ქართული არმია რუსეთ-საქართველოს ომიდან 3 წლის შემდეგ
2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ხუთდღიან უთანასწორო ბრძოლას, ოფიციალური მონაცემებით, 413 კაცის, მათ შორის 170 სამხედროსა და 228 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 15 კაცი. ომის გამომწვევ მიზეზებსა და ომის შედეგებზე როგორც ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ კამათი დღემდე გრძელდება. ხელისუფლების თქმით, 2008 წელს ქართულმა არმიამ, ხარვეზების მიუხედავად, დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვა.
რა შეიცვალა ამ სამი წლის განმავლობაში ქართულ არმიაში, რა შედეგი მოჰყვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის საქართველოს ხელისუფლების მცდელობას და შეიცვალა თუ არა მიმართულება ქართულმა არმიამ, ამ საკითხებზე ექსპერტი სამხედრო საკითხებში ირაკლი სესიაშვილი გვესაუბრება:
- ერთი ხელის მოსმით ვერ ვიტყვი, რომ ქართული არმია უკეთესობისკენ წავიდა ან პირიქით. ამიტომაც ამ სამი წლის შეფასებას ოდნავ შორიდან დავიწყებ. ფაქტია, რომ ქართული არმია 2008 წლის აგვისტოში არ იყო მზად იმ ტიპის ომისთვის, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის მოხდა. იმ თავდასხმითი ტიპის ბრძოლებს ვგულისხმობ, რისი დაწყების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჩვენი ხელისუფლების არასწორი პოლიტიკა იყო. სიახლე არ არის, რომ ჩვენს არმიას კონკრეტული ამოცანა ჰქონდა, რომლის შესასრულებლადაც მზად არ აღმოჩნდა. ახლა სხვა ტიპის ამოცანის წინაშე ვართ, ისღა დაგვრჩენია, თავდაცვითი ომი ვაწარმოოთ. ამისთვის კი ქართული არმია, ასე თუ ისე, ემზადება, მაგრამ ვიდრე კონკრეტულ საკითხებზე ვისაუბრებდეთ, უნდა შეგახსენოთ, რომ აგვისტოს ომამდე ბატონი პრეზიდენტი ქართულ არმიას პოლიტიკური პიარკამპანიისთვის აქტიურად იყენებდა. ხშირად ამაყობდა, რომ საქართველოს მთელ რეგიონში ძლიერი, საუკეთესო და თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვილი შეიარაღებული ძალები ჰყავდა. 2008 წლის აგვისტოს ომამდე ჯარი განიხილებოდა კონფლიქტების მოგვარების ეფექტურ ძალად და საზოგადოების დიდი ნაწილს სჯეროდა მისი, - ისინი ჯარს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენ საშუალებად მიიჩნევდნენ.
- ეს შეცდომა იყო?
- ცხადია, ეს ხელისუფლების შეცდომა იყო. თუმცა, საზოგადოებას ქართული ჯარის პოპულარიზაციისთვის აღებული გეზი ყველაზე კარგი პროექტი ეგონა და ზოგს მართლა სჯეროდა, რომ ქართულ ჯარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მართლაც შეეძლო. თუმცა, ომის შემდეგ ეს ოცნება დაიმსხვრა და ნათელი გახდა, რომ სინამდვილეში კარგად მომზადებული ჯარი სულაც არ გვყოლია. ის მილიარდები, რომელიც ხელისუფლებამ მის შექმნასა და "განვითარებაში" დახარჯა, დაიკარგა. მას შემდეგ, რაც ორი სახელმწიფოს ომში საერთაშორისო საზოგადოებრიობა ჩაერია და რუსეთის აგრესია შეწყდა, მივიღეთ განადგურებული, ღირსებაშელახული და დამცირებული არმია, რომელიც ხელისუფლების არასწორი გადაწყვეტილების მსხვერპლი გახდა. ამ ყველაფრის შემდეგაც არ შეწყვეტილა ჯარის დაკნინება, - თავდაცვის მინისტრად ბაჩო ახალაია დაინიშნა. ამ ნაბიჯით პრეზიდენტმა თავდაცვის სისტემაში პოზიციის გამყარება გადაწყვიტა. ერთი მხრივ, მის მიმართ არალოიალურად განწყობილი სამხედროები მოიცილა და სისტემაში დანერგა შიში, თუ ისინი ხელისუფლების პოლიტიკასა და კურსს შეეწინააღმდეგებოდნენ, ან თანამდებობის დატოვება მოუწევდათ, ან ციხეში აღმოჩნდებოდნენ. ასეც მოხდა. სხვათა შორის, როცა ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრად დანიშნეს, ერთ-ერთმა უცხოურმა გამოცემამ დაწერა, ახალაიას იმდენი გამოცდილება აქვს სამხედრო სფეროში, რამდენიც დალაი-ლამასო. სააკაშვილისთვის კი ახალაიას დანიშვნას პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, მას ამ გამოუცდელი ადამიანის მუშაობის სავალალო შედეგები არც აინტერესებს. მართალია, სამხედრო-საზღვაო ძალები აღარ არსებობს და არაერთი სტრუქტურა დაშლის პირას არის, მაგრამ მისთვის მთავარია, ეს უწყება სრულად ემორჩილებოდეს.
- ამ ომში, გარდა იმისა, რომ ძალიან დაზარალდა საქართველო, დაიხოცა ასობით სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე, დავკარგეთ ტერიტორიები, ქვეყანას საერთაშორისო არენაზეც დაეკარგა ავტორიტეტი.
- დიახ, ამიტომაც მიხეილ სააკაშვილს ვიღაცამ ურჩია, დაკარგული ავტორიტეტის კომპენსირებისთვის ავღანეთში სამშვიდობო მისიით ქართული საჯარისო ნაწილები გაეგზავნა. ამ ნაბიჯმა მსოფლიო საზოგადოებრიობაში სააკაშვილს მართლა მოუტანა წარმატება. ამიტომაც სახელმწიფოს ხარჯზე სულ უფრო ზრდის კონტინგენტს, რაც მხოლოდ ერთადერთ მიზანს ემსახურება - დასავლეთი ჩვენი ხელისუფლებით კმაყოფილი იყოს. ამის დასტური იყო გაყალბებული არჩევნების აღიარება. თუმცა, თუ მეორე მხრივ შევხედავთ, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობით მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება არ იღებს პოლიტიკურ დივიდენდებს, ეს მთელი ქვეყნის იმიჯზეც აისახება. მაგრამ ჩვენ იმის ფუფუნება არა გვაქვს, მხოლოდ ქვეყნის იმიჯი გვაწუხებდეს, ეს მართლაც გამართლებული ნაბიჯი იქნებოდა, მაგრამ საქართველოს მუდმივი კონფლიქტები აქვს, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ასუსტებს. სამშვიდობო მისიაში ქართული არმიის მონაწილეობას მივესალმები, ოღონდ ჯარისკაცების რაოდენობა შექმნილი ვითარების ადეკვატური უნდა იყოს. ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული ვითარება მათი რაოდენობის წარამარა გაზრდის საშუალებას ნამდვილად არ გვაძლევს.
- სხვადასხვა გავლენიანი პოლიტიკოსები ხშირად მოუწოდებენ რუსეთს, რომ სარკოზის ძალისხმევით დადებული ხელშეკრულება შეასრულოს და 2008 წლის აგვისტომდე არსებულ პოზიციებს დაუბრუნდეს. რა არის ამის შეუსრულებლობის მიზეზი?
- რუსეთმა კარგად იცის, რომ ეს მხოლოდ განცხადებისთვის გაკეთებული განცხადებებია.
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)