„უკრაინასთან ომი გლობალურ შედეგებს გამოიწვევს: ადამიანთა ტანჯვას, ეკონომიკურ რყევებს და გეოპოლიტიკურ ცვლილებებს“ - The Economist - კვირის პალიტრა

„უკრაინასთან ომი გლობალურ შედეგებს გამოიწვევს: ადამიანთა ტანჯვას, ეკონომიკურ რყევებს და გეოპოლიტიკურ ცვლილებებს“ - The Economist

ბრიტანულმა გავლენიანმა ჟურნალმა „ეკონომისტმა“ (The Economist) გამოაქვეყნა სარედაქციო სტატია სათაურით - „უკრაინასთან ომი გლობალურ შედეგებს გამოიწვევს: ადამიანთა ტანჯვას, ეკონომიკურ რყევებს და გეოპოლიტიკურ ცვლილებებს“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ადამიანებს შორის მიმდინარე კონფლიქტებში ძალიან იშვიათად თუ არის იმდენი რამ დამოკიდებული რომელიმე ერთადერთი პიროვნების ჟინზე და ახირებაზე - ისეთზე, როგორიც ვლადიმერ პუტინია. მართლაც გეგმავს თუ არა რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრას? თუ ეს ბლეფია და ჰგონია, რომ დათმობებს მიაღწევს უკრაინისა და დასავლეთისაგან? ბატონი პუტინის განზრახვებში დარწმუნებული არავინ არის, თვით მისი საგარეო საქმეთა მინისტრიც კი გაურკვევლობაში იმყოფება. მაგრამ თუ სამხედრო მოქმედებები დაიწყება, მსოფლიომ უნდა იცოდეს, თუ როგორია ძალთა ბალანსი და „ვის როგორი ფსონი აქვს დადებული“...

შესაძლებელია, რომ ვლადიმერ პუტინი სრულმასშტაბიან შეჭრას გეგმავს, რომლის შედეგად რუსეთის ჯარები კიევს დაიკავებენ და მთავრობას დაამხობენ. ან იქნებ მას სურს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ტერიტორიების - დონბასისა და მარიუპოლის ანექსია, 2014 წელს მიტაცებულ ყირიმთან შეერთების მიზნით? ან იქნებ უნდა „მცირე ომი“ მოაწყოს, რომლის პროცესში იგი თავის მომხრე დონბასელ სეპარატისტებს უკრაინელი „მხეცებისაგან“ „გადაარჩენს“, იმავდროულად კი - უკრაინის არმიას ბრძოლაში გამოცდას მოუწყობს და დაასუსტებს?

ვლადიმერ პუტინი ფლობს ინიციატივას და, როგორც აშკარად ჩანს - უპირატესობასაც. თუმცა აქვე შევნიშნავთ, იგი სახიფათო არჩევნის წინაშე დგას: დიდი ომი ძალიან დიდ რისკებს შეიცავს, პატარა ომი კი, მართალია, შეანელებს უკრაინის დრეიფს დასავლეთისაკენ, მაგრამ შეჩერებით ვერ შეაჩერებს. და თუ უკრაინის მთავრობა „პატარა ომში“ გამარჯვებულ რუსეთს მაინც არ ჩაჰბარდება, მაშინ მოსკოვი შეიძლება უფრო მსხვილმასშტაბიან ომში აღმოჩნდეს ჩაბმული.

რუსეთის მსხვილმასშტაბიანი შეჭრა და უცხო დამპყრობლის ანუ რუსეთის მიერ უკრაინის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობა ევროპაში პირველი იქნება 1949 წლის შემდეგ. ამ დროს, ბუნებრივია, რუსები მძიმე დანაკარგების მოწმენი გახდებიან (უკრაინელი მოსახლეობის პარტიზანული მოძრაობისაგან). ცხადია, თვითონაც ბევრ უკრაინელს დახოცავენ - თავიანთ სლავ ძმებს, რომლებთანაც ბევრ რუსს ოჯახური თუ ნათესაური კავშირები აქვს.

