"ოპოზიცია მხოლოდ ხელისუფლების ნაკლოვანებაზე რომ ლაპარაკობს, თავად რას აკეთებს? აეღოთ ბილეთები და ჩასულიყვნენ კიევში“ - კვირის პალიტრა

"ოპოზიცია მხოლოდ ხელისუფლების ნაკლოვანებაზე რომ ლაპარაკობს, თავად რას აკეთებს? აეღოთ ბილეთები და ჩასულიყვნენ კიევში“

"ოპოზიცია თუ დროზე არ გადაეწყო, შეიძლება საერთოდ გაქრეს“

"ხელისუფლება, ოპოზიცია და მთლიანად ქვეყანა ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე დგანან... პოლიტიკური ელიტა მთლიანად დელეგიტიმირებულია. ეს ძალიან სახიფათო მოცემულობაა", - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ს კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვით გამოკითხულ რესპონდენტთა უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. გამოკითხულთა მხოლოდ 42%-მა დაასახელა კონკრეტული პარტია. აქედან 24%-მა დაასახელა "ქართული ოცნება", 9%-მა "ნაციონალური მოძრაობა", ხოლო 8%-მა სხვა პარტია, 41%-მა კი არც ერთი მათგანი. 17%-მა არ იცის კითხვაზე პასუხი და ამასთან, უარს ამბობს პასუხზე. ამასთან, NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა, 80%, მხარს უჭერს პარტიათაშორის თანამშრომლობას, 8% კი არ ეთანხმება. პოლიტიკური პარტიების მიერ ქვეყანაში შექმნილ რეალობასა და საზოგადოებრივ განწყობებზე გია ხუხაშვილი უფრო ვრცლად გვესაუბრება.

- NDI-ს კვლევაში ნათლად ვხედავთ, რომ მოსახლეობა განწყობილია ნიჰილისტურად, არა აქვს მომავლის იმედი, დისტანცირებულია პოლიტიკოსებისგან, არ სჯერა, რომ რომელიმე პოლიტიკურ ძალას შეუძლია მათი პრობლემების გადაწყვეტა. ხალხს არ მოსწონს ხელისუფლება, მაგრამ ვერც ალტერნატიულ ძალას ხედავს. მთელი პოლიტელიტა დელეგიტიმირებულია.

- თუმცა ხელისუფლება მაინც უპირატეს მდგომარეობაშია - 24% მიიჩნევს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს დგას.

- ხელისუფლებისთვის ეს არის ქვედა ზღვარი, 24% არ არის ხელისუფლების ნატურა­ლური მხარდამჭერი. ესენი არიან ადმინისტრაციული რესურსის წარმომადგენლები, ოპოზიციაზე გაბრაზებულები,­ ასევე ადამიანები, რომლებსაც მმართველი გუნდი კვებავს.­ გამიკვირდება, თუ "ოცნების" ერთ ნატურალურ მხარდამჭერს მაინც ნახავთ.

- "ქართულმა ოცნებამ" თავის დროზე მხარდამჭერთა საკმაოდ დიდი ნაწილი მხოლოდ იმიტომ დაკარგა, რომ სამართლიანობა ვერ აღადგინა და შესაბამისი პასუხი ვერ/არ აგებინა "ნაციონალებს". დღეს, როგორც NDI გვეუბნება, გამოკითხულ რესპონდენტთა 80% მხარს უჭერს პარტიათა თანამშრომლობას, მხოლოდ 8%-ია წინააღმდეგი. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ საზოგადოების დაკვეთა შეიცვალა?

- სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნა აღარ არის აქტუალური. მარტო იმიტომ კი არა, რომ მმართველმა­ გუნდმა ეს ვერ მოახერხა, იმიტომაც, რომ ეს ფარსად იქცა. "ოცნებამ" ხომ ყველა ის მანკიერება გადმოიბარა, რაც "ნაციონალებს" ახასიათებდათ. ხელისუფლება "ნაციონალების" ნაკლოვანებებს პროპაგანდისთვის იყენებს,­ იმას კი არ ამბობს, მე სხვაზე უკეთესი ვარო, სხვა ჩემზე უარესიაო.

- არც ოპოზიცია ამბობს უარს პროპაგანდისთვის გამოიყენოს "ოცნების" ნაკლოვანებები. ერთ-ერთი თემა, რასაც ორივე მხარე იყენებს პროპაგანდისთვის, ოპონენტის პრორუსულობაში დადანაშაულებაა. ამჯერად საბაბი­ უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუცია გახდა, სადაც რუსეთი ოკუპანტის სტატუსით არ არის ნახსენები.­ ოპოზიცია მიიჩნევს, რომ "ოცნება" ცდილობს პუტინის საამებლად რუსეთის ზრახვებზე საუბარს თავი აარიდოს, მმართველი­ გუნდი კი ამბობს, რომ ოპოზიცია საქართველოს რუსეთთან ესკალაციის მოსურნეა...

