"ხელისუფლებას რუსეთთან სირაქლემის პოზიცია აქვს არჩეული“ - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებას რუსეთთან სირაქლემის პოზიცია აქვს არჩეული“

"უკრაინას ამ რთულ მომენტში ისეთი მხარდაჭერა სჭირდება, როდესაც შესაძლო აგრესორზე პოზიცია მკაფიოდ იქნება დაფიქსირებული", - განაცხადა ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ. მისივე თქმით, თუკი პარლამენტი რეზოლუციაში რუსეთის ფედერაციას არ ახსენებს, გაუგებარია, თუ საიდან მომდინარეობს ესკალაცია. "რეზოლუციის ტექსტი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" შემოგვთავაზა, განვიხილეთ და კონსენსუსთან ძალიან ახლოს ვიყავით. მასში საუბარი იყო, თუ საიდან მოდის ესკალაციის საფრთხე და ომის საშიშროება. შემდგომ ტექსტი წარმოდგენილ იქნა რუსეთის ფედერაციის ხსენების გარეშე. თუკი რეზოლუციაში რუსეთის ფედერაციას არ ჩავწერთ როგორც დაძაბულობის, ესკალაციის, საომარი მოქმედებების წყაროს, მაშინ გაურკვეველია, რით იქნება განსხვავებული საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის იმ განცხადებებისგან, რომლებიც ამბობს, რომ საფრთხე მოდის არა რუსეთის ფედერაციიდან, არამედ კიევიდან, ნატოდან და აშშ-დან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რეზოლუციაში ჩაიწეროს, რომ საფრთხე რუსეთიდან მომდინარეობს". მმართველი გუნდის ლიდერების აზრით კი, მათ მიერ ინიცირებულ რეზოლუციის პროექტში ასახულია უკრაინის მხარდამჭერი ყველა გზავნილი და ოპოზიცია, უბრალოდ, სპეკულირებს. "ქართული ოცნების" ზოგიერთი წევრი იმასაც ამბობს, რომ ოპოზიცია ანგაჟირებულია და დეესკალაციის ნაცვლად ესკალაციისკენ მიისწრაფვის. ხელისუფლებისა და ოპოზიციის თვალით დანახულ ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებზე "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე­ უფრო ვრცლად გვესაუბრება:

- ჩვენ ვართ ანგაჟირებული და ესკალაცია გვსურს?! ასეთი განცხადებები არასერიოზულად მიმაჩნია. როდესაც ამბობ, რომ უკრაინაში ვითარება დაძაბულია, ომის საშიშროებაა და არ მიუთითებ­, ვისგან მომდინარეობს ომის საფრთხე, მაშინ რით განსხვავდება შენი განცხადება ოფიციალური მოსკოვის განცხადებისგან?! რუსებიც ამბობენ, რომ უკრაინაში ომის საფრთხეა, უბრალოდ, ამაში დასავლეთს ადანაშაულებენ. რა შუაშია კონფრონტაცია? ჩვენ ფაქტებზე ვსაუბრობთ. საომარი მოქმედებები არც ჩვენ გვინდა, ჩვენ გვსურს მხარდაჭერა გამოვუცხადოთ მეგობარ უკრაინელებს.

- როგორც "ქართული ოცნების" დეპუტატი გივი მიქანაძე ამბობს, უკრაინა-საქართველოს შორის სრული კოორდინაციაა და ჩვენმა უკრაინელმა, ასევე დასავლელმა პარტნიორებმა კარგად იციან, რომ საქართველო უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელი ერის გვერდითაა.

- რა კოორდინაციაზეა საუბარი? პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, რუსეთი აპირებს შემოჭრასო, უკრაინის უმაღლესი რადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, ევროპარლამენტს, უცხო სახელმწიფოების მთავრობებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ვისთანაც კი ხმა მიუწვდება, ყველას ეუბნება, რომ რუსეთი სამხედრო შანტაჟს მიმართავს, ჩვენ კი ამ დროს რუსეთს საერთოდ არ ვახსენებთ. ეს არის კოორდინაცია, ეს არის მხარდაჭერა?!

