"ეს შემთხვევა ბირთვული ომის დაწყების რეალური საბაბი შეიძლებოდა გამხდარიყო" - ამბავი საბჭოთა გემის ჩაძირვის შესახებ, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ გახმაურებულა - კვირის პალიტრა

"ეს შემთხვევა ბირთვული ომის დაწყების რეალური საბაბი შეიძლებოდა გამხდარიყო" - ამბავი საბჭოთა გემის ჩაძირვის შესახებ, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ გახმაურებულა

"ეს შემთხვევა ბირთვული ომის დაწყების რეალური საბაბი შეიძლებოდა გამხდარიყო" - ამბავი საბჭოთა გემის ჩაძირვის შესახებ, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ გახმაურებულა

ამის შესახებ ჰოლივუდმა ფილმი გადაიღო, მაგრამ კაპიტანმა ბრიტოვმა სასამართლოში იჩივლა...

"1986 წლის აგვისტოს მიწურული იყო, როდესაც უზარმაზარი სამოგზაურო ლაინერი "ადმირალ ნახიმოვი" შავ ზღვაში ჩაიძირა. ამ თემამ, რაღაცნაირად, პირველი სექტემბრისათვის დამახასიათებელი საზეიმო განწყობა გადაფარა. გემი უკრაინიდან, იალტიდან გადიოდა, ამიტომ მასზე უმეტესად უკრაინელი, რუსი, მოლდაველი და ბალტიისპირელი მგზავრები იყვნენ - რამდენიმე ახალდაქორწინებული წყვილი, ოჯახები ბავშვებით და პენსიონერები, სულ - 1243 ადამიანი. გემი ზღვაში საკმაოდ გვიან ღამით გავიდა, ამიტომ მგზავრების უმეტესობა თავიანთ კაიუტებში დასაძინებლად შევიდნენ...

ცურვის მე-13 კილომეტრზე ლაინერს მეორე გემი - "პეტრე ვასევი" შეეჯახა, რამაც "ადმირალ ნახიმოვის" საკმაოდ მცირე დროში ჩაძირვა გამოიწვია. 221 ქალი, 138 მამაკაცი და 23 ბავშვი დაიღუპა. საბჭოთა გაზეთები უბედური შემთხვევების გაშუქებას ერიდებოდნენ, მაგრამ ამ კატასტროფაზე მცირე ინფორმაცია მაინც გადასცეს. ტრაგიკული შემთხვევის დეტალებზე, ოჯახურ ტრაგედიებზე ხალხი ჭორის დონეზე, ჩუმად საუბრობდა... გავიდა სამი დღე და შემთხვევა, რომელიც ატლანტის ოკეანეში, საბჭოთა წყალქვეშა ნავზე - „კ- 219“-ზე მოხდა, არავისთვის გამხდარა ცნობილი. ეს შემთხვევა ბირთვული ომის დაწყების რეალური საბაბი შეიძლებოდა გამხდარიყო. ალბათ, მისი გახმაურება არ შედიოდა მაშინდელი მთავრობის გეგმებში, რადგან ერთ კვირაში გორბაჩოვი რეიგანს უნდა შეხვედროდა... დანარჩენს, თუ ნახავთ, ჩემი ვიდეოდან მოგითხრობთ. მადლობა ყურადღებისათვის! - წერს "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე დამსახურებული ჟურნალისტი - ნანა ღონღაძე... მეტი ინფორმაციის მისაღებად ქალბატონ ნანას ამერიკაში დავუკავშირდით...

ნანა ღონღაძე:

- 1992 წელს პორტუგალიაში, ლისაბონის სამიტზე თავად ვიმყოფებოდი, სადაც უკრაინამ, ყაზახეთმა და ბელორუსმა მათ ტერიტორიაზე განლაგებულ ბირთვულ სტრატეგიულ იარაღზე უარი თქვეს... მაშინ ვინ წარმოიდგენდა, ახლა რომ უკრაინას ბირთვული იარაღი ჰქონოდა, რუსეთი რომ იქ შესვლას ვერ გაბედავდა!

რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო სულ ვტირი, ამერიკაში სადაც არ გავდივარ, უკრაინის მიმართ საოცარი სოლიდარობაა... ყოველდღე ახალ ამბებს ჩემი ნაცნობი უკრაინელი ჟურნალისტებისგან ვიღებ, მათ ვურეკავ. საშინელი მდგომარეობაა, აშკარაა, რომ რუსებს სურთ მთელი უკრაინა ამოწყვიტონ... მე ვფიქრობ, რუსებს იმის კომპლექსი აქვთ, რომ ვერ იტანენ და არ სურთ, ვინმე მათზე უკეთესი იყოს. ქართველებიც იმიტომ ვერ აგვიტანეს.

