"ქვეყანას არ აქვს განახლებული უსაფრთხოების კონცეფცია“ - კვირის პალიტრა

"ქვეყანას არ აქვს განახლებული უსაფრთხოების კონცეფცია“

უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი, პარლამენტარი თეონა აქუბარდია­ "კვირის პალიტრას" ესაუბრა, თუ როგორ დაიწყო პარლამენტში რეზოლუციის ტექსტზე მუშაობა, რომლის მიზანი უკრაინის მხარდაჭერაა, რა ხარვეზებია ტექსტში. ამბობს,­ რომ ეს დოკუმენტი მიზანს ვერ მიაღწევს და მისთვის გაუგებარია, რატომ იღებენ ისეთ დოკუმენტს, რომელიც ვერც მიზანს მიაღწევს და რუსეთს მაინც გააღიზიანებს.

- ამ რეზოლუციას ორი მნიშვნელოვანი ამოცანა ჰქონდა: პირველი - საქართველოს და კონკრეტულად პარლა­მენტს უნდა დაეფიქსირებინა მხარდაჭერა უკრაინისთვის; მეორე - ამ მხარდაჭერაში უნდა ყოფილიყო ერთობა. ეს ზეპარტიული­ საკითხია და უკავშირდება როგორც უკრაინას, ასევე საქართველოს. გარდა იმისა, რომ ჩვენ უკრაინასთან პარტნიორობა გვაკავშირებს, გვაქვს საერთო გამოწვევები და ნატოსა და ევროკავშირში გაწევრების ინტერესი, რასაც რუსეთი ემუქრება. ეს აშკარად ჩანს იმ მოთხოვნაში, რომელიც კრემლმა დასავლეთს მოსთხოვა - კერძოდ, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უკან წაღება და გავლენის სფეროების დაკანონება.

პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია ორი რეზოლუციის პროექტი, რომლებიც ნატოსა და უკრაინის შესახებ რუსეთის განცხადებებს უკავშირდება. შესაბამისად, ამ სულისკვეთებით დავიწყეთ პროცესი, მათ შორის ჩავატარეთ ერთობლივი პრესკონფერენცია, სადაც ხელისუფლებას 5 პუნქტი შევთავაზეთ: პირველი იყო რეზოლუციაზე თანხმობის მიღწევისთვის დაუყოვნებლივ კონსულტაციების გამართვა; მეორე - უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული­ სხდ­ომის მოწვევა; ვითხოვეთ, რომ მეგობართა ჯგუფი, რომელიც საქართველოს და უკრაინის პარლამენტებს შორის შექმნილია, გაგვეაქტი­ურებინა და ერთობლივი ვიზიტი გაგვეკეთებინა კიევში; ასევე ვითხოვეთ, რომ საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებისთვის პარლამენტში მოგვესმინა შექმნილი­ ვითარებისა და ხელისუფლების გეგმის შესახებ. როგორც იცით, ნატოს საკითხზე დახურულ ფორმატში მოვუსმინეთ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს და ეს შეხვედრა ლოგიკური გაგრძელება იქნებოდა. ბიუროს სხდომაზე ბატონმა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრისთვის მზად იყო. მეორე დღეს შეხვედრა გაიმართა და მომზადებული ტექსტიდან ჩანდა, რომ ის არაკვალიფიციურმა­ პირმა მოამზადა... ყველაზე პრინციპული­ საკითხი ის იყო, რომ ტექსტში რუსეთი ყოფილიყო მოხსენიებული, ისევე როგორც წინა რეზოლუციებში, სადაც დაგმობილია ყირიმის ანექსია და საერთოდ, უკრაინაში რუსეთის აგრესია; რომ ტექსტში­ სიტყვების ფორმულირება დამსგავსებოდა რეზოლუციის ენას. პირველმა შეხვედრამ დატოვა შთაბეჭდილება, რომ თითქოს კონსენსუსი იყო და ფორმულირებაზე უნდა გვემსჯელა, მაგრამ მეორე შეხვედრაზე აღმოჩნდა, რომ არ გაუზიარებიათ არც ერთი ის შენიშვნა, რაც პირველ შეხვედრაზე გამოითქვა. ეს ჩვენთვის ძალიან მოულოდნელი იყო.

- არის შანსი, რომ არსებითი საკითხები­ მაინც გაიზიარონ?

