლიტიკური მუხტი აწეულია, პოლიტიკოსებიც კი გვსტუმრობენ ხოლმე. სანდროს საფლავზე ის ბიჭებიც ამოდიან, რომლებიც ჩვენს ოჯახს მხარში ამოუდგნენ მაშინ, როდესაც საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. ის ახალგაზრდები სულ ჩვენ გვერდზე იდგნენ და იმ სისტემის წინააღმდეგ იბრძოდნენ. იმის მიუხედავად, რომ სულ ცემა-ტყეპაში იყვნენ იმ ხელისუფლების დროს, უბარტყუნებდნენ და კამერებშიც კი შეაგდეს მაშინ, დღეს ეს არავის ახსოვს იმ ხელისუფლებიდან, თუ როგორი სისტემური დანაშაულები ხდებოდა და ახლა ეს ხალხი პატარა გადაცდომაზე ამბობს, სისტემური დანაშაულიაო. არ მინდა პოლიტიკაზე საუბარი, სირცხვილია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხმას იღებს საერთოდ.

- რას გაიხსენებთ თქვენს შვილთან ურთიერთობიდან?

- გარდა მამაშვილური ურთიერთობისა, მე და სანდროს მამაკაცური ურთიერთობა გვქონდა. სულ ერთად დავდიოდით და მთელი საქართველოს მთა-ბარი ერთად გვაქვს შემოვლილი. ყველგან არის ნამყოფი. ტყე-ღრეში დამყავდა. მაშინ ათლეტური სკოლა იყო და იმ ბიჭებთან ერთად გაიზარდა. ყველაფერი ისწავლა კარგად, სხვანაირი სულის ბიჭი იყო და ამიტომ ჰყავს სანდროს ამდენი მეგობარი. ისიც რომ კარგი იყო, იმიტომ ახსოვს, ალბათ, ხალხს სანდრო. საოცარი დედაშვილობა ჰქონდათ ირინას და სანდროს. სულ სანდრო რომ ახსოვს ყველას, ეს ყელში აქვთ ამოსული დღევანდელ ოპოზიციას, "ნაცმოძრაობას".

- ქალბატონი ირინა ცოცხალი რომ ყოფილიყო და მიხეილ სააკაშვილის განცხადება მოესმინა, რას იტყოდა?

- ირინა ცოცხალი რომ ყოფილიყო, დასამარებული იქნებოდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც დღემდე არ არიან დაკავებულები და, წესით, ციხეში უნდა ისხდნენ. მიშა სააკაშვილზე არ არის მარტო ლაპარაკი, მერაბიშვილი, ახალაია და დანარჩენებიც. სამწუხაროდ, გამოძიება დღემდე არ არის დამთავრებული. ირინა ბოლომდე ჩაჰყვებოდა, თუმცა ამდენ ხანს ფიზიკურად ვერ გაძლებდა თავისი შვილის გარეშე. სანდროს სიკვდილის შემდეგ ერთ წელზე მეტხანს იცხოვრა და იმასაც ვერ იტანდა, სულ ამბობდა, ამდენ ხანს როგორ გავძელი და როგორ ვარ ცოცხალიო? ის რომ ცოცხალი იყოს, ვინც იცის ირინას მებრძოლი სული, ყველა მიხვდება, რა დღეში ჩააგდებდა მათ. ქართლურ-რაჭულ-გურული თვისებები ჰქონდა, ერთმანეთთან შერწყმული. მისი ბებია კირთაძის ქალი იყო, ძალიან ლამაზი ქალი. მისი გაზრდილი იყო ირინა, ამიტომ გურული ხასიათი უფრო ჭარბობდა მასში, მაგრამ ეს შეზავებული იყო რაჭულთან. ხვდებით, ალბათ, რამხელა ტკივილი იყო მისთვის შვილის მკვლელობა...

სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება სამართლიანობის აღდგენას, მარტო ჩემი ოჯახი არ არის, ბევრი ოჯახია მძიმე დღეში და ამ დრომდე სამართალი ვერ აღდგა.

(სპეციალურად საიტისთვის)

ასევე დაგაინტერესებთ:

"ბულია გინებით შემოვარდა, ხვიჩა გამოიქცა და სხვენზე ჩაიკეტა" - რატომ მოკლა ქართველმა ქართველი თურქეთში? - მკვლელობის გაუხმაურებელი დეტალები

"ამ ოჯახს 3 წლის წინ შვილი გარდაეცვალა, ახლა კი ამხელა ტრაგედია დაატყდათ თავს" - რას ჰყვებიან გლდანში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე

"გუშინ თვითონ გარდაცვლილი მივიდა მის ჭიშკართან, პიროტექნიკა ააფეთქა და ბრალდებული ეჭვობს, რომ ეს მიზანმიმართულად გააკეთა" - კახეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები