"ოპოზიციამ კარგად წაიკითხოს ტექსტი, სადაც მკაფიოდ არის გაცხადებული უკრაინის ურყევი მხარდაჭერა“ - კვირის პალიტრა

"ოპოზიციამ კარგად წაიკითხოს ტექსტი, სადაც მკაფიოდ არის გაცხადებული უკრაინის ურყევი მხარდაჭერა“

"ნაცმოძრაობას“ და მისი შენაერთებს მორალური უფლებაც კი არა აქვთ ამ თემაზე საუბრის - უგუნური ქმედებებით რუსეთს მისცეს საშუალება 2008 წელს 20%-ის ოკუპირება მოეხდინა. შემდეგ „ნაცმოძრაობის“ დეპუტატებმა, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, სადაც თითქოს ამ ომის ინიციატორი და მაპროვოცირებელი ქართული მხარე იყო...

მმართველი გუნდის წევრი, პარლამენტარი გივი მიქანაძე ამბობს, რომ რეზოლუციის ტექსტი სრულფასოვანია და ოპოზიციისა და საზოგადოების კრიტიკა გაუგებარია. გაითვალისწინებს თუ არა რამე შენიშვნას ხელისუფლება და, ბოლოს და ბოლოს, ჩაწერს თუ არა სიტყვა "რუსეთს" რეზოლუციის ტექსტში, ამ საკითხებზე გივი მიქანაძეს ვესაუბრეთ:

- ოპოზიცია ძალიან უპასუხისმგებლოდ,­ თავის ვიწრო ნარატივის კონტექსტში იქცევა. ჯერ თქვეს, ერთობლივ ტექსტს შემოგთავაზებთო, მერე, არა, ხვალ შემოგთავაზებთო და მერე თვითონვე მიხვდნენ, რომ ერთმანეთშიც კი ვერ თანხმდებიან ტექსტზე­ მაშინ, როდესაც ჩვენ შევთავაზეთ ძალიან დაბალანსებული და ყველა იმ მთავარ აქცენტზე ორიენტირებული­ ტექსტი, სადაც ხაზგასმით არის ნახსენები ჩვენი მეგობარი­ ხალხისთვის მხარდაჭერა, სადაც საუბარია უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მისი სუვერენიტეტის ხელშეუვალობაზე,­ საუბარია იმაზე, რომ არ უნდა მოხდეს ომისა და სხვა ესკალაციის დაშვება, რომ სა­ამისოდ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, საუბარია იმაზე, რომ უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და მისი სუვერენული უფლებაა, გაწევრდეს ნებისმიერ ალიანსში, მათ შორის ნატოში. ეს საკითხი სხვა სახელმწიფოს ან მესამე გარე პირის განხილვის საგანი არ უნდა იყოს. ასევე საქართველოს პარლამენტმა მიმართა მთავრობას, რომ ყველა დიპლომატიური ინსტრუმენტი იქნეს ამოქმედებული და ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან კოორდინაციით, რათა მაქსიმალურად დეესკალაციისკენ გადაიდგას ნაბიჯები... თუ ოპოზიციას სურს რეალ­ურად კონცენტრირება მოახდინოს და არ დაიწყოს სპეკულირება, კარგად წაიკითხოს ტექსტი, სადაც მკაფიოდ არის გაცხადებული ურყევი მხარდაჭერა, რომელიც არაერთხელ ძალიან მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან გაცხადებულა და ყოველთვის ცხადდება. ეს რეზოლუცია აბსოლუტურად სრულფასოვნად ასახავს იმ მხარდაჭერას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა და ხალხი გამოხატავს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ.

- არის თუ არა შესაძლებელი, რომ ოპოზიციასთან მაინც მოხდეს შეთანხმება, რათა რეზოლუცია არ იყოს ერთპარტიული?

- ძალიან კარგი იქნება, ეს რეზოლუცია­ პარლამენტის ერთობლივი სახელით იქნეს მიღებული. თუმცა, თუ ოპოზიციური პარტიები არ გამოვიდნენ ვიწროპარტიული ჩარჩოებიდან, გართულდება ერთობლივი სახელით მიღება. რამდენადაც ვიცი, ოპოზიცია აპირებს საკომიტეტო განხილვებზე იმუშაოს ტექსტზე. მოვუწოდებთ ოპოზიცი­ონერ დეპუტატებს კიდევ ერთხელ კარგად გადახედონ ტექსტს და თუ სურთ ეს რეზოლუცია ერთობლივად იქნეს მიღებული, მხარდაჭერა გამოუცხადონ იმ ტექსტს, რომელიც მმართველ გუნდშია შეთანხმებული.

