"ავტომობილის მინაზე ბიჭმა მოაკაკუნა, ხატები ეჭირა. ერთმანეთს რომ შევხედეთ, ორივე სახტად დავრჩით, ტყუპისცალივით ვგავდით ერთმანეთს" - კვირის პალიტრა

"ავტომობილის მინაზე ბიჭმა მოაკაკუნა, ხატები ეჭირა. ერთმანეთს რომ შევხედეთ, ორივე სახტად დავრჩით, ტყუპისცალივით ვგავდით ერთმანეთს"

"ყველაზე კარგია, როდესაც ბავშვს ბაღის ასაკში ვუმხელთ სიმართლეს, იმიტომ, რომ ამ დროს ბავშვი ყველაფერს თამაშად აღიქვამს“

"თქვენ ჩემი ნამდვილი მშობლები არ ხართ?" - ეს არის შეკითხვა, რომლის მოლოდინში ზოგჯერ ცხოვრება წამებად იქცევა იმ დედებისთვის, რომლებიც ნაშვილებ ბავშვებს ზრდიან ან უკვე გაზარდეს. ასეთი დედები ყველაფერს აკეთებენ, რომ შვილის წარსულიდან როგორმე წაშალონ ბიოლოგიური მშობლების კვალი. თუმცა შიშისგან მაინც ვერ თავისუფლდებიან. ხშირად მძიმეა მისი რეაქცია, ვინც ზრდასრულ ასაკში გაიგებს, რომ ნაშვილებია. თუ რას განიცდიან ისინი, ამის შესახებ ნიკა გ-ს მონათხრობიდან შეიტყობთ.

"რა მოხდებოდა მცოდნოდა, ვინ გამაჩინა?!"

ნიკა: "ახლა 30 წლის ვარ, აღმოსავლეთ საქართველოში გავიზარდე, ძალიან კარგი მშობლები მყავდა, სამწუხაროდ, ახლა ცოცხლები აღარ არიან. ჩემი ცხოვრება მშვიდად და უშფოთველად გაგრძელდებოდა, რომ არა ერთი შემთხვევა: ერთხელ ელიავას ბაზრობასთან საცობში მოვყევი. უცებ ავტომობილის მინაზე ბიჭმა მოაკაკუნა, რომელსაც ხელში ხატები ეჭირა. ერთმანეთს რომ შევხედეთ, ორივე სახტად დავრჩით, ტყუპისცალივით ვგავდით ერთმანეთს. ერთადერთი, რაც იმ მომენტში მოვახერხე, ის იყო, რომ ბიჭს ფული მივაწოდე. როგორც კი აზრზე მოვედი, ავტომობილიდან გადასვლა დავაპირე, მაგრამ საცობი დაიძრა და მეც ვეღარ შევძელი დაყოვნება. იმ დღიდან საგონებელში ჩავვარდი, ის ბიჭი ხომ გაჭრილი ვაშლივით მგავდა... მას შემდეგ სულ ვცდილობდი იმ ადგილას გამევლო, ფეხითაც რამდენჯერმე გავუყევი ქუჩას იმ იმედით, რომ იმ უცნობ ბიჭს ისევ გადავეყრებოდი. მერე კი ეჭვი გამიჩნდა, იქნებ ჩემი ძმა იყო, აბა, რატომ მგავდა ასე. საბოლოოდ მივედი დასკვნამდე, რომ მე ჩემი მშობლების ბიოლოგიური შვილი არ ვიყავი. ჩავედი სოფელში, მშობლების სახლში, და დავიწყე საბუთებში ქექვა. ხელჩასაჭიდი ვერაფერი ვიპოვე, მაგრამ სიმშვიდეს მაინც ვერ ვპოულობდი, ისევ და ისევ დავდიოდი ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე და ვეძებდი იმ ბიჭს.

