ქართველი მოცეკვავე მსხვილბიუჯეტიანი ჰოლივუდური ბლოკბასტერიდან - კვირის პალიტრა

ქართველი მოცეკვავე მსხვილბიუჯეტიანი ჰოლივუდური ბლოკბასტერიდან

"პირველ დღეს სავარჯიშოდ რომ მივედი, სანამ გამოვიცვლიდი, დაიმონ ჰანსოუმ ყავა მომიმზადა და გამომძახა, შაქარი რამდენი ჩაგიყაროო. როგორ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ვარსკვლავი ყავას მომიდუღებდა! თუ გინდა დიდი ადამიანი იყო, ძალიან უნდა დაიმდაბლო თავი. ისინი ასე ცხოვრობენ და მართლაც ასეა"

თბილისის კინოთეატრების ეკრანებზე უკვე უჩვენებენ მსხვილბიუჯეტიან ჰოლივუდურ ბლოკბასტერს - The King’s Man -ის მესამე ნაწილს, რომელშიც ქართველი მოცეკვავე ლაშა მძინარიშვილი მონაწილეობს. ის ამ პროექტში ცნობილი კინოვარსკვლავის, რიზ აიფენსის დუბლიორია. მსახიობი ფილმში რასპუტინს ასახიერებს, ქართველი მოცეკვავე კი სწორედ რასპუტინის საბრძოლო სცენებში მონაწილეობს. მან ეს სცენები თვითონ დადგა ქართული ცეკვის ილეთების გამოყენებით. დღეს ლაშა მძინარიშვილი "კვირის პალიტრის" სტუმარია.

- ფილმის ქართული პრემიერა 16 იანვარს გაიმართა კინოთეატრ "ამირანში". The King’s Man -ის პირველ ორ სერიაში ჯულიანა მური, ტეილორ ეჯერტონი და სხვა ცნობილი მსახიობები მონაწილეობენ, მესამე ნაწილში კი, რომელშიც მეც ვმონაწილეობ, მოქმედება პირველი მსოფლიო ომის დროს ვითარდება. ფილმში აგენტი მამა-შვილი უარყოფით გმირებს უსწორდება. მათ შორის ერთ-ერთი არის რასპუტინი, რომლის ჩხუბის სცენები მე დავდგი და მევე ვითამაშე. რამდენიმე სცენაში გადაგვიღეს მე და ჩემი მეგობარი, “სუხიშვილების” მოცეკვავე ბაჩანა ჭანტურია. ფილმში "ოსკარის" ნომინანტი რალფ ფაინსი, ჯეიმს ბონდის გოგონა გემა არტერტონი და “ნოტინგ ჰილის” ვარსკვლავი რიზ აიფენსი თამაშობენ. მე რიზ აიფენსის დუბლიორი ვარ. ვიმუშავე დაიმონ ჰანსოუსთანაც, რომელიც "გლადიატორში"” მთავარი გმირის ფერადკანიან მეგობარს ასახიერებს. სწორედ მასთან გადავიღე საბრძოლო ეპიზოდი. ფილმის სცენარისტი კარლ გაიდუსეკია, დირექტორი - მეთიუ ვონი, რომელიც სხვადასხვა მაღალბიუჯეტიანი ფილმის რეჟისორია. მეთიუ ვონის მეუღლეა კლაუდია შიფერი, რომელიც ფილმის შექმნაშიც მონაწილეობდა. გადაღებები ინგლისსა და იტალიაში მიმდინარეობდა. ფილმის ბიუჯეტი 414 მილიონია. წინა ფილმმა კომპანიას მილიარდზე მეტი შემოსავალი მოუტანა.

kingsmen3-1643572824.jpg

- რაც უნდა წარმატებული მოცეკვავე იყოთ, ძალიან ცოტას თუ ეძლევა შანსი, ასეთი ფილმის გადასაღებ მოედანზე მოხვდეს. როგორ მოგეცათ თქვენ ეს შანსი.

