ვერეს ხეობის რაინდები - კვირის პალიტრა

ვერეს ხეობის რაინდები

„აქ არც კორონაა, არც სხვა ვირუსი, საოცარი სიმშვიდეა, რომელსაც ყურს კარგად თუ დაუგდებ, გასწავლის, სად მიდის ჩვენი ცხოვრების გზა“

ვერეს ხეობაში, ნაფეტვრების დასახლებასთან, სადაც ჯერ კიდევ ველური გარემო შემორჩენილა, თითქმის ყოველდღე გორაკებზე ცხენებით მოხდენილად მოჯირითე ბიჭებს ვხედავ. ხან მხოლოდ სამი წითელი, თუშური ფაშატი ჩანს, ხანაც მეტია, შავები, თეთრები, სუფთა სისხლის, შერეული, ჯიშიანები. კარგა ხანს შორიდან ვაკვირდებოდი უნაგირზე ამაყად შემართულ თინეიჯერს, ზურგზე, ტკიპასავით რომ მიჰკვროდა პაწია ბიჭი... ძმები აღმოჩნდნენ, შიუკაშვილები, ლუკა, ჯამბული და შალვა.­ უფროსები­ 13-12 წლისანი არიან, უმცროსი­ მარტში გახდება ათის. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ, პატარა ბიჭებს ლაპარაკს გაუბამ თუ არა, მყისვე მიხვდები, რომ ნაადრევად­ (ან იქნებ დროულადაც) დაბრძენებულ ონავრებს გადაეყარე.

დილით ონლაინგაკვეთილებს ესწრებიან.­ შემდეგ ცხენებს უვლიან, როგორც თავისას, სხვასაც ეხმარებიან. ამ დროს ვერეს ჭალაში­ ძაღლებით სასეირნოდ ჩავდივარ ხო­ლმე. პირველად უმხედრო ცხენებს გადავ­ე­ყარე. ფაშატებიდან ყველაზე ახალგაზრდა, სახელად ციკო ჩემს ძაღლს დაუმეგობრდა­. ციკო საის გამო საძოვარსაც კი ტოვებს და შინისკენ მიმავალთ ჭიხვინით მოგვდევს,­ თითქოს გვევედრება, ცოტა ხანს კიდევ და­რ­ჩითო. ახლახან მხედრებიც­ გავიცანი.

ლუკა: - ჯერ კიდევ 5-6 წლის ვიყავი, მამამ ცხენი რომ მოიყვანა. უთენია, წინასწარ მომზადებულ სტაფილოს და შაქარს­ ვაჭმევდი. მერე ზურგზე მოვექცეოდი და ვვარცხნიდი. ისე წავიდა ცხოვრება, მამამ ცხენი სხვას მისცა. ქალაქში, კორპუსში გადავედით საცხოვრებლად და ცხენი ვერ გვეყოლებოდა. პანდემიის დაწყებამდე, იქ, სადაც ახლა ვცხოვრობთ, მამამ ღორების ფერმა გააკეთა. მაშინ ავიტეხე, რომ ცხენიც­ უნდა გვყოლოდა. მიყიდეს. გავზარდეთ. ცოტა ხანში მეორეც შემოვიმატეთ - მაკე ფაშატი. მისი შვილია ციკო, შალვას ცხენი.­ პანდემია რომ დაიწყო,­ მთელი ოჯახი ფერმაში, ფიცრულში დავსახლდით. ახლა აღარც ფერმაა, პანდემიამ ხელი შეუშალა მამას, მაგრამ ქალაქში დაბრუნებაც არ გვინდა. აქ არც კორონაა, არც სხვა ვირუსი, საოცარი სიმშვიდეა, რომელსაც ყურს კარგად თუ დაუგდებ, გასწავლის, სად მიდის ჩვენი ცხოვრების გზა.

- შენი ცხოვრების გზა სად მიდის?