- მხარდაჭერა გასაგებია, მაგრამ რუსეთი­ რეზოლუციაში არ არის ნახსენები...

- ეს არის ოპოზიციისთვის პროვოკაციული და სპეკულაციური თემა. ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელსაც "ნაცმოძრაობა" და მისი შენაერთები წარმოადგენენ, მორალური უფლებაც კი არა აქვთ ამ თემაზე საუბრის. ეს არის ის ძალა, რომელმაც თავისი უგუნური ქმედებებით რუსეთს მისცა საშუალება 2008 წელს ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპირება მოეხდინა. შემდეგ კი, რაც მართლაც სამარცხვინო იყო, "ნაცმოძრაობის" დეპუტატებმა, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, იმავე წლის შემოდგომაზე მხარი დაუჭირეს ისეთ რეზოლუციას, სადაც თითქოს ამ ომის ინიციატორი და მაპროვოცირებელი ქართული მხარე იყო. ჩვენ ძალიან დიდი შრომა და ძალისხმევა დაგვჭირდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, რომ საერთაშორისო სამართლის დონეზე საბოლოოდ დაგვესვა­ წერტილი ყველანაირი სპეკულაციისთვის.­ ეს მოხდა შარშან, როდესაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" და ცალსახად ამხილა რუსეთი როგორც ოკუპანტი, დამნაშავე, აგრესორი და რომელმაც ჩაატარა ქართველების ეთნიკური წმენდა. ეს არის ის მნიშვნელოვანი მონაპოვარი საერთაშორისო დონეზე, რომლის საფუძველზეც სამართლიანობის პრინციპი აღდგა და რუსეთი მხილებულ იქნა დანაშაულებრივ ქმედებებში. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა­ საქართველოსა და იმ სამართლიანობისთვის, რომელიც ჩვენ აღვადგინეთ, კიდევ უფრო მკაფიო და ცალსახა გახდა. ის, რომ თითქოს "ქართული ოცნება" არ აკეთებს მკაფიო განცხადებას, წმინდა წყლის სპეკულაციაა. კარგად იციან ჩვენმა უკრაინელმა პარტნიორებმა როგორც სამთავრობო, ასევე საკანონმდებლო დონეზე, ასევე უკრაინელმა ხალხმა, რომ საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი მათ გვერდში დგას. ეს დასავლელმა პარტნიორებმაც იციან. ჩვენ მათთან მუდმივად კოორდინაციაში ვართ.

- მაგრამ რა კავშირშია ეს იმასთან, რომ რეზოლუციაში რუსეთი ნახსენები არ არის?

- ტექსტი მკაფიოდ გამოხატავს ჩვენს ურყევ პოზიციას უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ნებისმიერი სახით ესკალაციის დაუშვებლობის შესახებ, უკრაინის გადაწყვეტილების პატივისცემას, გახდეს ნატოს წევრი. ამ რეზოლუციის მიზანია უკრაინის მხარდაჭერა და სწორედ ეს პოზიციაა დაფიქსირებული ტექსტში.

- რეზოლუციაში სხვა ტექნიკური ხარვეზები მაინც თუ გასწორდება?

- ოპოზიციის ზოგიერთი შენიშვნა გათვალისწინებულ იქნა იმ ვერსიაში, რომელიც დაინიცირდა "ქართული ოცნების"­ სახელით. ტექსტი დაექვემდებარება როგორც საკომიტეტო, ასევე სესიაზე განხილვას­ და თუ გამოითქვა არსებითი­ წინადადება, მზად ვართ ვიმსჯელოთ. თუმცა ის, რასაც ოპოზიცია ამ ეტაპზე აკეთებს,­ არ ჯდება კონსტრუქციულობის იმ ფორმატში, რომ პარლამენტმა ერთიანი პოზიციით მიიღოს ტექსტი.

- პირდაპირ გკითხავთ, ჩაიწერება ტექსტში სიტყვა "რუსეთი"?

- კიდევ ერთხელ ვამბობ - ამ ტექსტში უპირველესად გამოხატულია უკრაინისთვის ჩვენი ურყევი მხარდაჭერა და რომ ნებისმიერი ესკალაცია ჩვენთვის მიუღებელია. ასევე ტექსტში ხაზი აქვს გასმული იმ საფრთხეს, რომელიც ამჟამად უკრაინის აღმოსავლეთით არის შექმნილი. ეს მარტივად იკითხება, იმის მიუხედავად, რომ კონკრეტული დასახელებები არ არის ჩაწერილი.

რუსა მაჩაიძე