"უკრაინა ჩემი მეორე სამშობლოა და თუ პროცესი ფართომასშტაბიან კონფლიქტში გადაიზარდა, აუცილებლად გამოვცხადდები სამხედრო კომისარიატში, როგორც რიგითი ჯარისკაცი" - კვირის პალიტრა

"უკრაინა ჩემი მეორე სამშობლოა და თუ პროცესი ფართომასშტაბიან კონფლიქტში გადაიზარდა, აუცილებლად გამოვცხადდები სამხედრო კომისარიატში, როგორც რიგითი ჯარისკაცი"

უკრაინული ფრაქციის "ხალხის სამსახურში" ხელმძღვანელი დავით არახამია­ 1992 წლამდე აფხაზეთში ცხოვრობდა, ომის შემდეგ კი მისი ოჯახი უკრაინის ქალაქ ნიკოლაევოში დასახლდა. რადის დეპუტატი აქტიურად არის ჩართული უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მას უკრაინა-რუსეთის სამხედრო დაპირისპირების სავარაუდო სცენარებზე ვესაუბრეთ.

- 1992 წლიდან გაგრა დავტოვეთ და საცხოვრებლად ჯერ თბილისში, შემდეგ კი უკრაინაში წავედით. 2014 წლიდან ომში ვართ ჩაბმული. ყველამ ვიცით, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება. ჯერ საფრთხე ისეთი არ არის, როგორც მედია წარმოაჩენს, თითქოს წუთი-წუთზე ომი დაიწყება. ხშირად მეკითხებიან, თქვენი ბავშვობის­ ქალაქი ოკუპირებული აქვს რუსეთს და როგორია თქვენი დამოკიდებულებაო. ჩემი პასუხი ასეთია - უკრაინა ჩემი მეორე სამშობლოა და თუ პროცესი ფართომასშტაბიან კონფლიქტში გადაიზარდა, აუცილებლად გამოვცხადდები სამხედრო კომისარიატში, როგორც რიგითი ჯარისკაცი და ჩემი მეთაურის ბრძანებას შევასრულებ. საბედნიეროდ, ახლა ამის აუცილებლობა არ არის - ვითარება კონტროლს ექვემდებარება. რატომ უნდა ვქმნიდეთ ასეთ სურათს, როდესაც სინამდვილეში არ არის, და ქვეყნიდან არავინ გარბის. რუსეთის პროპაგანდისტულმა მედიამ სათავისოდ შეატრიალა ჩემი აზრი - თითქოს დასავლეთი ცდილობს ყველაფერი გააბუქოს, სინამდვილეში ის ვიგულისხმე, რომ მსოფლიო ჩვენ გვერდით არის და სიმშვიდეა, სამსახურში დავდივართ და ვმუშაობთ-მეთქი, თორემ რვა წელია უკრაინა საომარ პირობებში ცხოვრობს და როგორ შეიძლება ყველაფერი კარგად იყოს, როდესაც ქვეყნის საზღვართან რუსეთის ასი ათასზე მეტი სამხედროა მობილიზებული. გამწვავება არ არის საჭირო. მოსახლეობა ისედაც აღელვებულია. ამაზე ისაუბრა პრეზიდენტმა ზელენსკიმაც.

თუმცა შთაბეჭდილება იქმნება, რომ ვიღაცებს სურთ ტემპერატურის ადუღება.

- ვის?

- ვისაც არ აწყობს უკრაინის ეკონომიკის სტაბილურობა. რუსული ფეიკნიუსების თანახმად, ქვეყანას ხალხი ტოვებს... საერთაშორისო საზოგადოებრიობის პოზიცია ძალზე მკაფიოა და ამ დიდი მხარდაჭერის წყალობით არის იმედი, რომ ევროპა ომს გადაურჩება და რუსეთი უკან დაიხევს, მაგრამ თუ მანამდე პანიკა დაიწყება, ეს აუცილებლად ცუდად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე. რუსეთის ამოცანაც ეს არის, მაქსიმალურად დააზარალოს ქვეყანა და ამას თავად არ უნდა შევუწყოთ ხელი. პუტინის აგრესიის წინააღმდეგ ღირსეული მშვიდობა უნდა შევინარჩუნოთ.

უკრაინა ის სახელმწიფო არ არის, როგორიც 2014 წელს იყო. ჩვენს დაზვერვას სრულყოფილი ინფორმაცია აქვს რუსეთის ქმედებებზე. უკრაინას ჰყავს ძლიერი და საიმედო მოკავშირეები: ნატო, ამერიკა და მისი მხარდამჭერი სახელმწიფოები, რომლებიც მუდმივად აფრთხილებენ რუსეთს, არ დაუშვას შეცდომა. არა მგონია, ამ ძალისხმევამ ნაყოფი არ გამოიღოს.