- როცა ცხენის ყიდვა ავიტეხე, მკითხეს, რად გინდაო? მომავალი უნდა ავაშენო-მეთქი. გგონიათ, დამცინეს? არავინ ჩარეულა ჩემს არჩევანში. თვითონ უნდა გადამეწყვიტა, რომელი ცხენი გვეყიდა. თუშური ვარჩიე. ბევრი დამცინოდა, თუშური რად გინდა, უტვინო ცხენიაო. არადა, ამაზე ჭკვიანი არ მეგულება. თუ მთელი გულით­ უვლი, შენთვის მოკვდება.

ლაპარაკში 12 წლის ჯამბული ერევა. დიდი, ცისფერი თვალები აქვს და ლუკასთან შედარებით სიტყვაძუნწია, მაგრამ საქმეს რომ ვეხებით, ვერ ითმენს და ძმას თვალებგაბრწყინებული სათქმელში ეხიდება:

- სამი-ოთხი წლის წინ მე და ლუკამ მოვილაპარაკეთ, რომ ჯოგი გვყოლოდა და ზაფხულობით შემოსავლის წყაროდ გვექცია. სულ "კოვიდი" ხომ არ იქნება? ტურისტები ხომ გამოჩნდებიან? გავყვებით მთაში, მოვემსახურებით. ოჯახს ბარაქას შევმატებთ. ძალიან მაგარი გრძნობაა რაღაცას შენით რომ ქმნი. ვიცი, ერთ დღეს მამას ვეტყვი, დაისვენე. ჩვენი დრო მოვიდა-მეთქი.

ძმებმა უცებ მოიბოდიშეს და მდინარის ნაპირზე გაპარულ ქორიას გაედევნენ. ამასობაში, უმცროსმა შალვამ მიამბო:

- ლუკა ფილმში გადასაღებად მიიწვიეს. უფრო სწორად, ფილმში ცხენები სჭირდებათ, ცხენები კი ჩვენ გარეშე ვერ იქნებიან. ერთ კაცს აქვე, სოფელ მზიანეთში ჯიშიანი ცხენები ჰყავს, ვეხმარებით მოვლაში და მისი ერთი ცხენი ლუკას გარდა არავის იკარებს. ლუკა ისე იჩვევს, ცხოველი ვერ ხვდება, რომ გაიხედნა.

ლუკა: - არაბები საქართველოში ფილმების გადასაღებად ჩამოვიდნენ. ცხენ­ები სჭირდებათ. დღეში კარგ ფასს იხდ­იან­.თუ ეს საქმე გამოვიდა, მეტ ცხენს ვიყოლიებთ, ტურისტულ საქმეს განვავითარებთ.

ბიჭების ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. თუმცა მათ საცხოვრებელ გარემოში თვალის ერთი შევლებითაც იგრძნობთ, რომ ოჯახს, სადაც ხუთი მოზარდი, სამი ვაჟი და ორი გოგონა იზრდ­ება, ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად, სიყვარულის დიდი საბადო აქვთ. ბავშვებზე სტატია რომ მომემზადებინა, თანხმობის ასაღებად მშობლები გავიცანი. თავიდან შეკრთნენ, რამე ხომ არ შეეშალათო? გაჭირვება მავიწყდება, როდესაც შვილებზე კარგს მეუბნებიან, ამაზე უკეთესი მოსასმენი არაფერიაო, მითხრა მამამ.