- მანამდე არ გვქონია პრეცედენტი, რომ ქართველ მოცეკვავეებსა და ქორეოგრაფებს ამ ტიპის პროექტში მიეღოთ მონაწილეობა. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შრომისა და ბრძოლის ფასად მოვიდა.

ამ ფილმის მონაწილე გავხდი ქასთინგის შედეგად, რაც სტანდარტია ყველა ფილმის გადაღების წინ.

- ქასთინგის შესახებ როგორ შეიტყვეთ?

- საქართველოს კასკადიორთა ჯგუფის ხელმძღვანელის, დავით ხუბუასგან. 10 წლის წინ მასთან ერთად ვიმუშავე. მას ხელი მიუწვდება კინოს სამყაროსთან. და როდესაც შეიტყო, რომ ჰოლივუდში ფოლკლორული ცეკვის მონაწილეების ჯგუფი გადიოდა ქასთინგს, ჩათვალა, რომ კარგი იქნებოდა, ქართველებსაც მიეღოთ მასში მონაწილეობა და არჩევანი ჩემზე შეაჩერა. მონაცემები გავგზავნეთ. მოეწონათ ცეკვა, ჩემი პარამეტრები და ოფიციალურად მიმიწვიეს შესარჩევ კონკურსში, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. თავიდან მარტო მე წავედი. სცენა დავდგი და შევასრულე კიდეც, მაგრამ რადგან შესასრულებელი იყო სხვა მოძრაობებიც, რომლებიც ჩემს სიმაღლეს არ მიესადაგებოდა, პროექტში სხვა მოცეკვავის ჩართვა გახდა საჭირო, ამიტომ დავიმატეთ მეორე მოცეკვავე, იმავე გმირის კიდევ ერთი დუბლიორი - ბაჩანა ჭანტურია. ბაჩანამ გამაძლიერა. ერთმანეთის უთქმელად გვესმის. ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვართ.

kingsmen2-1643572824.jpg

- რა ემოციები გამოავლინეს ფილმის შემქმნელებმა, როცა ბრძოლის სცენებში ქართული ცეკვის ელემენტები შეასრულეთ?

- რეჟისორ მეთიუ ვონსა და მის მეუღლეს რომ ვაჩვენეთ ეს სცენები, ვონმა წამოიძახა, ეს ყველაფერი სიგიჟემდე მაგარიაო! მერე მთელმა ჯგუფმა ტაში დაგვიკრა. მეორე დღეს სასტუმროს ნომერში მოვიდა წერილი: "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქინგსმენებში. ჩვენთვის დიდი პატივია თქვენთან მუშაობა". ეს ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო.

ჰოლივუდურ ფილმებს კასკადიორებით ჯეკი ჩანის ჯგუფი ამარაგებს. King’s Man-ში მათი ჯგუფის წევრი გავხდი. ჩემი პედაგოგი და პირადი მწვრთნელი იყო ტომ კრუზის დუბლიორი "შეუსრულებელ მისიაში". მათთან და პირად მწვრთნელებთან ერთად ისეთი რაღაცების კეთება მიწევდა, მანამდე ნანახიც რომ არ მქონდა. ძალიან რთული იყო. ქართულ ცეკვაშიც არის ელემენტები, რომლებიც კონკრეტული მოცეკვავის შესასრულებელია. არიან მაღალი, დაბალი, ტექნიკური მოცეკვავეები. ისინი ერთად ქმნიან შედეგს, მაგრამ პოზიციები გაყოფილი აქვთ. მაგალითად, ვიღაცამ მუხლზე უნდა იმუშაოს, ვიღაცამ - ფეხის წვერზე, ვიღაცამ - ტრიალზე, იქ კი ყველაფრის კეთება მე მიწევდა. ადვილი არ იყო, მაგრამ როდესაც ამდენი ადამიანი შენზე ამყარებს იმედს, ვერ იტყვი, რაღაც არ შემიძლიაო. მეგობრები მესენჯერით მიკავშირდებოდნენ, ზოგი თავისი მისაღები ოთახიდან ფეხის წვერზე მუშაობას მასწავლიდა, ზოგი სარეპეტიციო დარბაზიდან მუხლზე ტრიალს მიხსნიდა. რაც გულით გინდა, გამოგივა, თუმცა, ცხადია, შრომის გარეშე - არა.