რუსებმა როგორ შეიძინეს ამხელა ტერიტორია? სულ ომებით! მათ გენებში აქვთ უკვე ომის სურვილი, უყვართ უკვე... რუს ნაცნობებს რომ დავუკავშირდი, მითხრეს, უკრაინელები ფაშისტები მკვლელები არიან, მაგათ არაფერი დაეჯერებათ, ყველაფერი მათი პროპაგანდა არისო... მე ვუთხარი, ტელევიზორს არ ვუყურებ, ყველაფერს პირველი წყაროდან, უკრაინელი მეგობრებისგან ვიღებ, თქვენთან კამათს არ ვაპირებ, რადგან ვფიქრობ, რუსეთში ყველა ჰიპნოზის ქვეშ ხართ-მეთქი... მგონი, რუსეთის კა-გე-ბემ მართლაც აამუშავა ახალი მეთოდი, ხალხი რომ კიდევ მეტად დააზომბიროს...

გემი - "ადმირალ ნახიმოვი"

- 1971 წლის დეკემბერში ქალაქ სევეროდვინსკში, ტრადიციულად, შამპანურის ბოთლი ჩაუშვეს, უნდა გაეტეხათ, მაგრამ ბოთლი არ გატყდა და ეს უკვე ცუდ ნიშნად ითვლება საზღვაო ფლოტში... გემი საბრძოლო პატრულირებას ატარებდა ამერიკასთან ახლოს, როცა მის ერთ-ერთ მაღაროში რაკეტის აფეთქება მოხდა. ეს გამოიწვია წყლის შესვლამ, გემი ძველი იყო და ბევრჯერ შეკეთებული. წყალი რეაქციაში შევიდა აზოტთან და ხანძარი იმდენად დიდი იყო, რომ იმ ადგილის დნობა დაიწყო, სადაც რაკეტების მართვის სისტემა და სახელური იყო. რაკეტები რომ არ გადაკეტილიყო, ავტომატურადაც დაიძრებოდნენ იმ ქალაქებისაკენ, რომლებიც ადრევე იყო მიზანში ამოღებული - ნიუ-იორკი, ვაშინგტონი და ბოსტონი.

14 რაკეტა (ისე, ზოგ ადგილას მოცემულია, რომ გემზე 32 რაკეტა იყო, თითქოს სიჩქარე 3000 კლ.-ს უდრიდა!) გემზე იყო ეკიპაჟის 119 წევრი. ეს ატლანტიკურ ოკეანეში ხდებოდა, მაგრამ ზოგ ადგილას სარგასის ზღვა წერია, შეიძლება ყურეა... მოკლედ, მეზღვაურები 3 დღე - ანუ 77 საათი ცდილობდნენ, როგორმე გემი გადაერჩინათ. ეს ამბავი მოსკოვში, კრემლში რომ შეიტყვეს, სასწრაფოდ დაბრუნება უბრძანეს, მაგრამ კაპიტანი იგორ ბრიტოვი ბრძანებას არ დაემორჩილა და გემის ამოტივტივება არჩია, რადგან უკან დაბრუნება სიკვდილს ნიშნავდა. ვიდრე გემი ჩაიძირა 6000 მეტრის სიღრმეზე, მათ მაინც მოახერხეს ხანძრის ჩაქრობა სერგეი პრემინინის გმირული მოქმედებებით... თუმცა ხანძარმა გემზე მყოფი 4 კაცი შეიწირა.

გემის კაპიტანმა ბრიტოვმა ამერიკელებსაც მიმართა დახმარების თხოვნით. მართალია, გემის ეკიპაჟი მერე კუბიდან მოსული გემების დახმარებით გადაიყვანეს, მაგრამ ბრიტოვმა ისეთი რამეები აიღო საკუთარ თავზე, რომ დააპატიმრეს და სამხედრო ტრიბუნალს გადასცეს, ყველა სამხედრო წოდება ჩამოართვეს. სხვათა შორის, ლეიტენანტი, გვარად ბელიკოვი, ასევე დასაჯეს, პარტიიდან გარიცხეს და ჯარიდანაც გაუშვეს, იმის გამო, რომ ხანძრის ქრობის დროს მან პარტიული ბილეთი დაკარგა.

მეზღვაურის (რომელმაც გააჩერა რაკეტების მოძრაობა) - სერგეი პრემინინის ოჯახს 11 წელი მოუწია ლოდინმა, რომ მოსწრებოდნენ შვილის გმირობის დაფასებას და რუსეთის გმირის ორდენის მიღებას. ეს ოჯახი რუსეთში, ვოლოგდაში ცხოვრობდა და ვოლოგდაშივეა ამჟამად სერგეი პრემინინის სახელობის მუზეუმი...