ლუკა: - ხშირად მეუბნებიან, ბავშვურად, ლაღად არ ცხოვრობო. ხომ იცით, რითი არიან დაკავებული 13 წლის ბავშვები­ ქუჩაში? წებო ვიყნოსო თუ მარიხუანა მოვწიო? ქუჩაში ყოფნას მირჩევნია მშობლებს­ მივეხმარო. ცხენებთან ყოფნის დროს უკეთ ვხვდები, რა უნდა გავაკეთო. ერთ ნაბიჯს რომ გადადგამ, მეორეზე მისით მიჰყავხარ ცხოვრებას. როგორც უფროსებისგან ვიცი, წინათ ბავშვური ცხოვრება იყო სამზადისი მთელი დარჩენილი ცხოვრებისთვის. დღეს ბავშვური ცხოვრება არაფერში გატარებული დროა. ან წიგნით უნდა ისწავლო, ან ფიზიკური შრომით მომავალს საფუძველი დაუდო. თუ ერთს ან მეორეს აკეთებ, სხვა რამისთვის დრო აღარ გრჩება. ღამით, როცა ცხენებს დავაბინავებ, ისეთი დაღლილი ვარ, მკვდარივით მეძინება. ბოლო დროს, სულ არაბების ფილმზე ვფიქრობ. არ მინდა სკოლის გამო ხელი შემეშალოს. ამიტომაც ვთხოვე მასწავლებელს, გადაღებებზე გამიშვით-მეთქი. ეგ დირექტორმა­ უნდა გადაწყვიტოსო. უნდა მივიდე და ვთხოვო, რომ ონალაინვისწავლო და ფილმშიც არ დავკარგო ჩემი გზა.

ვერეს ხეობაში ცოტა ხნის წინ შველი­ გამოჩენილა. ბიჭებს არაერთხელ უნახავთ.

შალვა: - ალბათ, მონადირეებმა დედა მოუკლეს და ეძებდა. ძალიან საცოდავია ობოლი ნუკრი. უმისამართოდ დარბის, ყველაფერს აწყდება, რომ იქნებ დედის სუნი იგრძნოს და კვალს მიჰყვეს. ერთხანს ჩანდა.­ გზის მშენებლობაზე ერთი კაცი პურს აჭმევდა და მის დანახვაზე პატარა ბავშვივით გახარებული გარბოდა. მამა, ბიძები, პაპა ეძებდნენ, მონადირეებს სთხოვდნენ, თუ შეგხვდათ, არ მოკლათო. მგონი, მოკლეს, ყური მოვკარით, შვლის ტყავი უნახავთო. ნადირისგან დაფლეთილი კი არა, ჩამოტყავებული. ადამიანის ორი სახეობაა, ერთი, რომელიც ჭალებში ხოხბებსა და ბაჭიებს გასამრავლებლად უშვებს, მეორე კი მუსრს ავლებს. ასეთს ვერც იმას გააგებინებ, რომ შველი არ უნდა მოკლას, და ვერც იმას, რომ სადაც მოუნდება, ნაგავი არ დაყაროს.

ჯამბული: - ხშირად შარში ვართ. დავინახავთ, ვიღაც მოაყენებს მანქანას და ხეობაში ნაგავს ყრის. ვერ ვითმენთ და ვჩხუბობთ. მშობლებს ეშინიათ, რომ ვინმე გვავნებს. ამ ხეობაში დროებით ვართ. მიწა, სადაც ახლა ვცხოვრობთ, სხვისია. ყიდის, ძალიან ძვირად, რომელსაც ვერ შევწვდებით,­ თორემ ვიყიდდით. ერთ დღესაც ეს მიწა რომ გაიყიდება, აქედან აყრა მოგვიწევს. ბედნიერია ის, ვისაც თავისი მიწა აქვს, თვითონაც იმედიანად არის და ცხენების ბედიც აღარ ადარდებს.

p.s. ძლიერი სახელმწიფო ჭკვიანი მმარ­თველებით ასე წარმომიდგენია: შიუკაშვილების მშრომელ ოჯახს უკეთ განვითარების ყველა პირობას შეუქმნიდნენ. მათ ექნებოდათ თავიანთი მიწა, ეყოლებოდათ ცხენები... ცხენს სხვა საქმე მოჰყვებოდა და მხოლოდ ერთი ოჯახი კი არა, სახელმწიფო­ მიიღებდა დოვლათს, მაგრამ... შიუკაშვილების ახლანდელი საცხოვრებლის მიმდებარედ სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნეს უზარმაზარ მიწას და ერთ ლარად მიჰყიდეს მავანს. ეს ცალკე თემაა უამ­რავი შავი ხვრელით...