- კლაუდია შიფერი "ქინგსმენის" პირველი ლედი იყო?

- ნამდვილად ეგრეა. ალბათ, გადაწყვეტილებების მიღებაშიც მონაწილეობს, არ ვიცი... თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილებას ყოველთვის მეთიუ ვონი იღებდა. ის გამოირჩევა პრინციპულობით და სიმკაცრით. სხვათა შორის, რიზ აიფენსის როლი ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, მაგრამ მეთიუ ვონმა ის სხვადასხვა მიზეზით დაიწუნა.

kingsmen4-1643572825.jpg

- კიდევ რას გვიამბობთ ამ პროექტზე?

- ჰგონიათ, რომ ამ პროექტში რამდენიმე ცეკვა შევასრულე, მაგალითად, მთიულურის ილეთებით, ან - კინტაურის, მაგრამ ასე არ ყოფილა. ჩვენ ცეკვის ელემენტები გამოვიყენეთ საბრძოლო სცენებში. მოვისმინე რამდენიმე ადამიანის კრიტიკული შეფასება, თითქოს მე ქართულ ცეკვას ავთენტურობა დავუკარგე. ცოტა არ იყოს, საწყენია, როცა ამდენი შრომისა და აღიარების შემდეგ ასეთ შეფასებას ვისმენთ. ქართული ცეკვა რომ აცეკვო რასპუტინს, ეს ნამდვილად შეურაცხყოფა იქნება, მაგრამ როცა საბრძოლო სცენაში ცეკვის ელემენტებს იყენებ, ეს რატომ არის შეურაცხყოფა? ეს არის ილეთების შერწყმა, ერთობლიობა. ასეთი ილეთები შეიძლება სხვა ერის ცეკვებშიც იყოს. მაგალითად, ჰაერში ახტომას ორი ტრიალით უკრაინელებიც აკეთებენ. უშუ მიმართულებაა, რომელსაც ჩინელები და იაპონელები იყენებენ საბრძოლო ხელოვნებაში და ნახევარზე მეტი ჰოლივუდური ფილმები მისი ილეთებით არის გადაღებული. ესე იგი, უნდა თქვან, რომ მათაც რამე წაართვეს ან შეურაცხყოფა მიაყენეს?!გადამღები ჯგუფისთვის ქართული ცეკვის ილეთები აღმოჩენა იყო. მსოფლიოში ამდენ ფილმს იღებენ და არც ერთი ბრძოლა რომელიმე ქვეყნის ცეკვის ილეთებით არ სრულდება. ეს იყო პრეცედენტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და როგორ უნდა გვითხრას ვინმემ, რომ ჩვენ ქვეყანას ვუღალატეთ?! მთავარი როლის შემსრულებლები ინტერვიუებში აღფრთოვანებულები ამბობენ, საბრძოლო სცენებში გამოყენებულია ქართული ცეკვის ილეთები და მათ ქართველი მოცეკვავეები საოცრად ასრულებენო. ვარსკვლავები დუბლიორებს იშვიათად ახსენებენ, ამ ფილმის შემდეგ კი აღტაცებულები ლაპარაკობენ.

- საინტერესოა, როგორ მუშაობენ კასკადიორები. ალბათ, ყველა მხრიდან დაბმულ-დაზღვეულები...

- შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ არც ერთი სცენა დაზღვევით არ გადაგვიღია. ეს მათთვის დაუჯერებელი იყო. მარველი დიდი პავილიონია და სხვადასხვა სამსახურიდან მოდიოდნენ, რომ ენახათ, როგორ ვმუშაობდით. ზოგი გარეთ გვხვდებოდა - თქვენ ხართ ის ქართველები, ეს ყველაფერი რომ გააკეთესო?

