"პუტინი იქამდე გაიმარჯვებს, ვიდრე შრედინგერის კატა ცოცხალია" - კვირის პალიტრა

"პუტინი იქამდე გაიმარჯვებს, ვიდრე შრედინგერის კატა ცოცხალია"

"პუტინი იქამდე გაიმარჯვებს, ვიდრე შრედინგერის კატა ცოცხალია"

Bloomberg-ის სტატიის ავტორი რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებული დაპირისპირების ალტერნატიულ შეხედულებებზე წერს. ავტორის აზრით, რუსეთმა ეს კრიზისი სპეციალურად შექმნა, მას მოსწონს როცა მსოფლიო შიშს განიცდის.

"რამდენიმე სავარაუდო სცენარის განხორციელების მოლოდინში, რუსეთი დასავლეთსა და უკრაინას რთულ ვითარებაში ამყოფებს. თუმცა ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება.

გთავაზობთ ალტერნატიულ თვალსაზრისს ვლადიმერ პუტინისა და დასავლეთის დაპირისპირებაზე. საყურადღებოა, რომ პუტინმა, თითქოს, სპეციალურად შექმნა ისეთი კრიზისი, სადაც ყველაფერია მოსალოდნელი. ახლა შეიძლება, მან უკრაინაზე თავდასხმა ან განახორციელოს, ან - არა. პუტინი შესაძლოა, ესკალაციაზეც წავიდეს და დეესკალაციაზეც; შეუძლია, თავი წარმოაჩინოს როგორც აგრესორად, ასევე - მსხვერპლად.

მოდი, ამ ურთიერთგამომრიცხავ სცენარს სუპერპოზიცია ვუწოდოთ. პუტინი, "კაგებეს" მრავალწლიანი მომზადებითა და მსოფლმხედველობით, კარგად ხვდება, რომ თუ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ამ გზით მოახერხებს, შედეგად მეტ ძალაუფლებას მიიღებს. ჯერ ვერცერთ სცენარს ვერ გამოვრიცხავთ, რადგან რუსეთი მთელი მსოფლიოს ყურადღებას ისევ იპყრობს.

დღეს არც ერთი დიდი მასშტაბის პოლიტიკური შეკრება არ ტარდება რუსეთის საკითხის განხილვის გარეშე. ბაზარზე ენერგორესურსებისა და ფასიანი ქაღალდების ღირებულება რუსეთის სავარაუდო ქმედებისა და განცხადებების მიხედვით იცვლება. დიდი ქვეყნების, მათ შორის - უკრაინის წარმომადგენლები, სუნთქვაშეკრულნი ელოდებიან, როგორ შეიცვლება სიტუაცია, რადგან ახლა ყველაფერი სასწორზე დევს, მათ შორის - ადამიანთა სიცოცხლე.

მაგრამ როდემდე გაგრძელდება შესაძლებლობათა ასეთი სუპერპოზიცია? რაღაც მომენტში პუტინი იძულებული გახდება, სვლა განახორციელოს. უკრაინა და დასავლეთი კი იმ შემთხვევაში შეძლებენ საპასუხო ნაბიჯის გადადგმას, თუ ერთიანობას შეინარჩუნებენ. პუტინისთვის კი სიტუაცია ან კარგად განვითარდება, ან ცუდად და ამ ვითარებამ უნდა დააფიქროს იგი. შესაძლოა, ახლა რუსეთის პრეზიდენტის ძალაუფლება პიკს აღწევს, თუმცა მოსალოდნელია, რომ ვითარება შეიცვალოს და მისი ძალაუფლების დაღმასვლა დაიწყოს.

ასეთი სიტუაცია ცნობილ ექსპერიმენტს გვახსენებს, რომელსაც „შრედინგერის კატის“ სახელით ვიცნობთ. ექსპერიმენტი საზოგადოებას ნობელის პრემიის ლაურეატმა - ერვინ შრედინგერმა შესთავაზა.

