"პუტინს რისი შესაძლებლობაც მიეცემა, ყველაფერზე წავა!“
"პუტინს უკრაინაში მარცხი აუცილებლად დაუჯდება ძალაუფლების დაკარგვად თუ არა, დასუსტებად მაინც. ამიტომაც უსისხლოდ არაფერს დათმობს. არავინ ელის, რომ ერთ დღეს უკრაინის საზღვარზე მობილიზებულ 100 ათასზე მეტ რუს ჯარისკაცს უკან დააბრუნებს. მეტიც, გვაქვს ინფორმაცია, რომ დამატებით ციმბირიდან და ცენტრალური ნაწილებიდანაც კი ჩამოიყვანა დანაყოფები"
უკრაინასა და რუსეთს შორის პოლიტიკური დაძაბულობა არ მცირდება. სანქციების, მუქარების, განცხადებების, გაფრთხილების მიუხედავად, რუსეთს უკრაინის საზღვართან 100 ათასზე მეტი ცოცხალი ძალა და სამხედრო ტექნიკა ჰყავს თავმოყრილი. საერთაშორისო სპეციალისტების შეფასებით, რუსეთმა თავად შეიყვანა თავი ჩიხში - კერძოდ, უკან დახევა პუტინის ძალაუფლების სისუსტედ აღიქმება, თუმცა უკვე აშკარაა, რომ არც ფართომასშტაბიანი შეტევა გამოუვა. ამიტომ კრემლი, სავარაუდოდ, რაღაცას მაინც გააკეთებს. როგორია განწყობა უკრაინელ მოსახლეობაში, არის თუ არა წინასაომარი პანიკა და რას ელიან უკრაინელები, ამის შესახებ "კვირის პალიტრა" პუბლიცისტ სუშმა ტრივედის ესაუბრა:
- ყოველ მეორე უკრაინელს სჯერა, რომ რუსეთი მის ქვეყანას თავს დაესხმება, მაგრამ შიში არ იგრძნობა, პანიკა არ არის. მაღაზიებში რიგები და ან დაცარიელებული დახლები არ მინახავს, მიუხედავად იმისა, რომ პრორუსული მედია და ტროლები მუდმივად წერენ, რომ ხალხი გარბის, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებს თავიანთი დიპლომატები გაჰყავთ.
ძალიან ბევრს ნიშნავს საერთაშორისო მხარდაჭერა, იმედიანად ვართ. ბოლოს და ბოლოს, ლამის მთელი მსოფლიო ჩვენ გვერდით არის, თან ისეთი სახელმწიფოები, რომელთაც ჯერ არც ერთი ქვეყნის გამო არ დაუფიქსირებიათ ასე მწვავედ თავიანთი დამოკიდებულება. ესპანეთიც გამოვიდა პოლიტიკურ არენაზე და უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს. ჩვენს ქვეყანაში გავლენიანი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთის მიყოლებით გამოდიან, გვაწვდიან იარაღს, გვიცხადებენ ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. ახლა ბევრად სხვაგვარი ვითარებაა, ვიდრე 2014 წელს იყო. მსოფლიო გამოფხიზლდა. გულის სიღრმეში, ალბათ, ყველას სჯეროდა, რომ რუსეთი აგრესორი, ოკუპანტი ქვეყანაა, მაგრამ ახლა ნათლად ხედავენ, თუ როგორ ცდილობს მეზობელ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დაკარგული გავლენის აღდგენას, მათ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში შეყვანას იმ საბაბით, რომ ერთად დაიცავენ უსაფრთხოებას. სინამდვილეში, სურთ რუსი ყველგან უფროსი იყოს. რუსეთი საქართველოსაც და უკრაინასაც ჯერ კიდევ უკანა ეზოებად მიიჩნევს და ვერ ეგუება, რომ ნატოს ინტერესის სფეროში ვართ.
- მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ შორია ნატომდე, არა?
- ჩვენთვის ისიც ბევრს ნიშნავს, რომ ასე მოკლე დროში პრორუსული ორბიტიდან გამოვედით. ნატოში გაწევრების გზაზე სიარულიც კი ბევრს ნიშნავს უკრაინელი მოსახლეობისთვის. 10-15 წელი ისტორიისთვის არაფერია, თუმცა ხალხისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ საომარი რიტორიკის კვალდაკვალ კრემლი ცდილობს რუსეთთან კავშირში მყოფი უკრაინის პოლიტიკური ოპოზიცია გაააქტიუროს. ეტყობა, დაფინანსება გაუზარდა. რამდენიმეჯერ აქციებიც გაიმართა კიევისა და ხარკოვის ქუჩებში ლოზუნგებით "არ გვინდა ნატოში, რუსეთი ჩვენი მეგობარია", მაგრამ, საბედნიეროდ, აქციები მცირერიცხოვანი იყო - ანუ ეს არ არის ის ძალა, რომელიც კრემლს პოლიტიკური ცვლილებისთვის გამოადგება და დავუშვათ, ყაზახეთის სცენარს გაათამაშებს.
