რატომ უკიდია "ცეცხლი“ ყველს - კვირის პალიტრა

რატომ უკიდია "ცეცხლი“ ყველს

"სოფლებში 4-5 ოჯახს თუ იპოვით, ვისაც ჯერ კიდევ შერჩენია პირუტყვის მოვლის სურვილი“

ყველაფრის გაძვირებამ და მათ შორის რძის ნაწარმისაც, განსაკუთრებით, ყველის სიძვირემ, ვითარება უფრო დაამძიმა - ყველი ხომ ჩვენი ტრადიციული პროდუქტია. ზოგი რძის ნაწარმის გაძვირებას საერთო გაძვირებით ხსნის - თუკი ყველაფერი ძვირია, ყველი იაფი რატომღა უნდა იყოსო. თუმცა სხვა მიზეზებიც არსებობს და მხოლოდ ხელისუფლებისკენ თითის გაშვერა არ გამოვა. რა თქმა უნდა, ამ პროცესებში საზოგადოებასაც თავისი წილი აქვს: სოფლის მეურნეობის პროდუქცია სოფელში იქმნება, სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი კი ამ პროდუქციის შექმნაში არ მონაწილეობს.

მიზეზი მრავალგვარია, მათ შორის პირუტყვის საკვების გაძვირება ან საძოვრების კერძო საკუთრებაში გადასვლა, რამაც, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში, წვრილ ფერმერებსა და გლეხობას მეცხოველეობაზე ხელი ააღებინა. მიწების მესაკუთრეთა ინტერესებში კი მეცხოველეობის განვითარება სულაც არ შედის, რაც საქართველოში, როგორც სოფლის მეურნეობის ქვეყანაში, მიუღებელია. თუმცა ეს მაინც არ არის მსხვილფეხა პირუტყვის მოშენებაზე ხელის აღების მთავარი მიზეზი. განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში, სადაც პირუტყვს საკვები ნამდვილად აქვს (ზაფხულში მთაგორიანი მინდვრები, ზამთარში კი სიმინდის ჩალა და მცირე სათიბების თივა), მაგრამ ყანები სულაც აუღებელ-დაუთესავია, ზამთრის საკვები ქართლ-კახეთიდან მიაქვთ. ეს, ცხადია, რძის ნაწარმის თვითღირებულებას ზრდის. გურიაში, ტრადიციულ მესიმინდეობის მხარეში, ზოგიერთი ყანაში ჩალას ალპობს, პირუტყვისთვის კი სილოსს (ხორბლის, ქერისა და სიმინდის ბზის ნარევი) კახეთიდან ეზიდება. ვესაუბრებით ოზურგეთელ ზოია კოკაიას, ქალს, რომელმაც თავდაუზოგავი შრომითა და მესაქონლეობით თავისი ოდესღაც შეჭირვებული ოჯახი ფეხზე დააყენა.

- ბევრი კლიენტი მყავს, ხან ოჯახიდან მიაქვთ რძე და ყველი, ხანაც ბაზრიდან, სადაც იშვიათად გავდივარ. როცა მეკითხებიან, ამდენ და ასეთ ხარისხიან პროდუქციას მარტოხელა ქალი როგორ აწარმოებო, ვპასუხობ, რომ პირუტყვი მიყვარს და მისი მოვლა არ მეზარება. სწორედ ეს განცდაა მთავარი, რომ სოფელში ხალხს პირუტყვი ჰყავდეს, შემდეგ კი, რა თქმა უნდა, ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების სურვილი და შრომის უნარი. თუ არც ერთი არ გაგაჩნია, ძროხას ვერ იყოლიებ, მას ხომ ყოველდღე სჭირდება მოვლა, კვება, ბოსლის დასუფთავება. ადამიანი ამ საქმეს დღეში 2-3 საათს მაინც ანდომებს. მარტივი საქმე არ არის, სამაგიეროდ, პირუტყვი შრომის შედეგს ისე გიბრუნებს, როგორც სხვა ვერაფერი დაგიბრუნებს. ჯანმრთელი რძის ნაწარმი ხომ სიცოცხლეა. იმიტომაც ძალიან მტკივა გული, როდესაც ბაზარში ვხედავ, რომ ხალხს ნამდვილი ყველისა და რძის ნაცვლად ფხვნილისგან დამზადებულ ყველსა და რძეს აჩეჩებენ. ვინც ნამდვილი რძის ნაწარმის გემო არ იცის, როგორ უნდა გაიგოს, რომელია ნამდვილი და რომელი ყალბი. რაიონში რომ ასეთი ამბები ხდება, წარმომიდგენია, ქალაქებში ჯანსაღი რძის პროდუქციის რა დეფიციტია.

- მით უფრო, რომ მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობა მცირდება, რძის ნაწარმის ფასი კი მაღლა იწევს. თქვენი აზრით, მზარდი შემოსავლით მაინც რატომ არ ინტერესდებიან სოფლად, რატომ დაანებეს თავი მსხვილფეხა პირუტყვის ყოლას?

