"ამ ნაბიჯის გამო სინანული არასდროს მიგრძნია, პირიქით ბედნიერი ვარ" - კვირის პალიტრა

"ამ ნაბიჯის გამო სინანული არასდროს მიგრძნია, პირიქით ბედნიერი ვარ"

"შრომისმოყვარე, მიზანდასახული, სამართლიანი, კეთილი და მზრუნველი ვარ" - ასე ახასიათებს საკუთარ თავს ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავა. მხატვრულ ტანვარჯიშში წარმატებული სპორტული კარიერა 24 წლის ასაკში დაასრულა. როგორი იყო ცელქი და მოუსვენარი გოგოს პირველი ნაბიჯები დიდ სპორტში, რატომ დაბრუნდა მოსკოვიდან საქართველოში აგვისტოს ომის შემდეგ, ინანა თუ არა ეს გადაწყვეტილება და რა ხდება დღეს მის პირად ცხოვრებაში? - ამ ყველაფერზე სალომე თავად გვიამბობს.

- "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამარჯვებას გილოცავ!

- უბედნიერესი ვარ, რომ 3-თვიანი საინტერესო შრომა ჩემი და რატის გამარჯვებით დასრულდა. ჩემთვის ეს ძალზე ემოციური, საოცარი შეგრძნებებით და სიახლეებით სავსე 3 თვე იყო. ბევრი მეგობარი შევიძინე. რატი ჩემთვის აღმოჩენაა, მას პირველივე დღიდან თვალდახუჭული ვენდობოდი. გამიმართლა, რომ ჩემი მეწყვილე იყო. როცა ერთმანეთი გავიცანით, ვუთხარი, ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩვენი წარმატებისთვის იქნება საჭირო, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაჩვენებ, ფინალამდე რომ მივიდეთ-მეთქი. რა თქმა უნდა, მოგებაზე ორიენტირებულები ვიყავით, მაგრამ პირველივე ტურიდან ჩვენი მთავარი საზრუნავი, მაყურებლისთვის მაქსიმალურად კარგი ნომრის შეთავაზება იყო, რაც საბოლოო მიზანს განაპირობებდა. ძალიან ღირსეული ფინალისტები ვიყავით. ჩემს გულშემატკივარს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ამ 3 თვის განმავლობაში ისეთი სითბო, სიყვარული და მხარში დგომა ვიგრძენი, ეს ყველაზე დიდი გამარჯვებაა. მეამაყება, რომ ქართველი ვარ.

- გამოწვევებზე უარს არასდროს ამბობ? სირთულეები არ გაშინებს?

- გამოწვევები ძალიან მიყვარს, ყველა ახალი გამოწვევა თავისებურად საინტერესოა. ცეკვა რომ დავიწყე, არც ვიცოდი, ამდენი თუ შემეძლო. ცეკვაზე გადარეული და გაგიჟებული არასდროს ვყოფილვარ, მეგობრულ წვეულებებზეც არასდროს ვცეკვავდი. ჩემს თავში ახალი შესაძლებლობები აღმოვაჩინე. მართალია, ფიზიკურად მზად ვიყავი, მაგრამ სამეჯლისო ცეკვა მხატვრული ტანვარჯიშისგან სრულიად განსხვავებული რამ არის, სხვა შესაძლებლობებს მოითხოვს.

- როგორი იყო წლების წინ შენი პირველი ნაბიჯები მხატვრულ ტანვარჯიშში?

- ძალიან ცელქი და აქტიური ბავშვი ვიყავი, ამიტომ ოჯახის ახლობელმა ჩემებს ურჩია, ენერგიის დასახარჯად ცეკვაზე მივეყვანე. თავდაპირველად ქართულზე შემიყვანეს, რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ მივხვდი, ჩემი საქმე არ იყო, შემდეგ სამეჯლისოზე მიმიყვანეს, არც ეს მომეწონა. 8 წლის ვიყავი, როცა მხატვრულ ტანვარჯიშზე მივედი. ძალიან დაგვიანებული იყო, სპორტის ამ სახეობაში ბავშვები ვარჯიშს 4-5 წლიდან იწყებენ. მწვრთნელმა გამოსაცდელი პერიოდი მომცა. მხატვრული ტანვარჯიში იმდენად მომეწონა, იმდენად მოვინდომე, რომ სახლშიც სულ ვვარჯიშობდი. ის 10 დღე, რომელიც მომცეს, ჩემთვის პირველი გამოწვევა იყო. ამის შემდეგ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას, დამტოვებდნენ თუ არა. ბევრი ვიშრომე, ძალიან მოვინდომე, რომ დავრჩენილიყავი და ასეც მოხდა.

pajava-1643625549.jpeg

- პირველი დიდი წარმატება გაიხსენე, რამაც ინტერესი გაგიძლიერა და სტიმული მოგცა.

- ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ ჩათვლაში ბრინჯაოს მედალი ავიღეთ. მაშინ ახალგაზრდებში გამოვდიოდი. შემდეგ წელს დიდების ჯგუფში გადავედი. მერე იყო რთული გზა, მაგრამ სასიამოვნო და წარმატებული.

- ტანვარჯიში მკაცრ რეჟიმს მოითხოვს, მუდმივი ვარჯიში, წონის მკაცრი კონტროლია საჭირო. როგორ ახერხებდი ამას?

- ეს საქმე იმდენად მიყვარდა, ყველაფერი კარიერის გამო გადავდე. ტანვარჯიშის გარდა, ჩემთვის ქვეყანაზე აღარაფერი არსებობდა. ძილის რეჟიმი უნდა მქონოდა მოწესრიგებული, ამიტომ არსად დავდიოდი, ჩემთვის გართობა არ არსებობდა, სულ ვაკონტროლებდი კვების რეჟიმს და თუ არ მეძინა, ვვარჯიშობდი. ამ ყველაფრის ატანა მუდმივად მარტივი არ არის. ჩემთვის დასვენება და დღესასწაულებიც კი არ არსებობდა. როცა საქმე გიყვარს და გულით უდგები, ამ ყველაფრისთვისაც მზად ხარ.

- 11 წლამდე მოსკოვში ცხოვრობდი. როგორც ვიცი, სამშობლოში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაბრუნდი. მაშინ რატომ მიიღო ოჯახმა ეს გადაწყვეტილება და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება შენთვის რამდენად რთული აღმოჩნდა?

- ყოველ წელს, როცა სკოლაში სწავლა სრულდებოდა, საქართველოში მოვდიოდი და არდადეგებს სამშობლოში ვატარებდი. 2008 წელსაც ასე მოხდა. რომ ჩამოვედი, მერე ომი დაიწყო. ბებიას ჩემი უკან წაყვანის შეეშინდა და საქართველოში დავრჩი. აქ დავიწყე ვარჯიში, მალე ნაკრებშიც ამიყვანეს, ჩემი მწვრთნელები საქართველოდან აღარ მიშვებდნენ. თავიდან ძალიან გამიჭირდა, გადმოწყობა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, მაგრამ ამ ნაბიჯის გამო სინანული არასდროს მიგრძნია, პირიქით ბედნიერი ვარ, ეს გადაწყვეტილება რომ მივიღე. მშობლები ჩემთან პერიოდულად ჩამოდიოდნენ და ისევ მიდიოდნენ; სამსახურების გამო, სულ აქ ვერ რჩებოდნენ. დედა საქართველოში საცხოვრებლად 2016 წელს გადმოვიდა, მანამდე ბებიასთან ვცხოვრობდი. ბებიაა ის ადამიანი, ვისაც ჩემს წარმატებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, მან გამზარდა და სულ ჩემ გვარდით იყო.

- და ან ძმა გყავს?

- დედისერთა ვარ.

pajava-2-1643625642.jpg

- პროგრამა, რომელიც რაჭული ცეკვის მელოდიაზე (ჯგუფ "ბანის" კომპოზიცია "მოკლე კაბა") გქონდა აგებული, ძალიან შთამბეჭდავი იყო, შეიძლება ითქვას, შენს სავიზიტო ბარათად იქცა. ამის შესახებ მიამბე.

- ეს მწვრთნელებისა და ჩემი ერთობლივი გადაწყვეტილება იყო. 2013 წელს დავდგით და დიდი აღფთოვანება გამოიწვია. ამ პროგრამით დაახლოებით 4 წელი გამოვდიოდი, პერიოდულად კორექტირებაც შემქონდა, სულ ერთი და იგივე რომ არ ყოფილიყო. მქონდა მცდელობა, ვარჯიში "ხანჯლურზე" გამეკეთებინა, მაგრამ მსაჯებმა მთხოვეს, მთიულური დამებრუნებინა. ყველას ძალიან მოსწონდა, ყველა ამ გამოსვლას ელოდა და თავად ჩემთვისაც გამორჩეული იყო. ამ ნომრით და მელოდიით ხალხს საქართველოს სხვაგვარად ვაცნობდი და ეს მაბედნიერებდა.