- მე არ მივიჩნევ, რომ ჩვენი ხელისუფლება პრორუსულია. "ოცნებას" არა აქვს მკვეთრად გამოხატული ფასეულობათა სისტემა, მათთვის ერთადერთი ფასეულობა­ ძალაუფლებაა, ვინც ამ ძალაუფლების გამყარებაში დაეხმარება, იქით იქნებიან. დასჭირდებათ, რომ იყვირონ, გაუმარჯოს ნატოს? იყვირებენ, გაუმარჯოს ნატოსო! დასჭირდებათ, რომ იყვირონ, გაუმარჯოს წითელ არმიას? იყვირებენ, გაუმარჯოს წითელ არმიასო!მათი პოლიტიკა ასეთია - იქ დიდი ბიძიები რაღაცაზე ჩხუბობენ, მოდი, ჩვენც მივყვეთ დინებას, რომელ ნაპირზეც გაგვრიყავს, იქ ვიქნებით. მთავარია, ჩვენ ვიყოთ კარგად. რაც შეეხება რეზოლუციას, ჩემი შეხედულებით, ტრაგიკომიკური დოკუმენტია. რატომ? იმიტომ, რომ ერთი მხრივ, ხარკს უხდიან უკრაინასთან მეგობრობას, ლაპარაკობენ რაღაც აგრესიაზე და ამბობენ, რომ უკრაინის გვერდით არიან, მაგრამ ეს აგრესია ვირტუალური ხომ არ არის? ლოგიკური აზრიც კი ვერ დავინახე იმისა, თუ რატომ არ არის რუსეთი ნახსენები რეზოლუციაში, მხოლოდ ირაციონალურ შიშებს ვხედავ. ამაში კატასტროფული კი არაფერია, უბრალოდ, ნათლად ჩანს ჩვენი ხელისუფლების სიმხდალე და რუსეთის ხელისუფალთა ირაციონული შიშები. ამით რაიმე საოცრება მოხდა? არაფერი, მაგრამ... მოვლენების დღევანდელ განვითარებას თუ დავაკვირდებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ ისტორია ახალ რკინის კედელს აღმართავს რუსეთსა და დასავლეთს შორის. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, კედლის რომელ მხარეს აღმოვჩნდებით. თუ ჩვენი ხელისუფლება ძველებურად გააგრძელებს, დასავლეთს დიდი პოლიტიკური ვაჭრობისას სულაც არ გაუჭირდება ჩვენი გაწირვა.

როდესაც ევროატლანტიკური კურსი გაქვს გაცხადებული, გლობალური დაპირისპირების დროს შენი პოზიცია მკვეთრი და ცხადი უნდა იყოს. მე იმას კი არ ვამბობ, სასწრაფოდ შევიარაღდეთ და რუსული და უკრაინული არმიების შუაში ჩავხტეთ, ეს მეორე უკიდურესობაა, რაც ასევე არ უნდა გავაკეთოთ, მაგრამ აუცილებლად უნდა წავიდეთ იმ ფარვატერში, სადაც სხვა ქვეყნები მიდიან, უსაფრთხოების მიზნით.

- ამ მიმართულებით რამდენად სწორად სვამს აქცენტებს ოპოზიცია?

- ოპოზიცია ამ მიმართულებით აქცენტებს სწორად სვამს, მაგრამ ამლაშებს. შეშინებულ ხელისუფლებას რომ პრორუსულობას აბრალებ, ესეც გადამლაშებაა. მხოლოდ ხელისუფლების ნაკლოვანებაზე რომ ლაპარაკობენ, თავად რას აკეთებენ? აეღოთ ბილეთები და ჩასულიყვნენ კიევში მხარდაჭერის გამოსახატავად. ვფიქრობ, ოპოზიცია თუ დროზე არ გადაეწყო, შეიძლება საერთოდ გაქრეს პოლიტიკური ველიდან.

- ამერიკის პრეზიდენტმა უკვე გააფრთხილა უკრაინის პრეზიდენტი, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. ჩვენ სად შეიძლება აღმოვჩნდეთ?

- ამერიკელებმა უკვე გასცეს შესაბამისი პასუხი რუსებს, ახლა ჯერი რუსეთზეა. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთს შეზღუდული რესურსები აქვს და დასავლეთის წინააღმდეგ ღია ფრონტის პრინციპით ვერ იბრძოლებს, სავარაუდოდ, ასიმეტრიული პასუხებით შემოიფარგლება. ერთ-ერთი ვარიანტია ამერიკასთან მიახლოება - ვენესუელაში, კუბაში, ნიკარაგუაში ტექნიკური­ ბაზების შექმნა. მეორე ვერსიაა, ამოქმედება პრობლემატურ, ცხელ წერტილებში, იქ, სადაც საამისო ბერკეტები აქვთ, მაგალითად, სირიაში. კიდევ ერთი ვერსია მაქვს, რომელიც სტრატეგიულ საკითხს ეხება - ეს გახლავთ ჩინეთსა და რუსეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავება. შეიძლება ჩვენ ასეთი ასიმეტრიული ქმედებები ვიხილოთ, მაგრამ არ არის გამორიცხული, ყველაზე ტრაგიკული სცენარის მომსწრენიც გავხდეთ და რუსული არმია უკრაინაში მართლაც შეიჭრას. პროცესები როგორც უნდა განვითარდეს, ნებისმიერი სცენარის ფინალში რუსეთსა და დასავლეთ შორის აუცილებლად დაეშვება რკინის ფარდა. იმისთვის, რომ ქართველები ჩვენთვის არასასურველ მხარეს არ აღმოვჩნდეთ, მეტი გონიერება უნდა გამოვიჩინოთ, როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციამ, საერთოდ, ხალხმა.

ხათუნა ბახტურიძე