რაც ნატომ ვერ შეძლო, ირლანდიელმა მეთევზეებმა აიძულეს - შოიგუს სამხედრო სწავლება გადაადებინეს...
რუსეთის შეირაღებული ძალები, გარდა იმისა, რომ უკრაინის საზღვრებთან თავს იყრიან, ასევე, ახორციელებენ სამხედრო სწავლებებს სხვადასხვა პოლიგონზე და სამხედრო-საზღვაო მანევრებს - ოკეანებსა და ზღვებში.
1-ელი თებერვლიდან რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის წყალზედა და წყალქვეშა ხომალდების შენაერთები - საერთო ჯამში, 140 სამხედრო ხომალდი, 60 თვითმფრინავი და შვეულმფრენი, ათასამდე საბრძოლო ტექნიკა და ათი ათასამდე სამხედრო მოსამსახურე - წყნარ და ატლანტიკის ოკეანეებში, ასევე - ხმელთაშუა, ჩრდილოეთის და ოხოტის ზღვებში არა ერთი სამხედრო სწავლების ჩატარებას გეგმავენ საარტილერიო სროლებით, რაკეტებისა და ტორპედოების გაშვებით.
გასაგებია, რომ ეს რუსული სამხედრო-საზღვაო მანევრები ნეიტრალურ წყლებში ჩატარდება, მაგრამ ამით კრემლი აჩვენებს ნატოს, რომ მისი წევრი ქვეყნების სანაპიროების სიახლოვესაც შეუძლია გასროლა... ჯერ მხოლოდ სასწავლო მიზნებით.

ერთ-ერთი ასეთი საზღვაო სწავლება რუს სამხედრო მეზღვაურებს, წესით, 3-8 თებერვალს ირლანდიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე, სიდიდით მეორე ქალაქის (დედაქალაქ დუბლინის შემდეგ) - კორკის სანაპიროდან 200-ოდე კმ-ში უნდა მოეწყოთ, მაგრამ შოიგუ იძულებული გახდა, ებრძანებინა სწავლების რაიონის შეცვლა და მისი მნიშვნელოვნად დაცილება ირლანდიის ნაპირებისგან.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის ეს იძულებითი გადაწყვეტილება ნატოს საპასუხო ნაბიჯების შიშს როდი გამოუწვევია, თანაც, ირლანდია არ არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყანა, არამედ - რუსული ფრეგატები უკან... ირლანდიელი მეთევზეების ტრაულერების შიშმა გააბრუნა!

როგორც კი ირლანდიელმა მეთევზეებმა შეიტყვეს, რომ რუსული სამხედრო ხომალდები სანაპიროდან 200-ოდე კმ-ში, ანუ ირლანდიის ეკონომიკურ ზონაში საარტილერიო სროლების მოწყობას აპირებდნენ, კატეგორიული პროტესტი განაცხადეს - ჩვენ ამ წყლებში თევზის სამრეწველო დაჭერას ვახორციელებთ, ეს არის ჩვენი მთავარი შემოსავალი და ვიღაც რუსებმა ჩვენივე ქვეყნის ნაპირთან თევზების ქარავნები დაგვიფრთხონ, გაგვინადგურონ და ოჯახები მშიერი დაგვიტოვონ? ეს არ მოხდება! 60 სათევზაო ტრაულერის მობილიზება შეგვიძლია და თითეულ რუსულ ხომალდს ორ-სამ მათგანს მაინც მივუყენებთ გვერდით და მერე ვნახოთ, როგორ ისვრიანო...

ირლანდიელები რომ სიტყვის შემსრულებლები არიან, ეს თავად ბრიტანეთის ხელისუფლებასაც არაერთხელ მწარედ გამოუცდია თავის თავზე, ხოლო ირლანდიელი მეთევზეების გამბედაობაზე კი საერთოდ არაკებს ჰყვებიან...
ასეა თუ ისე, ირლანდიელი მეთევზეების დაქადნებამ გასჭრა და შოიგუმ მართლაც შეცვალა ამ სწავლების რაიონი, რადგან რუსეთის ხელისუფლების ინტერესებში არ შედის, ისედაც ბოლომდე შელახული საერთაშორისო იმიჯის კიდევ უფრო დამძიმება იმით, რომ რუს სამხედრო მეზღვაურებს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაეხსნათ სწავლების რაიონში ჯიქურად შესული ირლანდიელი მეთევზეების ფლოტილიისთვის და ამის ამსახველი ვიდეოკადრები მთელ მსოფლიოს ეხილა...