"ვმღერი ისე, როგორც ემღერება სულს!"
"სიყვარული ყველაფერია ჩემთვის. თუ არ გიყვარს, არაფერი გამოგივა, ვერ იმღერებ, ვერ დაწერ, თავისუფლად ვერ ისუნთქებ. შენი საქმე თუ არ გიყვარს, შენი ქვეყანა, შენი ხალხი, მზე, დილა, წვიმა, ყვავილი, ჩიტი, ქა7ლი, ბავშვი, რა ვიცი, ყველაფერი თუ არ გიყვარს, ჩათვალე, რომ არ ცხოვრობ, არ არსებობ... თვითკმაყოფილება სრულყოფისკენ სვლაში გიშლის ხელს. ენერგიის გაცემა და მიღებაც ურთიერთმონაცვლე მომენტებია. გაცემული ენერგია ისევ აუცილებლად ბრუნდება. სიცოცხლე კი მშვენიერია და ყოველ წამში უნდა გვახსოვდეს ეს... მგონი, ხალხის სიყვარულიც დავიმსახურე და ისიც გრძნობს ჩემს სიყვარულს!“
პირველ თებერვალს ერთი წელიწადი შესრულდა... მაინც ვერაფრით ვახერხებ მასზე წარსულ დროში საუბარს. ვათვალიერებ ძველ ფოლიანტებს, ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილ ჩემს წერილებს, ვკითხულობ მის ჩანაწერებს, ვიხსენებ "ივერიის" საოცარ მიუზიკლებს, მის სოლო კონცერტებს, სადაც წამყვანიც თავად იყო და სცენის დეკორატორიც, თემატურად აკინძულ ნომრებს შორის საინტერესოდ მოთხრობილი ამბები კი ამ საღამოებს ხელოვნების ნამდვილ ზეიმად აქცევდა. "თეიმურაზ წიკლაური იყო ის ხმა, რომელშიც საქართველო მღეროდა" - ბრძანა ოპერის მომღერალმა თამარ ივერმა. თეიმურაზ წიკლაური - ქართული სცენის ნამდვილი არწივი, საოცარი ენერგეტიკითა და სიყვარულით უმღეროდა საქართველოს და იყო დაუსრულებელი ტაში... მაგრამ ვერავინ გრძნობდა, რომ ამ მშვენიერი განცდების უკან იყო რეპეტიციებში გათენებული ღამეები, შფოთვa, შეჭირვებული დღეები, მიზერული ჰონორარები და დიდი ტრაგედია... "ხელოვნება მსხვერპლსა და გულის სისხლს მოითხოვს. შენ ხალხს ეკუთვნი და მისი სიყვარული რომ ბოლომდე შეინარჩუნო, ბევრ რამეზე უარის თქმაც გიწევს. გულის სისხლიც უნდა გაიღო და ხშირად უნდა გახდე მსხვერპლიც საკუთარი სურვილებისა. კეთილი ინებე და ბოლომდე დაიხარჯე... დამდგარი წყალი ხავსდება, გამდინარეა ყოველთვის ანკარა და სუფთა..." - თემურ წიკლაურთან საუბრის ეს ფრაგმენტი 22 წლის წინ "კვირის პალიტრაში" დაბეჭდილი ჩემი პირველი წერილიდანაა. ის აზრები დღემდე ცოცხალია, ცინცხალია და არც არასდროს მოძველდება. ამბობენ, შეუცვლელი არავინააო, მე კი ვიტყოდი: არიან ადამიანები, რომელთა შეცვლა უბრალოდ შეუძლებელია. ჰამლეტ გონაშვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ანზორ ერქომაიშვილს ჰკითხეს თურმე, მოძებნეთ ჰამლეტის შემცვლელიო? არც გვიძებნიაო, - მოუჭრია მოკლედ. ასევე არ ექნება აზრი თეიმურაზ წიკლაურის შემცვლელის ძებნას! 55 წელიწადი იდგა სცენაზე და ბზარი არ გასჩენია ხმაში, არავის მოჰბეზრებია, 75 წლისა წავიდა ამ ცხოვრებიდან და მაინც ახალგაზრდად დარჩა... ჭირისუფლობდა და გლოვობდა სრულიად საქართველო, გაჰყვა გულწრფელი, ალალი ცრემლი. ის იყო სახალხო არტისტი და ჩვენი ქალაქის კოლორიტი, ღირსეული საპატიო მოქალაქე, დიდი მომღერალი და დიდი მსახიობი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პიროვნება, რომელსაც საუკეთესო ადამიანური თვისებები ამკობდა. ამიტომაც არავინ შეუშინდა კორონას უამრავმა ადამიანმა მიაცილა მისი ცხედარი ლურჯი მონასტრიდან ფილარმონიამდე და შემდეგ მის უკანასკნელ ნავსაყუდლამდე - კოჯორში, პატარა გიორგის გვერდით...