გადავწყვიტე ჩემი მშობლების ნათესავ-მეგობრების დახმარებით გამერკვია სიმართლე და ჩემი ეჭვებიც გამართლდა. აფხაზეთის ომის დროს ერთ-ერთ ოჯახში მეოთხე ბიჭი დაბადებულა. ის მეოთხე ბიჭი მე ვარ... ამის მეტი ვერაფერი გავიგე და ეს ძალიან მტანჯავს. საშინელებაა იმის შეგრძნება, რომ მთელი შენი ცხოვრება ტყუილი იყო, რომ არ იცი, ვისი სისხლის ხარ, ვისი გვარის, როგორი იყვნენ შენი მშობლები, წინაპრები... გასაგებია, რომ ზოგჯერ მშობელს იძულებით უწევს შვილის დატოვება, ისიც მესმის, რომ უშვილო წყვილს ბავშვის გაზრდა სურს, მაგრამ ხომ შეიძლება ეს ყველაფერი საიდუმლოების გარეშე მოხდეს?! რა მოხდებოდა მცოდნოდა, ვინ იყვნენ ჩემი ბიოლოგიური მშობლები, ვინ გამაჩინა?! განა ამით გამზრდელ მშობლებს ჩემი სიყვარული და პატივისცემა მოაკლდებოდათ. არა, შეიძლება უფრო მეტადაც დამეფასებინა და ახლა არ მომიწევდა ასეთ გაურკვევლობაში ცხოვრება".

როგორ უნდა მოიქცეს ნაშვილები ბავშვის მშობელი

ხათუნა მუზაშვილი­, ფსიქოლოგი: - ყველაზე კარგია, როდესაც ბავშვს ბაღის ასაკში ვუმხელთ სიმართლეს, იმიტომ, რომ ამ დროს ბავშვი ყველაფერს თამაშად აღიქვამს. ამიტომ სწორედ ამ დროს უნდა დავუწყოთ პატარას საუბარი იმის შესახებ, რომ როდესაც ბავშვი იბადება, ზოგიერთი დედა ამისთვის მზად არ არის, ზოგს ძალიან უხარია შვილის დაბადება, ზოგი ბავშვი ნაშვილებია, ზოგს კი ის დედა უვლის, რომელმაც გააჩინა, ასეც ხდება და ისეც... ზოგიერთი ბავშვი ცნობისმოყვარეა და თავად სვამს კითხვებს, თუ როგორ იბადებიან ბავშვები. როდესაც ბავშვი ასეთ რამეს არ ეკითხება, მშობელს შეუძლია თავად წამოიწყოს ამ თემაზე საუბარი. უთხრას შვილს, რომ ის სხვა ქალის მუცელში იყო, მაგრამ მან თავისთან წამოიყვანა, იმიტომ, რომ ის ქალი დედობისთვის მზად არ იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, მშობელმა შვილს თავისი გრძნობები გაანდოს, მოუყვეს, რა ბედნიერი იყო, როდესაც სახლში წამოიყვანა. ძალიან ხშირად, არაერთგზის უნდა უთხრას მშობელმა შვილს, რომ მისი დედობა აბედნიერებს. ბავშვს სხვა მაგალითებიც უნდა მოვუყვანოთ და გავაგებინოთ, რომ მხოლოდ ის არ არის ნაშვილები. ბავშვი შემდგომ თავის მეგობრებსაც მოუყვება ამას და მოზრდილ ასაკში კითხვები აღარ ექნება. მხოლოდ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბავშვობის ასაკში ამ საკითხზე ბევრი უნდა ვესაუბროთ - ერთხელ მოუყვე ყველაფერს და მერე ამ ამბავს წერტილი დაუსვა, არ გამოვა.

- რამდენად მნიშვნელოვანია, ბავშვმა­ თავისი ბიოლოგიური მშობლების ვინაობა იცოდეს?

- როდესაც მცირეწლოვან ბავშვს ეხება საქმე, მაშინ ასეთ თემებზე საუბარი მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენ შეგვიძლია მარტივად ვუთხრათ, რომ მისი ბიოლოგიური მშობლების ვინაობა არ ვიცით.

- თუ მშობელმა მცირეწლოვანს ვერ გაუმხილა სიმართლე, შემდეგ რა ასაკშია რეკომენდებული ამ თემაზე საუბარი?

