"სააკაშვილის შინაპატიმრობა იყო ჩემი ინიციატივა და საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა“
"როდესაც სააკაშვილი შობას მოვინახულე, ვკითხე, თუ დათანხმდებოდა შინაპატიმრობას ჩემს ეპარქიაში და მხოლოდ ამის შემდეგ შევთავაზე ეს ხელისუფლებას...“
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი იმ გამონაკლის სასულიერო პირებს შორის არის, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი ციხეში რამდენჯერმე მოინახულა და აზიარა კიდეც. სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციასაც მიაწერა ხელი და ცოტა ხნის წინ ხელისუფლებას ქვეყნის მესამე პრეზიდენტის შინაპატიმრობაში გადაყვანაც შესთავაზა, რისთვისაც მზად არის, თავის ეპარქიაში სივრცე გამოყოს. "თანახმა ვარ, ვითანამშრომლო ხელისუფლებასთან და თუ სხვა გამოსავალი არ არსებობს, ჩემს ეპარქიაში გამოუყო სივრცე, რომელსაც, რა თქმა უნდა, ხელისუფლება გააკონტროლებს. მგონი ძალიან ბევრი პრობლემა მოიხსნება იმით, რომ ის შინაპატიმრობაში გადმოიყვანონ მთელი სიმკაცრით". სააკაშვილმა მეუფე ნიკოლოზს მადლობა გადაუხადა შინაპატიმრობის ინიცირებისთვის, თუმცა აღნიშნა, რომ მისთვის ნებისმიერი სახის პატიმრობა მიუღებელია..."კვირის პალიტრამ" რამდენიმე კითხვით მიმართა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილს:
- თქვენ ახლახან ისევ მოინახულეთ მიხეილ სააკაშვილი, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა საკითხებზე ესაუბრეთ მას?
- მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ - სათანადო სამედიცინო განათლება არ გამაჩნია. წინა შეხვედრასთან შედარებით უკეთ გამოიყურებოდა. ვისაუბრეთ ზოგად საკითხებზე, მათ შორის, უკრაინაში არსებულ ვითარებაზე.
- ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ მძიმეა მისი ფსიქოემოციური მდგომარეობა, თქვენ რას იტყვით?
- ჩემთან შეხვედრისას მშვიდად და კეთილგანწყობილად გამოიყურებოდა, გაუხარდა ჩემი ნახვა.
- ხელისუფლება ამბობს, რომ კომფორტულ პირობებშია, ოპოზიცია კი საპირისპიროს ამტკიცებს, თქვენ ციხეში სხვა პატიმრებსაც ხვდებით, განსხვავდება თუ არა მისი პირობები სხვა პატიმრების პირობებისგან?
- მე პატიმრებს პაემნებისთვის განკუთვნილ ოთახში ვხვდები, ამიტომ პირობების შესახებ დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვი. მიხეილ სააკაშვილს ჩემთვის რაიმეს საჭიროების თხოვნით არ მოუმართავს.
- რაზე წუხს დღეს სააკაშვილი?
- მას ძალიან აწუხებს დაძაბული ვითარება მსოფლიოშიც და ქვეყნის შიგნითაც. მიაჩნია, რომ თუ ქვეყნის შიგნით დაპირისპირებულ მხარეებს შორის კონსოლიდაცია მოხდება, საქართველო შეძლებს გამოწვევებთან გამკლავებას.
- თქვენ აზიარეთ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი, ეს გადაწყვეტილება საპატრიარქოსთან შეთანხმებული იყო?
- ეს იყო მისი პირველი ზიარება, რაც უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ადამიანის ცხოვრებაში. ეს იყო მისი სურვილი, რომელიც შესრულდა კათოლიკოს-პატრიარქის უშუალო ლოცვა-კურთხევით...
- თქვენ გამოთქვით მზადყოფნა, რომ შინაპატიმრობის შემთხვევაში გამოყოფდით ადგილს ეპარქიაში, ესაუბრეთ თუ არა სააკაშვილს ამ საკითხზე?
- როდესაც შობას მოვინახულე, ვკითხე, თუ დათანხმდებოდა შინაპატიმრობას ჩემს ეპარქიაში და მხოლოდ ამის შემდეგ შევთავაზე ეს ხელისუფლებას. ცხადია, კარგად მესმოდა, რომ შინაპატიმრობა ერთ-ერთი ფორმაა პატიმრობის, ამაზე დათანხმება საპროცესო გარიგების ტოლფასი იქნებოდა და ორივე მხარე დამშვიდდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა...
- საპატრიარქო როგორ შეხვდა თქვენს ამ წინადადებას? როგორია საპატრიარქოს პოზიცია ციხეში თქვენს ხშირ ვიზიტებზე?
- სახარებაში უფალი ხორციელი მოწყალების ერთ-ერთ საქმედ პატიმრის მონახულებას გვისახელებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტს უნდა რომ მოვინახულო ხოლმე, ხელისუფლება არ მზღუდავს და ამიტომ, ჩემი მრწამსიდან გამომდინარე, მისი მონახულება საპყრობილეში ჩემი პირდაპირი მოვალეობაა...
