"მტერი კარს არის მომდგარი“
"არსებობენ ომში პარტნიორები, მოკეთეები და არსებობენ ომში მტრები და მოწინააღმდეგეები. საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, სად არის, რომელ ბანაკში, მოკავშირეების თუ მოწინააღმდეგეების", - ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თინა ხიდაშელი.
- რეზოლუციის ტექსტი ყველაფერთან შეუსაბამოა, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ აბსოლუტურად დისტანცირებულია მთავარი საფრთხისგან - ისეა დაწერილი, თითქოს ჩვენ არ გვეხება, სამყაროს რომელიღაც წერტილში ვიღაცას ვიღაცასთან რაღაც პრობლემა აქვს და იძულებული ვართ ამას გამოვეხმაუროთ.
- ტექსტში რუსეთი რომ არ არის ნახსენები, როგორ ხსნით?
- ბევრი რამ მოვისმინეთ ხელისუფლებისგან იმის გასამართლებლად, რომ ეს ყველაზე სწორი ვერსიაა. სამწუხაროდ, საგარეო საქმეთა მინისტრმაც იგივე გაიმეორა.
- თუ რუსეთს არ აღიზიანებენ, რეზოლუციის მიღება ხომ მაინც გააღიზიანებს? მეორე მხრივ, რა აზრი აქვს ასეთ რეზოლუციას?
- აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კეთდება ერთმნიშვნელოვანი განაცხადი იმ პრობლემაზე, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს აქვს. სინამდვილეში ჩვენ უკრაინაზე კი არ ვაკეთებთ რეზოლუციას, ვსაუბრობთ უკრაინაზე და ვგულისხმობთ საქართველოს - ასეთი უნდა იყოს ეს დოკუმენტი, მაგრამ ეს არ ჩანს. ეს დიდი ტრაგედიაა და არა პატარა შეცდომა.
- საფრთხეს ვერ აღიქვამენ?
- როდესაც ამ ტექსტს ვკითხულობ, მაქვს განცდა, რომ საფრთხეს ვერ და არ აღიქვამენ, აცდენილია პრობლემების იმ მასშტაბს, რომელიც საქართველოს შეიძლება დაემუქროს რუსეთის აგრესიის შემთხვევაში.
- უსაფრთხოების პრობლემა რამდენად აქვთ გააზრებული და სად არის ჩავარდნა?
- ამ თვალსაზრისით საქართველოს ბევრი პრობლემა აქვს. დაწყებული იმით, რომ არა მგონია, საზოგადოებას ბოლომდე გაცნობიერებული ჰქონდეს, რა მასშტაბურია ყველა ჩვენს უბედურებაში სწორედ ამ დარღვეული უსაფრთხოების წილი, და დამთავრებული იმით, რომ არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არა აქვს რეალურად დანახული პრობლემის მასშტაბი და ამ პრობლემის გავლენა ყველა იმ უბედურებაზე, რაც გვჭირს. ეს ყველაფერი თითქოს რაღაც განყენებულ სივრცეშია, ცალკე, და დანარჩენი ქვეყანა ცალკე, თავისით ვითარდება. ეს არც საზოგადოებას, არც ხელისუფლებას და მაინცდამაინც არც ოპოზიციურ სპექტრს არა აქვთ გაცნობიერებული.
- ხელისუფლების ერთ-ერთი არგუმენტი ზუსტად ის არის, რომ ოპოზიცია ვერ შეთანხმდა საერთო ტექსტზე.
- ახლა ძალზე კონკრეტული ვითარებაა, ჩვენ მოსალოდნელ ომზე ვლაპარაკობთ. ახლა უკრაინის მხარდამჭერი ზოგადი განცხადებები არ კეთდება, რადგან მტერი კარს არის მომდგარი და ხვალ-ზეგ შესაძლოა თავს დაგვესხას. ომი სპეციფიკური მოვლენაა, სადაც არსებობენ მტრები და მოკეთეები - ანუ არსებობენ ომში პარტნიორები, მოკეთეები და არსებობენ ომში მტრები და მოწინააღმდეგეები. საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, სად არის, რომელ ბანაკში, მოკავშირეების თუ მოწინააღმდეგეების. ცალკე აღებულ რომელიმე ძალას, არც "ოცნებას", არც რომელიმე ოპოზიციურ ძალას არ უნდა სჭირდებოდეს მეორის და მესამის თანხმობა, ის თავად უნდა აკეთებდეს ამ განაცხადს. ჩვენ ხომ იმაზე არ ვლაპარაკობთ, რომ, მაგალითად, მეჩვიდმეტე სიტყვის ნაცვლად ოცდამეცხრამეტე არ უნდა ეწეროს. ერთადერთი მოთხოვნა აქვს დღეს სრულიად დედამიწას და კერძოდ, საქართველოს - ჩაემატოს, ვინ არის მტერი. ჩაიწეროს ერთმნიშვნელოვნად, რომ რუსეთი მტერია, აგრესორი და თავდამსხმელი. ხელისუფლებას ამაში ვინმეს დაამხანაგება არ უნდა სჭირდებოდეს. სხვა საკითხია, ოპოზიცია ამას დათანხმდება თუ არა, მაგრამ თვითონ ხელისუფლება რა პოზიციაზეა, ეს უნდა ჩანდეს მათ განცხადებაში.