- გასაგებია ხელისუფლების პოზიცია, თუმცა, რას აკეთებს ოპოზიცია?­ მაგალითად, ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ თქვენ შეგეძლოთ კიევში ჩაფრენილიყავით და უკრაინის მთავრობისთვის ასე დაგეჭირათ მხარი.

- ჩვენ პოპულისტები არა ვართ, თანამიმდევრულად ვმოქმედებთ. ფრაქციამ "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" უკვე გაუგზავნა მხარდაჭერის წერილი რადას სპიკერს, ასევე წერილი გადავეცით ელჩ დოლგოვს. ბოლო დროს რეზოლუციაზე მუშაობით ვიყავით დაკავებული, ამის პარალელურად ვემზადებით უკრაინაში ვიზიტისთვის. სიმართლე გითხრათ, უკრაინაში ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებს არ ველი. ამის იმედს მაძლევს დასავლელი პარტნიორების მტკიცე პოზიცია და მზადყოფნა, შესაბამისი პასუხი გასცენ რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში. თუმცა ჩვენ ვალდებული ვართ, ზუსტად ისევე დავუჭიროთ მხარი უკრაინას, როგორც მათ დაგვიჭირეს მხარი აფხაზეთისთვის ბრძოლასა და 2008 წლის ომში. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი ლავროვი გებელსის ტიპის პროპაგანდისტად გვევლინება და ურცხვად ამბობს, თითქოს 90-იანი წლების­ დამდეგს ქართველები აფხაზებს ქვეყნიდან გაქცევას აიძულებდნენ ან მათ გაქართველებას ცდილ­ობდნენ. ამათ კი ისიც არ უნდათ, სიმართლე თქვან, რომ რუსეთის­ ფედერაციაა­ დაძაბულობის ინსპირატორი უკრაინაში. აი, ასეთი სირაქლემის პოზიცია აქვს არჩეული ჩვენს ხელისუფლებას რუსეთთან.

- ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულმა NDI-ს კვლევებმა დაადასტურა, რომ პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობა ძალიან შემცირდა. თქვენ რაში ხედავთ პრობლემას, კონკრეტულად თქვენმა პარტიამ სად დაუშვა შეცდომა?

- პოლიტიკური აპათია უმთავრესად განპირობებულია იმ უმძიმესი მდგომარეობით, რომელიც შექმნილია ქვეყანაში. მართლა საშინელი პრობლემებით არის ხალხი დახუნძლული. შესაბამისად, ნეგატიურად არის განწყობილი ყველა პოლიტიკოსის მიმართ. მათ სურთ პოლიტიკოსებმა პრობლემები გადაუჭრან, მაგრამ ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, აქვს თუ არა ოპოზიციას საამისო ბერკეტები. დიახ, ოპოზიციის მიმართ არსებობს კრიტიკული დამოკიდებულება, მაგრამ ასევე უკიდურესად შემცირებულია "ოცნებისთვის" მხარდაჭერა. დღევანდელი ვითარება მიუთითებს, რომ არჩევნებში მმართველი გუნდის მარცხი გარდაუვალია. სწორედ ამიტომ არ სურს ხელისუფლებას არჩევნების ჩატარება. თუმცა არ ითვალისწინებენ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს - როდესაც ხალხს უარყოფითი ენერგიისგან განმუხტვის საშუალებას არ აძლევ, ქვეყანას რისკის ქვეშ აყენებ. დიახ, ვფიქრობ, ვადამდელი არჩევნები იქნებოდა განმუხტვის საშუალება.

- პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისევ დაიწყო საუბარი ეროვნულ თანხმობაზე. ამ ჯერზე მაინც მოჰყვება მცდელობას შედეგი?

- ჩვენ პირველივე ჯერზე მხარდაჭერა გამოვუცხადეთ სალომე ზურაბიშვილს ამ საქმეში. დასანანია, რომ ამ პროცესს განვითარება არ მოჰყოლია, მაგრამ იმედია, ახლა მაინც მოჰყვება. ძნელია იმაზე საუბარი, თუ რა პერიოდში შეიძლება მისმა მცდელობამ ნაყოფი გამოიღოს, მაგრამ კარგია, რომ თავისი სიტყვის თქმას ცდილობს დაპირისპირებული ძალების დიალოგში.

ხათუნა ბახტურიძე