თემურ წიკლაური წამყვან, დასაყრდენ ძალას წარმოადგენდა "ივერიაში", ის ყოველთვის არწივობდა. "ჩხიკვთა ქორწილის" ფილმად გადაღების დროს, არწივი ციდან უნდა დაშვებულიყო. ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, ვერტმფრენის კიბეზე ცალი ხელით ჩამოკიდებული არწივი-თეიმურაზი უეცრად ამოვარდნილმა ქარმა ბოდბის დედათა მონასტრის თავზე ხეებში ისე გაჩხირა, ძლივს გადაურჩა სიკვდილს...
საქმისადმი უდიდესი ერთგულების მაგალითად გამოდგება 1983 წლის აპრილში "არგონავტების" საპრემიერო დღეების გახსენება. პატარა გიორგის ზეცად ამაღლების შემდეგ ტრავმირებულს, ვინ შეჰბედავდა რამეს, მაგრამ თავად გადაწყვიტა, რომ არ შეიძლებოდა ღალატი და სცენაზე დადგა... მეფე აიეტის უმძიმესი არიის წინასწარმეტყველებასავით გაჟღერებულ სიტყვებზე, სანთლებით ხელში ფეხზე მდგარი მაყურებელი გულწრფელად თანაუგრძნობდა საყვარელ მომღერალს და მასთან ერთად ღვრიდა ცრემლებს... 2011 წლის 4 ნოემბერს კი, ფილარმონიაში გამართულ სოლო კონცერტზე, მთელი 28 წლის შემდეგ პირველად, ჩვენი პატრიარქის პატივისცემის ნიშნად, უფლის შემეცნებამდე ნაბიჯ-ნაბიჯ მისულმა, სულის უკვდავებაში დარწმუნებულმა პირველად შეასრულა ეს არია და ამით სიყვარულით უპასუხა იმ უმძიმეს დღეებში მის გვერდით მდგომ ყველა ადამიანს...
უზომოდ უყვარდა თავისი ქვეყანა, თბილისი და თბილისელები, დიდები და პატარები, მდიდრები და ღარიბები. მან არ იცოდა, რა იყო მტრობა, შური, გაუტანლობა. სიძულვილით დანგრეულიც ბევრჯერ აუშენებია სიყვარულით. ამიტომაც ჰქმნიდა ასეთ შედევრებს.
ფრაგმენტი ინტერვიუდან: "სიყვარული ყველაფერია ჩემთვის. თუ არ გიყვარს, არაფერი გამოგივა, ვერ იმღერებ, ვერ დაწერ, თავისუფლად ვერ ისუნთქებ. შენი საქმე თუ არ გიყვარს, შენი ქვეყანა, შენი ხალხი, მზე, დილა, წვიმა, ყვავილი, ჩიტი, ქალი, ბავშვი, რა ვიცი, ყველაფერი თუ არ გიყვარს, ჩათვალე, რომ არ ცხოვრობ, არ არსებობ... თვითკმაყოფილება სრულყოფისკენ სვლაში გიშლის ხელს. ენერგიის გაცემა და მიღებაც ურთიერთმონაცვლე მომენტებია. გაცემული ენერგია ისევ აუცილებლად ბრუნდება. სიცოცხლე კი მშვენიერია და ყოველ წამში უნდა გვახსოვდეს ეს... მგონი, ხალხის სიყვარულიც დავიმსახურე და ისიც გრძნობს ჩემს სიყვარულს!"
"თანდაყოლილი" 22...
თეიმურაზ წიკლაური 1946 წლის 22 იანვარს დაიბადა და კოჯრის ულამაზესი სანახებიდან წამოიყოლა ის უშუალობა, სიხალასე, საოცარი ხმა, არწივისებური მედიდურობა და მეფური სამართლიანობა, ათასობით ადამიანის სიყვარულისა და თაყვანისცემის მიზეზად რომ იქცა!..
