ერთი ლენდ-ლიზით ჰიტლერი დაამარცხეს, მეორე ლენდ-ლიზით პუტინს უკრაინაზე არ გაამარჯებინებენ? - კვირის პალიტრა

ერთი ლენდ-ლიზით ჰიტლერი დაამარცხეს, მეორე ლენდ-ლიზით პუტინს უკრაინაზე არ გაამარჯებინებენ?

აშშ-ის სენატორები უკრაინისთვის თანამედროვე ლენდ-ლიზის - ამერიკული სამხედრო დახმარების გამარტივებული წესით მიწოდების ხაზის გახსნას ითხოვენ

უკრაინასთან დაკავშირებით სიტუაცია ყოველდღიურად იძაბება, რადგან რუსეთის არმია განაგრძობს მის საზღვართან საბრძოლო დანაყოფებისა და სამხედრო ტექნიკის განლაგებას. ყველა წინა პირობაა შექმნილი, რომ რუსეთმა უკრაინაზე სხვადასხვა მიმართულებიდან ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყოს.

რუსული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შემთხვევაში დასავლეთი და, უპირველესად აშშ, რა თქმა უნდა, თავიანთ ჯარისკაცებს უკრაინის მიწის დასაცავად და რუსებთან სისხლის საღვრელად არ გაგზავნიან, მაგრამ ეტყობა, გააორმაგებენ ან სულაც გააათმაგებენ უკრაინის არმიისთვის შეიარაღების მიწოდებას.

ამერიკული იარაღის უკრაინისთვის მიწოდების გასაადვილებლად რამდენიმე ცნობილმა ამერიკელმა სენატორმა შეიამუშავა კანონპროექტი უკრაინის დასახმარებლად ახალი ლენდ-ლიზის ასამოქმედებლად, რაც აშშ-ის პრეზიდენტს შეიარაღების მიწოდების თაობაზე უშუალოდ უკრაინასთან ხელშეკრულებების სწრაფად გაფორმებას გაუადვილებს.

კანონი ლენდ-ლიზის შესახებ აშშ-მა პირველად 1941 წლის მარტში მიიღო და ის ითვალისწინებდა ომში ჩართული იმ ქვეყნების უანგარო სამხედრო დახმარებას, რომელთათვის ხელის შეშველებასაც აშშ-ის პრეზიდენტი, თავისი სამშობლოს სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩათვლიდა.

ლენდ-ლიზის პროგრამით გადაცემული და ბრძოლებს გადარჩენილი სამხედრო ტექნიკა თუ სამოქალაქო პროდუქცია ომის დამთავრების შემდეგ, წესით, უკან უბრუნდებოდა აშშ-ს, თუმცა დარჩებოდა იმ ქვეყანას, რომელიც მას მთლიანად ან ნაწილობრივ გამოისყიდდა, მათ შორის - ხანგრძლივი უპროცენტო ამერიკული სესხის საშუალებით. ომში აფეთქებული ტანკები, თვითმფრინავები თუ საზღვაო ხომალდები კი ჩამოიწერებოდა და მათი საფასურის გადახდას თეთრი სახლი არ მოითხოვდა.

რომ არა ლენდ-ლიზის პროგრამა, სტალინს ძალიან გაუჭირდებოდა ან საერთოდ ვერ შეძლებდა ჰიტლერის არმიის მოგერიებას 1942-43 წლებში, როდესაც დასავლეთიდან აღმოსავლეთში ევაკუირებული საბჭოთა ქარხნები ჯერ კიდევ ვერ უშვებდა ფრონტისთვის საკმარის საბრძოლო ტექნიკასა და საჭურველს.

პირველმა ამერიკულმა ლენდ-ლიზმა 80 წლის წინ მაშინდელი კრემლის ხელისუფლება გადაარჩინა (დღევანდელი რუსეთის პროპაგანდა ყველანაირად ცდილობს დააკნინოს მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკელების უდიდესი დახმარების მნიშვნელობა), მაგრამ ახალმა ლენდ-ლიზმა შეიძლება კრემლის დღევანდელ რეჟიმს უდიდესი პრობლემები შეუქმნას, თუკი პუტინმა მაინც გარისკა და უკრაინაში შეიჭრა.

უკრაინის არმიისთვის დღემდე მიწოდებული ამერიკული და ბრიტანული ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება, ძირითადად, მაინც ახლო მანძილზე მოქმედებს და უფრო თავდაცვითი დანიშნულებისაა (თუმცა უკრაინულ სადაზვერვო-დივერსიულ ჯგუფებს ვერავინ დაუშლის, მცირეგაბარიტიანი "ჯაველინებით" რუსეთის ტერიტორიის სიღრმეშიც გამოძებნონ "მსუყე" სამიზნეები, თუკი ამ ქვეყნის არმია მათ სამშობლოს შეუტევს), მაგრამ სიტუაციის დაძაბვის ფონზე არ გამოირიცხება უკრაინისთვის უფრო შორს მოქმედი შემტევი დანიშნულების შეიარაღების სახეობების, მათ შორის - 300 კმ-მდე ფრენის რადიუსის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსების, ასევე - "სანაპირო-ხომალდი" და "მიწა-ჰაერი" კლასის მართვადი რაკეტების მიწოდება.

უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების მნიშვნელოვნად გაზრდის შემთხვევაში აშშ-ის სენატის მიღებული და პრეზიდენტის დამტკიცებული ახალი ლენდ-ლიზის პროგრამა ძალზე გააიოლებს და დააჩქარებს უკრაინის არმიისთვის შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის გადაცემას.