პოროშენკო კი, რომელიც თავის დროზე რუსეთის კადრი იყო, პროდასავლურ ოპოზიციად ჩამოყალიბდა. მის გზას ბევრი გაჰყვა. თუმცა არსებობს მცირე ძალა, ოლიგარქები, რომლებიც პრორუსულ პოლიტიკას ატარებენ და სტაბილური ელექტორატიც ჰყავთ, მაგრამ პროცენტულად ძალიან მცირე და კიდევ კლებისკენ მიდის. მაშინ აღშფოთებული ვიყავით, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო ტარას კოზაკის ტელეკომპანიების მაუწყებლობის აკრძალვა. "112 უკრაინა", „NეწსOნე“ და „ძIK“ მოსახლეობას "ო-ერ-ტეს" კალკ ინფორმაციას აწვდიდა - თუ როგორ არ გვინდა ნატოში, რა საფრთხეს შეიცავს ეს ორგანიზაცია და როგორ ცდილობს მოძმე რუს და უკრაინელ ხალხს შორის ჩადგეს. გასაგებია, კოზაკის პოზიცია, ის პუტინის შვილის ნათლიის, პოლიტიკოს ვიკტორ მედვედჩუკის უახლოესი პირი, მარჯვენა ხელია. მათ პოზიციას იზიარებენ ოლეგ ვოლოშინიც, უმაღლესი რადის ყოფილი წევრი ვოლოდიმირ ოლეინიკიც, უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ვლადიმირ სივკოვიჩიც... ყველა მათგანის ბიზნესს დასავლეთმა მკაცრი სანქციები დაუწესა და ახლა გააფთრებული ცდილობენ როგორმე თავი დაიხსნან, პირდაპირ რომ ვთქვათ, რუსეთის შეიარაღებული ძალები შემოიყვანონ. მათგან დაფინანსებული მედია ხშირად ტაქტიკას ცვლის, ხან წერენ, რომ ყველა ქვეყანას უკან მიაქვს მხარდამჭერი განცხადებები, ხან ჩანთებითა და ჩემოდნებით დატვირთული ადამიანების ფოტოებს, სხვადასხვა დიპლომატიური და საერთაშორისო ორგანიზაციის ევაკუაციის ფოტოებს დებენ მოსახლეობის დემორალიზებისთვის. მოკლედ, ძალიან აქტიურობენ. კრემლი ჰიბრიდული ომის ახალ ეტაპზე გადავიდა.
მოსახლეობას უამრავი პრეტენზია აქვს ახლანდელ ხელისუფლებასთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერზე თანახმა ვართ, ჩვენ არ გვინდა პრორუსული მმართველობა. ეს უკვე გაიარა უკრაინამ, ისევე როგორც თავის დროზე საქართველომ. 90-იან წლებში ორივე ქვეყნის საპასუხისმგებლო თანამდებობებზე კრემლის შერჩეული კანდიდატები ინიშნებოდნენ და რა მოგვიტანა ამან?.. რამდენიმე ათეული წელი დავკარგეთ, კორუფციაში, უკანონობაში, ნეპოტიზმში ვიცხოვრეთ. უკრაინელ ხალხს თავისუფლება და განვითარება სურს, წინ უნდა ვიაროთ.
- თქვენი აზრით, რაზეა პუტინი წამსვლელი?
- იმაზე, რისი შესაძლებლობაც მიეცემა. ამიტომ უნდა მოვემზადოთ ყველაზე უარესისთვის და გვქონდეს ყველაზე კარგის იმედი. მადლობა ქართველ საზოგადოებას მხარდაჭერისთვის, მით უფრო მაშინ, როცა ქვეყნის დედაქალაქიდან 40 კილომეტრში რუსული შეიარაღებული ბაზებია განლაგებული. მათ ყველაზე კარგად ესმით, რომ ახლა ჩვენ საერთო მტერს ვებრძვით. თუ რუსეთმა წარმატებას მიაღწია უკრაინაში, ის გაიმარჯვებს საქართველოშიც და ყველა იმ ქვეყანაში, სადაც არასასურველი სტუმარია.
ჯერჯერობით ქვეყანა მშვიდობიან, სტაბილურ რეჟიმში ცხოვრობს. ბევრს სურს მოხალისედ წასვლა არმიაში, მათ შორის გოგონებსაც, მაგრამ ჯერ არ არის საყოველთაო მობილიზაციის, მოხალისეების შეკრების აუცილებლობა, რადგან ეს ფინანსურად და სტრატეგიულადაც წამგებიანია. ეს ადამიანები თავიანთი ცხოვრების რიტმს უნდა ჩამოშორდნენ, რაც ბიუჯეტისთვისაც ხარჯი იქნება, მით უფრო, თავდასხმის კონკრეტული თარიღი არც დასახელებულა. შესაძლოა პუტინმა ეს რიტორიკა კიდევ რამდენიმე თვეს შეინარჩუნოს, ნერვებზე ითამაშოს და შემდეგ უეცრად შეცვალოს გეგმა, სულაც სხვა ქვეყანას მიუბრუნდეს, სადაც უფრო გაუვა.