1968 წელს, 22 წლისა, პირველად გაიცნო და შეიყვარა საზოგადოებამ. მე მაშინ მეშვიდე კლასში ვიქნებოდი, საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე საესტრადო სიმღერების კონკურსი "ჩვენ ვეძებთ ტალანტებს" მიმდინარეობდა. ერთ დღეს, უცხო ენათა ინსტიტუტის სტუდენტი, გამხდარი, ულვაშებიანი, სიმპათიური, ოდნავ გრძელცხვირა ბიჭი გამოჩნდა ეკრანზე. გულში ჩამწვდომი, დასამახსოვრებელი, იდუმალი ხმით უმღეროდა იგი ჯარისკაც მამას: "მამავ, სიზმარში გიხილე, მწერდი სამკუთხა ბარათებს!" მისი გვარ-სახელიც მისივე ხმასავით ლამაზად ჟღერდა: "თეიმურაზ წიკლაური! თეიმურაზ წიკლაური!" - ვიმეორებდი გულში და, როგორც ჩანს, სიმღერის მოყვარულ ოჯახში გაზრდილს, არც სმენამ მიღალატა, არც ალღომ, რადგან მივხვდი, საქართველოში ნამდვილი ტალანტი დაიბადა! მერე კი, როდესაც ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი "ივერია" გამოჩნდა და ის ბიჭი ანსამბლის სული, გული და ხერხემალი გახდა, ვამაყობდი, რომ ის ჩემი აღმოჩენაც იყო...
22 წლის წინ, 2000 წლის 9-15 ოქტომბრის ნომერში დაიბეჭდა მასზე წერილი "კვირის პალიტრაში". მაშინ, გიზო ჟორდანიას მიერ ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრში დადგმულ "აბესალომ და ეთერში" ბატონმა თემურმა მურმანის როლი წარმატებით შეასრულა... ჩემთვისაც ფეხბედნიერი აღმოჩნდა ეს ფაქტი, ის წერილი ჩემთვისაც პირველი იყო "კვირის პალიტრაში"...
2004 წლის 22 იანვარს, ბატონი თემურის 58-ე დაბადების დღეს, მოსკოვის საკონცერტო დარბაზ„"როსიაში" ტრიუმფალური წარმატებით დაიდგა "ფიროსმანი". ფეხზე წამომდგარი საზოგადოება დაუსრულებლად უკრავდა ტაშს "ნიკალას", ჩვენს თეიმურაზ წიკლაურს...
2022 წლის 22 იანვარს მშობლიურ კოჯორში, მის სამუდამო განსასვენებელთან, სულის მოსახსენებელი პანაშვიდების გადახდით აღნიშნა ბატონი თემურის დაბადების დღე მისმა ოჯახმა, სამეგობრომ, საახლობლომ...
ეპილოგის მაგივრად
"მივდივარ და დარდი მიმაქვს, რა იქნება ხვალ და ზეგ, ისევ შენი იმედი მაქვს, ღმერთო, ამ ქვეყანაზე. ღმერთო, იხსენ საქართველო, სამშობლო!" - ჩამესმის ყურში თეიმურაზ წიკლაურის ომახიანი, ძლიერი ხმა, ვხედავ სცენაზე მუხლმოყრილ თვალცრემლიან მომღერალს და უნებურად მახსენდება მისი ერთი სოლო კონცერტის ფინალური სცენა, როდესაც დიდებული ქართველის, ასევე კორონას შეწირული თემურ ქევხიშვილის ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი ბიჭუნების გუნდი ვიდრე საფინალო "მრავალჟამიერს" დააგუგუნებს, მათ შორის დედაბოძივით ჩამდგარი არწივი, თემურ მაისაშვილისა და მურმან ლებანიძის "უფლისციხეს" უგალობს მათ. "არავითარი სხვა სამშობლო, არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა არ გამაჩნია"... ისეთი ემოციით მღერის, ისეთი იმედისმომცემი ნაბიჯებით დააბიჯებს ბიჭუნათა შორის, ისეთი სასოებით, სიყვარულით, მავედრებელი თვალებით შესცქერის თითოეულ მათგანს, რომ ვგრძნობ, სხვა გზა, სხვა ხსნა ნამდვილად არსადაა და, რომ სწორედ ჩვენმა პატარა გოგო-ბიჭებმა, მომავლის ბურჯად და იმედად მოვლენილმა არწივის მართვეებმა, უნდა იკისრონ ის დიდი მისია, სამშობლოს გადარჩენა, ხსნა, აყვავება და გაბრწყინება რომ ჰქვია.
გულწრფელად მჯერა, მის სახელს დავიწყება არ უწერია... ქვეყნად ყველაფერი სრულდება, მხოლოდ ჭეშმარიტი ხელოვნებაა უკვდავი! თეიმურაზ წიკლაურმა უკვდავებაში შეაბიჯა!
თამარ კაპანაძე