- ბრიტოვს რა ბედი ეწია საბოლოოდ?

- ერთმა შემთხვევამ მკვეთრად შეცვალა დასჯილი ბრიტოვის ბედი... 1987 წლის 28 მაისს წითელ მოედანზე გერმანელი ახალგაზრდის - მათიას რუსტის 4-ადგილიანი "ჩესნას“ ტიპის თვითმფრინავი, ფინეთის გავლით რომ შემოფრინდა, საბჭოთა კავშირის სამხედრო დაცვის მინისტრი სერგეი სოკოლოვი სამსახურიდან გაათავისუფლეს და მის ადგილას დიმიტრი იაზოვი დაინიშნა. ამან დიდი როლი ითამაშა წყალქვეშა ნავის მეთაურის ბედზე, მას 2000 წელს რეაბილიტაცია შეეხო, სამხედრო წოდებები აღუდგინეს, როგორც მცირეწლოვანი შვილების მამას. მეტსაც გეტყვით, ქალაქ სვერდლოვსკის მერმა ბინაც კი აჩუქა.

- თქვენთვის როგორ გახდა ამდენი საიდუმლო ინფორმაცია ხელმისაწვდომი?

- შემთხვევით... ჰოლივუდში მყავს მეგობარი - შელი კომაროვი, რომელიც ლოს-ანჯელესში ყოფნის დროს გავიცანი და მასზე ორი რეპორტაჟი გავაკეთე, რადგან მას 40 დოკუმენტური ფილმი აქვს გაფორმებული. პროფესიით მხატვარია, ამჯერად - ფაბრიკის მფლობელი. ერთი რეპორტაჟი ეხება, როგორც დაიზაინერს და კოსტიუმების ავტორს, მეორე რეპორტაჟი მისივე ტანსაცმლის ფაბრიკის შესახებაა...

მან გააფორმა ფილმი ფრენკ სინატრაზე, სინატრას შვილთან ერთად, ასევე, კოსტიუმებს ქმნიდა კენედის შესახებ დოკუმენტური ფილმისთვის...

პორტლენდში, ორეგონის შტატში ვიმოგზაურე, რომ გადამეღო პიტერ ჰუტჰაუზენი - ამერიკის საელჩოს სამხედრო ატაშე, ფილმის მრჩეველი, წიგნის ავტორი... მოკლედ, ამ სფეროში გარკვეული ადამიანი. პიტერი აეროპორტში დამხვდა, როცა ჩავედი...

საზღვაო კლუბის ამბის შესახებ ანაპოლისში, მერილანდის შტატში ვიღებდი. მე ვიპოვე მფრინავი ბრიუს ომსტრადი, იგი ბრიტოვს ახლოს იცნობდა და გმირს უწოდებდა.

როდესაც ჩემს რეპორტაჟს ვიღებდი, არ ვიცოდი, რომ იგორ ბრიტოვი ჰოლივუდის მიერ გადაღებული ფილმით უკმაყოფილო დარჩენილა, თორემ აუცილებლად შევეკითხებიდი პიტერ ჰუტჰაუზენს ამის თაობაზე. გავიგე, რომ ბრიტოვს ძალიან მოსწონდა მისი იერსახის შემქმნელის ჰოლივუდის მსახიობი - რუტგერ ჰაუერი, მაგრამ მან ფილმის შემქმნელებს სასამართლოში უჩივლა ("უორნერ ბრაზერსის" კინოსტუდიას) იმის გამო, რომ მისი იერსახე მისი თანხმობის გარეშე გამოიყენეს და ფილმში შეცდომა დაუშვეს, როდესაც აჩვენეს, ვითომ მან ბრძანებაში გასცა люки (ჭა) გახსნის თაობაზე. ვითომ ასე ჩააქრეს ხანძარი... ბრიტოვი ჩიოდა, ასეთი განკარგულება რომ გამეცა, გემი მეზღვაურებთან ერთად იქვე ჩაიძირებოდაო. მოკლედ, ყველაფერი სასიკეთოდ დაუმთავრდა გემის მეთაურს, მან ეს სასამართლო პროცესი მოიგო და რამდენიმე ათასი დოლარი მიიღო, არ ვიცი, რა დაუჯდა მას ამერიკელი იურისტის ჰონორარი, პროცესი ხომ სამი წელი მიმდინარეობდა!

(სპეციალურად საიტისთვის)