რუსეთი სერიოზული სანქციებითაც დაზარალდება: მკაცრად დაისჯებიან სახელმწიფო და პროსამთავრობო კერძო ბანკები, ეკონომიკა კი დასავლეთიდან მაღალტექნოლოგიურ კომპონენტებს ვეღარ მიიღებს. პუტინის გარემოცვის უმდიდრესი პირები უფლებას დაკარგავენ, თავიანთი ფული საზღვარგარეთულ ბანკებში განათავსონ და იქ დახარჯონ. სამწუხაროდ, სანქციებით რიგითი რუსი მოქალაქეებიც დაზარალდებიან - დაქვეითდება მათი ცხოვრების დონე, რომელიც ისედაც ეცემოდა ბოლო წლების განმავლობაში.

უკრაინის დაპყრობისათვის რუსეთი ძვირ სტრატეგიულ ფასს გადაიხდის. ყოველ ქვეყანას, რომელიც მის ჩრდილში იმყოფება, უსაფრთხოების სფეროში თავისი ორინტაციის შეცვლა მოუწევს. ნატო განამტკიცებს აღმოსავლეთევროპელი წევრების თავდაცვისუნარიანობას და არ არის გამორიცხული, რომ თავის რიგებში შვედეთი და ფინეთი მიიღოს.

პრეზიდენტ პუტინის აზრით, ომის ეკონომიკური შედეგის გადატანა შეიძლება - სავარაუდოდ, მოკლევადიან პერსპექტივაში. პრეზიდენტს ცენტრალური ბანკის რეზერვების იმედი აქვს, რომლის მოცულობამ 600 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს თანხა საკმარისია იმისთვის, რომ რუსეთმა სანქციების დარტყმას გაუძლოს, მაგრამ რა იქნება შემდეგ? არ არის გამორიცხული, რომ უკრაინის მიმართ განხორციელებული პოლიტიკური მიზნები საკუთარი ქვეყნის შიგნით გაჩენილმა პრობლემებმა დაჩრდილოს, რომლებზეც, თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინის ბედი იქნება დამოკიდებული. ეს მან ყველაზე უკეთ იცის.

(...)

უახლოესი კვირა გვაჩვენებს, თუ როგორ არჩევანს გააკეთებს ვლადიმერ პუტინი. დიდი ალბათობით, რუსეთი ევროპას მილსადენით გაზის მიწოდებას შეუზღუდავს, რომელმაც, შესაბამისად, მიმდინარე წელს, 2019 წელთან შედარებით, შეიძლება ერთი მილიარდი დოლარით მეტი ელექტროენერგია დახარჯოს. ომი გვერდს არ აუვლის სხვა საქონლის ფასებსაც. იგივე ნავთობი, უკვე ამჟამადაც ძვირდება. რუსეთი მსოფლიოში ხორბლის უდიდეს ექსპორტიორად (მეორე ადგილზე უკრაინაა) და ლითონების მსხვილ მწარმოებლად ითვლება. ამ მიზეზით დღეს მცირე ბაზრებზეც კი, უმნიშვნელო მოვლენასაც შეუძლია რყევები და ნედლეულზე ფასების მატება გამოიწვიოს.

გარდა ამისა, უკრაინაში რუსეთის წარმატებული შეჭრა მადესტაბილიზებელ პოლიტიკურ პრეცედენტს შექმნის. გლობალური წესრიგი უკვე დიდი ხანია, იმ ნორმას ეფუძნება, რომლის თანახმად, იარაღის დახმარებით არც ერთი სახელმწიფო სხვა ქვეყნის საზღვარს არ ცვლის. როცა 1990 წელს ერაყი ქუვეითში შეიჭრა, საერთაშორისო კოალიციამ, აშშ-ის ხელმძღვანელობით, სადამ ჰუსეინის ჯარები იქიდან გარეკა. ვლადიმერ პუტინს კი, რომლის განკარგულებაშიც ბირთვული არსენალია, ყირიმის ანექსია შერჩა. თუ იგი უკრაინას მიწის კიდევ უფრო მსხვილ ნაჭერს წაგლეჯს, იგი მოგებული დარჩება და ნატოსთან სამშვიდობო შეთანხმებას აღარ დადებს.

სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტის შემყურე სხვა სახელმწიფოების ლიდერებიც - პოტენციური აგრესორები - გათამამდებიან. უეჭველია, გაიზრდება ჩინეთის თავდასხმის საფრთხე ტაივანზე. ირანისა და სირიის მთავრობები ჩათვლიან, რომ მათაც შეუძლიათ ვიღაცაზე იძალადონ, საკუთარი თავისთვის რისკის გარეშე. საერთოდ, სიმართლე თუ ძლიერის მხარეზე იქნება, მაშინ დედამიწაზე ყველა სადაო საზღვრების გამო მუდმივი ბრძოლები და კონფლიქტები იქნება.

რუსეთის მხრიდან ასეთი არსებითი საფრთხის დროს დასავლეთმა აუცილებელია, სამი მიმართულებით იმოქმედოს: შეაკავოს, გააგრძელოს მოლაპარაკებები და მოემზადოს.

ვლადიმერ პუტინის შესაკავებლად დასავლეთის სახელმწიფოებმა, უპირველესად კი - გერმანიამ, თავი უნდა დაანებოს ორაზროვანი პოლიტიკის გატარებას და სხვებთან ერთად, საერთო ფრონტით უნდა გამოვიდეს რუსეთის წინააღმდეგ. ბერლინმა მკაფიოდ უნდა აჩვენოს მოსკოვს, რომ მზადაა სანქციები გაამკაცროს [ამისთვის გაზის გადაკეტვასაც კი არ შეუშინდება], ასევე, მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინელებს ოკუპანტის არმიისათვის წინააღმდეგობის გაწევაში. ამასობაში დიპლომატებმა მოლაპარაკება უნდა გააგრძელონ და ურთიერთშეხების წერტილები ეძებონ (ვთქვათ, შეიარაღებისადმი კონტროლის საკითხში) და მათაც მოითხოვონ დათმობები (რა თქმა უნდა, პუტინის მასმედია ათასგვარ დეზინფორმაციას გაავრცელებს, მაგრამ - მაინც). თავის მხრივ, ევროპა საფუძვლიანად უნდა მოემზადოს შემდეგი კრიზისისათვის, დააჩქაროს ალტერნატიულ ენერგეტიკულ წყაროებზე გადასვლა და ამით რუსულ გაზზე დამოკიდებულება შეამციროს.

იშვიათად ხდება, როცა ქვეყნისა და მისი ლიდერის ინტერესები ერთმანეთისაგან ასე განსხვავდება, რასაც რუსეთისა და ვლადიმერ პუტინის სახით ვხედავთ. რუსეთი, როგორც ქვეყანა, უფრო მეტად მოიგებს, თუ დასავლეთთან მჭიდრო და მშვიდობიანი ურთიერთობები ექნება. პუტინი რომ ასე უმსგავსოდ არ იქცეოდეს, ნორმალური ურთიერთობების განვითარება სავსებით შესაძლებელია. არსებული უთანხმოებით მხოლოდ ვლადიმერ პუტინი იგებს - იგი რუსებს არწმუნებს, რომ ქვეყანას დასავლეთი ემუქრება და ამიტომ მათ ძლიერი ლიდერი სჭირდებათ, რომელიც მტრებისაგან დაიცავს. მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, ყველაზე ძლიერი და ყველაზე გაქნილი ადამიანიც ოდესმე შეცდება. უკრაინაში შეჭრა და სისხლისღვრა ვლადიმერ პუტინისათვის დაღუპვის ტოლფასი იქნება: რუსების უკმაყოფილება მოიმატებს და ხალხი ცვლილებებს მოითხოვს. საკუთარი თავი რომ გადაირჩინოს, რუსეთის პრეზიდენტმა უნდა განაცხადოს, რომ უკრაინიდან მომდინარე საფრთხე ნეიტრალიზებულია და უკან უნდა დაიხიოს. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