- ბაქოში გქონდა ემოციური გამოსვლა, რომელიც თბილისში 13 ივნისს მომხდარ ტრაგედიას დაემთხვა.

- დიახ, ამბავი, რომელიც მაშინ თბილისში მოხდა, ასპარეზობაზე გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე გავიგე, ძალიან განვიცადე, ვინერვიულე. ბაქოში ევროპულ თამაშებზე გამოსვლა ამ დღეს მივუძღვენი და ვერცხლის მედალი ავიღე.

- 24 წლის ასაკში სპორტული კარიერა დაასრულე. სამომავლო გეგმა როგორია?

- მხატვრული ტანვარჯიში სპორტის ახალგაზრდა სახეობაა, როგორც ადრე იწყებ, ადრევე ამთავრებ. კონკრეტული ასაკი განსაზღვრული არ არის. იმის გამო, რომ ძალიან ბევრი ტრავმა მივიღე, ასპარეზობაზე ხშირად გამაყუჩებლის გაკეთების შემდეგ გამოვდიოდი. ჯანმრთელობა უპირველესია, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, აქტიური სპორტი კარგ ნოტაზე დამეტოვებინა, კარიერა მეორე ოლიმპიადის შემდეგ დავასრულე. ტოკიოში ბოლო გამოსვლა მქონდა. არ ვნანობ, მიხარია, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ჩავები სატელევიზიო პროექტში და დანაკლისი, სიცარიელე ვერ ვიგრძენი. ახლო მომავალში ჩავერთვები ჩემს საქმეში. მოგეხსენებათ, საქართველოს ტანვარჯიშის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვარ. მინდა ყველაფერი გავაკეთო ამ სპორტის განვითარებისთვის, სპორტსმენებს დავეხმარო და ხელი შევუწყო. დანარჩენ სიახლეებზე ეტაპობრივად ვილაპარაკებ.

pajavaaaa-1643623923.jpg

- საკუთარ თავს რამდენიმე სიტყვით როგორ დაახასიათებ?

- (ფიქრობს) რა რთული ყოფილა. შრომისმოყვარე ვარ, მიზანდასახულიც (პაუზის შემდეგ), სამართლიანი, კეთილი და მზრუნველიც, ამას ბევრი აღნიშნავს.

- პირად ცხოვრებაზეც გკითხავ, შეყვარებული ხარ?

- პირად ცხოვრებაში საინტერესო არაფერი ხდება. აქამდე მთელი ჩემი ცხოვრება სპორტით იყო მოცული, სხვა დანარჩენისთვის დრო არ მქონდა.

- პროექტში გამოჩენისთანავე თაყვანისმცემელთა არმიაც გაიზრდებოდა, არა?

- რა თქმა უნდა. ვფიქრობ, ყველაფერს თავის დრო აქვს.

- ცხოვრების დაკავშირება როგორ პიროვნებასთან წარმოგიდგენია?

- ის ძლიერი და ერთგული უნდა იყოს. იმდენად მშვიდი, თბილი და მზრუნველი ვარ, მინდა მასაც ჰქონდეს ეს თვისებები. უსაქმური და ზარმაცი ადამიანი ჩემში ინტერესს ვერასდროს გამოიწვევს, ასეთს ვერასდროს შევეგუები. თავად კი მირჩევნია, ძალზე დატვირთული ვიყო. როცა საქმე არ მაქვს, მაშინ ყველაზე მეტად ვიღლები, აქტიურობა და ექსტრიმი მიყვარს.

- ასეთი დატვირთული რეჟიმის შემდეგ, როგორ ისვენებ?

- ახლა "კოვიდი" მაქვს, ვერსად წასვლას ვერ ვახერხებ. "ომიკრონის" შტამით დავინფიცირდი, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ. ვაქცინირებული ვარ და ვირუსს მარტივად ვუმკლავდები. გულშემატკივრებს ვპასუხობ, ამის დრო ახლა ნამდვილად მაქვს.

- მალე გამოჯანმრთელებას და მომავალში კიდევ ბევრ წარმატებას გისურვებ!

- დიდი მადლობა!

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"