- რა იცოდნენ საქართველოზე?

- თითქმის არაფერი, ეგონათ, ისევ რუსეთის შემადგენლობაში ვიყავით. ერთ-ერთ შეხვედრაზე ჩემი თავი ასე გააცნეს: "ლაშა ფრომ რაშა", ანუ ლაშა რუსეთიდანო, რაზეც ძალიან მწვავე რეაქცია მქონდა. შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი და ჩემი პოზიცია ხმამაღლა გამოვხატე. ისიც ვუთხარი, რომ რუსეთს ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს და ჩემთვის მიუღებელია მათთან გაიგივება. ბოდიში მომიხადეს და ამის შემდეგ ურთიერთობა აშკარად დათბა.

- ამ პროექტმა, ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, მსოფლიოს ვარსკვლავებიც დაგიმეგობრათ. მიამბეთ მათზე...

- კი ბატონო, მათზე სალაპარაკო არ გამომელევა... რალფ ფაინსი, დაიმონ ჰანსოუ, რიზ აიფენსი, მეთიუ გუდი, ჯემა არტერტონი ძალიან თავმდაბალი ადამიანები არიან. ოსკაროსანი ვარსკვლავები, ცნობილები, გავლენიანები, მილიარდერები, მაგრამ ძალიან უშუალოები, უბრალოები... ჩაცმითაც ძალიან უბრალოდ იცვამენ... ყველასთან კარგი ურთიერთობა გვქონდა მეც და ბაჩანასაც. თავიდან მერიდებოდა, მათთან სურათებს არ ვიღებდი. ერთხელაც რალფ ფაინსი მეკითხება, ჩემთან ფოტოს რატომ არ იღებო. არ ვიცი, მერიდება-მეთქი, დავიბენი. შეიძლება მე გადავიღო შენთან ერთად ფოტოო? ღიმილით მკითხა. ჰოდა, გადავიღეთ.

პირველ დღეს რომ მივედი სავარჯიშოდ, სანამ გამოვიცვლიდი, დაიმონ ჰანსოუმ ყავა მომიმზადა და გამომძახა, შაქარი რამდენი ჩაგიყაროო. როგორ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ვარსკვლავი ყავას მომიდუღებდა! თუ გინდა დიდი ადამიანი იყო, ძალიან უნდა დაიმდაბლო თავი. ისინი ასე ცხოვრობენ და მართლაც ასეა. ჰარის დიკინსონი, რომელიც რალფ ფაინსის შვილის როლს ასრულებს, ახალგაზრდა მსახიობია, ჰოლივუდის ამომავალი ვარსკვლავი. თავიდან არ ვიცნობდი და შუა მასაჟის დროს შევუღე კარი. კისერზე ტრავმა მქონდა, ერთ-ერთი სცენიდან გადმოვვარდი და ისე მტკიოდა, მასაჟისტი გავაჩერე და ვთხოვე, მაგას თავი დაანებეთ და მე მომხედეთ-მეთქი. მეორე დღეს ეს ბიჭი მოდის, მოაქვს გელი და მეუბნება, შეიზილე, გიშველის, გუშინ ძალიან გტკიოდაო. მერე თვითონ წამისვა კისერზე, თბილი მოიხვიე და შვებას იგრძნობო. გაოცებული დავრჩი...

- ამ ფილმის შემდეგ თუ გქონდათ ახალი შემოთავაზებები?

- "კინგსმენის" შემდეგ გადამიღეს ქართულ-გერმანულ ფილმში "წითელი მზე", რომელიც ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალის ფინალისტი გახდა.

"კინგსმენში" მუშაობამ დიდი გამოცდილება შემძინა. რამდენიმე ქასთინგში ვაპირებ მონაწილეობას.