პუტინს ერთი საგარეო შეტევა სასიცოცხლოდ სჭირდება, რათა თავისი მოსახლეობის თვალში სუსტ, მორჩილ, მშიშარა მმართველად არ წარმოჩნდეს. არც დასავლეთს უნდა აფიქრებინოს, რომ მასზე ზეწოლა შედეგიანია და შეიძლება "ძლევამოსილ რუსეთს" უკან დაახევინო. რუსი მოსახლეობის უმეტესობის აღქმით რუსეთის გავლენა სამხედრო გზით განისაზღვრება, ანუ გავლენა აქვთ იქ, სადაც შეიარაღებული ძალები ჰყავთ განთავსებული. ეს მათ სოციალური პრობლემების, კორუფციის, უკანონობის მიღებასა და შეგუებაში ეხმარება. ჰგონიათ, ახლა უკრაინაში თავისუფლებისმოყვარე ხალხს კი არა, მოძალადე ნატოს ებრძვიან. ეს არის კრემლის პროპაგანდისტული მედიის შედეგი.
ჯერ მხოლოდ მუქარანარევ განცხადებებს ვისმენთ, მაგრამ უკვე მაინც ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის მეგობარი საქართველოდან და იხსენებენ 90-იანი წლების აფხაზეთის ომს, თუ როგორ ეხმარებოდნენ მაშინ უკრაინელები. უკრაინელ მოხალისეებთან ერთად იქ ბიძაჩემიც იბრძოდა. იხსენებდა, ქართველებს თავიდან რუსები ვეგონეთ, მერე კი ლუკმას გვიყოფდნენ, ჩვენს ომში იბრძვითო. ის რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, სამხედრო პირი იყო და მთელი ცხოვრება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ემსახურა. სინამდვილეში მაშინაც ორივე ქვეყნის შვილები რუსეთის იმპერიის ნარჩენებს ვებრძოდით, რომელიც აუცილებლად ერთად უნდა დავამარცხოთ, თუ გვინდა ნატო, დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტები. რაც მეტად შეეკვეცება პუტინის ოცნებას ფრთები, მით მალე ჩამოშორდება რუსეთის ხელისუფლებას. ბოლოს და ბოლოს, ყველა ბოროტებას აქვს დასასრული, მთავარია, მალე დასრულდეს და პატარა ქვეყნების მომავალი არ გადაიყოლოს. პუტინს უკრაინაში მარცხი აუცილებლად დაუჯდება ძალაუფლების დაკარგვად თუ არა, დასუსტებად მაინც. ამიტომაც უსისხლოდ არაფერს დათმობს. არავინ ელის, რომ ერთ დღეს უკრაინის საზღვარზე მობილიზებულ 100 ათასზე მეტ რუს ჯარისკაცს უკან დააბრუნებს. მეტიც, გვაქვს ინფორმაცია, რომ დამატებით ციმბირიდან და ცენტრალური ნაწილებიდანაც კი ჩამოიყვანა დანაყოფები.
- ყველაზე უარეს ვერსიად რას განიხილავთ?
- შეტევას აღმოსავლეთ უკრაინის მხრიდან და ქვეყნისთვის მეტი ტერიტორიის წაგლეჯას. შემდეგ კი იმ ტერიტორიების "დამოუკიდებლობის" აღიარებას, როგორც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გააკეთა. თუმცა არა მგონია, ამას დასჯერდეს.
უკრაინელი სამხედრო სპეციალისტების ნაწილის აზრით, რუსეთი ახლა ნატოს ცდის, ცდილობს აღმოსავლეთით მისი გაფართოება არ დაუშვას, თუნდაც ეს დიდი მსხვერპლის ფასად დაუჯდეს. თუ მათივე მოსაზრებას დავეყრდნობით, უკრაინას ის არმია არა ჰყავს, რომელიც 2014 წელს ჰყავდა, თუმცა უკრაინელი სამხედროები გამოიწვრთნენ. შესაძლოა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს დიდი წინსვლა არა აქვთ, მაგრამ შეიარაღებული ძალები ნატოს, ამერიკისა და სხვა მხარდამჭერი ქვეყნების დამსახურებით განვითარების სხვა საფეხურზე არიან გადასული. ბოლოდროინდელი ქმედებებით რუსეთი საბოლოოდ დაკარგავს უკრაინას, როგორც პარტნიორს, და ეს მის ისედაც ძალზე დასუსტებულ ეკონომიკას უფრო დააზარალებს.