- სოფელში ხალხი დღეს ძალიან ბევრ მიზეზს ჩამოგითვლის, თუ რატომ არ ჰყავთ ძროხა, მაგრამ მე მთავარი მაინც სიზარმაცე მგონია... და კიდევ სახელმწიფო. განა მარტო იმიტომ, რომ ქვეყნის განვითარებაზე არ ზრუნავენ, არამედ იმიტომაც, რომ ქალაქია თუ სოფელი ხალხს სოციალური დახმარებით აჩუმებენ. ის იმდენია, რომ პური მაინც იყიდონ. ზოგიერთს ესეც აკმაყოფილებს და მეტზე აღარ ზრუნავს. ჯანმრთელ ხალხს ურჩევნია მხარ-თეძოზე წამოწვეს, ბავშვები წყალწყალა წვნიანით დაანაყროს, ვიდრე ძროხას სდიოს. ასეთი რამდენია სოფლად ვერც წარმოიდგენთ. აიღებენ თუ არა სოციალურ გროშებს, ბაზარში გარბიან ყველის საყიდლად. ბევრსაც ოჯახის წევრი ჰყავს ემიგრაციაში და უზრუნველ ფულს იღებს. განწირული ჰყავთ ნათესავები რობოტებივით სამუშაოდ. აი, ამიტომაც გაქრა პირუტყვი. სოფლებში 4-5 ოჯახს თუ იპოვით, ვისაც ჯერ კიდევ შერჩენია პირუტყვის მოვლის სურვილი.

- თქვენ და თქვენისთანები როგორღა უვლით, როგორ აკეთებთ ამ ძნელ საქმეს?

- თავმოყვარეობა სხვის სამოწყალოდ ყოფნის ნებას არ მაძლევს, თანაც სხვისი შვილების მოშივებას ვერ ვიტანდი და ჩემი შვილების შიმშილს რა ამატანინებდა? მაინცდამაინც შეძლებულ ოჯახში ვერ მოვხვდი ქორწინებით. რაც პირველი გავაკეთე, 22 წლის გოგომ ჩემი სახლიდან პატარა ხბო წამოვიყვანე და გავზარდე. მას შემდეგ 15 წელი გავიდა და იმ ხბოს ნამრავლი დღეს 3 მეწველი ძროხა მყავს. ტყუილად კი არ ამბობს ჭკვიანი ხალხი, ძროხა მარჩენალიო. მართალია, დიდი სიმწარეც გადავიტანე, ახალგაზრდა დავქვრივდი, მაგრამ დღეს ჩემს შვილებს რძის პროდუქტი არ აკლია, მე კი კლიენტი. იმდენად ბევრი კლიენტი მყავს, ხანდახან ვერც ვაკმაყოფილებ ხოლმე და გული სწყდებათ. აქ მეწველი ძროხა ბევრს რომ ჰყავდეს, ასე არ იქნებოდა.

- საკვებზეც უნდა გკითხოთ. მინახავს, როგორ ჩამოიტანეს გურიის ერთ-ერთ სოფელში ლაგოდეხიდან ქერის ნამჯა პირუტყვის საკვებად, როცა ამ სოფელში ზოგან ყანაში ჩალა აუჭრელი იყო. არ ჯობდა საკუთარი სოფლის ჩალა შეესყიდათ, ასე ხომ უფრო იაფი დაუჯდებოდათ?

- ასეთი მაგალითი ბევრია. ზოგიერთს პირუტყვი არა ჰყავს, ყანიდან მხოლოდ სიმინდს იღებს და თუ ჩალის კლიენტი არ გამოჩნდა, აუჭრელი ჩალა გაზაფხულამდე რჩება. კლიენტი კი იმიტომ არ ჩანს, რომ ჩალის ასაჭრელად და მის ძნად შესაკრავად შრომაა საჭირო. იმიტომაც ჩამოაქვთ კახეთიდან ნამჯა. სამაგიეროდ, მეტს იხდის და შესაბამისად, ყველიც ძვირი ჯდება. არადა, გაზაფხულზე ცოტა მეტად რომ გაისარჯო, წლობით მიტოვებული დაუხნავი მიწა დახნა და სიმინდი დათესო, სიმინდიც გექნება და პირუტყვის საკვები ჩალაც. გურიის სოფელში მცხოვრებ კაცს ან სიმინდის ფქვილი რატომ უნდა ჰქონდეს ბაზარში საყიდელი, მაგრამ, სამწუხაროდ, მჭადის ფქვილიც ზოგიერთ ბაზარში საძებნელი გაუხდა. ყველის სიძვირე იმის დიდი დამსახურებაც არის, რომ ყველაფერი გაძვირდა და რამის შესაძენად რძის ნაწარმიც ძვირად უნდა გაყიდო. მეც ასე ვარ, არადა, სოფელში პირუტყვი მასობრივად რომ არ გადაეშენებინათ, ყველს ამხელა ფასი არ ექნებოდა.

- ვიცი, რომ წლეულს საახალწლოდ ოზურგეთში 1 კილოგრამი ყველის ფასი 17 ლარამდე ავიდა. თქვენ რამდენად გაყიდეთ?

- სწორედ ამ ფასად. თუმცა ზოგიერთმა საახალწლოდ ყველი 20 ლარადაც გაყიდა. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ტრადიციული სუფრების დამსახურებაც არის, მაგრამ ყველი არც ამჟამად არის იაფი, კილოგრამი 14 ლარი ღირს.

- ამაზე შეიძლება ასეც ითქვას: ძალიან კარგი, თუ რძის ნაწარმი ძვირია, დაე, ვინც შრომობს, შემოსავალიც იმას ჰქონდეს.

- რა თქმა უნდა, მეც მიხარია, რომ ჩემს შრომასაც ფასი აქვს; მაგრამ რომ დავფიქრდები, იმასაც ვამბობ, რომ არც მე ვარ ბოლომდე კარგად, იმიტომ, რომ მხოლოდ ჩემი ყველის სიძვირე ვერ ამაშენებს. მართალია, სახელმწიფო არ გვივარგა, მაგრამ ხალხი თუ არ დავიზარებთ შრომას, მაშინ ნამდვილად უკეთესად ვიქნებით.