- რამდენად ადეკვატურია არსებული პრობლემების მიმართ ოპოზიცია?
- ქართული პოლიტიკური სპექტრი ძალიან გაერთო ერთმანეთთან ანგარიშსწორებით - აბა, რომელი უფრო ენამოსწრებულად იტყვის ცუდს მეორეზე. ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა. ერთმანეთთან ქიშპობით არიან დაკავებული და არა ინიციატივებითა და იდეებით. გასაგებია, რომ ოპოზიცია ქვეყნის პრობლემებს ვერ მოაგვარებს, მაგრამ მოსახლეობა უნდა ხედავდეს, რომ პოლიტიკურ სპექტრში არსებობს პოტენციალი, ხვალ არჩევნები რომ ჩატარდეს და სხვა მოვიდეს ხელისუფლებაში, მათ პრობლემებს მოაგვარებს. ეს კი არ ჩანს.
- ომის თემას დავუბრუნდეთ... რადგან ამ პროცესში საქართველო არ აქტიურობს, შესაძლებელია დასავლეთმა აქცენტი უკრაინაზე გადაიტანოს და საქართველო, ასე ვთქვათ, რუსეთს დაუთმოს?
- არა, არა მგონია, ამის მოლოდინის ობიექტური მიზეზი არსებობდეს. ახლა ისე გამოვიდა, რომ ჩვენ ბუნებრივად დაცვის ზონაში აღმოვჩნდით. რეალურად ჩვენი პარტნიორები ერთად განიხილავენ ჩვენი და უკრაინის საკითხს და არა მგონია, კრემლში ეს არ ესმოდეთ. ეს გაცილებით ფართო საკითხია, არ არის კონფლიქტი მხოლოდ უკრაინასა და საქართველოსთან და რუსეთი რაიმეს დამტკიცებას საქართველოსა და უკრაინისთვის არ ცდილობს. ეს არ არის კრემლის დღის წესრიგი. მათ ბლეფის თამაში დაიწყეს და გამოწვევა გაუგზავნეს ცივილიზებულ სამყაროს, უპირველესად კი, ამერიკას. ეს ერთგვარად პუტინის გადამწყვეტი ბრძოლაა პირველობისთვის თუ თანაბრობისთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს და ყველა ობიექტური საფუძველი არსებობს ამისთვის, რომ მისი ბლეფი მასვე ძალიან ცუდად მიუბრუნდება.
- საქართველო ამ გადამწყვეტ ვითარებაში რომ არ აქტიურობს, რას დაკარგავს?
- მირჩევნია, ამაზე არ ვილაპარაკო, რადგან ნებისმიერი პროგნოზი წმინდა წყლის სპეკულაციაა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მე ვინარჩუნებ ოპტიმიზმს, რომ დღის წესრიგში ეს კითხვა არ დადგება.
- არის ის მოცემულობა, რომ საქართველოსაც შეუძლია სთხოვოს დასავლეთს თავდაცვითი შეიარაღების გაძლიერება?
- რა თქმა უნდა, ეს იყო ის აბსოლუტური მომენტი, რომელიც, როგორც ჩანს, ხელიდან გავუშვით, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩემთვის, პირადად, ეს ძალიან მძიმეა, რადგან ფიგურალურად დანახული მაქვს, თუ რა უზარმაზარი სარგებელი შეიძლებოდა მიგვეღო ჩვენი თავდაცვისუნარიანობისთვის ამ პროცესისგან.
რუსა მაჩაიძე