"ის წრუწუნა გამახმოვანებინეს, ღვინოს რომ თხილი ურჩევნია" - გივი წიქარიძე 75 წლის ასაკში გარდაიცვალა... - კვირის პალიტრა

"ის წრუწუნა გამახმოვანებინეს, ღვინოს რომ თხილი ურჩევნია" - გივი წიქარიძე 75 წლის ასაკში გარდაიცვალა...

"ჩხიკვთა ქორწილი", "წუნა და წრუწუნა", "ყურშა გაყოყოჩდა" და კიდევ ბევრი სხვა - ის ქართული მულტფილმებია, რომლებზეც თაობები აღიზარდა და საიდანაც გივი წიქარიძის ხმას მაყურებელი კარგად იცნობს...

გივი წიქარიძე 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ მუსიკოსი ზაზა მარჯანიშვილი სოაციალურ ქსელში წერს:

"დღეს გივი წიქარიძე გარდაიცვალა. ნამდვილი ადამიანი, მოქალაქე, სიკეთის ეტალონი.

ვისაც ქართული მულტფილმი გიყვართ, " წუნა და წრუწუნას', '"ჩხიკვთა ქორწილის", კიდევ მრავალი ფილმის გამხმოვანებელი და მონაწილე. კაცი, რომელმაც ქართულ კინომატოგრაფიას მთელი ცხოვრება მიუძღვნა, ყოველდღე (ჩემთან ურთიერთობაში) ქართული ფილმის ყოველ წარმატებას ჟანგბადად, უდიდეს სიხარულად და ბედნიერებად აღიქვამდა - ჯერ შუქი გაუთიშეს, მერე გამოაძევეს იქედან, საიდანაც სანიმუშო საქმეები ჰქმნა (რომელსაც დრო მოვა, და ბავშვებს ვაჩვენებთ)... გულმა ვერ გაუძლო და... წავიდა... გული გაუხეთქეს!!!

შეკითხვა მაქვს,... რომელი ტელევიზია გაბედავს და გააშუქებს ამ ამაზრზენ, არაპროფესიოლალურად ჩატარებულ ოპერაციას?", - წერს მარჯანიშვილი.

foto-1643616475.jpg

"კვირის პალიტრის" უნიკალურ არქივში ინახება ინტერვიუ გივი წიქარიძესთან.

გთავაზობთ ამონარიდს 2018 წელს ჩაწერილი ინტერვიუდან:

მისი ხმით საუბრობს არაერთი ანიმაციური ფილმის გმირი, რომელთა გახსენება ღიმილს გვგვრის და როგორც შორეულ ბავშვობაში, კვლავ უდარდელ განწყობაზე გვაყენებს, მაგალითად, წრუწუნა, წუნა - "წუნა და წრუწუნადან", ყურშა და სხვა. თუ როგორ გამოჩნდა ექიმ გივი წიქარიძის ცხოვრებაში ანიმაციური ხელოვნება, რას საქმიანობს ამჟამად და რაზე ოცნებობს დღეს უკვე ოკუპირებული მშობლიური სოფლის გახსენებისას, ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

- სამაჩაბლოში, სოფელ ბელოთში დავიბადე. ტყეში ჩაფლული ულამაზესი სოფელია, იქვე ლიახვია დაგუბებული და წყალი ისეა შეჭრილი ტყეში, ისეთი ხეობა იქმნება, რიწას ტოლს არ უდებს სილამაზით. დაბლა წყაროა, ცივი და ანკარა... სულ ვამბობდი, ჩემი ნება რომ იყოს, ამ ადგილებს ტურისტულ ზონად ვაქცევდი-მეთქი. დღეს ჩემი სოფელი ოკუპირებულია. სიზმარში სულ იმ სახლსა და ეზოში დავაბიჯებ.

მამა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე მყავდა, პოლონეთში იბრძოდა. დედაჩემი იქ გაიცნო, ექიმი გახლდათ, შაბილევსკაიას ქალი. ომის დამთავრების შემდეგ ჩამოვიდნენ და აქ იქორწინეს. წლისთავზე დავიბადეთ მე და ჩემი ტყუპისცალი და. დედაჩემმა ვერ გაუძლო უშუქობას, პროვინციულ ყოფას, პირობებს და დაახლოებით 1 წლის შემდეგ ვარშავაში დაბრუნდა. მამამ არ დაანება ჩვენი თავი. ამ ამბის შემდეგ მამაჩემი მეორედ დაქორწინდა. დედინაცვალმა გამზარდა, არაჩვეულებრივმა ქალმა. სკოლა რომ დავამთავრე, სამედიცინო ინსტიტუტში ჩავაბარე, ტოქსიკოლოგი ვარ. ჩემი გადაწყვეტილება მეტწილად ჩემს დედინაცვალზე იყო დამოკიდებული. სულ მეუბნებოდა, მე რომ რამე მომივიდეს, შენ უნდა მიმკურნალოო.

- კინოს სამყაროში როგორ შეაბიჯეთ?

- თბილისში რომ ჩამოვედი, ბებიასთან ვცხოვრობდი, კამოს ქუჩაზე. მეზობლად კინოსტუდიის ოპერატორი ცხოვრობდა. მე ხუმრობა, იმიტირება მიყვარს და გამომდის კიდეც. ერთხელ ბავშვის ხმით რომ დაველაპარაკე, შემომთავაზა, არ გინდა კინოსტუდია დაგათვალიერებინოო. მივედით კინოსტუდიაში. ჩემი მასპინძელი სამუშაო ოთახში განმარტოვდა, მე კი ტერიტორიაზე დავბორიალებდი. მომწყურდა. ვიღაც კაცი დავინახე, ვკითხე, სად დავლევ-მეთქი? წამოდი, აგერ, თეატრის უკან არის შადრევანიო. მივედით და წყალს რომ დავეწაფე, ეს კაცი მეუბნება: დალიე, შვილო, ვინც ეგ წყალი დალია, აქედან აღარ წასულაო. მე ბავშვის ხმით ვუპასუხე, რას მელაპარაკებით-მეთქი. გაიმეორეო, გადაირია კაცი. ისევ ბავშვის ხმით დაველაპარაკე. აბა, წამომყევიო. თურმე მულტფილმების წარმოებაში მივყავარ. ოთახში რომ შემიყვანა, იქ ოპერატორი დაგვხვდა. მასაც გავესაუბრე ხან ვისი, ხანაც ვისი ხმით. ბატონო მიხეილ, ეს ვინაა, ერთდროულად რამდენიმე პერსონაჟის ხმით ლაპარაკობსო, - კმაყოფილი ჩანდა ოპერატორი.

- ბატონი მიხეილი ვინ იყო?

- დიდი მიხეილ ჭიაურელი აღმოჩნდა. ისე აგიხდეთ ყველაფერი, როგორც მე მისი სიტყვები ამიხდა. მართლაც კინოსტუდიაში დავრჩი და დღემდე აქ ვმუშაობ. ბატონი მიხეილის რეკომენდაციით მომისმინეს და ის წრუწუნა გამახმოვანებინეს "ჩხიკვთა ქორწილში", ღვინოს რომ თხილი ურჩევნია. მოგვიანებით წუნაც გავახმოვანე "წუნა და წრუწუნაში"

- ასეთი ხმით ლაპარაკის ნიჭი როდის აღმოაჩინეთ? განაგრძეთ კითხვა