- უნდა მოვიცადოთ, სანამ ბავშვი სრულწლოვანი არ გახდება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამაზე საუბარი გარდატეხის ასაკში. შეგვიძლია მასთან საუბარი დავიწყოთ ასეთი ტექსტით, რომ ველოდით, როდის გახდებოდა დიდი და გონიერი, რათა გაგვენდო ოჯახური საიდუმლო. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვეღარ ვიტყვით, რომ არ ვიცით ბიოლოგიური მშობლების ვინაობა, რადგან შესაძლოა მან თავად დაიწყოს გამოძიება. ამიტომ ჯობს ვუთხრათ სიმართლე. როგორც წესი, როდესაც ადამიანი პირველად იგებს, რომ ნაშვილებია, მზად არის, მოძებნოს მშობლები, გაიგოს, ვინ არიან მისი დედმამიშვილები, ნათესავები და ა.შ. თუ ამაში არ შევეწინააღმდეგებით, სურვილი მალევე უქრებათ. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში მათ პროტესტი უჩნდებათ. რამდენჯერაც რამე არ მოეწონებათ, იმდენჯერ უჩნდებათ გაქცევისა და ბიოლოგიური მშობლების მოძებნის სურვილი. სანამ სიმართლეს გავუმხელთ, კარგია, თუ ბავშვს ფასეულობებს დავულაგებთ, ვაყურებინებთ შესაბამის მულტფილმებს, მხატვრულ ფილმებს... სხვათა შორის, მნიშვნელოვანია ამ თემაზე მხოლოდ ნაშვილებ ბავშვებს კი არა, ბიოლოგიურ შვილებსაც ვესაუბროთ და ვასწავლოთ, რომ ბავშვის შვილად აყვანა ჩვეულებრივი ამბავია და არ შეიძლება ვინმეს ამის გამო დასცინონ. ეს თემა არ უნდა იყოს დახურული, ბავშვებს ამ საკითხზე სწორი დასკვნების საშუალება უნდა მივცეთ.

- რამდენად საფუძვლიანი შეიძლება იყოს მშობლის შიში, რომ თუ ბავშვი ბიოლოგიურ მშობლებს მოძებნის, გამზრდელი მშობლები აღარ ეყვარება?

- ძალიან ხშირად უსაფუძვლოა. ძირითადად, გაშვილებული ადამიანები ინტერესის, ცნობისმოყვარეობის გამო ეძებენ ბიოლოგიურ მშობლებს. ამასთან, უმთავრესად ბიოლოგიური მშობლებისგან სითბოს ვერ იღებენ. შესაბამისად ჯობს, ბავშვს არ დავუშალოთ ბიოლოგიური მშობლების მოძებნა.

- გასაგებია ისეთი მშობლის გულგრილობა, რომელმაც შვილი ნებით, მერკანტილური მიზნით გააშვილა, მაგრამ ზოგჯერ დედებს ნების წინააღმდეგ უწევთ ასეთი ნაბიჯის გადადგმა, ან სულაც ისე უშვილებენ შვილს, რომ თავად არაფერი იციან. ასეთ შემთხვევაში რით უნდა იყოს განპირობებული მშობლის გულგრილობა შვილის მიმართ?

- არის შემთხვევები, როდესაც მშობლებს არ სურთ თავიანთი ცუდი საქციელის გახსენება, თავიანთ შეცდომებს ემალებიან, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მშობლები სულაც არ იყვნენ გულგრილნი, უბრალოდ, მათ უჭირთ უცნობი შვილისთვის იმის თქმა, გამარჯობა, მე შენი დედა/მამა ვარო. ზოგჯერ იმასაც ფიქრობენ, რომ არ ღირს თავგზა აუბნიონ შვილს, ან პრობლემები შეუქმნან ოჯახს, რომელმაც მათი შვილი გაზარდა. გარდა ამისა, მათ არ იციან, როგორ მიიღებს შვილი და ეშინიათ მასთან შეხვედრის.

როგორია საქართველოში გაშვილებული ბავშვების სტატისტიკა, რამდენად დაცულია მათი უფლებები

გაშვილების მეთოდებზე სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით: - არასრულწლოვანთა ბიოლოგიური ოჯახისგან სახელმწიფო ზრუნვაში განთავსების მიზეზებია: ძალადობა და უგულებელყოფა, ბავშვის ქცევის სირთულე, მშობლისგან მიტოვება, ბავშვის ან მშობლის ჯანმრთელობის პრობლემები. არასრულწლოვანთა ბიოლოგიურ ოჯახთან განცალკევების მიზეზი კომპლექსურია, შესაბამისად, სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე არ არის მიზეზი ბავშვის ოჯახიდან გამოყვანის. ის ზემოაღნიშნულ სხვა მიზეზებთან ერთობლიობაში განიხილება.

