"პარლამენტში ქუჩა არ უნდა გადაიტანო, იქ საპარლამენტო წესებით უნდა იბრძოლო" - კვირის პალიტრა

"პარლამენტში ქუჩა არ უნდა გადაიტანო, იქ საპარლამენტო წესებით უნდა იბრძოლო"

"ვამბობდი და კიდევ გავიმეორებ - როდესაც შედიხარ პარლამენტში, პარლამენტში ქუჩა არ უნდა გადაიტანო, იქ საპარლამენტო წესებით უნდა იბრძოლო“

ხელისუფლება და ოპოზიცია ვერა და ვერ შეთანხმდნენ უკრაინის მხარდასაჭერად მომზადებულ საპარლამენტო რეზოლუციის ტექსტზე და ამის პარალელურად "ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" (NDI) გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედეგი, რომლის თანახმადაც, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ დაასახელა ის პარტია, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. ამ კითხვას პასუხად "არ ვიცი“ გასცა 41%-მა. ყველაზე კარგი მაჩვენებელი "ქართულ ოცნებას" აქვს, ის რესპონდენტთა 24%-მა დაასახელა, "ნაციონალურ მოძრაობას" კი ასეთ პარტიად 9% მიიჩნევს. კვლევის მიხედვით, რომელიც 2021 წლის 7-დან 13 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია და ოპოზიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ. სწორედ ამ შედეგების გაანალიზებით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან:

- რაღა დაგიმალოთ და, ჩვენი პოლიტიკური ელიტის ბოლოდროინდელი მოქმედებების გათვალისწინებით კიდევ კარგი რეიტინგებია. მე უარესსაც ველოდი. კატასტროფულია შედეგები, მაგრამ უკეთესი რატომ იქნებოდა ვითომ? მოყოლებული საპარლამენტო არჩევნებიდან, ოპოზიციის მთავარი თემა იყო ერთი - რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნა იმ მოტივით, რომ 2020 წელს არჩევნები გაყალბდა. სხვა მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ოპოზიციამ გაახმაურა და რისთვისაც იბრძოლა, არ მახსენდება. ოქტომბრიდან ამას დაემატა მეორე თემა - მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა და დაპატიმრება. შედეგად, ოპოზიციას გაუჩნდა ახალი მოთხოვნა და მიზანი: მისი ციხიდან დახსნა. ეს ორი საკითხია კვლავაც ოპოზიციისთვის მთავარი. გეკითხებით, ამომრჩეველთა აბსოლუტურ უმრავლესობას, გარდა პარტიული ელიტის ან მასთან დაახლოებული წრისა, აინტერესებს ეს თემები? არა და არა, ჩვენს საზოგადოებას აქვს სულ სხვა პრობლემები, ოპოზიცია კი ორი წელიწადია სულ სხვა რამეს ლაპარაკობს და აკეთებს. ეს შეეხება ოპოზიციურ მედიასაც, რომელიც მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს და იმის იქით ვერაფერს ხედავს. საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, როდესაც ოპოზიციამ საპროტესტო აქციების გამართვა გადაწყვიტა, მეც და სხვა პოლიტიკის ანალიტიკოსებიც ვამბობდით, რომ ოპოზიციას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, ერთ ქვაბში რომ არ მოხარშულიყო. ვგულისხმობ, წვრილ პარტიებს, რომელთაც 2020 წლის არჩევნებმა შანსი მისცა, მაგრამ თვითონ ყველაფერი გააკეთეს, რომ საზოგადოების თვალში ქცეულიყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" დანამატად. ამიტომაც გაქრნენ ამ გამოკითხვიდან.

რაც შეეხება მმართველ პარტიას, აქაც იგივე ხდება. თუ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას შევაფასებთ, იბადება კითხვა, რატომ უნდა ჰქონდეს ამაზე მაღალი რეიტინგი? რა შესთავაზა ბოლო ხანს საზოგადოებას ისეთი, რაც პოლიტიკურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ პრობლემებს მოსახლეობას მცირედით მაინც მოუგვარებდა? - აბსოლუტურად არაფერი.

"ქართულმა ოცნებამ" მოახერხა და დარჩა ხელისუფლებაში, დარჩა ისევ იმ მუქარის საფუძველზე, მე თუ არ ვიქნები, მოვა "ნაციონალური მოძრაობა" და იმაზე უარესად იქნებით, ვიდრე დღეს ხართო, ანუ მთელი პოლიტიკური სპექტრი ერთ ქვაბში იხარშება - ერთნი ხელისუფლების როგორმე შესანარჩუნებლად, მეორენი კი როგორმე მის მოსაპოვებლად. პრობლემებზე არავინ ფიქრობს. ვიმეორებ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ეს შედეგები კიდევ უკეთესია.

თუ უფრო ღრმად შევეცდებით იმის გაანალიზებას, თუ ვინ არიან "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები, მარტივად მივალთ დასკვნამდე: "ქართული ოცნების" მხარდამჭერ 24%-ს, ძირითადად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული რესურსი და ბიზნესის ის ნაწილი, რომელიც დაფინანსებას სახელმწიფო ტენდერებიდან თუ სხვა გზებით იოლად იღებს, რადგან "ქართულ ოცნებასთან" დალაგებული ურთიერთობა აქვთ. "ნაციონალური მოძრაობის" 9%-ს კი შეადგენს ასევე ყოფილი ადმინისტრაციული რესურსის ნაწილი, რომელიც თამაშგარე მდგომარეობაში დარჩა, და ბიზნესის ის ნაწილი, რომელმაც "ოცნების" ხელისუფლებასთან ვერ დაალაგა საქმე. წაიკითხეთ სრული ინტერვიუ