კვანტური მექანიკის თანახმად, თუკი ბირთვზე დაკვირვება არ მიმდინარეობს, მაშინ მისი მდგომარეობა აღიწერება ორი მდგომარეობის სუპერპოზიციით - დაშლილი ბირთვისა და დაუშლელი ბირთვის, შესაბამისად, კატა, რომელიც ყუთშია მოთავსებული, ერთდროულად ცოცხალიცაა და მკვდარიც. თუკი ყუთს გავხსნით, ექსპერიმენტატორს შეუძლია ნახოს მისი მხოლოდ რომელიმე ერთი მდგომარეობა - „ბირთვი დაიშალა, კატა მკვდარია“ ან "ბირთვი არ დაშლილა, კატა ცოცხალია“. სანამ ყუთს გავხსნით, ორი მდგომარეობა ერთდროულად არსებობს, ამას კი სუპერპოზიცია ეწოდება. ეს იმ მდგომარეობას ჰგავს, რაც ახლა უკრაინაში ხდება - რუსეთის ჯარი ერთდროულად თავს ესხმის და, ამავე დროს, არ ესხმის.

შრედინგერმა წარმოიდგინა, რომ კატა ყუთშია და კატასთან ერთად ამ ყუთში მცირე რაოდენობის რადიოაქტიური ნივთიერებაა. მაშინ, როცა ერთი საათის შემდეგ ამ ნივთიერების დაშლა დაიწყება, ყუთი აფეთქდება, რაც კატას კლავს. რადიოაქტიური ნივთიერება კი სუპერპოზიციაშია, რომლის მიხედვითაც ის ერთდროულად იშლება და თან არ იშლება, სწორედ ამიტომ კატა ცოცხალიცაა და მკვდარიც.

ეს აბსურდია, მაგრამ სწორედ ამ აბსურდშია მთავარი აზრი. ასეთივე სუპერპოზიციაშია პუტინი, ის ერთდროულად თავს ესხმის უკრაინას და თან არც უტევს. თუმცა, შეუძლებელია უკრაინის საზღვართან გააჩერო 100 ათასი ჯარისკაცი და არ იმოქმედო. დროთა განმავლობაში, პუტინი იძულებული იქნება, ჯარი დაშალოს ან ტერიტორიაზე შეიჭრას.

პუტინისგან განსხვავებით, დასავლეთი ასეთ დუალურ პრინციპს ტაქტიკაში იშვიათად იყენებს. ნატო-რუსეთის დაპირისპირებაში ნატოს წევრმა ქვეყნებმა თითქმის გამორიცხეს, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრება. ამ შემთხვევაში დასავლეთს შეუძლია რუსეთი მცირე სანქციებით შეაშინოს. ეს შეიძლება რუსული ბანკებისთვის იყოს მოქმედების შეჩერება მსოფლიო მასშტაბით, რუსი ოლიგარქებისთვის სანქციების დაწესება და რუსეთ-გერმანიას შორის არსებულ ახალ გაზსადენზე მოხმარების შეწყვეტა. პუტინს შეუძლია გათვალოს, რა დანაკარგს მიიღებს უკრაინაში შესვლით და გადაწყვიტოს, უღირს თუ არა მსგავსი ნაბიჯის გადადგმა.

მნიშვნელოვანია, რომ პუტინი ამ დრომდე ყველაფერს აკეთებს, რათა ეს გაურკვევლობა შეინარჩუნოს. დასავლეთის მხრიდან მოსალოდნელი სანქციების წინასწარ განჭვრეტით, ის დამატებით სამხედრო-ტექნიკური ძალების მიღებაზე ფიქრობს. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია მოვისაზროთ, რა შეიძლება იყოს ეს დამატებით ზომები, რომელსაც პუტინი მიმართავს. მას ურთიერთობა აქვს ვენესუელის, კუბისა და ნიკარაგუის ხელისუფლებასთან და თუ რუსეთი ლათინურ ამერიკაში ბირთვული იარაღის განთავსებას შეძლებს, მაშინ შესაძლოა, კარიბის კრიზისი განმეორდეს.

პუტინი "კაგებეს" კაცია და შესაძლოა, მას მოსწონს კიდეც ის შიში, რომელსაც მსოფლიო განიცდის. ის საკმაოდ საშიშ თამაშს თამაშობ, როგორც ჩანს, პუტინმა ყუთში კატასთან ერთად, გეიგერის მთვლელი და რადიოაქტიური ნივთიერებაც მოათავსა. მსოფლიო ლოდინის რეჟიმშია, აფეთქდება თუ არა ყუთი, პუტინი კი ვითარებას აკვირდება, თუმცა მას ავიწყდება, რომ ნატოსა და უკრაინის ნაცვლად შესაძლოა, კატის პოზიციაში თავად აღმოჩნდეს.

(წყარო)