„აშშ-ის სანქციები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ იქნება მიმართული, სხვა ქვეყნებისთვისაც სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს“ - რას წერს უცხოური გამოცემა
ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „აშშ-ის სანქციები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ იქნება მიმართული, სხვა ქვეყნებისთვისაც სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს“ (ავტორები - მაიკლ ქროული და ედვარდ ვონგი). პუბლიკაციაში გატარებულია აზრი, რომ ახალი ანტირუსული სანქციები, რომლის მიღებასაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გეგმავს, დააზარალებს როგორც რუსეთის ეკონომიკას, ასევე - სხვა სახელმწიფოებსაც.
აშშ-ის ხელისუფლებას განზრახული აქვს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეჭრას განახორციელებს, ვაშინგტონი მოსკოვის წინააღმდეგ უმკაცრეს სანქციებს დააწესებს. სანქციები მიმართული იქნება ქვეყნის უმსხვილესი ბანკებისა და საფინანსო დაწესებულებების მუშაობის ხელის შეშლისაკენ, რაც გარდაუვალ გავლენას მოახდენს მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. სანქციებს შეუძლია გამოიწვიოს ინფლაციის „აფეთქება“, საფონდო ბაზრის კრახი და საფინანსო პანიკა, რომელიც შეეხება ყველას - მილიარდერებიდან დაწყებული, სახელმწიფო ჩინოვნიკებითა და საშუალო ფენის წარმომადგენლებით დამთავრებული. ბევრ ოჯახს წინ სოციალურ-ეკონომიკურად დუხჭირი ცხოვრება ელოდება.
ახალი სანქციების შედეგად, სერიოზულად დაზარალდებიან სახელმწიფო ბანკები და პირდაპირი ინვესტიციების რუსული სამთავრობო ფონდები. რუსულ კომპანიებს შეუწყდებათ უცხოური კრედიტებით სარგებლობა. სხვაგვარად თუ ვიტყვით, რუსეთი ყოველწლიურად 100 მილიარდი რაოდენობის უცხოურ კრედიტს ვეღარ მიიღებს.
ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, სანქციების შედეგად გამოწვეული სიძნელეებით გაწამებული რუსეთის მოსახლეობა საკუთარ ხელისუფლებას დაამხობს და ვლადიმერ პუტინის მმართველ რეჟიმს ბოლო მოეღება.
მაგრამ ისტორია გვაჩვენებს, რომ რუსეთი სიძნელეებს ასე იოლად არ ნებდება - გამძლეობა რუსების ეროვნული იდენტურობის მნიშვნელოვან ნაწილად ითვლება. გარდა ამისა, აშშ-ის ოფიციალურ პირები ფიქრობენ - ვაითუ, ჩვენ მიერ გამოცხადებული სანქციები რუსმა ხალხმა დასჯად აღიქვას და საკუთარი ხელისუფლების დამხობის ნაცვლად, პირიქით, ანტიამერიკანიზმი გაღვივდეს, ვლადიმერ პუტინის განცხადებებს დაუჯეროს, რომ მათი ქვეყანა დასავლეთს სძულს.
ისტორიას თუ გადავხედავთ, ბევრი სახელმწიფო მოხვედრილა სანქციების ქვეშ, მაგრამ შედეგები სხვადასხვაა - ზოგი პოლიტიკას ცვლის, ზოგი კი - სანქციებს უმკლავდება. გარდა ამისა, სანქციების სტრატეგია დაკავშირებულია პოლიტიკურ და ეკონომიკურ რისკებთან: მსოფლიოს ისტორიაში არც ერთ ქვეყანას არასოდეს ჰქონია იმის მცდელობა, რომ ასეთი ფართო სანქციები მიეღო ისეთი უდიდესი ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტებისა და ეკონომიკის მიმართ, როგორსაც რუსეთი წარმოადგენს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთის უკურეაქციას შეუძლია მსოფლიოს ეკონომიკის რყევა გამოიწვიოს, განსაკუთრებით - ევროპაში და უფრო მეტიც - მთელი მსოფლიოს ფინანსური სისტემის სტაბილურობა საფრთხის ქვეშ დააყენოს.
რუსეთმა შეიძლება „შური იძიოს“ და ევროპას ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყვიტოს, შეუძლია განახორციელოს კიბერნეტიკული შეტევები აშშ-ისა და ევროპის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, ამჯერად უკვე - მეტი გააფთრებით, ვიდრე წინა წლებში. როგორც სამუელ ჩაპეგი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ექსმაღალჩინოსანი, ამჟამად კი „RAND კორპორეიშენის“ ანალიტიკოსი ამბობს, რუსი ჰაკერები აშშ-ის საფინანსო გიგანტებს აუცილებლად შეუტევენ: „თუ რუსულ ბანკებს იზოლაციაში მოვაქცევთ, რუსები, თავის მხრივ, ჩვენი ბანკების წინააღმდეგ იმოქმედებენ“. სამუელ ჩაპეგი თვლის, რომ სანქციების გამოცხადების შემთხვევაში, რუსეთი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უმძიმეს ბრძოლაში ჩაებმება სასიცოცხლო საკითხისათვის და, რასაკვირველია, მოსკოვის მხრიდან უბრძოლველად უკანდახევა ცოტა ძნელი წარმოსადგენია.
თუმცა, როგორც აშშ-ის ოფიციალური პირები ამბობენ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ფრთხილად ეკიდება რუსეთის ნავთობ-გაზის დარგისადმი სანქციების დაწესებას, რადგან, ვაითუ, მსოფლიოში ბენზინის ფასი გაიზარდოს და ამან აშშ-ის ევროპელ მოკავშირეებში უთანხმოება გამოიწვიოს.
დაეხმარება თუ არა ვლადიმერ პუტინს ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი? ანალიტიკოსთა აზრით, პეკინი, ალბათ, მოსკოვს სოლიდარობას გამოუცხადებს „საერთო მტრის“ - ვაშინგტონის გლობალური გავლენის შესამცირებლად, მაგრამ გაურკვეველია, რას გააკეთებს ჩინეთი კონკრეტულად რუსეთისათვის და „როგორ მაშველ რგოლს გადაუგდებს“. გავიხსენოთ, რომ 2014 წელს, დასავლეთის მიერ კრემლის წინააღმდეგ გამოცხადებული სანქციების დროს, ჩინეთის ოთხმა სახელმწიფო ბანკმა რუსულ დაწესებულებებთან ურთიერთობა შეწყვიტა, რომ ვაშინგტონი არ გაეღიზიანებინა... და როცა რუსეთი შეეცადა, თავისი გაზი ჩინეთისათვის უფრო ძვირად მიეყიდა, ჩინელმა ჩინოვნიკებმა „გაზპრომი“ აიძულეს, ფასი დაეწია. (წყარო)
მოამზადა სიმონ კილაძემ