- შინაპატიმრობის საკითხზე წინასწარ ხომ არ გქონიათ საუბარი პატრიარქთან, ან იყო თუ არა ეს ინიციატივა შეთანხმებული საპატრიარქოსთან?
- ეს იყო ჩემი ინიციატივა და საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.
- სააკაშვილი დამნაშავედ მიგაჩნიათ?
- ეს სასამართლომ უნდა დაადგინოს.
- უნდა გასამართლდეს თუ არა ის?
- უნდა გასამართლდეს შესაბამისი წესების დაცვით.
- გრძნობს თუ არა თავს დამნაშავედ, თუნდაც რომელიმე ბრალდებაში?
- ამ კითხვაზე პასუხი თავად მან უნდა გასცეს...
- წინა ხელისუფლების დროს დაზარალებული უამრავი ადამიანი ითხოვს მის უმკაცრესად დასჯას, რას ეტყოდით ამ ადამიანებს...
- ადამიანის დასჯა შეიძლება მხოლოდ წაყენებული და დასაბუთებული ბრალის მიხედვით. თუ დაზარალებულ ადამიანებს პასუხი უნდა გაეცეს, ეს უნდა შეეხოს ყველა დაზარალებულს, კომუნისტური რეჟიმიდან მოყოლებული დღემდე.
- სააკაშვილი პოლიტპატიმარია?
- პოლიტპატიმარი პოლიტიკური ტერმინია და გასაგებად უნდა განიმარტოს, რაც ჩემს კომპეტენციას სცილდება.
- ვხედავთ, როგორი დაპირისპირებულია ხელისუფლება და ოპოზიცია. თქვენ, მაღალი იერარქიის სასულიერო პირი, რა რჩევებს მისცემდით მათ?
- ეს რჩევა უკვე ყველას მივეცი: დიდი მარხვის დაწყების წინა კვირა გამოცხადდეს სინანულის დღედ, ყველა მოქალაქემ გამოხატოს სინანული პირადი შეცდომების გამო და ქვეყანა ძალიან სწრაფად განვითარდება.
- ცნობილია, რომ თქვენ გადაიტანეთ კორონავირუსი. მაშინ სოციალურ ქსელში თქვენი ვიდეოც კი გავრცელდა, სადაც რჩევებს აძლევდით ადამიანებს...
- როდესაც ექიმს გავესინჯე, მითხრა, ამ დაავადების ყველაზე ეფექტიანი მკურნალობა D-ვიტამინი, დღეში 2 ლიტრი წყალი და 2-საათიანი სეირნობააო, რასაც წლების მანძილზე ისედაც ვასრულებდი. ამის გამო არც ჰოსპიტალიზაცია დამჭირდა და დაავადებაც იოლად გადავიტანე.
- ერთ-ერთ ეთერში ეჭვი გამოთქვით ვაქცინაციის პროცესზე და განაცხადეთ, რომ თქვენი პროფესიიდან გამომდინარე (მეუფე ნიკოლოზი პროფესიით ფიზიკოსია - ავტ.). კითხვები გქონდათ - ამბობდით, რომ თხევადი სახით ორგანიზმში შეყვანილი სითხე შეიძლება მყარ სხეულად გადაიქცესო...
- მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ ვაქცინაციის მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმა, რომელთაც თავიანთი მყარი არგუმენტები აქვთ, ერთმანეთს არ უნდა დასცინონ. რაც შეეხება თხევად კრისტალს, პროფესიული კუთხით დავაფიქსირე მისი არსებობა, თუმცა არა ვაქცინასთან მიმართებაში. ვაქცინის მიმართ ჩემი პოზიცია შინაარსობრივად არასდროს გასცდენია წმ. სინოდის განჩინებას, სადაც ნათქვამია, რომ აცრა თუ აუცრელობა ზიარებაზე არ იმოქმედებს და მიუღებელია ყოველგვარი ძალდატანება.
- სამწუხაროდ, "კოვიდით" ბევრი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არიან სასულიერო პირებიც. თქვენ ხართ აცრილი? მოუწოდებთ თუ არა მრევლს აცრისკენ?
- ჩემი, როგორც სასულიერო პირის, ჩართულობა პრო- თუ ანტივაქსერულ მოძრაობაში მიუღებლად მიმაჩნია...
- როგორ იცავთ რეგულაციებს ეპარქიაში?
- რეგულაციის წესების დაცვა თითოეული მოქალაქის პირადი პასუხისმგებლობა და გადაწყვეტილებაა.
- მესამე წელია ვებრძვით უხილავ მტერს, ამ გამოწვევის ფონზე, რას ეტყოდით მრევლს?
- გავიმეორებდი კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ქადაგებიდან სიტყვებს: "დიდი განსაცდელი გადავიტანეთ და კიდევ გველოდება, მაგრამ, ღვთის შეწევნით, ყველაფერი კარგად იქნება!"