- მოვუსმინე პარლამენტის თავმჯდომარეს და ის კიდევ იტოვებს­ იმედს, რომ საკომიტეტო მოსმენაზე შესაძლებელი იქნება მხარდაჭერა. შესაძლოა გულუბრყვილობაა, მაგრამ ვფიქ­რობ, რომ ფორმულირებები შეიცვლება. მე ვაპირებ, რომ საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე წერილობით მივიტანო შენიშვნები. მაინტერესებს უმრავლესობის აზრი და ვფიქრობ, მოსახლეობამაც უნდა გაიგოს, რაზე ვერ შევთანხმდით. ჩემს შენიშვნებს საკომიტეტო მოსმენაზეც დავიცავ და მოვითხოვ, რომ გაზიარებულ იქნეს. აქედან გამომდინარე იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებაც. ეს არის ჩემი აზრი, რომელსაც კონსულტაციები სჭირდება საპარლამენტო ოპოზი­ციასთან. გასაგებია, რომ პოლიტიკურ ხედვებს შორის განსხვავებაა­ და ამას არაფერი ეშველება. მე ვიზიარებ "დროას" ტექსტს, "ოცნების" ტექსტი კი არის ამ გუნდის პოლიტიკური ხედვიდან გამომდინარე, თუმცა, მინიმუმ, რუსეთის ფედერაცია მაინც უნდა გვეხსენებინა იქ, სადაც უკრაინაში შესაძლო აგრესიაზე არის საუბარი.

- როგორ ფიქრობთ, ტექსტი არაპროფესიონალს მიზანმიმართულად დააწერინეს?

- ეს ტექსტი ტოვებს შთაბეჭდილებას,­ რომ სპეციალისტს წაკითხულიც არა აქვს, და დაწერა პოლიტიკოსმა,­ რომელიც არ არის ამ სფე­როს­ სპეციალისტი. რეზოლუციის სხვა ტექსტებში, თუნდაც შარშან,­ ივნისში დეოკუპაციის შესახებ მიღებულში, რუსეთის აგრეს­იაც არის ნახსენები და მისი ომის ტაქტიკაც. ის რადი­კალურად განსხვავებული პროექტია. მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ ამ ვითარებაში ამოცანა არის, ერთი მხრივ, უკრაინის მხარდაჭერა, მეორე მხრივ კი რუსული აგრესიის განგრძობითი დაგმობა უკრაინაში და მესამე - ძალისხმევის გააქტიურება არა მარტო უკრაინის მხარდასაჭერად, არამედ ჩვენი ინტერესებისთვისაც. სწორად დაწერილი რეზოლუცია იქნებოდა კიდევ ერთი გზავნილი საგარეო ასპარეზზე როგორც უკრაინისთვის, ასევე ჩვენი პარტნიორებისთვის, ჩვენ მყარი პოზიციის კიდევ ერთხელ დასაფიქსირებლად.

- ასეთი ტექსტის მიღებას რა აზრი აქვს, თუკი მიზანს ვერ მივაღწევთ?

- სწორედ ეგ არის საქმე. რეზოლუციას­ ვიღებთ და ვამბობთ, რომ უკრაინას მხარს ვუჭერთ და არ მოვიხსენიებთ მას, ვისგანაც უკრაინას აგრესია ემუქრება, ეს თავის გამასხარავება და ძალიან დაბალი კომპეტენციის მაჩვენებელია. თუმცა არა მგონია, თუნდაც ამ "რბილი" რეზოლუციის მიღება რუსეთს გულზე მოეფინოს, მაგრამ გაგვეკეთებინა ისე, როგორც წესი და რიგია.

- საქართველოს ხელისუფლება საფრთხეებს რამდენად სწორად აღიქვამს?

- "ოცნების"“მთავარი პრობლემა უსაფრთხოების პოლიტიკის არარსებობაა. ამაზე ვლაპარაკობ 2018 წლის შემდეგ, რაც ქვეყანას არა აქვს განახლებული უსაფრთხოების სტრატეგია. 2017 წლიდან მოშალეს ინსტიტუცია, რომელსაც ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინირება უნდა მოეხდინა. თუ გახსოვთ, ბოლოს როდის შეიკრიბა უსაფრთხოების საბჭო პრემიერთან და რა განიხილა? რამდენჯერ იკრიბება?.. ამათ ავიწყდებათ, რომ კრემლისთვის მნიშვნელობა არა აქვს, აქ ივანიშვილია მმართველი, სააკაშვილი თუ შევარდნაძე. ხელისუფლება ფიქრობს, რომ რუსეთთან სიტუაციის დალაგება შეიძლება, მაგრამ ამასობაში უფრო ღრმად შემოდის რუსული ოკუპაცია, უფრო მეტი ჩვენი მოქალაქეა გატაცებული და მოკლული რუსეთის ოკუპანტური რეჟიმის მიერ და კიდევ უფრო სუსტია საქართველო, ვიდრე იყო წლების წინ.

რუსა მაჩაიძე