რა უნდა გააკეთონ მათ, ვისაც ბავშვის გაშვილება ან შვილად აყვანა სურთ.

მშობელმა (მშობლებმა) ან სხვა კანონიერმა წარმომადგენელმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ბავშვის გაშვილებაზე თანხმობა უნდა დაადასტუროს (დაადასტურონ) სპეციალური ფორმით, რომელსაც ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი. რაც შეეხება შვილად აყვანის მსურველებს, მშვილებელი შეიძლება იყოს საქართველოში მუდმივად მცხოვრები სრულწლოვანი პირი, რომელიც აკმაყოფილებს მშვილებლისთვის დადგენილ მოთხოვნებს: განცხადების შეტანა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაცია; შვილად აყვანის მსურველი პირის მიერ სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლა და სერტიფიკატის მიღება; სოციალური მუშაკის მიერ მშვილებლის შეფასება; სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის მიერ გადაწყვეტილების გამოტანა; მშვილებლის დარეგისტრირება საქართველოს მშვილებელთა რეესტრში. რაც შეეხება მშვილებელი ოჯახის/პირის ბავშვის შვილად აყვანის მოლოდინის რეჟიმს, ეს დამოკიდებულია თავად მშვილებლის მოთხოვნასა და გასაშვილებელ ბავშვთა ერთიან რეესტრში განთავსებული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ბავშვისა და მშვილებლის თავსებადობაზე.

მშვილებელი ოჯახი/პირი, ძირითადად, რას აქცევს ყურადღებას.

მშვილებელთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებული პირების ძირითად მოთხოვნას წარმოადგენს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა (ჯანმრთელი), ასაკი (ძირითადად 0-3 წლამდე), აღმსარებლობა, ეროვნება და ა.შ.

რამდენად ხშირია უცხოეთში გაშვილების ფაქტები.

ბოლო 5 წლის განმავლობაში უცხოეთში 11 ბავშვი გაშვილდა, მათგან ყველა შშმ პირია, ვინაიდან საერთაშორისო გაშვილებას ექვემდებარება ბავშვი, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და საქართველოში ბავშვის გასაშვილებელი სტატუსის მინიჭებიდან რვა თვის განმავლობაში მისი გაშვილება საქართველოში ვერ მოხერხდა.

არიან თუ არა ქართველებს შორის შშმ პირების შვილად აყვანის მსურველები.

მშვილებელთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებულ პირთა შორის შშმ სტატუსის მქონე ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირი მინიმალურია. უმეტესად ისეთ ბავშვებზე აცხადებენ თანხმობას, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია.

დღეის მდგომარეობით რამდენ ბავშვს აქვს გასაშვილებლის სტატუსი და რამდენია შვილად აყვანის მსურველი.

დღეის მდგომარეობით 221 გასაშვილებელი სტატუსის მქონე ბავშვია, მათ შორის 154 შშმ ბავშვია. რეგისტრირებულია 2313 მშვილებელი ოჯახი/პირი; მშვილებელი რეგისტრირდება მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ყველა იმ პროცედურის გავლის შემდეგ, რაც კანონით არის განსაზღვრული. შემდგომ ტერიტორიული ერთეული მის მიერ რეგისტრირებულ მშვილებელთა მონაცემებს გადასცემს ცენტრალურ ორგანოს, რომელიც აღრიცხავს მშვილებელთა ერთიან რეესტრში.

ბოლო 5 წლის განმავლობაში 224 ბავშვს მიენიჭა გასაშვილებლის სტატუსი, მათ შორის 53 ბავშვზე არ არსებობს მშვილებლის მოთხოვნა მათი ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ბოლო 5 წლის განმავლობაში რამდენი ბავშვი გაშვილდა?

გაშვილდა მხოლოდ 171 ბავშვი.

ხათუნა ბახტურიძე