"ამ ოჯახს 3 წლის წინ შვილი გარდაეცვალა, ახლა კი ამხელა ტრაგედია დაატყდათ თავს" - რას ჰყვებიან გლდანში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე - კვირის პალიტრა

"ამ ოჯახს 3 წლის წინ შვილი გარდაეცვალა, ახლა კი ამხელა ტრაგედია დაატყდათ თავს" - რას ჰყვებიან გლდანში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე

გლდანში მომხდარმა უმძიმესმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. უკვე ცნობილია, რომ გარდაცვლილია ერთი ოჯახის 5 წევრი: 33 წლის ირაკლი შანიძე, მისი მეუღლე, რუსუდან ზაალიშვილი და სამი მცირეწლოვანი შვილი - 5, 6 და 12 წლის. სამწუხაროდ, მათი გარდაცვალების მიზეზი გაზით ინტოქსიკაციაა.

განგაში ოჯახის ახლობელმა მას შემდეგ ატეხა, რაც ტელეფონის ზარებს არავინ უპასუხა. მათ ნაქირავებ ბინაში მისულს კი კარი დაკეტილი დახვდა. სწორედ მან გამოიძახა პოლიცია და სამაშველო სამსახური.

ბინაში შესულ მაშველებს უმძიმესი სურათი დახვდათ. მომხდარზე შსს-მ გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი პირის გარდაცვალება მოჰყვა. როგორც ამბობენ, ოჯახი ამ ბინაში ახალი გადასული იყო საცხოვრებლად, ისინი ქირით ცხოვრობდნენ.

gazi33-1643484999.jpg

"ახალი გადასულები არიან ამ ბინაში. სავარაუდოდ ოჯახი თბებოდა ე.წ „დუხოვკით", ფანჯრები ჰქონდათ დაკეტილი და სავარაუდოდ მთელი ჟანგბადი გამოიწვა და მოხდა ინტოქსიკაცია. ოჯახის ახლობელი მოვიდა და აქედან გახდა ჩვენთვის ცნობილი ამ ამბის შესახებ", - განაცხადა საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა კოტე ზარნაძემ. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები დიდხანს მუშაობდნენ. რის შემდეგაც ცხედრები პროზექტურაში გადაასვენეს.

"იკა შანიძე ხობის მუნიციპალიტეტიდან, შუა ქვალონიდან იყო. სოფელში მას ჰყავს მამა. დედა გარდაცვლილია. ძმა თბილისში მუშაობს და ცხოვრობს. ძალიან შეძრულები ვართ მომხდარით. ძალიან მშრომელი ბიჭი იყო. სოფელში ახლა მხოლოდ მამაა. ახლა ვართ მის სახლთან და მამას ვერაფერს ვეუბნებით. როგორ უნდა ვუთხრათ ასეთი საშინელი ამბავი? ყველანი განადგურებულები ვართ, უკარგესი ბიჭი იყო, კარგი ოჯახი, ყველაფერი დადებითი შემიძლია გითხრათ მათზე",- მითხრა შანიძეების მეზობელმა ქალბატონმა, რომელიც ძალიან განიცდის მომხდარ ტრაგედიას.

„ძალიან ახლოს ვიცნობდი და ვიცნობ მთელ ოჯახს. იკა მშენებლობაზე მუშაობდა. ჩემს ძმასთან მუშაობდა ორთაჭალაში კარგა ხანს. ახლა იქიდან წამოსული იყო და სხვაგან იყო დასაქმებული. სულ შრომაში იყო და ზრდიდა შვილებს. სამწუხაროდ, ოჯახიდან არავინ დარჩა ცოცხალი. რამდენიმე წლის წინ, 1 წლამდე ასაკის შვილი გარდაეცვალა. ჩემი ძმის მონათლული იყო მისი შვილი, უცებ ბავშვი გარდაიცვალა და ახლა ამხელა ტრაგედია მოხდა...

თბილისში მუშაობდა, სამი დღის შესული იყო იმ ბინაში, ეტყობა იქ გაუმართავი იყო გათბობა და ეს ტრაგედია მოხდა. ძალიან ვწუხვართ და ვუთანაგრძნობთ ოჯახს. მას ბიძები ჰყავს სოფელში. მამამისი მრავალშვილიანი იყო და დიდი სანათესაო ჰყავს ჩვენს სოფელში, საერთოდ მთელი ოჯახი ძალიან მშრომელი, შრომისმოყვარე და პატიოსანი ხალხია. სამი წელია ალბათ შვილი რომ გარდაეცვალათ და ახლა აღარავინ დარჩა“, - მითხრა შანიძეების მეზობელმა.

მომხდარს ძალოვნები იძიებენ. განმარტება უკვე გააკეთა მომხდარზე „თბილისი ენერჯიმ“, მათი ვარაუდით მიზეზი გაზით ინტოქსიკაციაა.

„მოხდა უბედური შემთხვევა! გლდანის 2 მ/რ-ში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში 3 მცირეწლოვანი და 2 ზრდასრული ადამიანი გარდაიცვალა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების ინფორმაციით, ბინაში შესვლისას მათ გაზქურის ღუმელი ღია და ანთებულ მდგომარეობაში დახვდათ. უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით გაზქურის და მისი ღუმელის გათბობის მიზნით გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია.

ასე­თი შემ­თხვე­ვის დროს ბი­ნა­ში CO-ს დაგ­რო­ვე­ბა ხდე­ბა, რაც სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თოა. ჩვენი სპეციალისტების მიერ, პირველადი დათვალიერების შედეგად ვვარაუდობთ, რომ აღნიშნული ფაქტი უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი გახდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და მისი დასრულების შემდეგ უკვე დაზუსტებით გვეცოდინება მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზები.

გთხოვთ, ნუ გარისკავთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების სიცოცხლით, ნუ გამოიყენებთ აკრძალულ დანადგარებს და გაზქურას გასათბობად“,- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

(სპეციალურად საიტისთვის)